ყოფილი საბჭოელი გრეგ შენკმანის ამერიკული ოცნება

ყოფილი საბჭოელი გრეგ შენკმანის ამერიკული ოცნება

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

გრეგ (გრეგორი) შენკმანმა ამერიკაში ორ წარმატებული მაღალტექნოლოგიური კომპანია შექმნა. დასავლეთის Hi-tech ბიზნესში ამგვარი წარმატებისათვის მასზე ადრე არც ერთ საბჭოელ ემიგრანტს არ მიუღწევია. ამაში მას საკუთარი იდეის უსაზღვრო რწმენა და საოცარი ინტუიცია დაეხმარა.

ემიგრანტის ბიზნესი
გრეგორი შენკმანი დაიბადა კიევში 1961 წელს. 18 წლის იყო, როცა მისმა ოჯახმა ამერიკას მიაშურა. ყველა ემიგრანტის მსგავსად, მასაც დიდი ამბიციები ჰქონდა, მაგრამ ამერიკაში ჩასული მიხვდა, რომ ციდან თავისით არაფერი ჩამოვარდებოდა და რომ ყველაფრისათვის თავად, მძიმე შრომის ფასად უნდა მიეღწია. იგი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მალე წარმატებული ფირმა ექნებოდა.

თავდაპირველად შენკმანი სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ კაფეში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა. ერთხელ გაზეთში წაიკითხა სტატია, რომ სატელეკომუნიკაციო სფერო ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული იყო და სწრაფად ზრდის პერსპექტივა ჰქონდა. გრეგმაც დაიჯერა და სატელეკომუნიკაციო კომპანია Haris-ში გამყიდველად მუშაობა დაიწყო. მისმა მუყაითობამ ნაყოფი გამოიღო და იგი ჯერ მარკეტინგ-მენეჯერის, შემდეგ კი რეგიონალური მენეჯერის თანამდებობაზე დააწინაურეს.

მალე შენკმანი Northern Networks-ის განყოფილება Northern Telecom-ში გადავიდა და იქ 1988 წლამდე იმუშავა. ამ პერიოდში შენკმანმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო საკუთარი საქმე წამოეწყო. ამბიციური ახალგაზრდა თვლიდა, რომ თავისი ენერგია სხვების კი არა, საკუთარი ბიზნესის აყვავებისათვის გამოეყენებინა.

„თაგვის სოროს“ ამოვსება
გრეგმა და მისმა მეგობრებმა კონსალტინგური კომპანია EVP Inc დააარსეს. პირველადმა ინვესტიციამ სულ რაღაც 20 ათასი დოლარი შეადგინა. თანხის დიდი ნაწილი შენკმანს მშობლებმა ასესხეს. ახალი კომპანიის პირველი კლიენტი იაპონური ფირმა Prestige International გახდა.

მოკლედ, საქმე კარგად წავიდა, მაგრამ შენკმანი მაინც უკმაყოფილო იყო. იგი თვლიდა, რომ სამუშაო რთული და მცირეშემოსავლიანი იყო. ამიტომაც, გადაწყვიტა, სატელეკომუნიკაციო ქსელების მაკონტროლებელი კომპანია შეექმნა. 

იმ პერიოდში საინფორმაციო ტექნოლოგიების ახლადჩასახულ ბაზარზე დიდი უფსკრული არსებობდა. მას ამერიკელი ჟურნალისტები უწოდებდნენ თაგვის სოროს, რომელში თავის შეყოფაც არავის უნდოდა. საუბარი იყო სატელეფონო კომპანიების და მათთან დაკავშირებული კომპიუტერული ქსელების ცუდ ურთიერთურთიერთ კავშირთან. შენკმანმა გადაწყვიტა თავის მეგობართან, ასევე საბჭოეთიდან ემიგრირებულ ალეკ მიროსლავსკისთან ერთად შეექმნა კომპანია Genesys Telecommunications Laboratories, რომელიც ამ „თაგვის სოროს“ ამოავსებდა. ძალიან საინტერესო ტექნოლოგიური გადაწყვეტის წყალობით, Genesys რამდენიმე წელში მილიონიანი ბრუნვის მქონე კომპანიად იქცა. მის კლიენტთა შორის იყვნენ ისეთი გიგანტი კორპორაციები, როგორებიცაა Sony, Charles Schwab, American Airlines-SABRE და ა.შ.

შენკმანის პირმშოს უდავოდ დიდი დამსახურება მიუძღვის. კერძოდ, მისმა კომპანიამ ერთმანეთს დააკავშირა სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო სფეროები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 1995 წლამდე, როცა საინვესტიციო ფონდების ფული მიიზიდეს, კომპანია საკუთარი სახსრებით ვითარდებოდა. 2000 წლისათვის Genesys-ის ბრუნვამ 300 მილიონი დოლარი შეადგინა.

შენკმანის ტრიუმფი 2000 წელს შედგა, როცა თავისი კომპანია ფრანგულ სატელეკომუნიკაციო გიგანტს Alcatel-ის 1,5 მილიარდ დოლარად მიყიდა. გრეგი თვლიდა, რომ Genesys-ის განთარების შემდეგი ეტაპები დიდ რისკთან იყო დაკავშირებული და მისი გაყიდვა გადაწყვიტა. გარიგების ძირითადი ნაწილი აქციების გაცვლით განხორციელდა და შენკმანი Alcatel-ის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი გახდა.

ამის შემდეგ გრეგმა ახალი კომპანია Exigen დააარსა, რომელმაც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე პატარა ფირმების შთანთქმა დაიწყო. შენკმანის თქმით, იგი ცდილობდა, სულ მცირე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზრის ათი პროცენტი ხელში ჩაეგდო. 

თუ Genesys ნელა ვითარდებოდა, Exigen-ის შემთხვევაში აქცენტი სისწრაფეზე გაკეთდა. კომპანიონებს ხომ უკვე სოლიდური საწყისი კაპიტალი ჰქონდათ. ამასთან, ბაზარი ისეთი სისწრაფით ვითარდებოდა, რომ სხვა გზა არც რჩებოდა. ამ დროისათვის Exigen-ის კლიენტები არიან Chase, Citybank, British Telecom და ა.შ. 

ეგზომ დაძაბულ და მნიშვნელოვან ჟამს შენკმანმა თავისი პირველი იაპონელი კლიენტის მიერ თავის დროზე აპრობირებული კეირეცუს მეთოდი გამოიყენა. ეს კომპანიების კონგლომეტატში გაერთიანების ერთგვარი ფორმაა, რომელსაც ჰოლდინგური მართვა არ გააჩნია. ამგვარად, კომპანიას მეტი თავისუფლება ეძლევა.

ამგვარი მიდგომის წყალობით შენკმანის მეორე კომპანიაც შესაშური ტემპით გაიფურჩქნა, გრეგის პირადმა კაპიტალმა კი 2,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.