ლარის კურსი ისევ ეცემა და ვითარება კვლავ იძაბება. სულ უფრო ხშირად გაისმის ბრალდება სპეკულაციურ გარიგებებზე. სპეციალისტები ხელს ეროვნული ბანკისკენ იშვერენ. ხელისუფლება კი ჯერჯერობით მხოლოდ მსჯელობით არის დაკავებული. ამასობაში კურსი ისევ 2,2-ს მიუახლოვდა.
პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ეკონომიკური პროფილის ექსპერტებთან სავალუტო კრიზისთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აბაშიშვილმა აღნიშნა, შეხვედრა მნიშვნელოვანი გამოვიდა.
„ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულია მოვისმინოთ დარგის სპეციალისტების კვალიფიციური აზრი. დღევანდელი შეხვედრა, ძირითადად, დაეთმო ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისს, სტაბილიზაციის გეგმას, რომელიც უნდა შემუშავდეს, იმ პერსპექტივებს, რომელიც ამ პერიოდისთვის არის ქვეყანაში - როგორ შეიძლება ერთი მხრივ, ძალიან სწრაფად გამოვიდეთ არსებული სიტუაციიდან და მეორე მხრივ, შესაძლებელი გახდეს გრძელვადიან გეგმაზე მუშაობა. უნდა დაიხვეწოს პროგნოზირების სისტემა, რათა მომავალში მსგავსი ტიპის სავალუტო რყევები, რომელმაც ჯამში, სავალუტო კრიზისი გამოიწვია, თავიდან იყოს აცილებული“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
სანამ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შორის მსჯელობა მიმდინარეობს, ლარის კურსის მიმართ სპეკულაციაზე მორიგი ფაქტები იკვეთება.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის, ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი უცხოურ ვალუტაზე ეკონომიკის მოთხოვნა-მიწოდებას ადეკვატურად არ ასახავს. მისი აზრით, კურსის განსაზღვრის წესი სპეკულაციური გარიგებების რისკს შეიცავს. ოფიციალური გაცვლითი კურსი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით დაიანგარიშება. სწორედ ეს მექანიზმი შეიცავს სპეკულაციის რისკს.
„აღნიშნული ბაზარი ძალიან მცირე მოცულობისაა და ამასთანავე, ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე ამინდს 4-5 ბანკი ქმნის, რის გამოც ბაზარზე არაფორმალური გავლენების მოხდენის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ყოველწლიურად სავალუტო ბაზარზე 10 მილიარდ დოლარზე მეტი სავალუტო გარიგებები დგება, თუმცა ლარის კურსი მხოლოდ ბანკთაშორის სავალუტო ბაზრის გარიგებების მიხედვით დგება, რომელიც წლიურად 1 მილიარდ დოლარს არ აღემატება“, - განაცხადა აფბა-ს პრეზიდენტმა.
ნოდარ ჭიჭინაძის თქმით, 2014 წელს ბანკთაშორის ბაზარზე დადებულმა გარიგებებმა, ეროვნული ბანკის ინტერვენციების ჩათვლით 904 მილიონი დოლარი შეადგინა, ანუ ლარის კურსის განსაზღვრა სწორედ ამ მოცულობის გარიგებებით მოხდა, მაშინ, როდესაც მთლიანად სავალუტო ბაზარზე 2014 წელს 13 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის გარიგებები დაიდო.
„ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ლარის კურსს განსაზღვრავს არა ბაზარი და ეკონომიკა, არამედ მხოლოდ ბანკები, თანაც მცირე მოცულობის გარიგებებით. ბანკები ერთმანეთში თვეში, საშუალოდ, 75 მილიონი დოლარით ვაჭრობენ, ამ ვაჭრობების შედეგად დგინდება ლარის კურსი და ამ კურსით შემდგომ ყოველთვიურად მილიარდ დოლარზე მეტი სავალუტო გარიგებები დგება. ბანკთაშორისი სავალუტო ბაზრის მთლიანი ბრუნვის 70%-მდე მხოლოდ 5 ბანკზე მოდის, მაღალია იმის რისკი, რომ ადგილი ჰქონდეს სპეკულაციურ გარიგებებს.
ბანკებს ხელში აქვთ ბერკეტი და შესაძლებლობა, რომ ყოველწიურად მილიარდამდე დოლარის გარიგებებით „შექმნან“ ლარის გაცვლითი კურსი და შემდგომ ამ კურსით ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ჯამში, 7 მილიარდამდე სავალუტო გარიგებები დადონ. აფბა-ს შეფასებით, ეს სრულიად ასიმეტრიული სისტემაა და ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი არ არის უცხოურ ვალუტაზე ეკონომიკის მოთხოვნა-მიწოდების ანარეკლი“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ კი დამატებით მასალებს ასაჯაროებს, რომლითაც ლარის გაუფასურებაში საქართველოს ეროვნული ბანკის ბრალეულობა დასტურდება.
ორგანიზაციის დამფუძნებელს გურამ ადამაშვილს მიაჩნია, რომ ლარის კურსის რყევა შორს გამიზნული და კარგად დაგეგმილი პოლიტიკური პროვოკაციის ნაწილია. ეროვნული ბანკი კი საზოგადოებაში პანიკას ხელოვნურად თესავს.
„სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ლარის კურსთან დაკავშირებით საკმაოდ რთული ვითარებაა, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. ეს პრობლემა, პირველ რიგში, დიდ ზიანს აყენებს როგორც სოციალურად დაუცველ, ისე დაბალ და საშუალო ფენებს. ჩვენ მოვიძიეთ საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი, საინტერესო დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის ბრალეულობას ადასტურებს.
სებ-ს სარეზერვო თანხა საკმარისზე მეტი ჰქონდა - 3 მლრდ დოლარი, საიდანაც მან მხოლოდ 200 მლნ დახარჯა. 200 მლნ დოლარიდან 120 მლნ დოლარი მხოლოდ მაშინ გამოიტანა, როცა ქვეყანაში უკვე პანიკა იყო. მაგალითისთვის შეგვიძლია შევადაროთ 2009 და 2014 წლები. 2009 წელს, როდესაც ლარის კურსი სტაბილური იყო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაზარს მიაწოდა 112 მლნ დოლარი, რითაც პრაქტიკულად ეჭირა კურსი. 2014 წელს კი, როდესაც კურსის მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, მან მხოლოდ 100 მლნ დოლარი დახარჯა.
პირველი დოკუმენტი 2009 წლის ეროვნული ბანკის მიერ გახარჯული თანხების პერიოდების მონაცემებს ასახავს და პირდაპირ ჩანს თუ როგორ დაბალანსებულად მართავდა ქადაგიძე ლარის კურსს. მეორე დოკუმენტიდან, რომელიც 2014 წლის ეროვნული ბანკის მიერ გახარჯული თანხების პერიოდების მონაცემებს ასახავს, ნათლად ჩანს როგორ არ ერევა შეგნებულად სებ-ი პროცესებში, რათა შეინარჩუნოს ლარის კურსის სტაბილურობა. თუ 2009 წელს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე 53-ჯერ ჩაერია და ამით შეინარჩუნა სტაბილურობა, 20014 წელს მხოლოდ 18-ჯერ ჩაერია.
მისი მიზანმიმართული ქმედება ასევე აისახება რეფინანსირებულ სესხებზეც. თუ 2013 წლამდე მაქსიმალური სესხი იყო 300 მლნ ლარი, 2014 წელს ეროვნულმა ბანკმა, როდესაც ლარის კურსი ეცემოდა, ისტორიულ მაქსიმუმამდე - 700 მლნ ლარამდე გაზარდა“, - აცხადებს გურამ ადამაშვილი.