პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი უკრაინიდან რბილად გამოსვლის გზებს ეძებს, მაგრამ მისთვის წამგებიანი იქნება, თუკი მან უკრაინაში დანაპირები ვერ შეასრულა. ამიტომ სააკაშვილი ცდილობს, ყოფით პრობლემებზე გადაიტანოს აქცენტი.
For.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
„არაფერი გაეგება, სრულიად უსარგებლოა“, - ასეთნაირად აფასებს უკრაინელი პოლიტოლოგი მიხაილ პოგრებინსკი ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილის „რეფორმას“, რაც უკრაინელების საყოველთაო დაზღვევას გულისხმობს. უკრაინელი პოლიტოლოგის თქმით, საყოველთაო დაზღვევის გაკეთება ახლა, როდესაც უკრაინელებს ფული არ აქვთ პურის საყიდლად, გაუგებარია. ალექსანდრე კვიტაშვილის მისამართით გამოთქმული შენიშვნები ხომ არ გახდება პირველი წყალგამყოფი რიგით უკრაინელებსა და უკრაინაში ასე პომპეზურად მოკალათებულ ქართველ მაღალჩინოსნებს შორის?
- უკრაინაში საყოველთაო ეკონომიკური კრიზისია, თანაც, ომის ფონზე როგორი მდგომარეობა იქნება, ეს გასაგებია. მეორე მხრივ, არის განსხვავებული პარამეტრები, რომლებიც უკრაინაში მოქმედებს, საქართველოში კი ეს პარამეტრები არ მოქმედებს იმ ძალითა და დოზით. ამიტომ კერძო დაზღვევაზე ან ნებისმიერ საკითხზე როცა საუბრობენ, უნდა გაითვალისწინონ ის ვითარება, რომელიც დღეს უკრაინაშია. ბუნებრივია, საქართველოშიც ჯანდაცვის გადასვლას კერძო სადაზღვევო კომპანიების ხელში დიდი სიხარულით არავინ შეხვედრია, თუმცა აქ სიტუაცია გაცილებით განსხვავებული იყო. ამას მთლიანად სახელმწიფოს მასშტაბით გარკვეული ქმედებები უძღოდა წინ. მხედველობაში მაქვს, რომ ნაციონალური რეჟიმი საქართველოში უკვე ფუნქციონირებდა და მოსახლეობა მეტ-ნაკლებად დათრგუნული იყო. ასე რომ, პროტესტის გამოხატვა რისკს უკავშირდებოდა. გარდა ამისა, არსებობს მენტალური განსხვავება. საქართველოში მაინცდამაინც მიღებული არ არის სოცალური და ეკონომიკური თემების გამო ქუჩაში გასვლა. უკრაინაში ვითარება ცოტა სხვაგვარია, ამიტომ, ბუნებრივია, იქ კერძო დაზღვევაზე გადასვლა და ჯანდაცვაში ერთი ხელის დაკვრით რეფორმის გატარება გაცილებით უფრო რთული იქნება.
ვეთანხმები უკრაინელ პოლიტოლოგს, ამან შეიძლება საკმაოდ მძიმე ანტისახელისუფლო ფონი შექმნას უკრაინაში. როდესაც უკრაინის სახელისუფლო რგოლებში ქართველთა გადაყვანა მიმდინარეობდა, ყოველთვის ვთვლიდი, რომ ამის ერთ-ერთი ინტერესი იყო პოლიტიკური ინტერესი, რადგან, თუ რაღაც არასწორად წავიდოდა და მღელვარებას გამოიწვევდა, ეს დაბრალდებოდათ არა უკრაინელებს. ანუ უკრაინის ხელისუფლება ადვილად მოიშორებდა ქართველებს. ეს პროცესი ნელ-ნელა იწყება და, ალბათ, ასე გაგრძელდება კიდეც.
ამ საფრთხეს გრძნობს სააკაშვილი და მისი გუნდი? ფაქტია, მას ავანტიურისტული ზრახვები ამოძრავებს, აქედან გამომდინარე, სხვის ავანტიურასაც კარგად დაინახავს. როგორც ირკვევა, სააკაშვილი უკრაინაში თავს მაინცდამაინც კომფორტულად ვერ გრძნობს. იგი რადას დეპუტატებს კონტრაბანდაში „ამხელს“ და აცხადებს, რომ არ შეუძლია მანქანის შესყიდვა, რადგან მაღალი ფასებია და ამ კონტრაბანდაში ჩაბმულნი არიან რადას დეპუტატები: „მე მანქანა მჭირდება, თუმცა უკრაინაში „ჰიუნდაის“ ყველაზე ჩვეულებრივი მოდელიც უფრო ძვირი ღირს, ვიდრე „ლექსუსი“ ან „მერსედესი“ ნიუ-იორკში, ხოლო საქართველოში ამ ფასად „მაზერატსაც“ შეიძენთ. ასევე, სააკაშვილი წუხს, რომ უკრაინაში საკუთარი სახლის აშენება ბიუროკრატიული ბარიერების გამო არ შეუძლია. რას ნიშნავს სააკაშვილის უკმაყოფილება?
- მე მგონი, სააკაშვილი ეძებს რბილად გამოსვლის გზებს უკრაინიდან, უკან დასახევი გზების ძიების პროცესშია და, რა თქმა უნდა, მისთვის წამგებიანი იქნება, თუ ეს ძიება დაუკავშირდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ან იმას, რომ მან რაღაც ვერ შეასრულა. ამიტომ ყოფით პრობლემებზე გადააქვს აქცენტირება. ცოტა უცნაურია, რომ მანქანაზე ლაპარაკობს, რამენაირად, უკრაინა შეძლებდა მისთვის ერთი სამსახურეობრივი მანქანის გამოყოფას და საცხოვრებელ ოფისსაც მოუძებნიდა. მგონია,მთლად ამაში არ არის საქმე და ეს არის მიზეზების ძიება, ხვალ და ზეგ რომ მოუწიოს უკრაინის დატოვება, უნდა, წინასწარ შეამზადოს ამისთვის ნიადაგი. თანაც, როგორც თავად ამბობს ხოლმე, მისნაირი „შემართული და იდეებისთვის მებრძოლი ადამიანისთვის“ მანქანა და ბინა მეორეხარისხოვანი უნდა იყოს. რა პრობლემაა, თუ მანქანა არ აქვს? ეს ცოტა ერთმანეთთან თანხვედრაში ვერ მოდის.
ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 21 მარტს სააკაშვილი სარფში გეგმავს ჩასვლას. ამ თარიღისთვის თურმე ნაციონალები სამეგრელოს ტყეებში გადამალულ იარაღსაც ელოდებიან. სავარაუდოდ, სააკაშვილს აღარ ედგომება უკრაინაში, მას არც უკრაინა წყალობს და არც ამერიკა. რამდენად მოსალოდნელია, ისევ ჰქონდეს სწორება საქართველოზე და 21 მარტს სარფისკენ კიდევ ერთხელ გამოისეირნოს?
- როგორ კომფორტულადაც არ უნდა იყოს სააკაშვილი ამერიკასა და უკრაინაში, რა თქმა უნდა, მას ურჩევნია, საქართველოში აქტიურ პოლიტიკას დაუბრუნდეს, ამის რეალიზების სურვილი მას მხოლოდ საქართველოში სურს. უკრაინაში ის მაინც პირველი პირი ვერ იქნება. თუმცა, ვერც საქართველოში იქნება პირველი პირი, გამომდინარე იქიდან, რაც მოხდა. მეორეც, 21 მარტს რატომ უნდა ჩავიდეს სარფში? ვთქვათ, 20-ში ან ცოტა უფრო ადრე რომ ჩავიდეს, კიდევ მესმის, მაგრამ 21-ში ნაციონალების აქცია უკვე ჩატარდება. ნუთუ მოვლენათა სავარაუდო განვითარება ისეთია, რომ სააკაშვილი სარფში უნდა ელოდოს, როდის აღმართავენ ნაციონალურ დროშას თბილისის თავზე და მერე ტრიუმფით შემოვიდეს იქიდან?!
როგორც ამბობენ, ნაციონალები განსაკუთრებით რეგიონებში ცდილობენ მოსახლეობის შეცდომას შეყვანას, თითქოს, 21 მარტს ხელისუფლებას დაამხობენ, მთავრობას გადააყენებენ და 21 მარტს სააკაშვილი უკვე თბილისში იქნება. ამასთან, გივი თარგამაძის როლიც წარმოჩენილია, რომელიც თურმე დადის სპორტულ ფედერაციებში და თავის „სასტავს“ აგროვებს და ეს იმ ფონზე ხდება, როცა გავრცელებული ინფორმაციით, ნაციონალებმა ცოლ-შვილის გახიზვნა დაიწყეს.
- მეც ვნახე ეს ინფორმაცია, ცოლ-შვილი შეიძლება გახიზნეს კიდეც, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათ საქართველოში რევოლუციის მოწყობა შეუძლიათ. უბრალოდ, შესაძლოა, სხვა ვერსია განვიხილოთ, კერძოდ, რაღაც პროცესები მიმდინარეობს პროკურატურაში და ნაციონალებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე მედიას. შესაძლოა, ამიტომაც გაარიდეს ამ ვითარებას ცოლ-შვილი, თუკი ეს ინფორმაცია მართალია. 21 მარტს რა უნდა გააკეთონ? ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთონ, ეს პროვოცირების დაწყებაა, მაგრამ შსს არსებობს და მათ შეუძლიათ, ასეთი ფაქტები მშვიდად აღკვეთონ.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნაციონალებს სისხლისღვრა ჰქონდეთ ჩაფიქრებული, ღმერთმა ნუ ქნას, ასეთ რამეს ფიქრობდნენ, რადგან მათი ზონდერები ძლიერნი არიან მაშინ, როცა ისინი ხელისუფლებაში არიან. ახლა კი ამ ხალხს არანაირი სურვილი არ ექნებათ, რაღაც აქტიობებში მიიღონ მონაწილეობა. ამასთან, აგრესია გაცილებით დიდია მათ მიმართ მოსახლეობაში, ვიდრე 2012 წელს იყო. ასეთ ფონზე როგორ უნდა მოახერხონ სერიოზული არეულობის გამოწვევა? ეს ძალიან მიკვირს და არ მჯერა. თუ ნაციონალები ხელისუფლებაში ოდესმე დაბრუნდებიან, ეს იქნება იმ ხელისუფლების დამსახურება და არა - ნაციონალების, მაგრამ მათ ამის არანაირი შანსი არ აქვთ.
ერთ-ერთმა ქონებაწართმეულმა ბიზნესმენმა ცინიკურად განაცხადა, თუ დღევანდელი ხელისუფლება არ აღადგენს სამართლიანობას, მას არ გაუკვირდება, რომ ნაციონალები ზუსტად სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მოვიდნენ ხელისუფლებაში და წართმეული ქონების დაბრუნებაც შესთავაზონ ხალხს. ეს ცინიზმი მათთვის არ იქნება გასაკვირი. თქვენი აზრით, რას ემსახურება ოპოზიციონერთა განცხადებები, რომ ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას ან ბაჩო ახალაიას ციხეში მოწამლავენ? „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრი გიგლა ბარამიძე კი აცხადებს, რომ ნაციონალებმა არაბეთში გადამალული თანხების მობილიზება დაიწყეს, ასევე, მათ ჩრდილო კავკასიელ მებრძოლებთან აქვთ გარკვეული კონტაქტები, რათა ისინი საქართველოში არეულობისთვის გამოიყენონ ზუსტად ან 21 მარტის აქციისთვის.
- არ მაქვს საფუძველი, ამ ინფორმაციებს დავეთანხმო, ან უარვყო, რადგან თავად არ ვფლობ ასეთ ინფორმაციას, მაგრამ შემიძლია, შევაფასო სიტუაცია, ანუ რა ფულიც არ უნდა შემოიტანონ ნაციონალებმა და რაც არ უნდა განაცხადონ ბიზნესმენებმა, რომლებსაც მთავრობა ქონებას ვერ უბრუნებს, ეს ყველაფერი დამატებითი ფაქტორებია. თუკი ნაციონალებს მოსახლეობაში დასაყრდენი არ ექნებათ, ეს ფაქტორები გაიფლანგება და შედეგს არ მოიტანს. საზოგადოებაში მათი დაბრუნების მოთხოვნილება უნდა გაჩნდეს, რაც პირიქითაა, ხალხის ნაწილს მათი განადგურება სურს. არ ვიცი, ვისი მოკვლა იგეგმება, მაგრამ ხალხს აღიზიანებს ნაციონალების ზედმეტი აქტიურობა და მათგან მორალის კითხვა.
საბჭოთა ოკუპაციის დროს, 1921 წლის 25 თებერვალს, როდესაც რუსის ჯარი თბილისში შემოვიდა, თითქმის არცერთი ქართველი არ თანაუგრძნობდა თბილისის ქუჩებში ჩავლილ წითელ არმიას. ერთადერთი, ბედნიერი განწყობა რუს ქალებში შეიმჩნეოდა, რომლებიც გახარებულნი მიეგებნენ ამ ჯარს. ასე რომ, მთელ ერს არ უნდოდა ბოლშევიზმი და მაინც თავს მოგვახვიეს. იმედია, ნაციონალებს შემოჭრის მცდელობა არ ექნებათ, თუმცა, ალბათ, ასეთი სურვილი მათ გაუჩნდებოდათ.
- ქართველ ბოლშევიკებს რომ შეძლებოდათ აქ მოსახლეობის გამოყვანა და გადატრიალების მოწყობა, ისე, რომ რუსი არ ჩაერიათ, განა უფრო არ აწყობდათ? მე არ ვამბობ, ნაციონალებმა ან ნებისმიერმა ძალამ, თუ რუსული დროშა აიღო ხელში და ტანკები შემოიყვანა, ხელისუფლებას ვერ აიღებს-თქო. ასე საკითხი არ დგას და 21 მარტსაც არაფერი იქნება, ნაციონალები გამოვლენ, ილაპარაკებენ... მეტსაც გეტყვით, ნაციონალებს დღეს იმის რესურსიც არ აქვთ, რომ თუნდაც ერთკვირიანი პერმანენტული აქცია მოაწყონ, რადგან მხოლოდ შვიდი კაცი დარჩება მათ აქციაზე.
ექსპერტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ არსებობს ირიბი გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც მოსალოდნელ სახელისუფლო კრიზისზე მიუთითებს, კერძოდ, როცა ოპოზიციონერ მომიტინგეთა დათვლას იწყებს ხელისუფლება და მათ რაოდენობას შეგნებულად ამცირებს, ასევე, როცა ხდება საარჩევნო ფულის გამოძალვა ბიზნესისთვის იმისთვის, რომ მათ ოპოზიციის დაფინანსებაზე უარი თქვან, ასევე, სახელისუფლო კრიზისზე მიუთითებს დაპირისპირება საკუთარ გუნდში, საზოგადოებრივი მაუწყებლის დათბობა სახელისუფლო წრის მიმართ და ა.შ. ბოლო დროს ქალაქის მერიაში მიმდინარე პროცესები აჟიტირებული გახდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ საპარლამენტო ვადამდელ არჩევნებთან ერთად (რომლის დანიშვნასაც თქვენ ემხრობით), აუცილებელი იქნება დედაქალაქის მთავრობის ცვლილებისთვისაც გაიმართოს არჩევნები?
- მე რიგგარეშე არჩევნების მომხრე ვარ, რათა ქვეყანა გადარჩეს კრიზისს. მე არ ვამბობ, რომელი პოლიტიკური ძალა რამდენ ხმას მიიღებს, მაგრამ არჩევნები უნდა ჩატარდეს, საარჩევნო კოდექსი ნაწილობრივ ნორმალურობისკენ უნდა შეიცვალოს, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისში არ შევიდეს, მაგრამ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ვერ გავრცელდება თბილისის მერიაზე, რადგან აქ ადგილობრივი არჩევნები უკვე ჩატარდა და მერი უკვე არჩეულია. რაც შეეხება მერიაში მიმდინარე პროცესებს, ქვეყანაში ბევრი რამ დაულაგებელია, მათ შორის, კადრების შერჩევაც, როდესაც ერთი პარტია მიდის და მოდის მეორე, არ შეიძლება, მთლიანად გაუშვა მთელი ბიუროკრატიული აპარატი. ეს ყველაფერი ვერც „ქართულმა ოცნებამ“ ვერ დაალაგა, ისევე, როგორც მისმა წინამორბედებმა. ამიტომ, როცა ყველა ინსტანცია იწყებს კადრების შეცვლას, ადამიანები იმ ადგილებს იკავებენ, რომლის გაძღოლის უნარიც არ აქვთ.
ნაციონალების, შევარდნაძისა და გამსახურდიას მოსვლა გავიხსენოთ, ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე იწყებოდა დანიშვნები, რასაც სასწრაფო ცვლილებები მოჰყვებოდა ხოლმე, ანუ ყველა ხელისუფალი ოპტიმალურ გზას ეძებდა. უბრალოდ, დღეს მერიაში მიმდინარე ამბები თვალში გვეცა, რადგან ეს პოლიტიკური დატვირთვისგან თავისუფალ დროს მოხდა, როცა თემების მიმართ შიმშილი შეიმჩნეოდა. გავიხსენოთ, ნაცმოძრაობამ 2003-დან 2007 წლამდე რამდენი მინისტრი გამოცვალა და ვინ რამდენ თანამდებობაზეა ნამუშევარი?!
რაც შეეხება სახელისუფლო კრიზისის ნიშნებს?
- ჩემდა სამწუხაროდ, ფულთან მწყარალად ვარ განწყობილი და არ ვიცი, ვინ რა ფულს აგროვებს, მაგრამ ნაციონალებს რომ ფულის შეგროვება არ სჭირდებათ, ნამდვილად ვიცი. არცერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ამ ეტაპზე ფინანსურ სიდუხჭირეს არ განიცდის. ასე რომ, დამაჯერებლად არ მიმაჩნია აზრი, თითქოს ჩვენი ხელისუფლება ბიზნესმენებს თანხებს ართმევს, რათა მათ ოპოზიცია არ დააფინანსონ. ეს უფრო პოლიტიკური დატვირთვის მქონე განცხადება მგონია, ვიდრე რეალობის დამადასტურებელი.