მთავრობაში დაგროვებით პენსიაზე გადასვლას 2017 წლისათვის ვარაუდობენ, რეფორმის კონცეფცია საბოლოოდ წლის ბოლოსთვის იქნება მზად. დაწესდება გარკვეული ზღვარი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას და ვინა - ვერა. სავარაუდოდ, მამაკაცებისთვის მინიმალური ასაკი იქნება 45 წელი, ქალბატონებისთვის კი - 40 წელი.
საპენსიო რეფორმის ჯგუფი მუშაობს ინფლაციური რისკების დასაბალანსებლადაც. „დიდი სიფრთხილეა საჭირო ასეთი ფონდის შექმნისას, არსებობს ბევრი პრობლემა როგორიც არის ფონდის რისკიანობა, რამდენად დაცული იქნება ეს აქტივები, რამდენად დაცული იქნება მომხმარებელი ინფლაციური პროცესებისგან. ამ საკითხებზე ვმსჯელობთ და ვმუშაობთ, როგორ უნდა მოხდეს ამის დაბალანსება“, - აცხადებს საპენსიო რეფორმების სამსახურის ხელმძღვანელი ოთარ ძიძიკაშვილი.
საპენსიო ფონდის გააქტიურებასთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს კაპიტალური ბაზრის ახალი ინსტრუმენტების ამოქმედებაზეც, რადგანაც ფონდში აკუმულირებული სახსრები კომპანიამ შემოსავლის წყაროდ უნდა აქციოს და ინვესტირება მოახდინოს, რისი შესაძლებლობაც ახალი ინსტრუმენტის ჩამოყალიბების გარეშე ამ ეტაპზე არ არსებობს.
ოთარ ძიძიკაშვილის ინფორმაციით, მსჯელობა მიმდინარეობს სხვადასხვა ვარიანტზე - გარდა საბანკო დეპოტიზებისა, სახელმწიფო და კორპორატიული ობლიგაციებისა, სხვა რა ინსტრუმენტები შეიძლება შეიქმნას.
რაც შეეხება საპენსიო ფონდის მმართველს, „კომერსანტის“ ინფორმაციით, ეს იქნება უცხოური კერძო კომპანია, რომელსაც მსგავსი ფონდის მართვის გამოცდილება აქვს. ამ ეტაპზე არცერთ კომპანიასთან მოლაპარაკება დაწყებული არ არის, რადგანაც რეფორმის დეტალები ჯერ ისევ მუშავდება.
რას გულისხმობს კერძო დაგროვებითი სისტემა? ეს არის შენატანი, რომელიც შეაქვს ყოველთვიურად დამსაქმებელს და დასაქმებულს კერძო საპენსიო ფონდში, ანუ მას ეძლევა ფინანსური შეღავათი იმისათვის, რომ თანხა დაზოგოს, რეალურად ის წამახალისებელია, რომ დასაქმებულს დაზოგვის სტიმული ჰქონდეს. ქვეყნებში, სადაც ეს რეფორმა ხორციელდება, არის ფინანსური წახალისების ინსტრუმენტები, სხვა შემთხვევაში ეს რეფორმა არ განხორციელდება.
დასაქმებული ადამიანი იქნება უპირატეს მდგომარეობაში, მას ექნება სრული თავისუფლება მიიღოს ან არ მიიღოს მონაწილეობა დაგროვებით საპენსიო სისტემაში.
ამ სისტემის მიხედვით, კომპანია ვალდებული იქნება, რომ გარკვეული პროცენტი შესთავაზოს დასაქმებულს საპენსიო დანამატის სახით. „კარგი იქნება, თუ ეს პროცენტი იქნება 2-ის ტოლფასი. მაგალითად 2%–ს გადარიცხავს ყოველთვიურად დამსაქმებელი დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე, თუ დასაქმებული დათანხმდება ამ სისტემაში ჩართვას, მაშინ მასაც ექნება ვალდებულება, რომ თავისი შემოსავლიდან 2% გადადოს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოც ერთვება, როგორც მესამე მასტიმულირებელი რგოლი და ისიც დამატებით 2%–ს გადაურიცხავს დასაქმებულს თავის ანგარიშზე, ანუ რეალურად ადამიანის მიერ შეტანილი 2% იმავდროულად ხდება 6%. ეს გროვდება ყოველთვიურად და ყოველწლიურად, რასაც ემატება ფონდის მიერ გამომუშავებული მოგება და შესაბამისად აქტივები იზრდება“, - ამბობს ძიძიკაშვილი.
საჯარო პოლიტიკის ცენტრის მკვლევარი ანდრია ურუშაძის აზრით, ისეთი სოციალურ-ეკონომიკური ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა საპენსიო დანაზოგებს თავისი რისკი ახლავს საინვესტიციო მიმართულებით. კერძოდ, პოლიტიკური დაპირებებით გაცემული ვალდებულებები შეიძლება უარყოფით გავლენას ახდენდეს საპენსიო სისტემის მდგრადობაზე, ამიტომ „თავად სისტემა აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური შემადგენლისგან“. მისი თქმით, ჩილეში, სადაც პირველად დაინერგა კერძო საპენსიო დაგროვების ალტერნატიული სისტემა, აშკარა იყო დაგროვებითი სისტემით მიღებული პენსიის ქვოტის შეუსაბამობა მინიმალურ საპენსიო ზღვართან, ამიტომ სახელმწიფოს უხდებოდა დამხმარე როლის შესრულება და გარკვეული სახის სუბსიდირება, რათა პენსია გათანაბრებულიყო იმ მინიმალურ ზღვართან, რამელიც სახელმწიფოს მიერ იყო დადგენილი.
იმისათვის, რომ ადამიანმა დაგროვებით მიიღოს რეალური ეფექტი, საჭიროა, რომ მინიმუმ 20 წელი აგროვებდეს და ასევე დაგროვებასთან ერთად მის შენატანს ერიცხებოდეს ყოველწლიური მოგება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ დაგროვილი თანხით პენსიაზე გასვლის შემდეგ დაახლოებით 15-20 წელი მიიღოს ადეკვატური შემოსავალი. თუ ადამიანი მხოლოდ 10 წელი დააგროვებს, მას ვერ ექნება იმდენი შემოსავალი, რომ 20 წლის განმავლობაში მიიღოს ადეკვატური შემოსავალი დაგროვებითი პენსიის სახით.
ამიტომაც დაწესდება გარკვეული ზღვარი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას და ვინა - ვერა. სავარაუდოდ, მამაკაცებისთვის მინიმალური ასაკი იქნება 45 წელი, ქალბატონებისთვის კი - 40 წელი.