საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს დანიშნა. ცნობილია, რომ ხდომაზე განსახილველი საკითხი ეროვნული ვალუტის -ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებებია. რიგგარეშე სხდომის დანიშვნას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის მხრიდან. სავარაუდოდ, ამ ყველაფერს საკმაოდ საინტერესო გაგრძელებაც ექნება. ყველაფერთან ერთად, საინტერესოა, რამ გამოიწვია აჟიოტაჟი, განსახილველმა თემამ თუ პრეზიდენტის აქტიურობამ?
მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ექსპეტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.
ბატონო ვაჟა, როგორ ფიქრობთ, რიგგარეშე სხდომის მოწვევა ასეთი ვნებათაღელვის საგანი რატომ გახდა?
- რა თქმა უნდა, პრეზიდენტს აქვს უფლება, დანიშნოს რიგგარეშე სხდომა ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე, თუმცა მიმაჩნია, რომ მან შეცვალა თავისი საღი, პრაგმატული მიდგომა საკითხისადმი და იმ დროს, როდესაც საკმაოდ საპასუხისმგებლო ფაზას გადის ჩვენი ეკონომიკა, საშუალებას აძლევს ოპოზიციას, მოაწყოს თოქ-შოუ პარლამენტში და დააგროვოს ქულები. რაც, ჩემი აზრით, უპასუხისმგებლობაა როგორც ამ პოლიტიკოსების მხრიდან, ასევე, საქმეში ჩაუხედავი ნაბიჯია პრეზიდენტისგან.
„ქართული ოცნების“ წევრებიც აცხადებენ, რომ თემა, რაც რიგგარეშე სხდომაზე უნდა განიხილონ, ანუ ეკონომიკური საკითხები, „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს. გასაგებია, რომ ამ საკითხს აქვს პოლიტიკური მხარე და ნებისმიერ პრობლემას ოპოზიცია სათავისოდ იყენებს, მაგრამ მეორეა, რომ ლარის სტაბილურობის თემა საკმაოდ მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე თითოეული მოქალაქისთვის. რაკი ოპოზიცია ქულებს დააგროვებს ეს თემა საჯარო განილვის საგანი არ უნდა გახდეს?
- ერთი მხრივ, ოპოზიციას სრული უფლება აქვს, გამოიყენოს ნებისმიერი თემა თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ამას ვერავინ აუკრძალავს ოპოზიციას. მეორე მხრივ, რთული მდგომარეობაა ეკონომიკაში, რაც საშინაო და საგარეო ფაქტორების ერთობლიობით არის გამოწვეული. თოქ-შოუებით, აჟიოტაჟიტ და შოკების წინასწარმეტყველებით ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტ. საჭიროა ძალზე სერიოზული, კოორდინირებული საქმიანობა მთავრობის, ეროვნული ბანკის, მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების და მათ შორის, პარლამენტის, როგორც სერიოზული ინსტიტუციის გონივრული მიდგომა. საჭიროების შემთხვევაში პოზიციის დაფიქსირება, განხილვა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თოქ-შოუს მოწყობა, რომელიც ხალხის საჭიროებებს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაწყვეტს.
სავალუტო ფონდს თოქ-შოუ არ მოუწყვია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ითქვა, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაცია გარე ფაქტორებმა გამოიწვია, გაუფასურების პროცესი ყოველღიურად გრძელდება, თუმცა მანამდე, როდესაც ყოფილმა პრემიერმა ეროვნული ბანკის მისამართით გამოთქვა ეჭვები, ლარი გამყარებისკენ წავიდა... ანუ, ამ თემაზე საერთოდ არ უნდა ვილაპარაკოთ?
- ეს ლაპარაკი არ უნდა იყოს თვითმიზანი. განსაკუთრებით, საკანონმდებლო ორგანოში არაფრისმომცემი დისკუსიებისთვის არ უნდა გვეცალოს. ბუნებრივია, თავისი როლი და მნიშვნელობა ამ პროცესში აქვს მთავრობას, ეროვნულ ბანკს და საჭიროა სერიოზული, კოორდინირებული მოქმედება. რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გაეცეს რამდენად გააზრებულია ეროვნული ბანკის ქმედებები. ეს თავისთავად, ძალზე სერიოზული თემაა, რომელიც ექსპერტებმა წამოწიეს.
საზოგადოებისთვის ცნობილია პოზიცია, რომელიც აქვს მთავრობას სავალუტო კრიზისის თავიდან აცილების მიმართულებით, ცნობილია ნაციონალების გეგმაც ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით. ამის შესახებ ტაკიმასხრობის მოწყობა პარლამენტში რა შედეგს მოგვცემს? არ ჯობია, რომ ყველამ თავისი პოზიცია დააფიქსიროს და მთავრობამ მისი გადაჭრის გზებზე იმუშავოს?
თუ საქართველოს პარლამენტში პოლიტიკოსები ყირაზე დადგებიან, ეს ლარს გაამყარებს? რუსეთის სანქციები მოიხსნება? საბერძნეთის კრიზისი მოგვარდება და უკრაინის უმძიმესი სიტუაცია გამოსწორდება? - რაზე მოახდენს ეს ზეგავლენას? იმაში, რაც სავალუტო ფონდმა დააფიქსირა, არაფერი ახალი არ ყოფილა, ისეთი, რაც ჩვენს ექსპერტებს არ უთქვამს, გარდა იმისა, რომ სრულიად გაუაზრებლად მოგვიწოდა გადასახადების გაზრდისკენ.
ამიტომ, ეს შოუ, პარლამენტში, სადაც ვიცით, ვინ რას იტყვის, - ვიცით, რას იტყვიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რას - მთავრობის წევრები, თუ ისინი იქნებიან განხილვაზე, რას იტყვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და რომელი ნაციონალი რა რგუმენტს მოიყვანს, ამით რა შიცვლება? - გავერთობით და მერე მშვიდად დავიძინებთ, სულ მცირე, ორდღიანი შოუს შემდეგ? ამ პრობლემასთან გამკლავების აღნიშნული გზა, ვფიქრობ, არ არის შედეგის მომტანი.
მხოლოდ ეს არის პრობლემა? უმრავლესობის რეაქცია პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი უპატივისმცელობაც ხომ არ არის, როგორც ამას „თავისუფალი დემოკრატები“ აცხადებენ?
- პრეზიდენტმა თავისი ინსტიტუტის მნიშვნელობა უნდა ცხადყოს თავისი ნაბიჯებით. როდესაც ის შეხვდა მთავრობის წევრებს და თქვა, რომ მას მიაწოდეს ინფორმაცია, როგორ აპირებენ კრიზისის დაძლევას და ამიტომ არ დავნიშნავ რიგგარეშე სხდომასო - ეს იყო მისი ინსტიტუტის სოლიდურობის მიმანიშნებელი. მაგრამ, როდესაც მთავრობამ არ წარუდგინა კრიზისის დაძლევის ფურცელზე ჩამოწერილი გეგმა, ხოლო „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მოუწოდეს (ბოლო დროს ისინი კარგად თანამშრომლობენ), შეისმინა ეს მოწოდება და ჩემი აზრით, არაფრისმომცემი რიგგარეშე სხდომა დანიშნა.
თვითონ ქმნის პრეზიდენტი მისი ინსტიტუტის სერიოზულობა-არასერიოზულობის ფონს. მე თუ მკითხავთ, კარგად არის განსასაზღვრი პრეზიდენტის და მისი ინსტიტუტის როლი ახალ საკონსტიტუციო რელობაში. ახალი კონსტიტუციის თანახმად ის ხელისუფლების არც ერთ შტოს არ განეკუთვნება, დამოუკიდებელი ინსტიტუტია და წინა პრეზიდენტთან შედარებით, მისი ფუნქციები მნიშვნელოვნად არის შეკვეცილი.
ასე რომ, რაც არ უნდა შეეცადოს პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომ საკუთარი აქტიურობით ეს რეალობა შეცვალოს, არ გამოუვა, იმის მიუხედავად, რომ ის მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩეული პრეზიდენტია.
გამოდის, თავის დროზე შეგვეშალა. როგორც ჩანს, კი არ უნდა აგვერჩია, არამედ - დაგვენიშნა... პრეზიდენტის ნებისმიერ ინიციატივას პროტესტი მოჰყვება ან - უმრავლესობის, ან - მთავრობის მეთაურის მხრიდან. არბიტრის როლსაც კი ვეღარ ასრულებს. ბოლოს და ბოლოს, ფული დაიხარჯა და პრეზიდენტის ასარჩევად ხალხი არჩევნებზე მივიდა...
- იმ დროს, როდესაც არჩევნები ტარდებოდა, საპრეზიდენტო არჩევნების ეჭვქვეშ დაყენება და პარლამენტის მიერ მისი არჩევა საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებდა. გარდა ამისა, პოლიტიკურად გაუმართლებელი იყო, რადგან ხალხმა რომ მისი სახელმწიფოებრიობის სიმბოლო აირჩიოს, ეს არავის არაფერს არ ვნებს - მისი ლეგიტიმაციის ხარისხი და ავტორიტეტი მაღალია, მაგრამ იმ მოცემულობას ვერ გასცდება, რაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული.
ამიტომ, მცდელობები, რომ მის მნიშვნელობას ხაზი გაუსვას, შედეგის მომცემი არ იქნება. საპარლამენტო მმართველობისკენ მივდივართ. ეს მოდელი, რაც დღეს გვაქვს დაუსრულებელია. თუ საპარლამენტო მმართველობამდე უნდა მივიდეთ, მაშინ უპრიანი იქნება, პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს და დაამტკიცოს, როგორც ეს ხდება იტალიაში. თუმცა არჩეული პრეზიდენტი რომ გვყავდეს შეკვეცილი უფლებებით, ესეც არაფერში გვიშლის ხელს.
არ უნდა დაგვავიწყდეს რა ვითარებაში ჩამოყალიბდა ის პოლიტიკური რეალობა, რაშიც დღეს ვცხოვრობთ. ეს იყო სააკაშვილის მცდელობა, გაეხანგრძლივებინა საკუთარი ყოფნა ხელისუფლების სათავეში და ძლიერი პრემიერის რანგში ემართა ქვეყანა - მას სიმბოლური პრეზიდენტი სჭირდებოდა, რომელსაც შიგადაშიგ, ფორმალურად ჰკითხავდა აზრს.
თუმცა კონსტიტუციის გარდა ქართულ პოლიტიკაში პირადი დამოკიდებულებებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. დღეს რა ტიპის დაპირისპირებებიც იკვეთება, გავლენების გადანაწილებასაც ხომ არ ჰგავს? თითქოს იკვეთება კიდეც მომავალი არჩევნებისთვის ვინ საით გადაიხრება...
- პოლიტიკური პროცესი ცხოვრებისეული, ცოცხალი პროცესების ერთობლიობაა და რა თქმა უნდა, რეალობა ქმნის აუცილებლობას, რომ სხვადასხვა გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები, პოლიტიკური ძალები ახალ რეალობაში სხვა კონფიგურაციით ჩამოყალიბდნენ.
ამ პროცესს ახლაც ვხედავთ, რადგან ქვეყანა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და ვფიქრობ, რომ არა ვადამდელი, არამედ კონსტიტუციით განსაზღვრული არჩევნები ჩატარდება და მიმდინარეობს მოკავშირეების ძიება.
ამ მიმართულებით პრეზიდენტსაც აქვს თავისი ხედვა და მისია. მარგველაშვილი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს საგარეო პოლიტიკის აქცენტებს და აქედან გამომდინარე, მისი სიმპათიები იხრება „თავისუფალი დემოკრატებისა“ და რესპუბლიკელებისკენ, რომლებთანაც სავარაუდოდ, უფრო მჭიდრო ურთიერთობა ექნება და პოლიტიკური ტანდემის შესაძლებლობაც გამორიცხული არ არის.
რჩება შთაბეჭდილება, რომ გავლენების მოსაპოვებლად არანაკლებ აქტიურობენ საპარლამენტო უმრავლსობა და მისი ლიდერები...
- საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს, რომ არსებულ სიტუაციას მოერგოს და ის მისია, რაც მას აკისრია, შეასრულოს. მაგრამ ეს ძალიან უჭირს, იმდენად, რამდენადაც პერსონალიების თვალსაზრისით, რესურსი ფაქტობრივად, ამოწურულია.
საპარლამენტო უმრავლესობა დაკომპლექტდა ივანიშვილის მიერ სრულიად კონკრეტული მიზნით, ძირითადად, ცნობადი სახეებით, რომლებსაც პოლიტიკაში მოღვაწეობის ძალზე მცირე გამოცდილება აქვთ. ამიტომ, ამ შემადგენლობით უმრავლესობას თავისი ფუქნქციის შესრულება გაუჭირდება, მაგრამ ის ფიგურები, რომლებიც ჯერ კიდევ დატოვა ივანიშვილმა, ცდილობენ, იმ გამოწვევებს, რომელიც მათ წინაშე პერიოდულად წარმოიშობა, ადეკვატურად უპასუხონ.
ვფიქრობ, უმრავლესობას მიუხედავად გამოცდილი პოლიტიკური მებრძოლების დეფიციტისა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსები მაინც რჩება, იმის მიუხედავად, რომ გაუჭირდება ისეთ გამოცდილ პოლიტიკოსებთან ბრძოლა, როგორიც ჰყავთ „თავისუფალ დემოკრატებს“, რესპუბლიკელებს, როგორიც არის ნაციონალების ათკაციანი ბირთვი.
ამის მიუხედავად „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის მხარდაჭერა ჯერ კიდევ აქვს, თუმცა საკითხავია ელექტორატის ხმების ნახევარზე მეტს მიიმხრობენ, თუ - ნახევარზე ნაკლებს. თუ სწორად დაგეგმავენ პოლიტიკურ პროცესს და არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში ადეკვატურები იქნებიან, შანსებს შეინარჩუნებენ.
სხვათა შორის, რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით უმრავლესობა მთავრობის გავლენის ქვეშაა. პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის ოპონენტად მოიაზრება? ეს ნორმალური პროცესია?
- არის საკვანძო საკითხები, რომელთან მიმართებაშიც პრეზიდენტს სხვა დამოკიდებულება აქვს, უმრავლესობას - სხვა და აქედან გამომდინარე, იქმნება ოპონირების რეჟიმი. თუმცა კიდევ ერთხევ ვუსვამ ხაზს, რომ არც სამთავრობო და არც საპარლამენტო პროცესების მონაწილე არ არის პრეზიდენტი და კარგი იქნება, თუ კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებს არ გასცდება.
მაინც საინტერესოა, რატომ ცდილობს ხელისუფლება, რომ ნებისმირი პოლიტიკური ძალა, ამჯერად კი პრეზიდენტი წარმოაჩინოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ ძალად, თუკი მას გააკრიტიკებენ? ახლაც ითქვა უმრავლესობის წევრების მხრიდან, რომ რიგგარშე სხდომით მარგველაშვილი ნაციონალებს 21 მარტისთვის სიტუაციის „გახურებში“ ეხმარება...
- არ ვთვლი, რომ ასეთი მცდელობები აქვს ხელისუფლებას - „თავისუფალი დემოკრატები“ ნამდვილად არ არიან ნაციონალები და არც მათთან შეკრული ძალა - ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში. საკმაოდ ერთფეროვანია ფრონტი, რომლითაც ოპოზიციური ძალები გამოდიან და მათ ავტომატურად უდგებიან უმრავლსობის წარმომადგენლები. არ ვთვლი, რომ „ქართული ოცნება“ მთელ ოპოზიციურ სპექტრს ნაციონალებთან აიგივებს.
რამდენად დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს დღეს ქართულ პოლიტიკაში?
- ეს ყველაფერი გაცილებით დემოკრატიულია, ვიდრე იყო იმ პერიოდში, როცა ქვეყანას მართავდა „ნაციონალური მოძრაობა“. გნებავთ, რეგიონებში მიმდინარე პროცესებს გადავხედოთ, სადაც საკმაოდ მწვავე დაპირისპირებებია. ეს დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯებია. გამართული დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა საკმაოდ რთული პროცესია. ამ ეტაპზე რჩება შთაბეჭდილება, თითქოს, მმართველი პოლიტიკური ძალა სუსტია, მაგრამ ის ცდილობს, უფრო დემოკრტიულად მართოს პროცესები, ვიდრე ამას მისი წინამორბედი აკეთებდა.