„არჩევანი მარტივია - უსაფრთხო გარემოსკენ სწრაფვა, ან გავლენის სფეროს ნაწილად გადაქცევა“

„არჩევანი მარტივია - უსაფრთხო გარემოსკენ სწრაფვა, ან გავლენის სფეროს ნაწილად გადაქცევა“

ნატოში, საქართველოს ყოფილი ელჩი, ლევან დოლიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთის გაფრთხილებების საპასუხოდ, ჩვენი მხრიდან, ბუნდოვანების შემცველმა ქმედებებმა შესაძლოა, მოსკოვში არა „დამამშვიდებელი“, არამედ პირიქით, ჩვენი უსაფრთხოებისთვის არასასურველი აღქმების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

რას ამბობენ ბრისულში. რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით და აქვს თუ არა ალიანსში გაწევრიანების შანსი ასპირანტ საქართველოს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ლევან დოლიძესთან.

საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყნებს, რომელთაც სურთ, რომ ნატო-ს შემოუერთდნენ, ამ აპლიკაციებს უარი უნდა ეთქვათ. იმის მიუხედავად, რომ საფრანგეთის დამოკიდებულება ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით ცნობილი ფაქტია, როგორ ფიქრობთ, მომავალი სამიტის წინ ასეთი კატეგორიული განცხადება, არის თუ არა პირდაპირი გზავნილი, რომ ამ სამიტზე გაწევრიანება არ მოხდება?

- საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება ნამდვილად შეიცავს საკმაოდ უარყოფით გზავნილს ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით, თუმცა, შემდგომი სამიტის კონკრეტულ შედეგებზე ამ ეტაპზე მსჯელობა ნაადრევად მიმამაჩნია. დარწმუნებული ვარ, ღია კარის პოლიტიკის საკითხი ვარშავის სამიტამდე არაერთხელ დადგება ნატო-ს დღის წესრიგში და მოკავშირეები ამ თემას განიხილავენ არა განცალკევებულად, არამედ უფრო ფართო კონტექსტში.

შესაბამისად, ვფიქრობ, განხილვებისას, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, გათვალისწინებულ იქნება ის გარემოება, რომ ნატო-ს გაფართოება არ უკავშირდება მხოლოდ ასპირანტი ქვეყნების მომავალს, არამედ იგი გამოხატავს ალიანსის დამოკიდებულებას ფუძემდებლური პრინციპების მიმართ, აგრეთვე, განსაზღვრავს მთელი ევროატლანტიკური სივრცის, მათ შორის - თავად ნატო-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების პერსპექტივებს.

ასპირანტი ქვეყნებიდან რომელ ქვეყანას აქვს შანსი, რომ გახდეს ნატოს წევრი?

-ჩრდილო-ატლანტიკური შეთანხმებისა და ნატო-ს კონცეპტუალური დოკუმენტების თანახმად, გაწევრიანების შანსი აქვს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელიც დააკმაყოფილებს ალიანსის კრიტერიუმებს. ბუნებრივია, ყველა ასპირანტი ქვეყანა ამ გზაზე, პროგრესის მიღწევის თვალსაზრისით, განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგას და ყოველ მათგანზე ინდივიდუალად უნდა იქნეს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. შესაძლოა, არსებობდეს განსახვავებული მოსაზრებები გაწევრიანების ვადებთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც აღვნიშნე, თავად ალიანსის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის თანახმად, მისი კარი ღიაა ასპირანტი ქვეყნებისათვის.

აქვე უნდა ითქვას, რომ გაწევრიანების პროცესი, ეს არის გზა, რომელიც მოითხოვს როგორც ეფექტიან ინსტიტუციურ და დემოკრატიულ რეფორმებს, მტკიცე და თანმიმდევრულ ნაბიჯებს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, ასევე, პოლიტიკური პროცესის სათანადოდ მომწიფებას თავად ალიანსში და ე.წ. „შეასძლებლობის ფანჯრის გაღებას“, რამაც ასპირანტ ქვეყანას გამადმწყვეტი ნაბიჯის გადადგმის საშუალება უნდა მისცეს. ამ პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის მიერ შესაბამისი გამოწვევების სწორად გააზრება და ამ კონკრეტული ამოცანის გარშემო მაქსიმალური კონსოლიდაცია.

რაც შეეხება საქართველოს, რა შანსები აქვს ასპირანტის სტატუსის მქონე საქართველოს, რომ ამ სამიტზე მიიღოს მაპი? ოლანდის განცხადებამ შეიძლება გავლენა იქონიოს, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის ხელისუფლების განცხადებებს, რომ ჩვენ გვყავს, სხვა, საკმაოდ ძლიერი პარტნიორებიც...

- უელსის სამიტზე, საქართველომ პაკეტის სახით მიიღო გაწევრიანების კიდევ ერთი ინსტრუმენტი. ამასთან, აღიარებულ იქნა საქართველოს ნატო-სთან თავსებადობის მაღალი დონე, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მექანიზმების ეფექტიანობა. აგრეთვე, სამიტის დეკლარაციით აღინიშნა, რომ საქართველოს ურთიერთობა ნატო-სთან შეიცავს საჭირო ინსტრუმენტებს, რომ საქართველომ განაგრძოს წინსვლა ალიანსიის საბოლოო წევრობისკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ არა კიდევ ერთი, დამატებითი ინსტრუმენტის მიღებაზე, არამედ გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე.

სამიტამდე, სავარაუდოდ ჯერ კიდევ წელიწადზე მეტი დროა დარჩენილი. ამდენად, კონკრეტულ ფორმულირებებზე ან საქართველოს შემდგომ ნაბიჯთან დაკავშირებით თავად ნატო-ში არსებულ აღქმებზე მსჯელობა ჯერ ადრეა. აქვე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ არა მხოლოდ სამიტისათვის, არამედ სამიტამდე დაგეგმილი საგარეო საქმეთა მინისტერიალისთვის, რომლის დღის წესრიგში, როგორც აღვნიშნე, ვფიქრობ, დადგება ღია კარის პოლიტიკის საკითხი.

ბატონო ლევან, შეგიძლიათ გვითხრათ რომელია ის სხვა სახელმწიფოები, სხვა პოლიტიკური ძალები ევროპაში, რომლებიც, პირიქით, ნატოს გაფართოებით არიან დაინტერესებულნი?

- ნატო-ს გაფართოების ისტორია ცხადყოფს რომ ამ პროცესმა, უკლებლივ ყველა ეტაპზე, გააფართოვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების არეალი ევროპაში, რამაც საკმაოდ კონკრეტული და ხელშესახები შედეგები მოუტანა ალიანსის წევრ ქვეყნებს. ასევე, მოგეხსენებათ, ნატო კონსესუსით იღებს გადაწყვეტილებებს და ბუნებრივია, ღია კარის პოლიტიკაც ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფოს შეთანხმების საგანს წარმოადგენს.

შესაბამისად, მიუხედავად ნატო-ს ზოგიერთი წევრის პოზიციებისა, რომლებიც რიგ შემთხვევბში არ ემთხვევა ასპირანტი ქვეყნების, ან თუნდაც ალიანსის სხვა წევრების პოზიციებს გაფართოების ვადებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ჩვენ მოკავშირეები არ უნდა დავყოთ გაფართოებით დაინტერესებულ და გაფართოების მოწინააღმდეგე ქვეყნებად. ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ალიანსის ყველა წევრ სახელმწიფოსთან და დიდი ძალისხმევა უნდა მივმართოთ ამ ქვეყნებში არსებული გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფების მაქსიმალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

კითხვები არსებობს ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის ვადებთან დაკავშირებით. საწვრთნელი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება დარჩა მისაღები, რომელიც ადგილმდებარეობას ეხება. როგორ ფიქრობთ, რატომ ჭიანურდება ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება?

- ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ადგილის განსაზღვრა მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა მხოლოდ ეს გადაწყვეტილება არ იქნება საკმარისი მის ასამოქმედებლად. ამ მიზნით, საქართველომ სხვა კონკრეტული ნაბიჯებიც უნდა გადადგას, მათ შორის - ნატო-სთან მჭირო კოორდინაციით. ა.წ. 5 თებერვლის ნატო-საქართველოს კომიისიის ერთობლივი განცხადებით, პაკეტის იმპლემენტაცია, იმ კონკრეტული პერიოდისთვის, საკმაოდ დადებითად შეფასდა. ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია ამ პროცესის დინამიურად გაგრძელება. ნამდვილად მისასალმებელია, რომ საზოგადოება ამას დიდი ყურადღებით აკვირდება. თავადაც ვგეგმავ დაკვირვებას და დამატებით შეფასებებს მხოლოდ კონკრეტული ფაქტორების ანალიზის საფუძველზე გავაკეთებ.

რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოში ამ ცენტრის შექმნის, რაც დადასტურდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებითაც, რას ფიქრობთ რუსეთის დამოკიდებულებაზე ამ საკითხის მიმართ?

- პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ცენტრის მიზანია საქართველოში სწავლებების ჩატარება და საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თავსებადობის კიდევ უფრო ამაღლება. მისი საქართველოში დაარსება, ისევე, როგორც ზოგადად, ნატო-საქართველოს ურთიერთობის არც ერთი ელემენტი არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა, ბუნებრივია, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რუსეთის მკაფიოდ დეკლარირებული პოზიციებიდან გამომდინარე, ნამდვილად არ მაკვირვებს ასეთი განცხადებები.

ჩვენს რეგიონში შექმნილი ვითარება ცხადყობს, რომ რუსეთი რთულად ეგუება თავისი მეზობლების სუვერენულ არჩევანს. უკრაინაში განვითარებულმა პროცესებმა კი თვალნათლივ დაგვანახა, რომ რუსეთი აგრესიით პასუხობს მეზობელი ქვეყნის არა მხოლოდ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს, არამედ, დასავლეთის მიმართულებით გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელსაც ამ კონკრეტული ქვეყნის მიმართ თავისი გავლენის შესუსტებად მოიაზრებს.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი მეზობლებთან ურთიერთობებში მუდმივად ეძებს მერყევ პოზიციებს და ახლად გაჩენილ შესაძლებლობებს, ხოლო შემდგომში ცდილობს მათ ეფექტიანად გამოყენებას. შესაბამისად, რუსეთის გაფრთხილებების საპასუხოდ, ჩვენი მხრიდან, ბუნდოვანების შემცველმა ქმედებებმა შესაძლოა, მოსკოვში არა „დამამშვიდებელი“, არამედ პირიქით ჩვენი უსაფრთხოებისათვის არასასურველი აღქმების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. ამდენად, მიიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ მაქსიმალური კონსოლიდაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გარშემო და თანმიმდევრული, რაციონალური ნაბიჯებით მოვახდინოთ ამ მიმართულებით წინსვლის შეუქცევადობის დემონსტრირება.

ნამდვილად არ მაქვს ილუზია, რომ რუსეთი, სულ მცირე უახლოეს მომავალში, პატივს სცემს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ არჩევანს, თუმცა ყოველგვარი პათეტიკისა და ემოციების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს. საქართველოსთვის არჩევანი მარტივია - უსაფრთხო გარემოსკენ, თავისუფალი, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოების თანამეგობრობისაკენ სწრაფვა, ან სუვერენიტეტის ხელყოფის პირობებში, გავლენის სფეროს ნაწილად გადაქცევა.

მოგეხსნებათ, რომ ბოლო პერიოდში ბევრი კითხვა გაჩნდა საქართველოს დასავლურ კურსთან დაკავშირებით. თუმცა, მთავრობა ამტკიცებს, რომ ეს კურსი უცვლელია. რას ამბობენ ბრიუსელში თქვენი კოლეგები, თუ სვამენ კითხვებს საქართველოს კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით?

- ბრიუსელში ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რამაც შესაძლოა პირდაპირი თუ ირიბი გავლენა იქონიოს საქართველოს დასავლურ ინსტიტუციებში ინგტეგრაციის დინამიკაზე. თუმცა, ვფიქრობ, საკმაოდ კარგად აცნობიერებენ, რომ ეს შეუქცევადი პროცესია, რასაც ჩვენი ისტორიული არჩევანი და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისაკენ სწრაფვა განაპირობებს.