მძღოლების გასაჭირი: უნდა გაძვირდეს თუ არა ტაქსი?

მძღოლების გასაჭირი: უნდა გაძვირდეს თუ არა ტაქსი?

საწვავის გაძვირება ტაქსის მომსახურებასაც გააძვირებს. გასაკუთრებით პრობლემაა ავტოგაზის ფასის მატება, რადგან ტაქსების აბსოლუტური უმრავლესობა ბუნებრივ აირზეა „გადაყვანილი“.

ბოლო 3 თვის განმავლობაში ავტოგაზი 2 ჯერ გაძვირდა და 1,05 თეთრიდან 1,2 ლარს მიაღწია. მცირეა სადგურებზე მოიმატა ბენზინისა და დიზელის ფასმაც. ამიტომაც „ტაქსისტები“ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათ მგზავრობის საფასური უნდა გააძვირონ, მაგრამ ეს კლიენტების შემცირებას გამოიწვევს. ამასობაში მათი დღიური შემოსავალი თვალსა და ხელს შუა მცირდება.

თამაზ ახალკაცი უკვე 3 წელზე მეტია „ტაქსაობს“. იგი სხვების მსგავსად ტარიფის მომატებაზე საუბრობს. იმ შემთხვევაში თუკი ავტოგაზი არ გაიაფდება, მგზავრობას გააძვირებს. სხვაობა კი 1 ან 2 ლარი იქნება.

„ახლა საბურთალო-ვაკის ტერიტორიაზე 3-4 ლარად დავდივარ. გაძვირებას ვფიქრობ, რადგან არაფერი მრჩება. ბევრმა მარტიდან უკვე მოუმატა ფასს. ეს მომხმარებლის შემცირებასაც გამოიწვევს, რადგან აქამდე თითქმის სამარშრუტო ტაქსის ფასში დავდიოდით. ხალხს ისედაც არ აქვს საშუალება და გაძვირება მათზე ჯიბეზე ცუდად იმოქმედებს. თუ ასე გაგრძელდა, მალე „ტაქსაობა“ წამგებიანი საქმიანობა გახდება. დარწმუნებული ვარ, ბევრი დაანებებს კიდეც თავს“, - ამბობს თამაზ ახალკაცი.

როგორც აღმოჩნდა, ავტოგაზის გაძვირება სატაქსო კომპანიებსაც ემძიმათ, რადგან მანქანები 90%-ს გაზზე ჰყავს გადაყვანილი. ნაწილი ფასის შენარჩუნებას გაჭირვებით, ზარალის ხარჯზე ახერხებს, თუმცა როდემდე გაგრძელდება ასე ჯერჯერობით უცნობია.

„ომეგა ტაქსის“ წარმომადგენლის თქმით, კომპანია კონტრაქტორებთან მუშაობს და ტარიფები ხელშეკრულების მიხედვით აქვთ დადგენილი. კომპანიის პარტნიორი მძღოლები ავტომანქანებისთვის სხვადასხვა ტიპის საწვავს მოიხმარენ, თუმცა, ფიქსირებული ტარიფების მიხედვით, ცენტრალურ უბნებში გადაადგილება 3-5 ლარი ღირს და ამ ფასის შეცვლა, ჯერჯერობით, არ იგეგმება.

წინასწარ პროგნოზებს ვერ აკეთებენ კომპანია „სითი ტაქსის“ წარმომადგენლებიც. მათი თქმით, ყველაფერი ბაზარზეა დამოკიდებული, თუმცა, ამ დროისთვის, იგივე ტარიფებია შენაჩუნებული. მათივე განცხადებით, ლარის გაუფასურება მთლიანად ქვეყანაზე აისახა უარყოფითად და არა მარტო ტაქსის კომპანიებზე, თუმცა, ჯერჯერობით, ისინი იმავე ტარიფების შენარჩუნებას ცდილობენ. კომპანია „სითი ტაქსი“ დღეისათვის 80-მდე მძღოლთან თანამშრომლობს და ყველა მძღოლის ავტომობილი გაზზეა გადაყვანილი.

როგორც ცნობილია, თბილისში 50 ათასმდე ტაქსი მოძრაობს. ავტომობილების უმეტესობა, მძღოლებს გაზზე ჰყავთ გადაყვანილი. ბოლო პერიოდში, 1 კბ/მ საავტომობილო გაზის ფასმა 1,20 ლარს მიაღწია, რამაც შესაძლოა, უახლოეს მომავალში, მგზავრობის ტარიფების გაძვირებაც გამოიწვიოს.

ბოლო პერიოდში მცირე ავტოგასამართ სადგურებზე გაძვირდა დიზელისა და ბენზინის საწვავიც. ბრენდირებული სადგურები ძველ ფასს ინარჩუნებენ, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია. როგორც იმპორტიორები აცხადებენ ძველი, იაფი ნაშთები ამოწურულია და ახლა ფასი „კბილებით უჭირავთ“.