პრეზიდენტის გადაწყვეტილებით უმრავლესობა გაღიზიანებულია, ოპოზიცია გახარებული

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით უმრავლესობა გაღიზიანებულია, ოპოზიცია გახარებული

ხანგძლივი ლოდინის შემდეგ, ეკონომიკური დარგის მინისტრები ნოდარ ხადური და გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს ეწვევიან. ოპოზიცია მინისტრების მოსმენას რიგგარეშე სხდომის ფორმატში ითხოვს, მმართველი ძალა კი, უპირატესობას საკომიტეტო განხილვას ანიჭებს.

თუკი პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირების მიზეზი მთავრობის წევრების მოსმენის ფორმატია, პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის უთანხმოების მიზეზი 13 მარტს დანიშნული რიგგარეშე სხდომა გახდა. მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის გამო მკაცრად აკრიტიკებს, მას არაეთიკური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს და პროტესტის ნიშნად, შვიდი ფრაქციის ხელმძღვანელმა პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრაც კი გადადო.

მარგველაშვილისა და ფრაქციის თავმჯდომარეების შეხვედრა დღეს 13:00 საათზე უნდა გამართულიყო, სადაც მხარეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის ზარი გაისმა და შეხვედრა გადაიდო.

უმრავლესობას შეხვედრის ჩაშლის ოფიციალურ მიზეზებზე საუბარი არ სურს, თუმცა, for.ge-სთან კულუარულ საუბარში მმართველი გუნდის ლიდერები აცხადებენ, რომ შეხვედრის გადადების მიზეზი რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნაა. როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა განგვიცხადა, პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებისთვის პასუხს „შესაბამის დროს და შესაბამის ადგილზე“ მიიღებს.

სანამ, უმრავლესობა პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ ამ მუქარას სისრულეში მოიყვანს, მანამდე დეპუტატებს 13 მარტს რიგგარეშე სხდომის ფორმატში შეკრება ქუთაისში მდებარე გამჭირვალე შენობაში მოუწევთ, ერთი დღით ადრე კი, 12 მარტს, კანონმდებლები დარგობრივი კომიტეტის ფარგლებში, ეკონომიკური დარგის მინისტრებს მოუსმენენ.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ტყემალაძის კომიტეტისგან განსხვავებით, მინისტრები რიგგარეშე სხდომაზე გამოცხადებას არ აპირებენ, უმრავლესობაში ამის მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ მთავრობის წევრებს სხდომაზე დასწრებას რეგლამენტი არ ავალდებულებს.

როგორც for.ge-ს დავით საგანელიძე განუმარტავს, ეკონომიკური საკითხები მუშა სიტუაციაში უნდა იყოს განხილული და სასურველია, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები დახურულ სივრცეში ხდებოდეს, რადგან ზოგიერთი დეპუტატი და მინისტრი ჩართულ კამერებთან უფრო მეტად პოპულიზმით არიან დაკავებულნი, ვიდრე საქმიანი საუბრით.

დეპუტატის თქმით, პარლამენტი მინისტრებს კომიტეტის ფარგლებში მოუსმენს.

„მინისტრების მოსმენა რამდენიმე დღით იმის გამო გადაიდო, რომ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთშია, რომელიც ვაჭრობის ლიბერალიზაციის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუკი ოპოზიციას საქმეზე საუბარი სურს, კომიტეტის სხდომაზე მოვიდეს, ვინაიდან, რიგგარეშე სხდომა ჩანიშნული პიარ-აქციისთვის არის“, - აცხადებს დეპუტატი.

საგანელიძის მოსაზრებით, უმცირესობას რიგგარეშე სხდომის ჩატარება პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად სურს და არა საკითხებზე სასაუბროდ.

„ნაციონალების მიზანია, სიტუაცია შავ ფერებში დახატონ. როგორც ჩანს, მათ პრეზიდენტი მოატყუეს და სხდომა დაანიშნინეს. არასწორად მიმაჩნია, რომ ერთი დღით მთავრობა და პარლამენტი მაინც და მაინც ქუთაისში წავიდნენ და სჯა-ბაასი ჩართული კამერების წინ გამართონ“, - განაცხადა საგანელიძემ, რომლის მსგავსად, რიგგარეშე სხდომის მოწვევის არსი არ ესმის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ ტყემალაძეს.

for.ge-სთან საუბარში ტყემალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა უმრავლესობის გეგმა უგულბელყო, რადგან კომიტეტის სხდომა ჯერ კიდევ გუშინ ჩაინიშნა და ცნობილი გახდა, რომ პარლამენტს, 13 მარტს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ეწვეოდა.

ტყემალაძის შეფასებით, რიგგარეშე სხდომის მოწვევით პრეზიდენტმა არაკორექტული ნაბიჯი გადადგა.

„ბურთი და მოედანი პრეზიდენტისთვის დაგვითმია. კომიტეტის სხდომას პარასკევის ნაცვლად, ხუთშაბათს ჩავატარებთ. პრეზიდენტმა ცოტა არაკორექტული ნაბიჯი გადადგა, როცა საკომიტეტო მოსმენას რიგგარშე სხდომა დაამთხვია. ხომ შეიძებოდა, რომ სხდომა ხუთშაბათს დაენიშნა? პრეზიდენტი რასაც აკეთებს, ყველაფერს შეგნებულად აკეთებს და არა შეუგნებლად. შესაბამისად, როგორც ჩანს, მან შეგნებული გადაწყვეტილება მიიღო“, - დასძინა ტყემალაძემ, რომლის ფრაქციის თავმჯდომარე გოგი თოფაძე ამბობს, რომ 13 მარტის რიგგარეშე სხდომას დაესწრება.

როგორც for.ge-ს თოფაძემ განუმარტა, ის რიგგარეშე სხდომაზე გამოცხადდება, მაგრამ დღეს, პარლამენტის ხელმძღვანელობის თხოვნით, პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე წასვლა გადაიფიქრა.

თოფაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა უმრავლესობის მიერ დაგეგმილი კომიტეტის სხდომა არ გაითვალისწინა, მმართველ გუნდში შემავალმა ფრაქციებმა კი, საპასუხოდ მასთან დაგეგმილი შეხვედრა გადადეს.

„რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა, 18 მარტს პრეზიდენტი პარლამენტში მოდის და ამდენი წადი-მოდი ძნელია. რიგგარეშე სხდომაზე რატომ არ წავალ, ყველანი წავალთ“, - დასძენს თოფაძე, რომლის გუნდსაც მკაცრად აკრიტიკებს „თავისუფალი დემოკრატი“ ნინო გოგუაძე.

for.ge-სთან საუბარში გოგუაძე აცხადებს, რომ უმრავლესობაში ადგილი აქვს სრულ უპასუხისმგებლობასა და უცოდინრობას.

მისი მოსაზრებით, პარლამენტის წევრთა ნაწილს წარმოადგენა არ აქვს, სახელმწიფო ინსტიტუტები რაზე დგას და რა მნიშვნელობა აქვს პარლამენტს.

„სამწუხაროდ, ეს „ნაციონალური ოცნების“ უმრავლესობაა, რადგან ისინი ერთმანეთისგან არსით არაფრით არ განსხვავდებიან. ეს ხელისუფლება პატივს არც პარლამენტს სცემს, არც პრეზიდენტს და არც საზოგადოებას. მთავრობის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ პარლამენტში სიარული მათი საქმეა, რადგან ისინი ანგარიშვალდებულნი დეპუტატების წინაშე არიან. ფაქტია, რომ ეს უმრავლესობა მხოლოდ თავის თავს ელაპარაკება, სრულ იზოლაციაში არიან და მხოლოდ ერთმანეთს ამხნევებენ და აქებენ. ეს არის თვითტკბობით დაკავებული და დაბრმავებული ხელისუფლება“, - აცხადებს დეპუტატი.

გოგუაძის თქმით, უმრავლესობის წევრების წარმოდგენით პარლამენტში მხოლოდ უსაქმური ადამიანები უნდა დადიოდნენ.

„უმრავლესობის წევრები ამბობენ, მინისტრი პარლამენტში რატომ უნდა მოვიდეს, მაშინ, როცა მას საქმე აქვს საკეთებელი? მათი წარმოდგენით პარლამენტში მხოლოდ უსაქმური ადამიანები უნდა დადიოდნენ. აქედან გამომდინარე, მათ საკუთარ თავზე რა წარმოდგენა აქვთ, ეს ადვილი მისახვედრია. დეპუტატების უფლებამოსილებაა მინისტრების კონტროლი და არა მათთვის გუნდრუკის კმევა. უმრავლესობა პატარა ბავშვივით ეჯიბრება ყველა სხვას, ვინც უმრავლესობის მიღმაა და მას ტოტალურად პატივს არ სცემს. სინამდვილეში ისინი პატივს საკუთარ თავს არ სცემენ“, - დასძენს გოგუაძე.

28 თებერვლისგან განსხვავებით, უმრავლესობას ქუთაისში ჩასვლა და რიგგარეშე სხდომაზე დასწრება მოუწევს, ვინაიდან, სხდომის ჩაშლა წინააღმდგობაში კონსტიტუციასთან მოვა. როგორც for.ge-ს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განუმარტავს, პარლამენტის წევრს ყოველთვის აქვს ვალდებულება, რომ სხდომებში მონაწილეობა მიიღოს.

დეპუტატის განცხადებით, ეს ვალდებულება ვრცელდება როგორც პლენარულ სხდომაზე, ასევე რიგგარეშე სხდომაზეც.

„უმცირესობას რა კითხვებიც აქვს, მას პასუხი კომიტეტის სხდომაზე გაეცემა, შესაბამისად, რიგგარეშე სხდომის ჩატარების მიზანი რა არის? პრეზიდენტი მისდაუნებურად ნაციონალების პოლიტიკური მახინაციების გავლენის ქვეშ აღმოჩნდა და ამ სხდომის მოწვევა დამატებითი დაძაბულობის შექმნას და პოლიტიკური ტემპარატურის აწევას ემსახურება“, - აცხადებს კახიანი, რომელიც გუნდის გადაწყვეტილების შემთხვევაში, მზად არის რიგგარეშე სხდომას დაესწროს.

 შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი თვეა, რაც საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკური დარგის მინისტრებს იბარებს, თუმცა, მინისტრები უწყებაში მოსვლას თავს არიდებდნენ, მმართველ გუნდში კი ამის მიზეზად მთავრობის წევრების გადავტვირთულ გრაფიკს ასახელებდნენ.