ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს ვადა 16 მარტამდე მისცა

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს ვადა 16 მარტამდე მისცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებს ვადას 16 მარტამდე აძლევს, რათა უწყებების მიხედვით ხარჯების შემცირების პროექტები წარადგინონ.

პარალელურად, პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და თვითმმართველობის ხელმძღვანელებს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აცხადებს, რომ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ ნაწილში ბიუჯეტის ხარჯების გადახედვას არ აპირებს. მინისტრი განმარტავს, რომ მათ მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ისედაც შეკვეცილია.

„ჩვენ არც სოციალურ და არც ინფრასტრუქტურულ ნაწილში ხარჯების გადახედვას არ ვაპირებთ, რადგან ეს ბიუჯეტი ისედაც შეწონილია და მე რომ ვთქვა, გადავხედავთ ხარჯებს, ეს არ იქნება გამართლებული, რადგან ჩვენ გაცილებით მეტი გვინდოდა, გაცილებით მეტი პროექტი გვაქვს გასაკეთებელი და ეს არის ის შეკვეცილი ბიუჯეტი უკვე, რომელიც თავის დროზე დავამტკიცეთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ და, ასევე, აღნიშნა, რომ, თუ რაღაც კრიტიკული მდგომარეობა არ იქნება, უწყება სატრანსპორტო საშუალებებს არ შეიძენს.

უწყებების მიხედვით ხარჯების შემცირება მას შემდეგ გადაწყდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ხელისუფლებას არსებული ვითარებიდან, ანუ ეკონომიკური „შოკიდან“ ორი გამოსავალი შესთავაზა - ან გადასახადების გაზრდა, ან საბიუჯეტო ხარჯების შემცირება.

მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლება გადასახადებს არ გაზრდის. შესაბამისად, ბიუჯეტში შემცირდება გარკვეული ხარჯები.

ამისთვის, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გარკვეული რეკომენდაციებიც წარადგინა და უწყებებს მოუწოდა, რბილი ავეჯის შეძენაზე, შენობების რემონტზე, სამივლინებო ხარჯებსა და ახალ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე უარი თქვან, ასევე, საწვავის ხარჯებიც შეამცირონ.

რა თანხები დაიზოგება პრემიერის ამ ინიციატივის შემდეგ, რომელ სამინისტროშია ხელოვნურად გაბერილი ხარჯები და შეელევიან თუ არა ჩვენი ჩინოვნიკები კომფორტულ ცხოვრებას?!

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე ყველაზე გაბერილი სახსრების მქონე კონკრეტულ სამინისტროს ვერ ასახელებს, თუმცა For.ge-სთან საუბრისას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ერთ-ერთ გამოსავლად მიიჩნევს. ერთი პირობით, რომ ეს არ იქნება პანაცეა, ამას უნდა მოჰყვეს სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის, ინვესტორთა მოზიდვა და ა.შ.

„რთული სათქმელია, მაგრამ პრემიერის ინიციატივის შემდეგ, შეიძლება, გამოთავისუფლდეს თანხების 7%-მდე, მაქსიმუმ - 10%-მდე. როგორც წესი, აქ შემცირდება ის ხარჯები, რომლებიც არ მონაწილეობს მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება ეკონომიკას. უბრალოდ, ეს თანხები ისეთი ფუფუნებისთვისაა გამიზნული, როგორიცაა ავეჯის შეძენა თუ სხვა რამ. მაგალითად, ეს შეეხება ავტომობილის შესყიდვის ან ძვირი ავტომობილის შეკეთების ხარჯებს. ჩვენ გვაქვს საშუალება, სხვა ავტომობილზე დავსვათ მინისტრები და მათი მოადგილეები. ჩამონათვალი საკმაოდ მრავალრიცხოვანი შეიძლება იყოს, ოღონდ ეს არანაირად არ უნდა უკავშირდებოდეს ინფრასტრუქტურულ ხარჯებს.

შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, მოდით, ინფრასტრუქტურული ხარჯები შევამციროთო, მაგრამ ასე არ უნდა მოხდეს. ეს თანხები გაიწერა მაშინ, როცა სამინისტროების ბიუჯეტი დგებოდა, ანუ წინა წლის სექტემბერ-ოქტომბერში. მაშინ არ იყო ასეთი რთული სიტუაცია და, შესაძლოა, რომელიმე სამინისტროს სატელიტურანტენიანი ავტომობილი მოუნდა, ახლა ამაზე უარი უნდა თქვან და ეს იქნება ხარჯების შემცირება. ვერ ვიტყვით, რომ ეს ეკონომიკის გაზრდას დააჩქარებს და რაღაცნაირად მოახდენს სიტუაციის დარეგულირებას, მაგრამ ამ პატარა ნაბიჯს შემდგომში უნდა მოჰყვეს რადიკალური ღონისძიებები“, - აცხადებს პაატა აროშიძე.

მისი თქმით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გვყავს ისეთი ჩინოვნიკებიც, რომლებსაც ჯერ კიდევ არ „მოუსწრიათ“ ფეშენებლური ავტომობილების შეძენა. თუ ისინი ვერ შეასრულებენ პრემიერის მითითებას და არ შეამცირებენ თავიანი უწყების ადმინისტრაციულ ხარჯებს, მაშინ ავტომატურად დატოვებენ თანამდებობას. ცხადია, ასეთი ლოგიკური ფინალი არცერთ ჩინოვნიკს არ ხიბლავს. ამიტომ პრემიერის ნათქვამი სავარაუდოდ, შესრულდება.

„ჯერჯერობით, პირველი კვარტალი არ დასრულებულა, ყველა ავტომობილს და ყველა ადმინისტრაციულ ხარჯს პირველ კვარტალში ვერ ჩასვამდნენ, ეს გადანაწილებული იქნება მეორე-მესამე-მეოთხე კვარტალში. ავტომობილების გარდა, ჩვენი ჩინოვნიკები, ალბათ, უნდა შეელიონ პრემიებს, დანამატებს. ბოლოს და ბოლოს, 100%-იანი დანამატი არ შეიძლება მიეცეს თანამშრომელს და უნდა შემოიფარგლონ 20, 25%-იანი, ან თუნდაც 50%-იანი დანამატით. საერთოდაც, რომ არ აიღონ დანამატები, ამით არაფერი დაშავდება. სახელმწიფო სტრუქტურებში ყველას გვიმუშავია და ყოფილა ისეთი სიტუაცია, როცა პრემიები და ამ რაოდენობის ხელფასები არ რიგდებოდა“.

რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეორე რეკომენდაციას, ეკონომიკური „შოკიდან“ გამოსვლის თაობაზე, ექსპერტი თვლის, რომ გადასახადების გაზრდა შეუძლებელია ასეთ სიტუაციაში, რადგან ეკონომიკის 0%-იან ზრდაზეა საუბარი. შესაბამისად, გადასახადების ზრდას არანაირი ეფექტი არ მოჰყვება და ეს იქნება ერთჯერადი ეფექტი, რაც კონკრეტული საწარმოების დახურვას გამოიწვევს. ამიტომ ცალსახაა, გადასახდების ზრდით კი არ უნდა წავიდეთ, არამედ ინვესტორები მოვიზიდოთ.

ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პრემიერის ინიციატივა შესრულებადია და ხარჯების შემცირება ანტიკრიზისული პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია. ახლა მთავარია, სამინისტროები როგორ გეგმას წარადგენენ.

„საბიუჯეტო ხარჯების შემცირება აუცილებელია, რადგან ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების გამო შემოსავლები შემცირებულია. რთულია იმის თქმა, რა თანხები გამოთავისუფლდება, მაგრამ დაახლოებით 12%-ზეა საუბარი. ვნახოთ, მომავალში რა მოხდება. უნდა შემცირდეს წარმომადგენლობითი ხარჯები, დანამატები და ხელფასების კომპონენტი. ალბათ, ეს იქნება ის ძირითადი რესურსი, რომლის გადახედვაც აუცილებელია, რადგან შტატები და სხვა ტიპის ინფრასტრუქტული ხარჯები არ მცირდება და ისევ ძალაში რჩება“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.