რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში საკუთარ ძალებს აძლიერებს

რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში საკუთარ ძალებს აძლიერებს

სერგეი ლავროვის უწყება, საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ქვეყნის პირველი დიპლომატი სერგეი ლავროვი მოსკოვში 11 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდება. რუსული მხარის ცნობით, მინისტრები ორ ქვეყანას შორის კავშირების შესახებ, მათ შორის საგარეო პოლიტიკის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისუაბრებენ.

„2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთი მისი არსებობის გარანტორი გახდა, სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და აფხაზი ხალხის მშვიდობიანი მომავლის კუთხით. ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა, რომელიც მოკავშირეობისა და სტრატეგიულ პარტნიორობის საფუძველზე აშენდა, დინამიურად ვითარდება.

თბილისის დაჟინებული უარის პირობებში, ხელი მოაწეროს სავალდებულო დოკუმენტს ძალის არგამოყენების შესახებ, რუსულ-აფხაზური თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში განსაკუთრებულ აქტუალობას ინარჩუნებს. შესაბამისი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულია რუსული სამხედრო ბაზა და ჩვენი მესაზღვრეები საქართველოსთან რესპუბლიკის საზღვრის დაცვას უზრუნველყოფენ“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ლავროვის უწყების მიერ გავცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი აფხაზეთს მსხვილ დახმარებას უწევს, რათა სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში ინვესტიციური პროგრამების რეალიზება მოახდინოს.

„სამართლებრივ ფარგლებში ჩვენი ურთიერთობების განვითარებას მომავალშიც გავაგრძელებთ. ამჟამად ხელმოწერისთვის მზადდება კიდევ 30-მდე შეთანხმება და ხელშეკრულება, ასევე დარგობრივი დოკუმენტები მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში, სადაც ასახვას ჰპოვებს ასპექტები, რომლებიც თავდაცვისა და უსაფრთხოების, სოციალურ, ჰუმანიტარულ და უერთიერთმოქმედების სხვა სფეროებს ეხება. აფხაზეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების კუთხით უდაოდ, დამატებით იმპულსს გააჩენს“, - აღნიშნულია სერგეი ლავროვის უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა დე ფაქტო აფხაზეთთან ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმება გასული წლის ნოემბერში გააფორმა. მას შემდეგ მსგავსი შეთანხმების პროცესი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიმდინარეობს.

რუსეთის ქმედებებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რუსეთის მხრიდან ოკუპირებული რეგიონების ანექსიის მცდელობად აფასებს. თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ არის მიმართული.

„ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის ეუთო-ს, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის ამ დესტრუქციულ ქმედებებს და სათანადო ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე. რუსეთის ეს ქმედება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონები საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს არ წარმოადგენენ. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, დაიდოს მათთან რაიმე ხელშეკრულება, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და ამას არ გააჩნია იურიდიული ძალა. ეს მიდგომა გაზიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა

სერგეი ლავროვის უწყების ღია გზავნილზე - „იმ პირობებში, როდესაც თბილისი ჯიუტად აცხადებს უარს, ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას, რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში განსაკუთრებით აქტუალურია“, - ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრები.

for.ge დაუკავშირდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ზვიად კვაჭანტირაძეს რომლემაც აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან სერიოზული თემა და შესაბამისად, კვაჭანტირაძემ კომენტარისთვის დაკავშირება ნახევარ საათში გვთხოვა, თუმცა, მოგვიანებით პარლამენტის წვერმა ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. შესაბისად, უცნობია როგორია საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის პოზიცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

სანამ უმრავლესობა ფიქრობს, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დავით დარჩიაშვილი განმარტავს, რომ რუსეთის ქმედება აბსოლუტურად ამოვარდნილია თანამედროვე ცივილიზაციის უსაფრთხოების ინტერესებიდან. დეპუტატის განცხადებით, წესით, რუსეთი ძალიან ფრთხილად უნდა იქცეოდეს და საქართველოსთან ურთიერთობაში ხაზს უნდა უსვამდეს კეთილგანწყობას, რადგან მისივე თქმით, სწორედ რუსეთის სურვილების შემსრულებელი მთავარობა არის დღეს საქართველოს ხელისუფლებაში.

„სიფრთხილის მაგივრად დარტყმას-დარტყმაზე აყენებს თავისივე მოწონებულ მთავრობას, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აგდებს და ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს გადაყლპავს. იმ შემთხვევაში, თუკი, ხალხმა მოითმინა, ამ მთავრობას რომ ბევრ რამეს გააკეთებინებს რუსეთი, მაგაში ეჭვი არ მეპარება. იმედი მაქვს, რომ ის ეროვნული მუხტი, რის გამოც ვართ საერთოდ სახელმწიფო, ისევ თავის როლს შეასრულებს და ეს მთავრობაც, ისევ თავის მიერ მოწონებული რუსეთის პოლიტიკას, ზედ გადაყვება.

ნორმალური და ლოგიკური მთავრობა ამ შემთხვევაში კარასინი-აბაშიძის ფორმატზე უარს უნდა ამბობდეს, აკეთებდეს ძალიან მწვავე განცხადებებს საერთაშორისო დონეზე, რომ რუსეთი ოკუპირებულ რეგიონში განაგრძობს აგრესიისთავის მზადებას და განგაშის ზარებით თავის თავს ამკვიდრებდეს საერთაშორისო არენაზე. სამწუხაროდ, ჩვენ ამას არ ვხედავთ და ეჭვი მაქვს, რომ ამ მთავრობის პირობებში ვერც დავინახავთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით დარჩიაშვილი.

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება პირდაპირ კავშირშია იმ ჩავარდნასთან, რომელიც დღეს არის საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. მაჭავარიანის განცხადებით, იმას, რასაც აკეთებს რუსეთი უკრაინაში, როგორ ემუქნება ბალტიის ქვეყნებს და რაც ხდება საქართველოში, ეს არის ევროპის უსაფრთხოების ერთიანი გამოწვევა, რომელსაც რუსეთმა ცალსახად გადაუსვა ხაზი.

„როგორც კი რუსეთი ნახავს ნებისმიერ სისუსტეს ქართულ-დასავლურ ურთიერთობებში, ის აუცილებლად იყენებს ნებისმიერ საშუალებას ხაზი გაუსვას, რომ ის არის სწორედ ამ რეგიონში მოქმედი ძალა. დასავლეთთან და აშშ-თან კომუნიკაციაში თუ თანამშრომლობაში არსებული ნებისმიერი ხარვეზი, რუსეთის მიერ გამოყენებულია იმ ე.წ. ახალი რეალიების გასამყარებლად, რომელიც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით ჩამოაყალიბა საქართველოში.

ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები დასავლეთის მიერ ერთ ჭრილში ყოფილიყო განხილული, როგორც ეს ხდება უკრაინასთან მიმართებაში. რუსეთის მიერ ე.წ. ახალი ევრაზიული კავშირის, თუ სივრცის შექმნა, რომელიც ცალსახად მიმართულია ევროპაში არსებული უსაფრთხოების არქიტექტურისა თუ სისტემის წინააღმდეგ, აღქმული ყოფილიყო, როგორც ერთიანი საფრთხე ევროპული უსაფრთხოების, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაშვებულია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვანო მაჭავარიანი.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია რეალური სამუშაო ჩატარდეს აშშ-თან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომ შემუშავებული იქნას ერთიანი გეგმა, თუ რა შეიძლება დავუპირისპიროთ რუსეთს ზუსტად იმ ფართო კონტექსტში, რასაც ჰქვია რუსეთის ქმედებები ე.წ. მათ მიერ პრივილეგირებულ გავლენის სფეროებში.