საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ მომავალი მოწვევის დეპუტატი აღარ იქნება, ამჟამინდელი შემადგენლობიდან კი, ზოგ დეპუტატს პოლიტიკიდან წასვლა მოუწევს, ზოგი სამთავრობო სტრუქტურაში გადავა, ზოგი რეგიონებში წავა და ზოგი თავის პროფესიას დაუბრუნდება. კანონმდებელი ამბობს, რომ ის საკუთარ ადგილს ახალ სახეებს დაუთმობს, მომავალ პარლამენტში მოხვედრის მეტი შანსი კი ამჟამინდელ მაჟორიტარ დეპუტატებს აქვთ.
თუ რატომ აღარ სურს დავით საგანელიძეს დეპუტატობა, ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც მასთან ჩავწერეთ:
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტიდან წასვლას მართლა აპირებთ?
- ძალიან ვწუხვარ, რომ ერთ-ერთმა ტელევიზიამ ჩემი ინტერვიუ ორაზროვნად გააშუქა და „დაჭრა“. საქართველოში არ ვიყავი, ამ თემაზე განმარტებები ვერ გავაკეთე და ეს საკითხი უაზრო მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. საქართველოს პარლამენტის მომავალ შემადგენლობაში სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება, რაც ნორმალურია. ალბათ, პარტიულ სიაში ახალი სახეები გამოჩნდებიან და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არც მე მივიღებ. ამასთან, თუკი საჭიროდ ჩაითვლება, რომ რომელიმე სხვა ადგილას გადავიდე და გუნდსა და ქვეყანას მეტი საქმე იქ გავუკეთო, მზად ვარ, პოსტი დღესვე დავტოვო.
ჩემთვის თანამდებობა და სავარძელი ტიტული არ არის და მას არასოდეს გამოვეკიდები. თუ ვინმეს სურს, რომ პოსტიდან წავიდე, მას ვერ გავახარებ, ხოლო თუ ვინმეს პოსტიდან ჩემი შესაძლო წასვლა ეწყინა, მას ეს ნუ ეწყინება, რადგან არსად არ მივდივარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ.
თქვენ საქართველოს განვითარების ბანკის პრეზიდენტად მოიაზრებოდით. ამ საფინანსო ინსტიტუტის შექმნის მიზნით, თქვენ კანონპროექტიც მოამზადეთ, რომელიც პარლამენტში ინიცირებულია, თუმცა, მისი განხილვა არ დაწყებულა. ეს ინიციატივა თაროზე რატომ შემოდეთ?
- ამ საფინანსო ინსტიტუტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი მეც ვარ, მაგრამ თავის დროზე, ბანკის დაფუძნების იდეით ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა, როცა პრემიერ-მინისტრი იყო. ამ საკითხის განხილვა გარკვეული მიზეზების გამო შეჩერდა და პარლამენტში მასზე მსჯელობა არ დაწყებულა. გერმანული ანალოგიური საფინანსო ინსტიტუტია - KFW, რომელიც ამჟამად, საქართველოს განვითარების ბანკის შექმნის მიზანშეწონილობას სწავლობს. KFW-მ 350 ათასი ევრო გამოყო, რათა შეისწავლოს, საქართველოში უნდა იყოს თუ არა ეს ინსტიტუტი და თუკი იქნება, რა სახის უნდა იყოს. გერმანიის განვითარების ბანკი თავის დასკვნას აპრილ-მაისში წარადგენს. შესაბამისად, ეს თემა დახურული არ არის. საქართველოში ისეთი საფინანსო ინსტიტუტი უნდა შეიქმნას, რომელიც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოტანას ბევრად უფრო მარტივად შეძლებს. თურქეთისა და ჩინეთის განვითარების ბანკები აცხადებენ, რომ მზად არიან, ამ პროექტში თანადაფინანსებით შემოვიდნენ და ზოგ შემთხვევაში, მათი თანადაფინანსება ხუთმაგი, ან ათმაგი იქნება, რაც საქართველოს ჰაერივით სჭირდება.
ასეთი ბანკი ჯერ კიდევ ორი წლის წინ რომ შეგვექმნა, ის პრობლემები ბევრად უფრო მსუბუქ ფორმებში იქნებოდა, რაც ამჟამად არსებობს. ასეთი ბანკები საფინანსო-ეკონომიკური კრიზისების დროს ბუფერის როლს ასრულებენ. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი ტიპის ფინანსური ინსტიტუტები არ გვაქვს, ფონდებს კი, სხვა ამოცანები და რესურსი გააჩნიათ.
თქვენ თქვით, რომ გარკვეული მიზეზების გამო ბანკი ვერ შეიქმნა. რას გულისხმობთ? ვინ შექმნა დაბრკოლებები?
- ამ იდეის განხორციელებას გარკვეული მოწინააღმდეგები ჰყავდა. თავიდან პრობლემები გუნდის გარეთ შეიქმნა, რადგან კომერციულმა ბანკებმა ამ ინიციატივაში საშიშროება დაინახეს. რამდენიმე თვე დაგვჭირდა, რომ კერძო ბანკებისთვის კარგად აგვეხსნა, ბანკის უფლება-მოვალეობები თუ რა იქნებოდა და სად გადაიკვეთებოდა ინტერესთა სფერო. შემდეგ, პრეტენზია ფონდების მხრიდან დაფიქსირდა. ეს საკითხიც მოიხსნა და შემდეგ კი, დღის წესრიგში საკითხი დადგა, რა დამოკიდებულება ექნებათ სავალუტო ფონსა და მსოფლიო ბანკს. მათი დამოკიდებულება აბსოლუტურად პოზიტიური იყო, მაგრამ გარკვეული კითხვები მათაც გააჩნდათ.
გერმანიის განვითარების ბანკმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის კრიზისიდან გამოყვანაში უდიდესი გადამწყვეტი როლი შეასრულა. KFW რეკომენდაციას მოგვცემს, ასეთი ბანკი ქვეყნისთვის სასარგებლო თუ იქნება და მას რა ხარვეზი აქვს.
თუკი ეს ბანკი შეიქმნება, მის პრეზიდენტად გიხილავთ?
- ბანკი ჯერ არ შექმნილა და მოვლენებს ნუ დავასწრებთ.
რაც შეეხება ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ განვითარებულ მოვლენებს, არის თუ არა ფრაქცია განხეთქილების ზღვარზე?
- უმრავლესობაში დაპირისპირება ნამდვილად არ არის და დეპუტატები პროცესებს განსხვავებულად თუ ვხედავთ, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ფრაქციაში პრობლემა რომ იყოს, ეს 47-კაციან ფრაქციაში ნორმალურია. კოალიციაში „ქართული ოცნება“ ყველაზე გავლენიანი ფრაქციაა და მის წევრებს თავიანთი მოსაზრებები აქვთ. ფრაქციაში რამდენიმე ჯგუფია, რომელიც რიგ საკითხებზე განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ. სამწუხაროდ, ჩემი პოზიციის დაფიქსირებისას, ყველას აზრს ვერ გავითვალისწინებ. პარლამენტში ექვსკაციანი ფრაქციებია, „ქართული ოცნება“ კი 47-კაციანია და მის წევრებს გარკვეული პრეტენზიები აქვთ.
მაგალითად, „ეროვნული ფორუმის“ ექვსკაციან ფრაქციაში ხუთ ადამიანს თანამდებობა უჭირავს და მათ მანქანები ემსახურებათ. 47 კაციან ფრაქციაში კი, თანამდებობის პირი შვიდი ადამიანია. ამიტომ, ჩვენი ფრაქციის წევრების ძალიან კარგად მესმის, რომლებიც ითხოვენ, რომ კვოტები სამართლიანად გადანაწილდეს.
ფრაქციისგან განსხვავებული პოზიციების გამო თამარ კორძაია გააკრიტიკეს და გია ვოლსკიმ დახურულ სხდომაზე ისიც კი განაცხადა, რომ კორძაიას სთხოვს, სხვა ფრაქციაში გადავიდეს. ამას გარდა, ელისო ჩაფიძეს კონფლიქტი ირაკლი ტრიპოლსკისთან აქვს. ეს დაპირისპირება არ არის?
- თამარ კორძაიამ რამდენიმე საკითხთან მიმართებაში განსხვავებული პოზიციია დააფიქსირა, მაგრამ პროცესს ანალოგიურად რომ მივყვეთ, საყდრისთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს „ეროვნული ფორუმის“ ორმა წევრმა - სოსო ვახტანგიშვილმა და ანი მიროტაძემ ხმა მისცეს. ამას გარდა, უზენაესი სასამართოს თავმჯდომარეობის კრიტერიუმებთან მიმართებაში განსხვავებული პოზიცია ზაქარია ქუცნაშვილმა დააფიქსირა. კარგი იქნება, რომ ხანდახან, თამარ კორძაიამ თავის პრინციპები დათმოს და გუნდურად ითამაშოს. ეს ჩემი თხოვნა იქნება მისადმი. ბევრი ისეთი თემა ყოფილა, სადაც განსხვავებული აზრი მქონია, მაგრამ ეს თემა გარეთ არ გამომიტანია. თუ შენი მიზანია, რომ რაც გინდა ის აკეთო, მაშინ დამოუკიდებელი დეპუტატი უნდა იყო, რაც კობა დავითაშვილისა და მურმან დუმბაძის შემთხვევაში მოხდა.
რაც შეეხება ელისოს, მას ტყიბულში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვესაუბრე, მან ბევრი რამ მომიყვა და ჩაფიძეს პირობა მივეცი, რომ ვითარებას გავარკვევ და პარტიის მხრიდან რეაგირება იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, რადგან ეს ქვეყანას არ სჭირდება, რადგან ეს ინვესტიციების მოზიდვის პარალიზებას ახდენს. კონსტიტუციის დაცვას უნდა მივეჩვიოთ. არჩევნებისთვის ნებისმიერი პარტია უნდა ემზადებოდეს და ასე ხდება „ქართული ოცნების“ შემთხვევაშიც. პარტია ძალიან ბევრ ადამიანთან კონსულტაციებს აწარმოებს როგორც მსახიობებთან, ასევე სპორტსმენებთან და ექიმებთან დაკავშირებით. ამჟამინდელი შემადგენლობიდან ზოგ დეპუტატს პოლიტიკიდან წასვლა მოუწევს, ზოგი სამთავრობო სტრუქტურაში გადავა, ზოგი რეგიონებში წავა და ზოგი თავის პროფესიას დაუბრუნდება. პარლამენტში ვინც ვართ, ყველანი ომით და ბრძოლით მოვედით. მე მომავალ პარლამენტში არ ვიქნები, თუმცა, არა იმიტომ, რომ ეს მეხუთე მოწვევის პარლამენტი იქნება. ყველა არჩევნები ოპოზიიციდან მოვიგე და საკანონმდებლო ორგანოში არასოდეს ხელისუფლებას არ მოვყავდი.
მომავალ პარლამენტში, რატომ ვერ გიხილავთ?
- სჯობს, ადგილი ახალ სახეებს დავუთმო. მიმაჩნია, რომ ჩემი ფუნქცია და როლი მაშინ იყო მნიშვნელოვანი, როცა წინა ხელისუფლებას ვებრძოდი და მისი მოცილება გვინდოდა. ამ პროცესში ჩემი პატარა აგური დავდე. მიუხედავად იმისა, რომ დიდი საპარლამენტო გამოცდილება მაქვს, ცუდია, რომ დოგმებსა და სტერეოტიპებში ჩავიკეტე. მომავალ არჩევნებში ბევრი ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი ჩაერთვება, რომლებიც საქმეს ძალიან აქტიურად აკეთებენ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმას, ისინი 21 მარტს საპროტესტო აქციის გამართვას და ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების გაპროტესტებას აპირებენ. როგორ აფასებთ, მათ გადაწყვეტილებას?
- აქციების ორგანიზება როგორ ხდება, ეს ძალიან კარგად ვიცი. ნაციონალები რაიონებში ხალხს 21 მარტის აქციისთვის ამზადებენ და ამაში ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ. 21 მარტს, რუსთაველის გამზირზე, მათი ჩვეულებრივი გასეირნება იქნება, შემდეგ უკან გამოისერნებენ და სახლებში წავლენ.
ნაციონალები აცხადებენ, რომ აქციის მთავარი ლოზუნგია - „უნიათო მთავრობა გადადგეს“...
- ვინაა უუნარო, ამას ხალხი ხედავს. ის მთავრობა იყო უნარიანი, რომელიც ხალხს ხიშტებით, ცოცხებითა და ციხეებით აშინებდა? უუნაროს იმ მთავრობის წევრები გვიწოდებენ, რომლებიც ხალხს ციხეში ალპობდნენ და ქონებას ართმევდნენ?! ნაციონალები ძალის დემონსტრირებას სიამოვნებით მოახდენდნენ, მათ ამის ძალა რომ ჰქონდეთ.