ჯანელიძე სამხედრო პოლიციაში რეორგანიზაციას ადასტურებს, თანამშრომელთა განთავისუფლებას არა

ჯანელიძე სამხედრო პოლიციაში რეორგანიზაციას ადასტურებს, თანამშრომელთა განთავისუფლებას არა

8 მარტს, დილით, For.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა, ინფორმაცია, რომ ქვეყნის მასშტაბით, სამხედრო პოლიციის საპატრულო დანაყოფის 700-მდე თანამშრომელი კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს. დღის მეორე ნახევარში, აღნიშნული ინფორმაცია, სხვადასხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს, რასაც იმავე დღეს, გვიან ღამით, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან რეაგირება მოჰყვა - კადრების განკარგულებაში გადაყვანილ თანამშრომლებს ტელეფონით დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ აღდგენილი არიან თანამდებობებზე და სამსახურშიც ჩვეულებრისამებრ უნდა დაბრუნებულიყვნენ.

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე for.ge პერიოდულად წერდა, თუმცა საინტერესო ამ ცვლილებებში ისაა, რომ სტრუქტურიდან ძირითადად იმ კადრებს ითხოვენ, რომელთაც განათლება დასავლეთში აქვთ მიღებული. for.ge-ს ინფორმაციით თანამდებობიდან გაანთავისუფლეს J1-ის, J-5-ის, სამხედრო აკადემიის უფროსები, ასევე სამოქალაქო ოფისის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილეეები. ყველა მათგანს დასავლეთში უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი აქვთ დამთავრებული.

რამდენიმე დღის წინ, for.ge-თან ამ ფაქტის კომენტირებისას, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა შემდეგი სახის განცხადება გააკეთა:

„უცხოეთში განათლება მიღებულმა პირებმა, უბრალოდ, ამოწურეს თავისი შესაძლებლობები. მათი შესაძლებლობები უკვე ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. შესაბამისად, სასურველია მოხდეს ახალი სისხლის გადასხმა, რაც მოიტანს მოტივაციას, მეტ სტიმულს რეფორმების მიმართულებით...

რამდენიმე ისეთი ადამიანი გაუშვეს, რომლებიც 15-20 წელია მუშაობენ სისტემაში. თავის დროზე მათ მართლაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უწყების განვითარებაში, მაგრამ როგორც ჩანს, მათ ამოწურეს საკუთარი რესურსი და აქ არაფერი კატასტოფა არ მომხდარა“.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში არ ადასტურებენ, 700 სამხედრო მოსამსახურის ჯერ კადრების განკარგულებაში გადაყვანას და მოგვიანებით, მათ თანამდებობეზე აღდგენას. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, მინდია ჯანელიძე ადასტურებს სამხედრო პოლიციაში რეორგანიზაციის მიმდინარეობას, თუმცა ასეულობით თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ჭორს უწოდებს.

„ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ, ეს არის ჭორი. სამხედრო პოლიციაში მიმდინარეობს რეორგანიზაციის და რეფორმირების პროცესი. სამხედრო პოლიციის სისტემა და სტრუქტურა იქნება აბსოლუტურად თავსებადი ნატო-ს მოთხოვნებთან. ყველა თანამშრომელს მიეცემა შანსი, რომ ახალი სტრუქტურის ფარგლებში გააგრძელოს მუშაობა“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ სამხედრო პოლიციაში რეორგანიზაცია ნატო-ს რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარეობს. მისივე თქმით, პარტნიორი ქვეყნების უშუალო თანამშრომლობით და ერთად მუშაობით, უკვე შექმნილია სამხედრო პოლიციის რეფორმირების გეგმა.

„გეგმის მიხედვით ჩამოყალიბდება ორი სამხედრო პოლიციის ბატალიონი, ერთი აღმოსავლეთ საქართველოს, მეორე - დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. ამ რეფორმის მთავარი მიზანია, რომ მაქსიმალურად მოხდეს სამხედრო პოლიციის ინტეგრირება. პოლიცია მეტწილად, ამოვარდნილი იყო სისტემისგან და საბრძოლო მონაცემების განხორციელების დროს, ფაქტობრივად, ფუნქცია არ ჰქონდა, გარდა წესრიგის დაცვისა“, - განაცხადა სესიაშვილმა. 

რაც შეეხება სამხედო პოლიციიდან თანამშრომელთა განთავისუფლებას, ამჯერად, სესიაშვილი აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა აქვე ამბობს, რომ ყველა ის ჯარისკაცი, ოფიცერი, რომელიც კანონით დადგენილ ნორმებს დააკმაყოფილებს, აბსოლუტურად ყველა დარჩება სამსახურში და გააგრძელებს სამუშაოს. ვინც ვერ დააკმაყოფილებს ნორმებს, შესაბამისად, ის ვერ გააგრძელებს მუშაობას.

„თუ სამხედრო მოსამსახურე ფიზიკურ ნორმებს ვერ დააკმაყოფილებს, ვერ დარჩება შეიარაღებულ ძალებში. ამ რეფორმით ძალიან სერიოზული წინსვლა იქნება, ეს არის ნატო-ს რეკომენდაცია. მინდა დავამშვიდო ყველა სამხედრო მოსამსახურე, ვისაც რაიმე ტიპის ეჭვი აქვს, ეს არის დეზინფორმაცია და კადრები, რომლებიც პირობებს აკმაყოფილებენ, გააგრძელებენ მუშაობას“, - აცხადებს ირაკლი სეისშვილ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სიხარულიძის განცხადებით, თავდაცვის რეფორმა გულისხმობს საქართველოს თავდაცვის სტრუქტურის დასავლური სტანდარტების შესაბამისად მოწყობას. მისივე განცხადებით, ნატო არანაირ დირექტივებს არ იძლევა.

„უცხოელების ძალისხმევა და მითუმეტეს, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს დაეხმარონ ინსტიტუციური თუ სამართლებლივი საკითხების გადაწყვეტაში, რაც საბოლოო ჯამში, თავდაცვის უწყებას გახდის უფრო ბრძოლისუნარიანს, უფრო ექფეტურს და ასევე, შესაბამისს თანამედროვე დემოკრატულ სტანდარტებთან. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რასაც ეყრდნობა ზოგადად თანამშრომლობა. ამიტომ, არანაირი მითითებები საკადრო საკითხებზე, საშტატო განრიგებზე არ ხდება. ეს არის ეროვნული ნაციონალური საკითხები, რომელსაც წყვეტს ქვეყანა“, - ამბობს სიხარულიძე.

რაც შეეხება მიმდინარე რეფორმებს, როგორც დავით სიხარულიძე ამბობს, რეფორმები დიდი ხანია დაწყებულია და ბოლო 10-12 წლის განმავლობაში, წელიწადში ორჯერ ხდებოდა ნატოს შემფასებელი ჯგუფის ვიზიტი საქართველოში, რომელიც აფასებდა ამ რეფორმების მიმდინარეობას და ყველა ეს ანგარიში იყო პოზიტიური.

„ჩვენ, ჩვენი შეიარაღებული ძალების საამაყოდ უნდა ვთქვათ, რომ ყველა ეს ანგარიში იყო პოზიტიური. პოლიტიკური კონიუნქტურის გამო არ უნდა ხდებოდეს პროფესიული კადრების განთავისუფლება თუ დაქვეითება. რამდენი მთავრობა შეიცვლება აშშ-ი იმდენი გენერალიტეტი რომ გაყარონ, მაშინ კარგად ჰქონიათ საქმე. ადამიანები, რომლებიც თავის პროფესიად ირჩევენ სამხედრო სამსახურს, ამ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის განცდა“, - განმარტავს დავით სიხარულიძე.

საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხების ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე არ იზიარებს სესიაშვილის განცხადებას, რომ სამხედრო პოლიციაში რეორგანიზაცია ნატო-ს რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარეობს, რადგან, მისივე თქმით, ეს არის შიდა საქმეებში ჩარევა.

„ბატალიონის ჩამოყალიბება შეიძლება არის ნატოს რეკომენდაცია, მაგრამ ხალხის გაშვება, ეს უკვე სხვა რაღაცაა. სამწუხაროდ, მესმის ინფორმაციები იმის შესახებ, რომ თავდაცვის უწყებიდან ათავისუფლებენ დასავლეთში განათლება მიღებულ კადრებს. ვიცნობ კიდეც ასეთ ადამიანებს. ამ ადამიანებს რომ მოვუსმინე, არ მგონია, რომ თავისი თავი ამოწურული ჰქონდეთ.

ჯერ ერთი, რას ნიშნავს ამოწურეს თავისი თავი?! თუ უკეთესს იპოვნიან კარგია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ საქართველოში პროფესიული კადრების დეფიციტია. სამხედრო ოფიცრის სამსახურიდან დათხოვნა ძალიან მძიმე თემაა. ადამიანმა მთელი ცხოვრება შესწირა ოფიცრის კარიერას, ასეთ ადამიანს სხვაგან გაუჭირდება მუშაობა. როდესაც ხდება დასავლეთში განათლება მიღებული კადრების განთავისუფლება, ბუნებრივია, ეს მძიმე თემაა - პრინციპი უკვე ისედაც გასაგებია“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ არ არსებობს არავითარი ნატოს დირექტივა და ნატოს სტანდარტი, რომელიც დაუშვებს თანამშრომლების მასიურად გამოშვებას. მისივე თქმით, ზოგადად, ნატოს ჩართულობა ნებისმიერ რეფორმაში მართლაც მაღალია და პრაქტიკულად, რეფორმის დაგეგმვისა და განხორცილების ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს ნატოელ პარტნიორებთან და ნატოსთან, როგორც ორგანიზაციასთან.

„ნატოს კონკრეტული რეფორმები და რეკომენდაციები გაწერილია თითქმის, ყველა შემთხვევაში, დახურულ დოკუმენტებში, ანუ საიდუმლო დოკუმენტებში, მაგრამ აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ნატოს დირექტივებს შეესაბამებოდეს მასიურად ადამიანების სამსახურიდან განთავისუფლება. თუმცა, მე არ ვიცნობ რეფორმის შინაარსს, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ნატო დასავლეთში განათლება მიღებულ კადრებს, რომ ამ ადამიანების კარიერა ისე იყოს გათვლილი, არ მოხდეს მათი სამსახურიდან გაშვება. ადამიანები, რომლებიც განათლებას იღებენ ნატოს ქვეყნებში, გრძელვადიანად თანამშრომლობენ თავდაცვის სამინისტროსთან. „ამოწურეს თავის თავი“, - ეს არის ძალიან არასერიოზული მიდგომა“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.