ნაციონალი აკაკი მინაშვილი ფიქრობს, რომ საქართველო ნატოს წევრი სახელმწიფო ძალიან მალე გახდება, მაგრამ დეპუტატი ამბობს, რომ 2012 წლამდე, საქართველო ნატოსკენ ძალიან სწრაფად მიდიოდა, ამჟამად კი, ხელისუფლება ამ პროცესს აფერხებს. კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ნატოში გაწევრიანება გარდაუვალია, რადგან საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანაა. ნატოზე საუბრისას მინაშვილი ყურადღებას რუსეთის გეგმებზეც ამახვილებს და აცხადებს, რომ რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების დაყვავებისა და დათბობის პოლიტიკა არასწორია.
ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, for.ge დეპუტატ აკაკი მინაშვილს ესაუბრა:
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნები დაიწყო. კრემლის გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ?
- რუსეთის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მისი მიზანია, საქართველოს ტერიტორიების ანექსია მოხდეს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ წვრთნების დაწყება რუსეთის იმ პოლიტიკას უკავშირდება, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე გააქტიურებულია. ეს ფაქტი იმას ადასტურებს, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების დაყვავებისა და დათბობის პოლიტიკა არასწორია. „ქართული ოცნების“ მიზანია, არა საქართველოს თემის გააქტიურება საერთაშორისო არენაზე, არამედ როგორმე ოკუპირებული ტერიტორიების თემის მინიმალიზაცია მოხდეს. კოალიციას საარჩევნო პროგრამაშიც ეწერა, რომ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის დავის საგანი არ უნდა იყოს. ხელისუფლება ისევ ამ პათოსს იზიარებს, რაც მცდარია, მაგრამ თუკი უფრო ადეკვატურ შეფასებას გავაკეთებ, ეს მოღალატეობრივი ქმედებაა.
ქართული მხარის ყველაზე დიდი ბერკეტია, ჩვენი პარტნიორების დახმარება და გააქტიურება. როდესაც, ხელისუფლებაში ვიყავით, საერთაშორისო არენაზე, პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მოწინავე პოზიციები ეკავა. ამ ხელისუფლებამ ის გზა აირჩია, რომელიც რუსეთს აწყობს. დასავლეთთან მიმართებაში რუსეთის რიტორიკა იყო, რომ ის საქართველოსთან პრობლემებს უშუალოდ მოაგვარებს და ამ პროცესში თანამეგობრობის ჩართულობა საჭირო არ არის.
რუსეთთან ერთი-ერთზე საუბარი რთულია როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე დიპლომატიური ვითარებიდან გამომდინარე, რადგან ის ამ ფორმატს თავის სასიკეთოდ იყენებს. ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსული რიტორიკა აირჩია. რუსეთს არასდროს მოსწონდა, რომ ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, ასევე გერმანიის კანცლერი კრემლს საქართველოს საკითხს ახსენებდა. თავად ქართული მხარეც აღარ აქტიურობს, რომ მოლაპარაკებების დროს ამერიკის ხელისუფლებამ საქართველოს საკითხი ახსენოს და ოკუპირებული ტერიტორიები წინ წამოწიოს. ამის მკვეთრი მაგალითია უკრაინაში განვითარებული მოვლენები. ხელისუფლებას არ სურს, რომ საქართველოს საკითხი უკრაინასთან ერთად იყოს განხილული. როდესაც, უკრაინის ოკუპაციასა და ანექსიაზე საუბრობენ და ყურადღების ცენტრში უკრაინაში განვითარებული მოლენებია, ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს და პირიქით, ცდილობს, რომ საქართველოს ოკუპაცია მსჯელობის საგანი არ იყოს.
თქვენ ხელისუფლებას დათბობის პოლიტიკის გამო აკრიტიკებთ, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში განვითარებულ პროცესებს ვხედავთ, ვამჩნევთ, რომ სანქციების დაწესების მიუხედავად, მსოფლიო თანამეგობრობა რუსეთის წინაშე უძლურია, შესაბამისად, საქართველოს აგრესიული პოლიტიკა რა შედეგს მოიტანს და იმ ვითარებაში ხომ არ ავღმოჩნდებით, რაშიც ახლა უკრაინაა?
- საგარეო კუთხით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები უკუპროდუქტიულია. ე.წ. საზღვრის გადმოწევა მუდმივად ხდება და ოკუპანტებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე დამატებით 11 კილომეტრი მიიტაცეს. ამ ფონზე კი, ხელისუფლება სავალალო განცხადებას აკეთებს, რომ თურმე, საზღვრის გადმოწევა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან იყო დაკავშირებული. ოლიმპიადის შემდეგ, ამ საკითხზე არავინ საუბრობს და თვალს ხუჭავს. ამასთანავე, პუტინის მიერ ორგანიზებულ შოუში ქართველებმა მონაწილეობა მიიღეს და რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალი დააკრეს, რაზეც არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ასევე ყურადღების მიღმა რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების გატაცება, ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა.
როდესაც, ამ მოვლენებზე ქართული მხარის მიერ მკვეთრი პოზიცია არ ფიქსირდება, ეს რუსეთს ესმის როგორც მეტი უფლება. საქართველოს ხელისუფლება თავის უმოქმედობით რუსეთს მეტი შეტევისა და აგრესიის განხორციელების საშუალებას აძლევს. ამჟამად, რუსეთი გაცილებით უფრო შემტევია, ვიდრე წინა წლებში იყო.
ამას გარდა, ზურაბ აბაშიძის რიტორიკა გავიწყდებათ, რომელიც საუბრობს, რომ ნატო საქართველოს ახლო პერსპექტივა არ არის. ასევე, ივანიშვილი აცხადებდა, რომ შესაძლოა, განხილული ევრაზიული კავშირიც იყოს. ხელისუფლება აპელირებს, რომ ის დასავლურ ინტეგრაციაზე საუბრობს, რაც დიდი ტყუილის ნაწილია. როგორ წარმოგიდგენიათ რა მოხდება, ხელისუფლებამ რომ თქვას, ევროკავშირი არ გვინდა და რუსეთი გვირჩევნიაო? მმართველმა ძალამ საზოგადოებრივი განწყობა ძალიან კარგად იცის და თავის გეგმებზე სწორხაზოვნად ვერ საუბრობს, რადგან სანაცვლოდ დიდ დარტყმას მიიღებს. თითქოს, ხელისუფლების ერთი ნაწილი დასავლეთზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი იმ გზავნილებს უშვებს, რომელიც რუსეთს აწყობს. ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც ხაზს აბაშიძე უსვამს, რომელიც ამბობს, რომ თურმე, ნატო რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ზურაბ აბაშიძის განცხადებას გმობთ და გასაგებია, რომ ქართული მხარე ნატოში ინტეგრაციაზე მუდმივად უნდა საუბრობდეს, მაგრამ საქართველო ნატოში ერთ-ორ დღეში რომ ვერ გაწვრიანდება, ეს ხომ ყველამ ვიცით? არ ფიქრობთ, რომ აბაშიძის განცხადებაში მწარე სიმართლეც არის, რადგან ნატომ ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტზე საქართველოს უთხრა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება, მაგრამ ამ დრომდე, სამოქმედო გეგმის გარდა, ქართულ მხარეს ამის არანაირი მყარი გარანტია არ მიუღია.
- დიპლომატიასა და პოლიტიკაში სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში, ნატოს მიმართულებით საქართველოს ინტეგრაცია დაჩქარებული ტემპით მიდიოდა და ყოველ წელს, ქვეყანა ახალ ნაბიჯს დგამდა. ამ ხელისუფლების პირობებში ეს ასე არ ხდება და შეინიშნება, რომ ევროინტერგაციის პროცესის შეფერხება განზრახ მიმდინარეობს. აბაშიძეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რომ ესაუბრა, მას შეეძლო ეთქვა, ნატოსკენ სწრაფად მივდივართ და გაწევრიანება უფრო მალე მოხდება, ვიდრე საქართველოს მოქალაქე ამას წლების წინ ფიქრობდაო. მსოფლიოში ნატო უსაფრთხოების და კეთილდღეობის გარანტია, აბაშიძე კი აცხადებს, რომ თურმე, ნატო რეგიონს საფრთხეს შეუქმნის. ეს სწორედ ის რიტორიკაა, რომელსაც რუსეთი მიმართავს, რათა მოქალაქეებში შიშის განცდა გააჩინოს. რუსეთის მიზანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მხარს ევროინტეგრაციას უჭერენ, ეჭვები გაუჩნდეთ და ნიჰილიზმში ჩავარდნენ.
როგორც ფიქრობთ, აბაშიძე მსგავს განცხადებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეთანხმების გარეშე გააკეთებდა?
- აბაშიძის ეს განცხადება შეთანხმებულია როგორც ივანიშვილთან, ასევე მის სატელიტ ღარიბაშვილთან. ეს გაგრძელებაა იმ განცხადებების, რომელიც 2,5 წლის მანძილზე, მთავრობის წევრებისგან ისმის. ასეთი ტიპის განცხადებები ნეგატიური გზავნილია დასავლეთისთვის და საეჭვო ხდება ქვეყნის საგარეო კურსი. ამას გარდა, საქართველოს ომის დაწყებასაც აბრალებდნენ, რაც ზუსტად რომ რუსეთის რიტორიკის გაგრძელებაა. კარგად მოფიქრებული სქემაა, რომ ქვეყნის საგარეო კურსს ნელ-ნელა დაარტყან, რადგან საკუთარი მიზანი ერთბაშად რომ გაამჟღავნონ, მაშინ ბუნებრივია, ძალიან დიდი პროტესტი გამოიხატება.
იანუკოვიჩის შემთხვევაშიც ასე იყო. დიდი ხნის მანძილზე ყველას ეგონა, რომ იანუკოვიჩი და მისი გზავნილები პროევროპული-ბუნდოვანი იყო. იანუკოვიჩმა ევროინტერგაციაზე უარი გადამწყვეტ მომენტში თქვა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა. ეს ის მექანიზმია, რომელსაც რუსეთი იმ ქვეყნებში ამუშავებს, სადაც მაღალი მხარდაჭერაა დასავლური პოლიტიკისადმი.
საქართველოს ნატოში ინტერგაციის პროცესი დროში ძალიან იწელება და არ ფიქრობთ, რომ ეს ხალხს ნიჰილიზმში ჩააგდებს?
- არ ვიტყოდი, რომ დასავლეთის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში არაეფექტურია. პირიქით, სანქციები ძალიან ეფექტურად მოქმედებს და ეს უახლოეს მომავალში, რუსეთში რეჟიმის ჩამოშლის სახით ძალიან კარგ შედეგს მოიტანს. უკრაინა და საქართველო საერთო ფრონტზეა და რუსეთი ცივილიზებული სამყაროს ზეწოლას ვერ გაუძლებს. ეს იქნება გამარჯვება როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსი. არავინ იფიქროს, რომ რუსეთს მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი უნდა, მისი მიზანია, მთელი საქართველოს დამორჩიელება. 2007 წელს, პუტინმა სწორედ იმიტომ თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა დიდი შეცდომა იყო. მას საბჭოთა კავშირის აღდგენა საქართველოს საშუალებით სურს. რაც შეეხება ნიჰილიზმს, ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით ნიჰილიზმის საფრთხე არ არსებობს. კვლევები არსებობს, რომლის მიხედვით, ქართველი ხალხის ურყევი ნებაა, რომ ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია მოხდეს. ყველა კარგად ხედავს, სად უფრო არის უსაფრთხო და უკეთესი ცხოვრება. რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ნიჰილიზმს რომ ვერ ხედავს, დაშინების და ზეწოლის პოლიტიკას ამიტომ მიმართავს.
თქვენი პროგნოზით, საქართველო ნატოს წევრი როდის გახდება?
- 2012 წლამდე, ნატოსკენ ძალიან სწრაფად მივდიოდით, ხელისუფლება კი ამ პროცესს აფერხებს, მაგრამ ნატოს წევრი ძალიან მალე გავხდებით, რადგან საქართველო ნიჭიერი ადამიანების სახელმწიფოა.
ფედერიკა მოგერინმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის გადახედვას გეგმავს. რას უნდა ველოდოთ?
- ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების მოქმედებაზე. თუკი შენ მტკიცე პოზიცია არ გაქვს, შენ მუხლებზე არავინ არ დაგიდგება და ხვეწნას არ დაგიწყებს. რუსეთისგან განსხვავებით, ევროპა ქვეყნის არჩევანს პატივს სცემს და თუკი ხელისუფლება აქტიური იქნება და ორაზროვან გზავნილებს არ გაუშვებს, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ სამწუხაროდ, ესენი ყველაფერს პირიქით აკეთებენ და ორმაგ თამაშს თამაშობენ.
ევროპაში აბაშიძის განცხადება რომ წაიკითხონ და ზემოდან ივანიშვილის ციტატები მიაყოლონ, გეტყვიან, რომ ასეთი პოლიტიკოსები არიან პრორუსები და მათ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნა სურთ.
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსულიც არ იყო, რომ მას „რუსული პროექტი“ უწოდეთ. საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას კი, სწორედ ხელი ამ ხელისუფლების პირობებში მოეწერა. რუსულ კვალზე საუბარი ეს თქვენი ტაქტიკაა, თუ ამის კონკრეტული მტკიცებულებები გაქვთ?
- ეს ხელისუფლება რომ პრორუსულია, ეს იმ განცხადებებიდან ჩანდა, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლის დროს გააკეთა. ეს იქნებოდა საქართველოსთვის ომის დაბრალება, თუ ევრაზიულ კავშირზე საუბარი.
რაც შეეხება რიგის სამიტს, საუბარია, რომ შესაძლოა, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პაკეტი ვერ მიიღოს. ეს საფრთხე არსებობს?
- იმდენად არაკვალიფიციური ხელისუფლება გვყავს, რომ ასეთი შეფერხებები მოსალოდნელია. განცდა არის, რომ პროცესის შეფერხება განზრახ ხდება. მთავრობამ სავიზო რეგულაციები გაამკაცრა და ხელისუფლება ამას ევროკავშირს აბრალებდა, რაც სისულელეა. როგორც ფიქრობთ, ქართულ მხარეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებას თავად ევროპა მოსთხოვდა? ეს ხომ ნონსენსია? ხელისუფლება ხალხს განზრახ ატყუებს.