„არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, ეს დროებითი ზავი დიდხანს არ გაგრძელდება“

„არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, ეს დროებითი ზავი დიდხანს არ გაგრძელდება“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შვეიცარიის საელჩოს გავლით, რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილ აცხადებს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებული წვრთნები არის ნაბიჯი, რომელიც კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

რუსეთის ამ ნაბიჯს სავარაუდოდ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვება, თუმცა რამდენად შესაძლებელია საქართველოსთვის რუსული აგრესიის თავიდან აცილება, ამ თემაზე პროფესორი, კორნელი კაკაჩია გვესაუბრება.

კორნელი კაკაჩია: დავიწყოთ იმით, რომ ეს წვრთნები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არ ხორციელდება, არამედ მთლიანად რუსეთის რეგიონში და მის მოსაზღვრე სახელმწიფოებთან. მისი ძირითადი მიზანია, დაანახოს მეზობელ სახელმწიფოებს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის აზრს, პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავშირებით არ გაითვალისწინებენ, მას შეუძლია საკუთარი ინტერესები სამხედრო ძალით დაიცვას.

აქედან გამომდინარე, მთელი ამ წვრთნების ძირითადი მიზანი ის არის, რომ ზეგავლენა მოახდინოს როგორც მეზობლებზე, ასევე საზოგადოებრივ აზრზე დასავლეთში, რომ მოხდეს გადაფასება და შემდეგ ამ საზოგადოებრივმა აზრმა მოახდინოს ზეგავლენა იმ ხელისუფლებებზე, რომლებიც ატარებენ პოლიტიკას პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავშირებით.

ამისი მაგალითი შეიძლება იყოს ბოლო პერიოდში გაკეთებული რამდენიმე განცხადება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. კონკრეტულად, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც სრულიად მოულოდნელად აღნიშნა, რომ ნატოს გაფართოებაზე თავი უნდა შევიკავოთ და მსურველ ქვეყნებს უარი ვუთხრათ.

მეტ-ნაკლებად, იგივე სახის განცხადებები ისმოდა ევროკავშირის მხრიდანაც. ანუ ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის შემობრუნება და აიძულონ დასავლეთის ხელისუფლებები, ასევე, პოსტსაბჭოთა ქვეყნების საზოგადოება, რომ რაღაცნაირად, მოხდეს შემობრუნება რუსეთისკენ და, რომ ეს ქვეყნები შემოთავაზებული ევრაზიული კავშირისკენ გადაიხარონ და რაც მთავარია, დასავლეთმა მათ ხელი არ შუშალოს ამ პროცესში.

საინტერესოა რა შეიძლება იყოს შემდგომი ნაბიჯები, როგორც ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რუსეთმა ბოლო პერიოდში უფრო გაზარდაბოევიკებისადმიმხარდაჭერა. იმ ყველაფრის მიუხედავად რა ზომებიც გაატარა დასავლეთმა, ჩანს, რომ რუსეთი უკან დახევას არ აპირებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ნაწილშიც დაიწყო რუსული სამხედრო წვრთნები, რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს?

- ძალიან რთულია პასუხი, რადგან არ ვიცით, რა არის საბოლოო მიზანი. ზოგადი მიზანი ვიცით - რუსეთს სურს, პოსტსაბჭოთა სივრცეში ჰქონდეს საკუთარი გავლენები, მაგრამ არ ვიცით, ზუსტად, რისთვის არის მზად. არ ვიცით, არის თუ არა მზად, გადაიხადოს ძალზე დიდი საფასური და რაც მთავარია, არ ვიცით, როგორ უპასუხებს ამაზე დასავლეთი. დასავლეთის რეაქციიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, უკვე ნელ-ნელა იკვეთება აზრი, რომ თუ ახლავე არ მოხდება რუსეთის შეჩერება, შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია.

გარდა ამისა, იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით აშშ-შიც გარკვეული კონსენსუსი ყალიბდება, თუმცა არ ვიცით, საბოლოოდ, რა ნაბიჯს გადადგამს ამერიკა. თუნდაც ის, რომ საზოგადოებრივი ამერიკაში ამისკენ გადაიხარა და ამ თემაზე საუბრობენ არა მხოლოდ რესპუბლიკელები, არამედ დემოკრატებიც, მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთში იცვლება მიდგომები რუსეთთან დაკავშირებით.

რაც მთავარია, რუსეთის ხელისუფლება ჯერჯერობით უარს არ ამბობს საკუთარ ამბიციებზე, მაგრამ ისიც არ ვიცით, რა მოხდება, თუ დასავლეთმაც არ დათმო. უფრო საუბარია აშშ-ზე, რადგან დასავლეთ ევროპელი ლიდერები მაინც ერიდებიან ღია დაპირისპირებას.

საქართველოს საგარეო სამინისტრომ უკვე გაუგზავნა რუსეთს საპროტესტო ნოტა, ასევე გაავრცელა განცხადება და საერთაშორისო თანამეგობრობას თანადგომას სთხოვს. პირველი გამოხმაურებები უკვე არის, სავარუდოდ, გაკეთდება სხვა განცხადებებიც... ეს შეცვლის თუ არა რამეს?

- თუ გულისხმობთ, რომ რუსეთი თავის პოლიტიკას შეცვლის პოსტსაბჭოთა სივრცესთან ან ამ წვრთნებთან დაკავშირებით, ასე არ იქნება, მაგრამ მთლიანობაში, რა თქმა უნდა, განცხადებები, რომელიც გაკეთდება ჩვენი ძირითადი პარტნიორების მხრიდან და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებისგან, ძალზე მნიშვნელოვანია.

საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია ბერკეტები, რომ ამ ყველაფერს დაუპირისპირდეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სოლიდარობა. ეს ერთ-ერთია, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ირიბი ზეგავლენის მოხდენა რუსეთის პოლიტიკაზე. სხვა ინსტრუმენტი სამწუხაროდ, საქართველოს არ გააჩნია.

ეს ყველაფერი ხომ არ არის პასუხი იმაზე, რომ რუსეთს კიდევ ერთი წლით გაუგრძელეს სანქციები?

- არ მგონია, მარტო ამაში იყოს საქმე. საუბარია უფრო დიდ, სტრატეგიულ წინააღმდეგობებზე - უკრაინის მოვლენების შემდეგ რუსეთი ფაქტობრივად, უკვე ვა-ბანკზე მიდის, სურს დაანახოს ევროპას, რომ უკან არ დაიხევს. აქედან გამომდინარე, ეს წვრთნები იქნება თუ რუსული ავიაციის აქტიურობა ევროპაში, სურთ ისე შეფუთონ, რომ გამოჩნდეს - თუ დასავლეთი არ გაუწევს რუსეთის ინტერესებს ანგარიშს, მან შესაძლოა, ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც არ თქვას უარი.

ამით ფაქტობრივად, ცდილობს დააშანტაჟოს დასავლეთი უარი ათქმევინოს პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების დახმარებაზე, რომლებიც მეტ-ნაკლებად მოიაზრებიან რუსეთის შემდგომი აგრესიის ობიექტად.

საერთო ფონის გათვალისწინებნით, შეგვიძლია პროგნოზირება, რა არის მოსალოდნელი საქართველოში?

- საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომლის როლი ზოგადად, შეზღუდულია საერთაშორისო პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც მოუწევს ლოდინი, თუ როგორ განვითარდება შემდგომში მოვლენები. ჩვენ მანამდეც ვიცოდით, უკრაინის მოვლენებს დიდი გავლენა ექნებოდა. ახლა მთავარია, რომ საქართველომ დაიცვას თავისი არჩეული კურსი და გაატაროს ის რეფორმები, რომლის ვალდებულებაც აქვს აღებული ევროპასთან ასოცირების ხელშკრულების თანახმად. ალბათ, ამ პერიოდში გეოპოლიტიკური სიტუაცია მეტ-ნაკლებად გაირკვევა.

რაც მთავარია, საქართველო მზად უნდა იყოს, რომ თუ გეოპოლიტიკაში ცვლილებები მოხდება, მისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს. განსაკუთრებით იმ შემთხვევში, თუ ეს რეფორმები წარმატებით გატარდა. საუბარია ვიზების ლიბერალიზაციასა და სხვა მნიშვნელოვან ვალდებულებებზე, რომელიც აახლოებს საქართველოს ევროპასთან. საჭიროა ამ კურსის კიდევ უფრო გაძლიერება ყოველდღიურ რეჟიმში, რომ როგორმე მივაღწიოთ იმ შედეგს, რასაც ელოდება ქართული საზოგადოება.

თქვენ ახსენეთ გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლა. რა ფაქტორებზეა ეს დამოკიდებული?

- ამაზე ვერც ერთი ანალიტიკოსი ვერ გასცემს პასუხს, რადგან არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები იგივე, უკრაინაში, ფაქტია, რომ ეს დროებითი ზავი დიდხანს არ გაგრძელდება. ფაქტია, რომ არც ერთი მხარე არ არის კმაყოფილი ამ ზავით, არც - უკრაინა, არც - დასავლეთი და არც - რუსეთი, - რუსეთმაც ვერ მიღწია ბოლომდე იმ მიზანს, რაც სურდა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიუღებელია უკრაინის საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც. ამდენად, შორს არ არის ის დრო, როდესაც ამ ზავის შენარჩუნება ძალიან გაჭირდება. თუ არ მოხდა ძალიან დიდი გარიგება დასავლეთსა და რუსეთს შორის რისი ნიშნებიც ამ ეტაპზე, საბედნიეროდ, არ შეინიშნება.