„ძველი ევროპა უკან იხევს, რომ დათვი ისევ მიაძინოს“

„ძველი ევროპა უკან იხევს, რომ დათვი ისევ მიაძინოს“

„საქართველოს არ აქვს ფუფუნება გრძელვადიან პერსპექტივაზე იფიქროს, ყველაფერი მოკლევადიანია... რუსეთი მოიწევს საქართველოსკენ“, - ეს დავით უსუფაშვილის სიტყვებია, რომელიც მან ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრისას წარმოთქვა. საინტერესოა, ამ შეშფოთებული ტონის მიღმა რამდენად სახიფათოა საქართველოს მდგომარეობა ახლა, როცა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს?

For.ge-ს ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

გია ხუხაშვილი: გლობალური დაპირისპირების ფონზე გასაგებია, რომ რუსეთი შეეცდება, კიდევ უფრო გაიმყაროს პოზიციები თავისი გავლენის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე. თავისთავად ცხადი იყო, რომ ეს ტენდენციები განვითარდებოდა. ის, რომ რაღაც კიდევ უფრო დრამატული მოხდება, ასეთი მოლოდინი, სიმართლე გითხრათ, არ მაქვს, თუმცა უსუფაშვილის შეიძლება მესმოდეს, თუ რატომ ლაპარაკობს ამას შეერთებულ შტატებში. პოლიტიკოსებს ახასიათებთ, სადაც ჩავლენ, იქაური ქუდი დაიხურონ. რაღაც უფრო ამ ოპერიდან მგონია... ყველამ ვიცით, რომ უსუფაშვილი  კარგი ანალიზის უნარით, ცივი გონებით გამოირჩევა და არა მგონია, იგი ფიქრობდეს, რომ რეალური საფრთხე გვემუქრება დღეს და ხვალ რუსეთისგან.

ანუ, ეს უბრალოდ, დავით უსუფაშვილის გზავნილია ამერიკელების მიმართ, რომ  ნუღარ დაკარგავენ მეტ დროს და გამოიყენონ შესაძლებლობა, სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩვენი თავისუფალი ნებისა და მზაობის გამოხატვა?!

- დიახ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოდაშია ეს გზავნილი და ცოტა მოდას აჰყვა უსუფაშვილიც. რუსეთისთვის მთავარი გამაღიზიანებელი საქართველოსთან მიმართებით ეს არის ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრირება. რაც უფრო წინ წავიწევთ ამ მიმართულებით, ბუნებრივია, რუსეთის მხრიდან რისკები გაიზრდება. ეს არც არის დამალული, რუსეთი ამას ღიად აცხადებს, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ უახლოეს მომავალში ნატოსკენ საქართველოს წინსვლას არ ველოდები, რუსეთისგან რისკი მაინცდამაინც აქტუალური არ უნდა იყოს. ის, რაც ხდება აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, ეს ნეგატივია, მაგრამ რუსეთის მხრიდან ეს უფრო გარკვეული გზავნილია ჩვენი მიმართულებით, ვიდრე რაღაც ქმედებები.

დე ფაქტო, ისედაც ეს ტერიტორიები დიდი ხანია, წაღებული აქვს რუსეთს, კონსტრუქციულობა ამ მიმართულებით ისედაც არ იგრძნობა. საერთაშორისო სამართლის კუთხით, ეს ხელშეკრულებები ბევრს არაფერს ნიშნავს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ხელშეკრულებამ სისტემურად გააუარესა ჩვენი პერსპექტივები ქვეყნის გამთლიანების თვალსაზრისით. უბრალოდ, მცდელობაა რუსეთის მხრიდან, გაამყაროს ხელშეკრულებები, რომელსაც სამართლებრივი ძალა არ აქვს.

სხვათა შორის, ვაშინგტონში ამაზეც ითქვა, თუ რატომ ვერ რისკავს მოსკოვი საკუთარ რუკებზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იმავე შეფერილობით დაბეჭდოს, რა ფერისაც თავად რუსეთის ტერიტორიაა. უსუფაშვილი აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია აფხაზ ხალხზე, რომლებიც არ ცნობენ თავს რუსეთის ნაწილად. აფხაზი და ოსი ხალხი ცოტა სხვა განზრახვით ხომ არ ცხოვრობს?

- აფხაზებს აქვთ შიში, მათ არ სურთ ასიმილირდნენ „დიდ რუსეთში“. ეს მცირე ერებისთვის დამახასიათებელი შიშია. ამ მხრივ, ცალსახად და მარტივად, რუსეთს არ აქვს საქმე აფხაზეთში. აფხაზები ცდილობენ, გარკვეული დისტანცია შეინარჩუნონ, განსხვავებით, ოსებისგან, იმ სპეციფიკიდან გამომდინარე, რომ ოსების გარკვეულ ნაწილს აქვს ავტონომია რუსეთის ტერიტორიაზე და, პრინციპში, ოსეთის მიდგომა ცოტა უფრო სხვანაირია.

1921 წლის შემდგომ პერიოდშიც, ანუ ოკუპაციის პირველ წლებში, ოსი სეპარატისტები რუს ბოლშევიკთა საყრდენს წარმოადგენდნენ.

- დიახ, სხვა ფაქტებს თავი რომ გავანებოთ, არსებობს ჩრდილოეთ ოსეთი. სწორედ ჩრდილოეთ ოსეთის არსებობა განაპირობებს ამას.

ბევრი ადამიანი ეჭვის თვალით უყურებს ევროკავშირის განზრახვას, გადასინჯოს სამეზობლო პოლიტიკა. ამით ევროპა ხომ არ ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის დათბობას?

- მეჩვენება, რომ ევროკავშირი უკან დახევის გზებს ეძებს. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა საგრძნობლად დააფრთხო ევროკავშირი. ჩემი აზრით, დღეს ისინი ეძებენ სახის შენარჩუნების, უკან დახევის გზებს. ეს ბოლო განცხადებები, ბოლო გზავნილები, რაც მოდის გერმანიიდან და საფრანგეთიდან, ამის მიმანიშნებელია. თუ გაგრძელდა ეს პოლიტიკა და რაღაცნაირად არ დაუბრუნდა ე.წ. ანტირუსული კოალიცია იმ შეთანხმებულ განცხადებებს, რაც მანამდე კეთდებოდა, მაშინ რისკი იმისა, რომ ჩვენი პერსპექტივები შეფერხდება როგორც ევროატლანტიკური, ასევე, ევროპული განვითარების მიმართულებით, საკმაოდ მაღალია.

თავდაპირველად, როდესაც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის- ფედერიკა მოგერინის კანდიდატურაზე იყო საუბარი, მაშინვე ამბობდნენ, რომ ის იქნებოდა რუსეთისთვის სასურველი კანდიდატურა და პრინციპულობას არ გამოიჩენდა.

- გასაგებია, მაგრამ მაინც შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პიროვნებები რაღაცას განსაზღვავდნენ, მით უმეტეს, რაღაცას განსაზღვრავდეს მოგერინი. მოგერინი ახმოვანებს იმ განწყობებს, რაც ხდება ევროპის ძირითად ქვეყნებში. მე ვიტყოდი, დონორ ქვეყნებში, რადგან ევროპა დღეს ორ ნაწილად არის გაყოფილი და ეს სხვაობა კიდევ უფრო გამწვავდება - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ანუ პოსტვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები ბევრად უფრო აგრესიულები არიან რუსეთთან მიმართებით, მაგრამ ძველ ევროპას, რომელიც არის ევროპის ბომონდი, ბევრად უფრო ფრთხილი მიდგომა აქვთ რუსეთის მიმართ.

დღეს ვერავინ იტყვის, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. მოვლენები შეიძლება, ერთი მიმართულებისკენაც წავიდეს და იმის საწინააღმდეგოდაც, რისკები დღეს ძალიან მაღალია.

მოგერინზე რომ არაფერი ვთქვათ, საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებამაც - ნატო არ უნდა გაფართოვდეს ჯერ კიდევ დატოვა კითხვები - რამდენად გადაჭრით თქვა ეს ოლანდმა, შეიძლება თუ არა ამ ნათქვამის დრამატიზება?

- ეს იმდენად პირდაპირი ნათქვამი იყო, რომ კითხვები აღარ არის. თუნდაც, იმავე გერმანიის კანცლერის არაერთი განცხადებაც გავიხსენოთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საფრანგეთი და გერმანია, ფაქტობრივად, განსაზღვრავენ ევროპულ პოლიტიკას, გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკური ლოკომოტივი ამ ქვეყნების სახით არის წარმოდგენილი. შეერთებული შტატების შემაკავებელი ფაქტორი რომ არ იყოს, აქამდე უფრო აშკარა განცხადებები იქნებოდა ამ მიმართულებით. შეერთებული შტატები კიდევ აკავებს ამ ქვეყნებს. ასე რომ, დიდი სირთულეებია.

სირთულეები არსებობს, მაგრამ ოლანდის განცხადება იმის ანალოგიური ხომ არ არის, როცა თავის დროზე, იგივე საფრანგეთი ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას სკეპტიკურად უყურებდა და ნაადრევად მიიჩნევდა, მაგრამ ამ ქვეყნებმა ატლანტიკური ალიანსის პრინციპთა ერთგულება მაინც დაამტკიცეს

- დღეს არ არსებობს ჩამოყალიბებული პოლიტიკა. ყველაფერს უნდა ვუყუროთ დინამიკაში. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინაზე. ამ ქვეყანაზეა დღეს მიბმული მთელი პოლიტიკა. როგორც განვითარდება უკრაინაში მოვლენები, ისე წავა საქმე და ისე ჩამოაყალიბებენ პოლიტიკას შეერთებულ შტატებში.

ოლანდის ბოლოდროინდელმა განცხადებამაც მეტი სითამამე ხომ არ შესძინა რუსებს, რომლებიც კვლავაც გააქტიურდნენ ჩვენს საზღვრებთან?

- არა მგონია, ოლანდის განცხადება არის შედეგი იმ საფრთხეზე, რასაც საფრანგეთი და გერმანია ხედავენ იმ ფეთქებადსაშიში ვითარების უკან, რაც შეიძლება მოჰყვეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. ევროპა ნანობს, რომ მათ ღრმად შეტოპეს უკრაინასთან დაკავშირებით, ძველი ევროპა ცდილობს, უკან დაიხიოს, ანუ დათვი ისევ მიაძინონ. მე  ვფიქრობ, ოლანდის განცხადება არის გარკვეული გზავნილი რუსეთის დასაწყნარებლად. მათ რეალურად ეშინიათ იმ პრობლემის, რასაც უკრაინაში მორიგი ესკალაცია შეიძლება მოჰყვეს, როგორც პოლიტიკურად, ასევე, ეკონომიკური თვალსაზრისით.

რაც უკრაინაში ხდება, არც რუსეთისთვის არის იოლი. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრე ვერშბოუს რომ დავესესხოთ, რუსეთის ხელისუფლებისთვის სულ უფრო რთული ხდება საკუთარ მოსახლეობას დაუმალოს თავისი სამხედროების მასშტაბური დაღუპვის ფაქტები.

- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ აქ მთავარი კითხვაა, რაზე დგას ამა თუ იმ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა. თუ ევროპის სახელმწიფოებრიობა, ევროკავშირის ერთიანობა დგას კეთილდღეობაზე, რუსეთი არ არის ასეთი ქვეყანა. რუსეთში რომ ეკონომიკურად საქმე ცუდად იქნება, ეს სულად არ ნიშნავს, რომ რუსეთი სუსტდება. ხშირ შემთხვევაში, პირიქით ხდება და ამას აჩვენებს რუსეთის ისტორია, რადგან მაშინვე ძლიერდება პროპაგანდა, რუსეთისთვის ბევრად მნიშვნელოვანია „ველიკოდერჟავული“ იდეა, ვიდრე სავსე კუჭი. ასე რომ, მე ვფიქრობ, სანქციების კონცეფცია არაფრის მომტანი არ არის, საბოლოო ჯამში, ეს ბუმერანგივით უბრუნდება ევროპას და, როგორც ჩანს, ევროპაში ამას ხვდებიან.

ასეთი მოსაზრებებიც გამოითქმის საქართველოში, რომ ხვალ შეიძლება გავხდეთ პუტინის დანამატი. დეპუტატმა გოგი თოფაძემ განაცხადა: ნატო რის მშველელია?! უკრაინა მონაგონი იქნება! - რეალურად არის იმის საშიშროება, რომ ოდესმე საქართველო პუტინის დანამატი გახდება?

- რა არის, იცით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა სამყაროს მომავალი შეიძლება განსაზღვროს. თუ უკრაინაში დასავლეთი სისტემურად დამარცხდა რუსეთთან, შეიძლება, საქართველოშიც განწყობები შეიცვალოს. ის არგუმენტები, რაც საქართველოში პროდასავლურ ძალებს აქვთ, რომ დასავლეთი უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას (რის გამოც ხდება ევროატლანტიკური სივრცისკენ ჩვენი სწრაფვა), დაკარგავს დამაჯერებლობას, თუკი ალიანსმა სისუსტე გამოავლინა უკრაინაში. ამის შემდეგ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საზოგადოებრივი აზრი არ არის მუდმივი, ის შეიძლება შეიცვალოს.