„სანამ ცოცხლები ვართ, ამ ქვეყანაში რუსულ რევანშს არ დავუშვებთ და სულს ამოვხდით ყველას, ვისაც ეს სურს“

„სანამ ცოცხლები ვართ, ამ ქვეყანაში რუსულ რევანშს არ დავუშვებთ და სულს ამოვხდით ყველას, ვისაც ეს სურს“

„ნაციონალური მოძრაობა“ 21 მარტს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება, საპროტესტო გამოსვლის მთავარი ლოზუნგი იქნება: „უნიათო მთავრობა უნდა გადადგეს“. უმცირესობა აცხადებს, რომ ხელისუფლებას 21 მარტის აქციის ეშინია და ოპოზიციაზე თავდასხმებს ახორციელებს.

გაზაფხულის აქციასთან დაკავშირებით, for.ge ნაციონალ გივი თარგამაძეს ესაუბრა:

რატომ მართავთ 21 მარტს საპროტესტო აქციას?

- ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე საპროტექტო აქციის დაანონსება ბუნებრივია. როდესაც ეს ყველაფერი ჩანასახში იყო, მთავრობისგან ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა და სიტუაციის შეფასება მოვითხოვეთ, თუმცა, უშედეგოდ. მაშინ, ხელისუფლებამ ჩვენი სიტყვა აბუჩად აიგდო და ყოვლად დაუსაბუთებელი და უზარო გეგმით წავიდა. ისეთი საკანონმდებლო გადაწყვეტილებები მიიღეს, რომელმაც ქვეყანაში ეკონომიკური კრახი გამოიწვია. ეკონომიკას პრობლემები შეუქმნა როგორც სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით მომზადებულმა ახალმა რეგულაციებმა, ასევე მიწის კანონმა და ინვესტორებთან დამოკიდებულებამ. დავოსში ვიზიტისას, ბიძინა ივანიშვილმა რა განცხადებები გააკეთა გავიწყდებათ? - ამ ყველაფერმა ერთად კომპლექსში ეკონომიკური სტანგნაცია გამოიწვია.

იმისათვის, რომ სიტუაცია რაღაც დროის მანძილზე შედარებით დასტაბილურდეს და გაჯანსაღდეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 36 პუნქტიანი გეგმა ჩამოაყალიბა და ამ გეგმის მთავრობისთვის და პარლამენტისთვის შეთავაზება ვცადეთ, მაგრამ რიგგარეშე სხდომა ჩაშალეს და პარლამენტში მინისტრები არ მოვიდნენ. იმას ვერავინ დაგვწამებს, რომ სიტუაცია ქუჩის აქციების დაწყებისთვის გამოვიყენეთ. ყველა ცივილური ფორმა მოვსინჯეთ, რაზეც უარი მივიღეთ. იმასაც ვერ მივაღწიეთ, რომ მთავრობას ეკონომიკური განვითარების თავისი გეგმა მაინც წარმოედგინა. მინისტრების მხრიდან ფრაგმენტული განცხადებები კეთდება, რაც ძირითად პრობლემატიკას არ ეხება. ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ინვესტორები რატომ უნდა აღფრთოვანდნენ და ობიექტები რატომ უნდა შეიძინონ? მთავრობა „ქამრების შემოჭერასა“ და 100 მილიონი ლარის მოკლებაზე საუბრობს, მაშინ, როდესაც ამ 100 მლნ ლარს მანქანების შეძენასა და რესტორნებში სიარულში ხარჯავენ. ადვილი მისახვედრია ის, რომ ლაპარაკია იმ 100 მილიონ ლარზე, რომელიც სინამდვილეში ბიუჯეტში ვერ იქნება.

თქვენს მიერ მომზადებულ 36 პუნქტიან გეგმაში საუბარია გადასახადების შემცირებასა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე. თუმცა, მთავრობა კითხვით მოგმართავთ, ეს გეგმა თქვენი ხელისფლების პირობებში რატომ არ განახორციელეთ? ამასთანავე, ხელისუფლება იმასაც გახსენებთ, ბიუჯეტს რა მეთოდებით ავსებდით...

- ჩვენი ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტი ცხრაჯერ გაიზარდა, ამათი მმართველობის დროს კი, მესამე წელია ბიუჯეტს ვერ ავსებენ. ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარი ჩვენი ახირება არ არის და ლოგიკურ დასკვნამდე მივედით, რომ მთავრობამ დავალება უშუალოდ იმ ხალხისგან უნდა მიიღოს, ვისაც უნდა ემსახუროს და ვისი გადახდილი ფულითაც არიან დაქირავებულები, ანუ - ქართველი ხალხის მიერ.

აქციის საშუალებით ხალხი მთავრობის უნიათო შემადგენლობას შთააგონებს, რომ მათ დიდი დრო არ აქვთ. დარწმუნებული ვარ, 21 მარტის აქციაზე მსგავსი შეფასება გაკეთდება და ეს მთავრობა უნდა გადადგეს. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ არანაირი მაიდნების მცდელობა, თუ ხელისუფლების ხელში აღებაზე საუბარი არ არის, არამედ ლაპარაკია იმაზე, რომ ხალხმა თავის ხმა არაფორმალურ მმართველ ივანიშვილს და უმრავლესობას მიაწვდინოს, რათა უნიათო მთავრობა გადადგეს, რომელმაც ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა. ალბათ, ამ მთავრობის გადადგომის საკითხის დაყენების შემდეგ ჩვენი ხედვა გვექნება, მოვლენები თუ როგორ უნდა განვითარდეს.

ანუ, თქვენ იმის ამბიცია გაქვთ, რომ თქვენს მიერ გამართულ აქციებს, მთავრობის გადაყენება მოჰყვება?

- გააჩნია, საკუთარ პოზიციის რამდენი ადამიანი დაფიქსირებს. ადრე თუ გვიან, ხელისუფლებას ხალხის ხმის გაგონება მოუწევს. საზოგადოების დამოკიდებულება საბოლოოდ არჩევნებზე გამოჩნდება, მაგრამ თუკი 21 მარტის აქციაზე ბევრი ადამიანი მოვა, მთავრობას მათი მესიჯების გაგება მოუწევს. ეს აქცია ერთჯერადი იქნება, თუ მრავალჯერადი, ამას ხალხთან ერთად გადავწყვეტთ.

შესაძლოა, თქვენს მიერ მართულმა აქციებმა პერმანენტული სახე მიიღოს?

- ჩვენი შეხედულეები გვაქვს, თუ როგორ შეიძლება პროცესი განვითარდეს, მაგრამ მოვლენებს არ დავასწრებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ არა ახირებების მიხედვით, არამედ ვითარებიდან გამომდინარე.

წლების მანძილზე, როდესაც ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე აქციებს მართავდა, თქვენ მათ საყვედურობდით, რომ ამით ქვეყანას პრობლემები ექმნებოდა როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკური კუთხით. თქვენ აქციებით სახელმწიფოს დარტყმის ქვეშ არ აყენებთ?

- თქვენს პათოსს ვერანარად ვერ გავიზიარებ. შეგიძლიათ გაიხსენოთ ის, მთელი წლების მანძილზე, ოპოზიციური ძალების პროტესტი რა ფორმით ხდებოდა. მათ მიერ ორგანიზებული აქციები ცივილიზაციისგან ძალიან დაშორებული იყო. ფაქტიურად, ისინი ანტისახელმწფოებრივ ქმედებებს ახორციელებდნენ. ერთია დემონსტრაცია, სადაც ხალხი თავის პოზიციებს გამოხატავს და მესიჯს ტოვებს, მეორე ის, როცა მთელი ქალაქის ბლოკირება ხდებოდა, ქალაქის ქუჩებში ჩაქუჩებით დარბოდნენ და შენობებს აზიანებდნენ. ჩვენ ყველას დავანახეთ არა მხოლოდ ის, რომ ხელისუფლება ცივილიზებული გზით გადავეცით, არამედ შევეცადეთ იმასაც, რომ ქვეყანაში ოპოზიცია ცივილური ფორმებით მოქმედებდეს და ველურებით არ იქცეოდნენ. ამასთანავე, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიცია რუსეთიდან არ იმართებოდეს, როგორც ეს ჩვენი ოპონენტების მხრიდან ხშირ შემთხვევაში ხდებოდა. ჩვენ აქციებს კლიმატის გაჯანსაღებისთვის ვმართავთ და არა არეულობისთვის.

თუმცა, თქვენი ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი ნიკოლოზ ვაშაკიძე 21 მარტის აქციის უარყოფით ტენდენციებზე საუბრობს და ამბობს რომ დიდი, მასშტაბური აქციები ქვეყნისთვის საფრთხეს შეიცავს...

- ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არ არის, რადგან ვაშაკიძე პარტიის წევრი არ არის. ყველას აქვს უფლება თავის პოზიცია ჰქონდეს. ჩვენ მყარი და ერთიანი პოზიცია გვაქვს, რომელიც ასეთ შეფასებებს არ იზიარებს.

ვინაიდან, „ნაციონალური მოძრაობასაზოგადოების დიდ ნაწილს აღიზიანებს, გამორიცხავთ, რომ თქვენს მიერ ორგანიზებულ აქციაზე რაიმე ექსცესებს ჰქონდეს ადგილი?

- ექსცესებს გამოვრიცხავ, რადგან აქციების წინ ხელისუფლების ბაქი-ბუქი იწყება ხოლმე. ჩვენ გვიპირისპირდებიან ისეთი ოდიოზური და საძაგელი პიროვნებები როგორიცა „ციხეების გმირი“ ლადო ბედუკაძე, „ჩუნგა-ჩანგა“ და სადღობელაშვილი. ჩვენს ოფისთან მოსვლა და ყაყანი მათი ყოველდღიური სამუშაოა, რაშიც ორ კაპიკს იღებენ.

რაც შეეხება მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნას, ხელისუფლება აცხადებს, რომ .. სამართლიანობის აღდგენა იწყება. არ ფიქრობთ, რომ თქვენი გუნდი დიდი პრობლემების წინაშე დადგება, ვინაიდან, ადამიანებს კუთვნილი ქონება სწორედ თქვენი მმართველობის პირობებში ჩამოართვეს?

- ქვეყნის ეკონომიკური კატასტროფის ფონზე, ხელისუფლებას დიადი დღე აქვს იმის გამო, რომ მმართველობის 2,5 წლის თავზე კიდევ ერთი ფიქტიური სტრუქტურა შექმნეს. ეს დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილის მორიგი სათამაშოა, რომელიც შექმნილია არა თითოეული ადამიანის გასაჭირის მოსაგვარებლად, არამედ პირიქით, ქოსის შესაქმნელად. მთავრობა რეალობას ჯიუტად არ აღიქვამს და მცდელობა აქვს, რომ ხალხს კიდევ ერთი სატყუარა გადააყლაპონ, მაგრამ ქართველი ხალხი ამას აღარ დაუშვებს. ვითომ, ამ დეპარტამენტს მილიარდ ლარს გამოუყოფენ, მაგრამ ხალხი ივანიშვილისგან ამ თანხას ისე ვერ მიიღებს, როგორც მათ ნანატრი „უფასო ფული“ ვერ ნახეს.

განმარტებები კეთდება, რომ სასამართლო გადაყვეტილების შემდეგ ხალხის კომპენსირება მოხდება და ა.შ. რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი თამაში და ფიქციაა. სამართლიანობის ამ ფორმით აღდგენა ხალხის 50-ე გასაჭირია.

თუმცა, ხელისუფლებას .. სამართლიანობის პროცესის დაწყებას თქვენი ხელისუფლების მიერ დაზარალებული ადამიანები სთხოვენ...

- გარწმუნებთ, რეალური გამოძიება რომ ჩატარდეს, ერთეული შემთხვევები დადასტურდება, სადაც კანონი დარღვეულია. ტალღა იყო, როდესაც ძალიან ბევრმა გამდიდრება მოინდომა და გამოძიების მტკიცებები არსებობს იმის, რომ ასეთი ათასობით ფაქტი არის. ამ საქმეების გამოძიება არასდროს არ დასრულდება. ამ დეპარტამენტს სათავეში ის ადამიანი ჩაუყენეს, რომელიც მანამდე, პროკურაურაში ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი იყო და მას რაფალინცისა და თათუხაშვილის საქმეებზე ზედამხედველობა ევალებოდა. ირაკლი ნადარეიშვილმა ამ დროს ჩადენილი გადაცდომების გამოძიება არ აწარმოა და ის მომავალში რაიმეს გააკეთებს? ვითომ პომპეზური გადაწყვეტილებების მიღება მაშინ ხდება, როცა კრიზისია, ან არჩევნებია.

იმისათვის, რომ 21 მარტის გადაფარვა მოხდეს, ეს დეპარტამენტი აამუშავეს. ეს აღარ გამოუვათ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმეს რაღაცის ეშინია, ასე ნამდვილად არ არის. ხელისუფლებას 21 მარტის ეშინია და პარლამენტში ნუკრი ქანთარიას გამოსვლაში გამოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ ნაციონალები აქციისთვის ემზადებიანო. ბატონმა ნუკრიმ გაგვშიფრა - რა თქმა უნდა, აქციისთვის ვემზადებით.

რადგან ქანთარიას გამოსვლა ახსენეთ, დავით ლორთქიფანიძის მოწოდებას გაგახსენებთ, სადაც მან პროკურატურას მიმართა, რომ თქვენი განცხადებები შეისწავლოს, როსესიც ოპონენტებს სულის ამოხდით ემუქრებოდით. თქვენი მუქარა კვლავ ძალაშია?

- ჩემი დამუქრება კონკრეტული იყო და ეს იმ ადამიანების მიმართ გაკეთდა, რომლებსაც საქართველოში რუსული რევანში უნდათ. რა თქმა უნდა, მუქარა ძალაშია. ეჭვი არ შემპარვია, რომ სწორი განცხადება იყო. სანამ ცოცხლები ვართ, ამ ქვეყანაში რუსულ რევანშს არ დავუშვებთ და სულს ამოვხდით ყველას, ვისაც ეს სურს. აქ საუბარი ფიზიკური სულის ამოხდაზე არ იყო და თუ ამას გულისხმობენ, ეს მართლაც ვერ მოვახერხეთ. ჩვენი მმართველობის პირობებში რუსული სული, რომელიც აგენტურის მიმართულებით გამოიხატებოდა, ამოძირკვული იყო. დღეს კი რეალობა გვაქვს, როდესაც სეპარატისტების ჩვენების საფუძველზე, ის ადამიანები ცეხეებში სხედან, რომელთაც რუსი აგენტები ამოძირკვეს.