პარლამენტი სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებაზე და ამ მიმართულებით პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობს. დაგეგმილი ცვლილებებით, სასჯელაღსრულების არსებული დეპარტამენტი უქმდება და მის ნაცვლად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - პენიტენციური დეპარტამენტი ყალიბდება. საკითხის განხილვისას სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ, კახი კახიშვილმა აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სამინისტროში ცალკე სამინისტროა, რომელსაც სამინისტროს ხელმძღვანელობა ვერ აკონტროლებს. კახა კახიშვილის თქმით, არსებული სისტემით, ვერ გაარკვევ, რომელი სამინისტროა და რომელი დეპარტამენტი.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი კი ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მართვის არანაირი პრობლემა არ აქვს - „დეპარტამენტი უშუალოდ ჩემს დაქვემდებარებაშია და არასწორია იმაზე საუბარი, თითქოს მართვა მიჭირს“, - ამბობს მინისტრი.
რატომ არ ეთანხმება მისივე მოადგილის კრიტიკას და რა სირთულეები შეიძლება მოჰყვეს დაგეგმილ რეფორმებს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გიორგი მღებრიშვილს ესაუბრა.
პარლამენტი სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების პაკეტზე მსჯელობს. დაგეგმილი ცვლილებებით, სასჯელაღსრულების არსებული დეპარტამენტი უქმდება და მის ნაცვლად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი – პენიტენციური დეპარტამენტი ყალიბდება. რა არსებითი სხვაობა იქნება არსებულ სტუქტურასა და ახალ დეპარტამენტს შორის?
– პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდ სტრუქტურული ცვლილებები, ანუ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გაერთიანება სამინისტროსთან. პარლამენტში ამ კანონების ინიცირება არის მხოლოდ პირველი ეტაპი საქართველოს პენიტენციური სისტემის გათანამედროვეობის გზაზე, რომელიც ჩემი, როგორც მინისტრის, მთავარი ამოცანა და ამ პოზიციაზე მუშაობის უმთავრესი მიმართულებაა. ეს რეფორმა, რეალურად, მიზნად ისახავს საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროს ევროპულ და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებას.
დღეისთვის მსოფლიოში სასჯელაღსრულების სფეროში არსებულ მდგომარეობას თვალს თუ გადავავლებთ, ორი ტიპის ქვეყნებს დავინახავთ. ერთი, ეს არის განვითარებული ქვეყნები, სადაც სასჯელაღსრულების სისტემა გამოიყენება არა მხოლოდ პირის დასასჯელად, არამედ სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით სასჯელის მოხდის შემდეგ, მის საზოგადოებაში სრულფასოვან ადამიანად დაბრუნების საშუალებად, ხოლო მეორე ჯგუფის ქვეყნებში სასჯელაღსრულების სისტემის ერთადერთი დანიშნულება არის დამნაშავე პირთა დასჯა და საზოგადოებისგან იზოლაციის უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში, ეს სისტემა რეალურად მხოლოდ დარაჯობს ამ ხალხს.
დღესდღეობით ჩვენ გარდამავალ ეტაპზე ვიმყოფებით. ჩემი მიზანია, რომ ეფექტიანი ნაბიჯები გადაიდგას საქართველოს პენიტენციური სისტემის განვითარებული ქვეყნების სასჯელაღსრულების სისტემის ჯგუფში გადასასვლელად. როდესაც ციხეებში წესრიგის დამყარება იყო მთავარი გამოწვევა და ამ სისტემის ხელმძღვანელისთვის მთავარი შედეგი იყო სიწყნარე ციხეში ნებისმიერ ფასად, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით, ეს დრო წარსულს ჩაბარდა. დროა სასჯელაღსრულების სისტემაშიც, ისევე როგორც სხვა სფეროებში, ვიმუშაოთ განვითარებაზე და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაზე.
რაც შეეხება განსხვავებას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი დღეის მდგომარეობით გაცილებით ავტონომიურია, ვიდრე ეს იქნება რეფორმის შემდეგ. კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციას და მის სამინისტროში ინტეგრაციას. სამინისტროს შიდა სტრუქტურა ორ ნაწილად იყოფა. სამოქალაქო და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურად.
ანუ ფუნქციათა გამიჯვნა ხდება?
– რა თქმა უნდა. კერძოდ, სასჯელის უშუალოდ აღსრულებას განახორციელებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, ხოლო სამოქალაქო სამსახური შეიმუშავებს სახელმწიფო პოლიტიკას და უზრუნველყოფს მხარდამჭერი ფუნქციის შესრულებას. კანონით მკაცრად იმიჯნება სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამდებობები და სამოქალაქო თანამდებობები. იზრდება სისტემის თანამშრომელთა სოციალური, სამართლებრივი და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები, იგეგმება პენიტენციური სამსახურის პრესტიჟულობის ამაღლება.
უსაფრთხოების სტანდარტისა და მართვის გაუმჯობესების მიზნით 2017 წლამდე სახელმწიფოს ხარჯზე სავალდებულოდ გადამზადდება პენიტენციური სისტემის ყველა მოსამსახურე და მიიღებს სერტიფიკატს. ახალი კადრები კი შეირჩევა მხოლოდ სათანადო მომზადების გავლის შემდეგ. რეფორმის შედეგად ჩვენ მივიღებთ ერთიან ძლიერ უწყებას, რომელიც დაექვემდებარება სამოქალაქო და პოლიტიკურ კონტროლს. აღნიშნული რეფორმის შედეგი უნდა იყოს რეაბილიტირებული მსჯავრდებული და უსაფრთხო გარემო. სწორედ ესაა ჩვენთვის პრიორიტეტი. თუმცა, აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვერც ერთი რეფორმა ვერ იქნება წარმატებული საზოგადოების თანადგომის გარეშე.
ბატონო გიორგი, ქართული პენიტენციური სისტემა რომ კრიტიკას ვერ უძლებდა, ეს ფაქტია. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში 10 ყველაზე საშინელ და სახიფათო ციხეს შორის, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება მოხვდა. თქვენ აღნიშნეთ, რომ სისტემა შველას საჭიროებდა და ამ რეფორმის განხორციელებით ჩვენ თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე გადავდივართ, მაგრამ ხომ არ თვლით, რომ დაგვიანებულიც არის ეს რეფორმა?
– გეთანხმებით, რომ ეს რეფორმა დაგვიანებულია და აჯობებდა უფრო ადრე დაწყებულიყო. გლდანის მე–8 დაწესებულება იმიტომ მოხვდა ამ ჩამონათვალში (ეს მონაცემები სწორედ 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობას ეყრდნობა), რომ 2012 წელს გლდანის ციხეში არაადამიანური წამების ფაქტები მსოფლიომ ნახა და წინა ხელისუფლების ქმედებებზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. მინდა გითხრათ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უდიდესი შრომა გასწია, რომ მძიმე მემკვიდრეობისგან გავთავისუფლებულიყავით და კონკრეტული შედეგებისთვის მიგვეღწია.
მთლიანად სახელმწიფოს მოუხდა ურთულესი ამოცანის შესრულება, რათა გარდაგვექმნა შიშსა და არაადამიანურ მოპყრობაზე დამყარებული სისტემა და მიგვეღო ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული ინსტიტუტი. ამ ხნის განმავლობაში 20–ზე მეტი დიდი და მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა პატიმრობის კოდექსში, რითაც პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა.
წარმატებით განხორციელდა პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა. მიმდინარეობს C ჰეპატიტის მკურნალობის, დიაგნოსტირებისა და პრევენციის პროგრამა. არსებითი ცვლილებები მოხდა პრობაციის სისტემის მიმართულებით. ამოქმედდა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, რომელიც პირველია სამხრეთ კავკასიაში და რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის იდეას ატარებს.
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ როგორც სასჯელაღსრულების, ისე პრობაციის სისტემაში გაძლიერდა მუშაობა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობს სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და რისკების შეფასების ინსტრუმენტებზე მუშაობა, რომლებიც მალე ამოქმედდება და არსებითად გააუმჯობესებს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და მართვის პროცესს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მიღწეული შედეგისა, კვლავ რჩება გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის რიგი ინფრასტრუქტურული საკითხები, ასევე სისტემის მოსამსახურეთა კვალიფიკაცია და განათლება. აღნიშნული საკითხების მოგვარებას, ცხადია, სჭირდება დრო და შესაბამისი სახსრები. თუმცა, ამ პრობლემის გადაჭრის გეგმა მზადაა და რეალურ ცვლილებებს საზოგადოება მალე დაინახავს.
რამდენად მზად ხართ ამ რეფორმის პროცესში მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით? ვგულისხმობ ე.წ. ავტორიტეტების გავლენას, რომელიც ვრცელდება რიგით პატიმრებზე...
– რეფორმის გატარებას სირთულეები ყოველთვის ახლავს და ასეა ამ შემთხვევაშიც. საფრთხე იმისა, რომ კრმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილმა პატიმრებმა მოინდომონ საკუთარი პირობების კარნახი, ყოველთვისაა. მთავარია, ჩვენ რას დავუპირისპირებთ მათ არაკანონიერ მცდელობებს. მერწმუნეთ, ჩვენ დავუპირისპირებთ კანონს მთელი თავისი სიმკაცრით. ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველა მსჯავრდებული იქნება თანაბარ პირობებში და რომელიმე პატიმარს რაიმე სახის პრივილეგია არ ექნება. მით უმეტეს, არავის ექნება სხვა მსჯავრდებულებზე ზემოქმედების ან ზეწოლის საშუალება.
მე–17 დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართ სწორედ იმიტომ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში ზოგიერთ მსჯავრდებულს ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების გამონაკლისი საშუალება, რაც კანონით აკრძალულია. ყველა იმ პატიმარს, რომელმაც გაიაზრა თავის დანაშაული და ორიენტირებულია იმაზე, რომ საზოგადოებას სრულფასოვან, კანონმორჩილ მოქალაქედ დაუბრუნდეს, ჩვენ მაქსიმალურად წავახალისებთ და ხელს შევუწყობთ მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო პროგრამებით. ხოლო ისინი, ვინც არ დაემორჩილებიან რეჟიმს, კანონის ფარგლებში, ადაკვატურად დაისჯებიან. ასე რომ, სირთულეები მართლაც არსებობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენ ამ გამოწვევებს წარმატებით დავძლევთ.
თქვენი მოადგილე, კახი კახიშვილი აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სამინისტროში ცალკე სამინისტროა, რომელსაც სამინისტროს ხელმძღვანელობა ვერ აკონტროლებს. ბატონი გიორგი, რატომ უჭირს სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მართვა?
– მგონია, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა არასწორად აღიქვა მოცემული განცხადება. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე სრულად ვაკონტროლებ და შესაბამისად, ვმართავ პენიტენციურ სისტემას. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ სამინისტროში მოსვლიდან დღემდე, ჩემი ინციატივით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასა და დაწესებულბებში განვახორციელე ფართომასშტაბიანი საკადრო ცვლილებები, თანამდებობიდან გათავისუფლდა 11 ციხის დირქტორი, სამმართველოების უფროსები და ა.შ.
ამით იმის თქმა მსურს, რომ დე ფაქტო მართვის პრობლემა დღეს არ არსებობს, მაგრამ დე იურე რიგი საკითხები მოსაწესრიგებელია. სამართლებრივად სად-ს აქვს ფართო ავტონომია, დელეგირებული სამსახურები, სამინისტროსთან დუბლირებული უწყებები, რაც მართვის სიტემას ტლანქს ხდის. ესაა მოძველებული საბჭოური მოდელი, რომლიც დაუყოვნებლივ შესაცვლელია.
იმისთვის, რომ სისტემა გახდეს ფუნდამენტურად სტაბილური, პიროვნებებზე და სხადასხვა გარე ფაქტორებზე არ იყოს დამოკიდებული, იყოს გამართული მექანიზმი, რომელიც არ დაექვემდბარება არც პოლიტიკურ და არც სხვა სახის რყევებს, საჭიროა საძირკველის შექმნა. სწორედ ეს საკანონმდებლო პაკეტია ის ფუნდამენტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნება მოქნილი ერთიანი მართვის სისტემა... და ვიცი, რომ სწორედ ამას გულისხობდა ჩემი მოადგილეც.
ბატონი კახი არის არამარტო ჩემი თანამშრომელი, არამედ მეგობარიც, რომლიც სრულად იზიარებს ჩემ მიერ ინიცირებულ რეფორმასთან დაკავშირებულ ხედვებს. სამოქალაქო სექტორიდან მისი საჯარო სამსახურში გადმოსვლაც სწორედ მას შემდეგ მოხდა, როცა მან პირადად ჩემგან შიტყო დაგეგმილი რეფორმების არსი და პერსპექტივები. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და დარწმუნებული ვარ, ამ დიდ საქმეს წარმატებით განვახორციელებთ.