„ქამრების შემოჭერას“ პროცესი, თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურეების ხარჯზე დაიწყო. მინდია ჯანელიძემ უწყებაში ნოემბერში დაწყებული საკადრო ცვლილება, დღემდე გრძელდება. ცვლილება კი არც მეტი, არც ნაკლები, დასავლეთში განათლება მიღებულ კადრებს ეხებათ.
for.ge–ს ინფორმაციით, დღეს დილით დასავლეთ საქართველოს სამხედრო პოლიციის საპატრულოს დანაყოფიდან, 300 ადამიანი კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს, თბილისის, ვაზიანის და აღმოსავლეთ საქართველოს სარდლობიდან კი 400-მდე სამხედრო მოსამსახურეა კადრების განკარგულებაში გადაყვანილი. თავდაცვის სამინისტროში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით, სულ, სამხედრო პოლიციის საპატრულო დანაყოფის სრული შემადგენლობა კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი. აქედან სამოქალაქო შტატზე მყოფ პირებს, გადაწყვეტილია, რომ არ დააბრუნებენ სამსახურში. რაც შეეხება სამხედრო პირებს, ჯერჯერობით, მათ სიებზე მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში სარდლობის 2 დანაყოფი იქნება, სადაც მხოლოდ 100-100 სამხედრო პოლიციელი დასაქმდება, ხოლო 500 მოსამსახურე დათხოვნილი იქნება შეიარაღებული ძალებიდან.
იმის მიუხედავად, რომ ჩვენი წყარო დარწმუნებულია ინფორმაციის სისწორეში, დღეს დილით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
როფორც for.ge–ს სესიაშვილმა განუცხადა: „ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად, ჩემთვის უცნობია რატომ ვრცელდება მსგავსი ინფორმაცია“.
for.ge აგრძელებს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე მუშაობას, რასაც უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროში ფართომასშტაბიანი რეორგანიზაციის შესახებ თავად უწყების თანამშრომლები აცხადებენ, რომელთა განცხადებით, რეორგანიზაციაში ის კატეგორია ხვდება, რომლებსაც განათლება დასავლეთში აქვთ მიღებული. პროცესს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი კურირებს.
განთავისუფლებულები ამბობენ, რომ თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე შეიარაღებული ძალების 7 ათასი მოსამსახურით შემცირებას აპირებს, იხურება რეინჯერების სკოლაც. ეს საკითხი კარგა ხნის წინ იყო გადაწყვეტილი, მაგრამ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, როდესაც ყოფილმა პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს უკრაინაში საომრად მოუწოდა, მაშინ, პროცესი დროებით შეჩერდა.