საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან იმპორტირებული მეორადი ავტომობილების გაყიდვა 30-50%-ითაა შემცირებული. პრობლემები აქვთ როგორც ავტოდილერებს, ასევე მანქანების შემოყვანით დაკავებულ კომპანიებს. მიზეზი ორია: ლარის კურსის ვარდნა და აზერბაიჯანული რეგულაციები.
თბილისში არსებულ ავტოცენტრებში არასახარბიელო ვითარებაა. ლარის კურსის ვარდნამ მათ თავსატეხი გაუჩინა. როგორც „ტოიოტას ცენტრში“ აცხადებენ, ბოლო ერთი თვეა, რაც რეალიზაცია შეუმცირდათ.
„მანქანები დოლარში იყიდება. ამიტომ დოლარის კურსის აწევის პარალელურად, მყიდველს შენაძენი გაუძვირდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე მომხმარებლები ავტომანქანის ყიდვისგან თავს იკავებენ. მართალია, კონკურენტი კომპანიები გამარტივებული აქციებით ცდილობენ მომხმარებლის მიზიდვას, თუმცა ამ ეტაპზე ესეც არ ჭრის. გაძვირებულ ხარჯს ყველა ერიდება. იმედია, მდგომარეობა დასტაბილურდება. ამის იმედს გვაძლევს ბოლო დღეებში ბაზარზე დოლარის კურსის დაწევა“, - განაცხადა „ტოიტა ცენტრის“ ოპერატორმა.
შუამავალი კომპანია „დოიჩე ავტო იმპორტის“ დირექტორი დავით ოტიშვილი ამბობს, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ანაზღაურება ეროვნულ ვალუტაში აქვთ და ავტომობილების შესაძენად დოლარის შესყიდვა უწევთ, პროდუქციის თვითღირებულება გაიზრდება.
ოტიშვილის ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, მათი მომხმარებლების რაოდენობა დაახლოებით 50%-ით შემცირდა. ამის მიზეზად კი ის აზერბაიჯანში ექსპორტის მკვეთრ შემცირებას უკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტა, ბოლო 3 თვეა მკვეთრად უფასურდება და დღეის მონაცემებით, 1 ამერიკულ დოლართან დაახლოებით 2.17-ის ნიშნულზეა.
კომპანია „ავტოშოპის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ დოლარში შესაძენი მანქანების ფასი არ გაზრდილა, თუმცა შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც ავტომობილის შეძენა ვალუტის კონვერტაციის შედეგად უწევდათ. შარშანდელთან შედარებით, რეალიზაცია დაახლოებით 30%-ით შემცირდა. კომპანიაში ამას ლარის გაუფასურებასთან ერთად, აზერბაიჯანის რეგულაციებს უკავშირებენ.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ რეექსპორტის ჩავარდნაზე გარკვეული გავლენა იქონია რუსეთ-უკრაინის კრიზისმა. ასევე, ლარის დევალვაციამ. რაც შეეხება ბაზარზე ავტომობილების გაიაფებას, ამ ფაქტს ექსპერტი რეექსპორტის შემცირებას უკავშირებს.
„ზოგადად, 2014 წლისთვის ავტომობილების რეექსპორტი შემცირდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აზერბაიჯანმა რეგულაცია გაამკაცრა. ავტომობილების ექსპორტის შემცირებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა 2014 წლის მთლიანი ექსპორტის შემცირებაში. 2014 წელს ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი 1 000 275 დოლარით გაიზარდა. 2013 წელს ეს რიცხვი 1 000 215 დოლარი იყო, ხოლო 2012 წელს 1 000 650 დოლარი. რეალურად, ექსპორტის კუთხით ჩავარდნა არ გვაქვს.
რა თქმა უნდა, ავტომობილების რეექსპორტის შემცირებამ გავლენა იქონია ჩვენს მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაზე. ასევე, რუსეთ-უკრაინის კრიზისმა და ლარის დევალვაციამ. ბუნებრივია, გაყიდვის შემცირებამ ამ ადამიანების შემოსავალს დიდი დარტყმა მიაყენა, რაც ქართულ ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა. ამ ბიზნესში ჩართულ ხალხს ძალიან გაუჭირდება, სანამ სხვა რამეს მოკიდებენ ხელს და შემოსავალი გაუჩნდებათ, თუმცა, ამას ჩვენ ვერ დავარეგულირებთ. ახლა მთავარია, თანდათან გადავეწყოთ ისეთი პროდუქციის წარმოებაზე და ექსპორტზე, რომელიც ჩვენი იქნება და არა - სხვისი“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ „ბიპიენთან“ საუბრისას.