თავდაცვის სამინისტროში ფართომასშტაბიანი რეორგანიზაცია მიმდინარებს. პროცესი იანვრში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. რეორგანიზაციაში ის კატეგორია ხვდება, რომლებსაც განათლება დასავლეთში აქვთ მიღებული. პროცესს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი კურირებს. რამდენიმე ოფიცრი, ასევე სამოქალაქო ოფისიდან ადამიანთა ჯგუფი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაანთავისუფლეს.
მიმდინარე რეორგანიზაციაში მოჰყვნენ, თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებიც. მათ ისე შეუწყდათ ხელშეკრულება, რომ ამის შესახებ არ გააფრთხილეს. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამავე დეპარტამენტში არიან ადამიანები, რომლებსაც იძულებულს ხდიან საკუთარი ნებით წავიდნენ სამსახურიდან, რადგან ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო კომპენსაციის გაცემასაც გადაურჩება.
განთავისუფლებულები ამბობენ, რომ თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე შეიარაღებული ძალების 7 ათასით შემცირებას აპირებს, იხურება რეინჯერების სკოლაც. ეს საკითხი კარგა ხნის წინ იყო გადაწყვეტილი, მაგრამ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, როდესაც ყოფილმა პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს უკრაინაში საომრად მოუწოდა, პროცესი დროებით შეჩერდა.
თავდაცვის სამინისტროში ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ. თუმცა, უწყების პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ეკა ქარდავა ადასტურებს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლების განთავისუფლებას.
„ჩვენს დეპარტამენტში მარტო ორ ადამიანს შეუწყდა ხელშეკრულება, ერთი ფოტოგრაფია, მეორე ოპერატორი. ხელშეკურულება გაუგრძელდათ ერთხელ, მეორედ, მესამედ და ახლა არ გაუგრძელდათ. კარდებმა ასე გადაწყვიტა. რაც შეეხება დანარჩენებს, ბევრი არ არის წასული და თუ ვინმე წავიდა, წავიდა პირადი განცხადების საფუძველზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ეკა ქარდავა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი არ ადასტურებს შეიარაღებული ძალების შემცირებას, თუმცა ადასტურებს უწყებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს.
„რამდენიმე ოფიცრის და ასევე სამოქალაქო ოფისიდან ადამიანთა განთავისუფლების შესახებ მეც მსმენია. რიგ შემთხვევაში და მათ შორის უცხოეთში განათლება მიღებულმა პირებმა, უბრალოდ, ამოწურეს თავისი შესაძლებლობები. მათი შესაძლებლობები უკვე ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. შესაბამისად, სასურველია მოხდეს ახალი სისხლის გადასხმა, რაც მოიტანს მოტივაციას, მეტ სტიმულს რეფორმების მიმართულებით.
პირდაპირ გეტყვით, რამდენიმე ისეთი ადამიანები გაუშვეს, რომლებიც 15-20 წელია მუშაობენ სისტემაში. თავის დროზე მათ მართლაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უწყების განვითარებაში, მაგრამ როგორც ჩანს, მათ ამოწურეს საკუთარი რესურსი და აქ არაფერი კატასტოფა არ მომხდარა“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
რაც შეეხება ოფიცერთა კორპუსს, სესიაშვილი ამბობს, რომ აქაც რიგ შემთხვევაში მოხდა გადანაცვლება, რაც მისივე განცხადებით ჯანსაღი პროცესია.
„რიგ შემთხვევაში მოხდა იმ პირების დაწინაურება, ვინც გამოავლინა უკეთესი უნარ-ჩვევები, ესეც ჯანსაღი პროცესია. თუ ვინმეს უფლებები დაირღვა, არსებობენ კომპეტენტური ადამიანები და შეუძლიათ მათ მიმართონ. ჩემთან ამ მხრივ არც ერთი განცხადება არ შემოსულა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.