ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინოს განცხადებით, რიგის სამიტზე გასაკეთებელი პოლიტიკური მესიჯები ყურადღებით უნდა მომზადდეს. მოგერინომ აქვე, უკრაინისა და საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე გააკეთა კომენტარი. მისივე თქმით, შეფასება გაკეთდება ტექნიკური შეფასების საფუძველზე. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს ევროკომისიამ, შემდეგ კი - ევროპულმა საბჭომ.
„ჩვენ დავიწყებთ რიგის სამიტის პერსპექტივების განხილვას ევროკომისრების ჯგუფთან ერთად. შემდეგ კი, იქნება პარასკევსა და შაბათს თავად რიგაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს მიმდინარე ტექნიკური შეფასების პროცესი, რის შემდეგაც გვექნება მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილება, სამიტზე გასაკეთებელი პოლიტიკური მესიჯები, რაც ყურადღებით უნდა მომზადდეს, ვინაიდან ეს ჩვენს ისტორიაში რთული და კრიტიკული პერიოდია“, - აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.
ფედერიკა მოგერინოს განცხადებამდე, ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქართველოში ვითარების შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება.
„ამ დროისთვის საქართველოში მიმდინარეობს კვლევა, ვნახოთ რა შედეგები იქნება, რომლის მიხედვითაც, შევძლებთ თუ არა ჩვენ ევროკომისიის სახელით დადებითი შეფასების გაკეთებას. ამის შემდეგ კი, როგორც იცით, საჭიროა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს მოსაზრებების და გადაწყვეტილების მოსმენა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, იგივე შეიძლება ითქვას უკრაინაზეც“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი 2015 წლის მაისისთვის არის დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით, სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზა ლიბერლიზაციის საკითხი იქნება განხილული. ფედერიკა მოგერინოს განცხადებით, ერთობლივი საკონსულტაციო დოკუმენტის თანახმად, დაიწყო კონსულტაციები ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) გადახედვაზე.
ბოლოს ENP გადაიხედა 2011 წელს არაბულ სამყაროში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ამჯერად არ კონკრეტდება ზუსტად რა ფაქტორის გამო უნდა მოხდეს გადახედვა, მაგრამ ექსპეტრები ვარაუდობენ, რომ სავარაუდოდ ეს უკრაინაში და სირიაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. გადახედვა შეეხება ორივე მიმართულებას, როგორც აღმოსავლეთს ისე - სამხრეთს.
რიგის სამიტზე ყურადღება გამახვილდება აღმოსავლეთ მიმართულებაზე, ხოლო ბარსელონის შეხვედრაზე აპრილში განიხილება სამხრეთის მიმართულება. მანამდე კი შედგება შიდა განხილვა რიგაში არაფორმალურ მინისტერიალზე. საკონსულტაციო პერიოდი ფორმალურად დაიწყო 4 მარტს და გაგრძელდება 30 ივნისამდე. კონსულტაციების შემდეგ შემუშავდება წინადადებები ENP-ის სამომავლო მიმართულებებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ეს დოკუმენტი შემოდგომისთვის დაიდება.
ევროკომისრების, ფედერიკა მოგერინის და იოჰანეს ჰანსის განცხადებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. თამარ ბერუჩაშვილი აცხადებს, რომ რიგის სამიტი გამოყენებულ იქნება შუალედურ პლატფორმად, ხოლო სამეზობლო პოლიტიკის ახალი დოკუმენტი წლის ბოლოს იქნება წარმოდგენილი.
ბერუჩაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ საკონსულტაციო დოკუმენტში სამი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია გამოყოფილი, ესენია - დიფერენცირება, ჩართულობა, რაც მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ევროკავშირთან და ევროკავშირს კი - მოქნილობას და ვალდებულებას - უფრო მჭიდროდ ჩაერთოს ამ პროცესებში.
„ევროკავშირმა ამ პოლიტიკით მეტი მოქნილობა უნდა გამოიჩინოს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მზად არიან უფრო აქტიურად, მოკლე ვადაში, უფრო მასშტაბურად გაიარონ ის რეფორმები, რაც მათ სამომავლოდ სხვა სტატუსს და სხვა შესაძლებლობას შესძენს. საქართველო ევროკავშირის ახალი სამეზობლო პოლიტიკის შემუშავებაში ჩაერთვება. ის დოკუმენტი, რომელიც გამოაქვეყნა ევროკომისიამ და საგარეო ქმედებათა სამსახურმა, არის საკონსულტაციო დოკუმენტი. პრაქტიკულად, ამით ევროკავშირის სამსახურები იწყებენ დიალოგს, კონსულტაციებს ყველა შესაბამის პარტნიორთან.
ეს პარტნიორები წარმოდგენილნი იქნებიან სამეზობლო პოლიტიკის წევრი ქვეყნებით, ასევე, კონსულტაციები გაიმართება ევროპარლამენტში და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებში. თვითონ პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამეთუ სამეზობლო პოლიტიკა შეიქმნა 2003 წელს, მაშინ კონტექსტი, ზოგადად, სხვა იყო - ევროპული, გლობალურიც, მაგრამ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ წელს მოხდა რამე განსაკუთრებული. ეს პოლიტიკა პერიოდულად ექვემდებარება გადახალისებას, განვითარებას“, - აცხადებს თამარ ბერუჩაშვილი.
„ევროკავშირთან და სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან მყარად ვდგავართ ფეხზე“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკომისარის ფედერიკა მოგერინის განცხადებას. დავით უსუფაშილის განცხადებით, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, ეს არის სწორედ ის გზა, რაზეც ჩვენ შევუთანხმდით ევროკავშირს და რაც გაგრძელდება, რომლის შეცვლას და გადახედვას არავინ აპირებს.
„ყველას შევახსენებ, ვინც ამ ამბავმა რაღაცნაირად შეაშფოთა, რომ საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს იურიდიული დოკუმენტი - ამას ჰქვია „ასოცირების შეთანხმება“ და იმ შეთანხმებაში რაც წერია, ცხადია, შესრულდება საქართველოს მხრიდანაც და ევროპის მხრიდანაც. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, ეს არის სწორედ ის გზა, რაზეც ჩვენ შევუთანხმდით ევროკავშირს და რაც გაგრძელდება, რომლის შეცვლას და გადახედვას არავინ აპირებს.
რაც შეეხება ამ განცხადებას, რასაც აჟიოტაჟი მოჰყვა, შეგახსენებთ, რომ ამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებმაც უკვე მოაწერეს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, არიან სხვა ქვეყნები, რომლებსაც ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამთ. ამიტომ, ჩვენ ნუ დავიყვანთ ყველაფერს რასაც ევროპაში ამბობენ, რომ ეს ეხება საქართველოს და საქართველოზეა საუბარი. ჩვენ უნდა ვიყოთ მყარად. ჩვენ გვაქვს ეს დოკუმენტი, გვაქვს ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
ექსპერტი ევროკავშირის საკითხებში ლევან ბოძაშვილი თვლის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს. მისივე თქმით, პროცესის შეფერხებას, ევროკავშირის მიერ სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა გამოიწვევს. ბოძაშვილის განცხადებით, ევროკომისრებმა დაასახელეს რამდენიმე მიმართულება, რა მიმართულებითაც სურთ, რომ სამეზობლო პოლიტიკა შეიცვალოს.
რაც შეეხება სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის გავლენას საქართველოზე, ბოძაშვილი აცხადებს, რომ როგორც ჩანს, საქართველოს ჯერ კიდევ უკრაინასთან ერთად განიხილავენ, ვინაიდან ასოცირების შეთანხმებები საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან არის გაფორმებული, ამასთან, ეს უკანასკნელი ერთი ნაბიჯით წინ არის და სავიზო ლიბერალიზაცია მიღებული აქვს.
„ჩვენს შემთხვევაში სამეზობლო პოლიტიკის გადახედვამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ სანამ ევროკავშირი არ ჩამოყალიბდება, როდისთვის და რა ფორმით მოახდენს სამეზობლო პოლიტიკის რეფორმირებას, მანამდე ჩვენ შეიძლება უვიზო რეჟიმის მიმოსვლა, რომელიც დაგეგმილი იყო რიგის სამიტზე, საკმაოდ შეგვიფერხდეს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ორ კომპონენტთან - ერთი, ტექნიკური შეფასება და მეორე, პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ამ შემთხვევაში, მთავრობის მუშაობის გააქტიურება მინიმუმ იმის საშუალებას მოგვცემს, ვთქვათ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა პროცესი წარმატებით დაესრულებინა. თუ ეს არ იქნება გაკეთებული, ნეგატიური გადაწყვეტილების შემთხვევაში მთავრობას ძალიან გაუჭირდება საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ მან ძალისხმევა არ დაიშურა ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასასრულებლად“, - აცხადებს ლევან ბოძაშვილი.
მისივე თქმით, როგორც ევროკომისარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირი შეეცდება ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით მოახდინოს სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა, შესაბამისად, ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ საქართველომ მაისში დაგეგმილ რიგის სამიტზე ნეგატიური შედეგი მიიღოს.
„პერსპექტივა უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით ჯერჯერობით გაურკვეველია, ამ პერსპექტივაზე ვერაფერს ვერ იტყვიან, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, თუმცა ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, რიგის სამიტზე ჩვენ დადებით რეკომენდაციას ვერ მივიღებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შეფერხებას გამოიწვევს თვითონ სამეზობლო პოლიტიკის გადასინჯვის საბოლოო დოკუმნეტის ნახვამდე. თუმცა, საპანიკო და აღსაშფოთებელი არაფერია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ბოძაშვილი.