მთავრობამ ბიუჯეტი ინფლაციით გაბერა

მთავრობამ ბიუჯეტი ინფლაციით გაბერა

[გაზეთი "ბანკები და ფინანსები"]

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება 348 843.0 ათასი ლარით. საგადასახადო შემოსავლები 5 300 000,0 ლარიდან იზრდება 350 000,0 ათასი ლარით და მისი საპროგნოზო მოცულობა განისაზღვრა 5 650 000,0 ათასი ლარით (საგადასახადო შემოსავლების სახით მისაღები შემოსავლების გადაანგარიშება მოხდა განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, 2011 წელს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5,5%-ია).

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 230 185,4 ათასი ლარით. აღსანიშნავია, რომ დანარჩენი თანხები მოხმარდება ფისკალურ კონსოლიდაციას ანუ დეფიციტის გეგმაზე და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულ პარამეტრზე უფრო სწრაფად შემცირებას 4,3 პროცენტიდან 3,7 პროცენტამდე (1986 კლასიფიკაციით), რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობას, საფინანსო ბაზრებზე გასვლას და საგარეო დაფინანსებაზე დამოკიდებულების უფრო მეტად შემცირებას~, - ეს იმ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილების ნაწილია, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.

პროექტის თანახმად, საბიუჯეტო შემოსავლები 348.8 მლნ ლარით იზრდება არსებული 5.955 მლრდ ლარიდან და 6.304 მლრდ ლარს აღწევს. ამასთან, საგადასახადო შემოსავლები 350 მლნ ლარით იზრდება, ხოლო გრანტები არსებული 355.8 მლნ ლარიდან მცირედით იკლებს და მისი საპროგნოზო მოცულობა 354.6 მლნ ლარი ხდება.

საბიუჯეტო ცვლილებათა პროექტის მიხედვით, ყველა სამინისტროს დაფინანსება იზრდება, გარდა საგარეო საქმეთა; თავდაცვის; შინაგან საქმეთა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა; ენერგეტიკისა; და გარემოს დაცვის უწყებებისა.

ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა ორი ფაქტორით შეიძება იყოს გამოწვეული. ერთი - მთავრობა ახალ ვალს იღებს, და მეორე - გადასახადებით შემოსული თანხების მოცულობა დაგეგმილზე მეტით განისაზღვრა. 2011 წელს საქართველოში ეკონომიკის რაიმე განსაკუთრებული ზრდა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, თუ ბიუჯეტში შემოსავლები გადასახადებით იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ორნიშნა ინფლაციამ `იმუშავა” - კომპანიების ბრუნვა გაზარდა, რაც როგორც ფირმების ბრუნვის, ისე მათ მიერ ბიუჯეტში გადასახდელ თანხას გაზრდიდა, მაგრამ ეს მხოლოდ ნომინალში. 

მთავრობა ბიუჯეტის ზრდის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ საგადასახადო შემოსავლების ჭარბ რაოდენობას ასახელებს, თუმცა მის კონკრეტულ მოცულობაზე არაფერს ამბობს. მთლიანობაში, საბიუჯეტო შემოსავლები 354 მილიონი ლარით გაიზრდება. 

"ეს საგადასახადო შემოსავლების ზრდის შედეგია", - შენიშნავს საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი დასძენს, მშპ-სთან შეფარდებით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 4.3 პროცენტიდან 3.7 პროცენტამდე მცირდება, რაც საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივი შემცირების შესახებ მთავრობის პოლიტიკას შეესაბამება. გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელიც გარკვეული მიმართულებით ცვლილებას განიცდის.

რეალურად კი ბიუჯეტში ინფლაციის ზრდით გამოწვეული შემოსავლების ზრდა არანაირი დადებით ეკონომიკური ეფექტი არ აქვს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების განცხადებით ამ ცვლილების შემდგომ ბიუჯეტის დეფიციტი 4,3%-დან 3,7%-მდე შემცირდება, ეს მისასალმებელია, მაგრამ აქვე საყურადღებოა მეორე მხარეც ამ ცვლილების - ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდის შედეგად გაიზრდება ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის წილიც - ბიუჯეტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 35 პროცენტს მიაღწევს, რაც ნამდვილად არაა მისასალმებელი. მითუმეტეს, მაღალი ინფლაციის პირობებში. საერთოდ, ინფლაციის მოსათოკად მთავრობას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი უნდა შეემცირებინა, ეს კი, პირიქით, იზრდება, რაც ინფლაციის კიდევ უფრო ზრდას გამოიწვევს.

"ამბობენ, რომ ინფლაცია საუკეთესო საგადასახადო ინსპექტორიაო, ის ყველაზე კარგად იღებს გადასახადებს. რატომ? იმიტომ, რომ იგი ზრდის ფასს და გაზრდილი ფასიდან უფრო მეტია დღგ, ვიდრე შემცირებული ფასიდან. ამ დროს ბიუჯეტში იზრდება შემოსავლები. შესაბამისად, ეს უნდა აისახოს ბიუჯეტში, უნდა მოხდეს მისი კორექტირება და ამავე დროს მთავრობამ უარი უნდა თქვას ბიუჯეტის დეფიციტურ დაფინანსებაზე, რადგან ეს ახლა ძალიან საშიშია. არის პერიოდი, როდესაც ბიუჯეტის დეფიციტური დაფინანსება აუცილებელი და საჭიროა, მაგრამ ახლა ამან საშიში ფორმა მიიღო. 14%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა თებერვალში და 28-30%-თ არის გაძვირებული სურსათი, ამ ფონზე აუცილებელია, რომ ეროვნულმა ბანკმა და ბიუჯეტმა შეთანხმებულად გაატარონ მკაცრი პოლიტიკა", - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური.

მთავრობას კრედიტები და გრანტები მინიმუმამდე შეუმცირდა.  შესაბამისად, ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლები მაღალმა ინფლაციამ უნდა შეავსოს. ამიტომაც, ექსპერტების განცხადებით, ხელისუფლებას მაღალი ინფლაცია აწყობს. მაშინ, როდესაც გადასახადების განაკვეთი უცვლელია და ეკონომიკა დაგეგმილზე მეტად არ იზრდება, საგადასახადო შემოსავლების ზრდა, ექსპერტების აზრით, ინფლაციით უნდა იყოს გამოწვეული. 

ეკონომიკის ექსპერტის, ლადო პაპავას განცხადებით, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის მიზეზი ოლივერ-ტანცის ეფექტია. კერძოდ, მთავრობა გაზრდილი ინფლაციის პირობებში დამატებითი შემოსავლების მიღებას ახერხებს. ასე რომ, თუ ამ შემოსავლების არასწორი განაწილება მოხდება, ინფლაცია და შემოსავლები ისევ გაიზრდება, ასევე მოიმატებს საბიუჯეტო შემოსავლები, მერე ისევ ინფლაცია და, საბოლოოდ, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი უფრო დამძიმდება.