„სანამ უკანასკნელი შევარდნაძისტი და ზვიადისტი აქტიურობს, ქვეყანაში არ იქნება ცივილიზებული გარემო“

„სანამ უკანასკნელი შევარდნაძისტი და ზვიადისტი აქტიურობს, ქვეყანაში არ იქნება ცივილიზებული გარემო“

რას მოიტანს ნაციონალების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია, რა დაბრკოლება ელის ჩვენს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაანონსებული სამართლიანობის აღდგენის გზაზე და რატომ არ წყალობს დღევანდელ ხელისუფლებას დასავლეთი, ისევე, როგორც თავის დროზე არ წყალობდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას? ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

21 მარტსრუსი ოლიგარქისწინააღმდეგ ნაციონალებმა საპროტექტო აქცია დანიშნეს. რუსულ მედიაში უკვე კეთდება შეფასება, რომ ნაციონალებმა ამით რევოლუციის დღე დააანონსეს. პარალელურად, ნაციონალებთან ერთად სინქრონში წამოიწყეს საპროტესტო აქციები სხვა ოპოზიციონრებმაც - კახა კუკავამ, ქდმ- და .. არის ეს შემთხვევითი და რას მოუტანს .. „ხელისუფლების შეცვლისდღე თავად ნაციონალებს?

- ნაციონალებმა ამ აქციას შეიძლება, რევოლუციის დღე უწოდონ, შეიძლება - მეორედ მოსვლის დღე, თუ გნებავთ - აღდგომა, ან ქრისტეშობა, ამით არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, შეიძლება, პატარა აქცია ჩატარდეს. დღევანდელი გადასახედიდან, მაქსიმუმ,  შეიძლება, 5-6 ათასი მათი მომხრე გამოვიდეს, თუმცა მომხრეები მეტი ჰყავთ. ერთია, მათი მომხრე, რომელიც არჩევნებში მიდის და ნაციონალების სასარგებლოდ აძლევს ხმას და, მეორეა, მომხრე, რომელიც მზად არის, ნაციონალებისთვის ბარიკადებზე ავიდეს. ასეთი მომხრეები მათ ძალიან ცოტა ჰყავთ და ნაციონალების მომხრეებს უფრო ურჩევნიათ არჩევნებზე ნაციონალთა კანდიდატს მისცენ ხმა. ამიტომ, საჯარო აქციების დროს არ დამდგარა ნაციონალებისთვის. ჯერ კიდევ ძალზე ცოტა დროა გასული მათი მმართველობიდან.

მართალია, ქართულ საზოგადოებას სულ ერთდღიანი მეხსიერების რეჟიმი აქვს და ამ რეჟიმში ცხოვრობს საუკუნეების მანძილზე, მაგრამ მაინც ძალზე პატარა დრო გავიდა არჩევნებიდან და ჯერ კიდევ „ნაციონალურ მოძრაობაში“ თითო-ოროლა ახალი სახეა, რომელთა მიმართაც მოსახლეობას არ აქვს პირადი უარყოფითი დამოკიდებულება. ამიტომ, ეს არ არის სწორი ტაქტიკა. დღეს როგორი ლოზუნგებითაც არ უნდა გამოვიდნენ ნაციონალები, ეს აღარ არის კაცური, მებრძოლი ლოზუნგები, გაცვეთილი ლოზუნგებია. როგორ შეიძლება, სერიოზულად მივიღოთ ნაციონალების მოთხოვნა, რატომ არ მცირდება გადასახადებიო? კი, მაგრამ ეგ დალოცვილები, ასი წელი რომ იყვნენ ხელისუფლებაში და ზუსტად ნაციონალების დროს მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში საქართველოში ყველაზე მაღალი იყო საშემოსავლო გადასახადი (რუსეთში რომ 13% იყო, ამათთან 20% იყო), ჩვენთან რომ მობილური ტელეფონით საუბრის ყველაზე მაღალი გადასახადი დაწესეს, ასევე - კომუნალური გადასახდები, მაშინ რატომ არავინ ხმას არ იღებდა?! მაგრამ, როცა გავა წლები და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოვლენ ახალი სახები, ახალი ხალხი, რომელთანც პირადად არ ექნებათ არანაირი საერთო გასულ ათ წელიწადთან, მაშინ შეიძლება, ხალხმა შეიცვალოს მათდამი დამოკიდებულება. ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელისუფლება გააგრძელებს ასეთ პოლიტიკას, მაგრამ თვითონ ეს ხელისუფლებაც შეცდომების მხრივ ნაცმოძრაობის ტყუპისცალია.

ვიღაცამ თქვა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ნაციონალების მოსყიდულია, იმიტომაც მოგცეს ასეთი რეკომენდაციებიო. კი, მაგრამ როგორ არის მოსყიდული, როცა ნაციონალები თავად ითხოვენ საშემოსავლო გადასახადის შემცირებას? ამ დროს კი ფონდის რეკომენდაციაა გადასახადების გაზრდა და ბიჯეტის შემცირება. ახლა ნოდარ ჯავახიშვილმა კარგი გააკეთა ის, რომ სისტემურ კორუფციაზე ხმამაღლა ალაპარაკდა. ამავე დროს, მერიის მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ „ცალკეული შემთხვევაა“. ეს ხომ ალოგიზმია. სამუშიასი მიკვირს, იგი პირადად აქუბარდიას ეთერიდან გავიცანი, თანაც, როგორც ვიცი, ისტორიკოსია, ხარისხი აქვს. ამიტომ, როცა სამუშია ამბობს, არავითარი კორუფცია მერიაში არ არისო, ამის უკვე არავის სჯერა.

ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩამოსვლა ძალიან კარგად გამოიყენეს ნაციონალებმა. თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ სწორედ ასე იწყებოდა 2003 წლის რევოლუცია, რასაც, ასევე, უძღოდა სავალუტო ფონდის წარმომადგენლების ბოლო ჩამოსვლა. ჩერგოლეიშვილისთვის ისიც ნიშანდობლივია, რომ სავალუტო ფონდმა მხარი დაუჭირა გიორგი ქადაგიძის პოლიტიკას და არ გაიზიარა ბიძინა ივანიშვილის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქადაგიძეს სავალუტო რეზერვი იმაზე მეტად უნდა დაეხარჯა, ვიდრე დახარჯა. ამდენად, ჩერგოლეიშვილი იმედოვნებს, რომ რევოლუციამდე არ მივა საქმე, თუმცა ყველაფერი მას 2003 წელს აგონებს.

- ერთი მხრივ, ფაქტობრივად, მართლაც არის პარალელები და ამ პარალელებმა გამოიწვია საბერძნეთში ულტრამემარცხენე მთავრობის მოსვლა, თუმცა ეს ულტრამემარცხენე მთავრობაც იძულებული გახდა, მაინც დათანხმებულიყო საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. სიმართლე გითხრათ, დიდი წარმოდგენა არასდროს მქონია ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურ კულტურასა და გონებრიობაზე. მე მაინც იმედი მაქვს, რომ რევოლუციების დრო საქართველოში წავიდა - გინდ ვარდების, გინდ ჭინჭრების და გინდ ცოცხების - ეს პრინციპულია. ამიტომ, უკვე, დღეს მთავარი ბრძოლის ველი თანდათანობით მაინც გადადის ლეგიტიმურ პოლიტიკურ სიბრტყეში. ასე რომ, სხვას რას იტყვის ჩერგოლეიშვილი? გუშინწინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ყინულის წყალში ჩაგვაგდო ყველანი, როცა თქვა, არავის არ მივიღებთ ნატოშიო, მაგრამ ჩერგოლეიშვილის ქმარი მაინც ამბობს, ჩვენ მაინც უნდა მივიდეთ ნატოშიო. კარები ჩაგვიკეტეს, მაგრამ პატარა ფორტოჩკა თურმე დაუტოვებიათ.

სხვათა შორის, უსუფაშვილმაც იგივე განაცხადა, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნსო.

 -  აკაკუნონ რამდენიც უნდათ. ბოლოს და ბოლოს, კოდალაც აკაკუნებს, აგარაკზე სულ გამიფუჭა ხეები.

ხელისუფლება აცხადებს, რომ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტის შექმნით ასე დაგვიანებული სამართლიანობა აღდგება. თუმცა საინტერესოა, გაარკვია თუ არა ჩვენმა ხელისუფლებამ დასავლეთთან ურთიერთობა, რათა სამართლიანობის აღდგენის გზაზე დაბრკოლებები არ შეხვდეთ დასავლეთისგან? თავის დროზე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასაც არ წყალობდა და ეჭვის თვალით უყურებდა დასავლეთი.

- მაშინ, მოდით, ვთქვათ სიმართლე. გამსახურდიას დროსაც ადგილი ჰქონდა შურისძიების მომენტებს, მაშინაც იყო ტერმინი - წითელი პროფესურა, ყვითელი ინტელიგენცია. კი ბატონო, გამსახურდიამ გაყარა წითელი ინტელიგენცია, მაგრამ ვინ მიიღო სამაგიეროდ? პეტრიაშვილი - ინტელიგენტად? კარგად მახსოვს ის ეპოქა, უნივერსიტეტში როგორი პროფესორებიც გაჩნდნენ უცებ და ვინც კითხულობდა ლექციებს.

შეგეკამათებით, ნაციონალებმა ჩარეცხეს კი არა, უარესი გაუკეთეს პროფესურას და ხალხს, მაგრამ დასავლეთი მათ ყველაფერს მიუტევებდა.

- ნაციონალებმა რაც ქართულ მეცნიერებას გაუკეთეს, ის აღა-მაჰმად-ხანს არ გაუკეთებია. კერძოდ, ყოფილი მინისტრი კახა ლომაია ქართული მეცნიერების პირველი მტერი იყო. მეფის დროს იყო ცენზორი ლუკა ისარლოვი, რომელიც საერთოდ ახრჩობდა პრესას, მეცნიერებას, არავითარი წიგნი და ცოცხალი აზრი. დღესაც დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ დღევანდელ მინისტრსა და კახა ლომაიას შორის.

მაგრამ ზვიად გამსახურდიასწითელი ინტელიგენციისჩარეცხვის ნაცვლად, დინების საწინააღმდეგოდ ცურვას უწუნებდნენ, რასაც მოჰყვა მისი განცხადება, დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიანო.

- რაც დღეს ხდება, ეს უკვე არის ქართული დიპლომატიის ბრალი. დიპლომატის მთავარი ფუნქციაა, მეგობრები გაუმრავლოს ქვეყანას. რიშელიედან მოყოლებული დღემდე, ნორმალურ დიპლომატიას მეტი ფუნქცია არ აქვს. სააკაშვილმა კი დაავალა თავის ელჩებს, ღვინო გაყიდეთ, კომვოიაჟერებივით გადაიქეცითო. დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ დააჯერა უცხოეთს, რომ სამართლიანობის აღდგენა არ არის შურისძიება. ამაში ბრალი მიუძღვის ჩვენი უმრავლესობის ბევრ წევრს, მათ შორის, იმ ადამიანებს, პარლამენტში დღეს რომ ბრძანდებიან და თავიანთი განცხადებებით აშფოთებდნენ და აეჭვებდნენ დასავლელ პოლიტიკოსებს, ანუ ამ სიტუაციისთვის მიუჩვეველ ხალხს. ტერმინი - სამართლიანობის აღდგენა ხანგრძლივი მოქმედების ბომბად იქცა. ეს იყო ყველაზე კატასტროფული შეცდომა. არადა, უნდა გამოეყენებინათ მეორე ტერმინი -მართლმსაჯულების აღსრულება, რათა დამნაშავე, ქურდი და მკვლელი დასჯილიყო. ამას ვერავინ შემოგვედავებოდა დასავლეთში. ზოგადი ტერმინი - „სამართლიანობის აღდგენა“ ყველაფერს იტანს, ეს არის ერთი დიდი ტომარა, რომელშიც ყველაფრის ჩაყრა შეიძლება.

გარდა ამისა, სამართლიანობის აღდგენა რატომ მოიცავდა მხოლოდ უშუალოდ სამართლის აღდგენას და არ მოიცავდა სოციალურ სფეროს? ეს რა სამართლიანობაა, როცა შვედეთში, ნორვეგიაში ყველაზე მაღალ და დაბალ ხელფასს შორის სხვაობა 5-6-ია, ხოლო ჩვენთან  - 60-90. ჩინოვნიკი 140-ჯერ მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე პროფესორი. ამიტომ სამართლიანობის „აღდგენამ“ დაღუპა ესენი. კიდევ კარგი, ვიღაცამ გამოსცრა, ახალი დეპარტამენტი იმასაც შეისწავლის, თუ რამდენად კანონიერად ფლობდა ესა თუ ის კაცი ქონებას, სანამ ვინმე წაართმევდა. ეს ძალიან შორს წაიყვანს ხელისუფლებას და დაუსრულებელი პროცესი იქნება. ამიტომ, ყველაზე საშიში პროცესი ქონების გადანაწილებაა. საქართველოში დღეს არიან მხოლოდ პირველი თაობის ბიზნესმენები. ტყუილად ხომ არ წერდა ფორდი თავის მემუარებში, პირველ მილიონზე ნუ მომთხოვთ პასუხს, ანუ პასუხს არ ვაგებ, თუ როგორ ვიშოვე პირველი მილიონიო. დანარჩენი, კი ბატონო, ყველაფერზე ვაგებ პასუხსო.

ახლა ელით დაბრკოლებას სამართლიანობის აღდგენის გზაზე?

- მე მგონი, ეს ისევე დამთავრდება, როგორც ჩვენი ქალაქის მერის შეხვედრები, რომელმაც გადაწყვიტა, რომის პაპზე უფრო მეტად კათოლიკე ყოფილიყო და მიღების დღეები დააწესა. რეალურად კი, მხოლოდ ერთი დღით ჰქონდა მიღება. იმ ერთ დღესაც სასწრაფო მიიყვანეს, რადგან ხალხს გული წაუვიდა, მერიაში არ შეუშვეს. ცხადია, მილიონი ადამიანი მიაწყდა მერიას. ჩვენთან, სადაც სამართლებრივი ნიჰილიზმი და თვითკრიტიკის მომენტი ძალზე ეფემერულია, ყველას მართალი ჰგონია თავი. პროკურატურის ახალ დეპარტამენტს რაც შეეხება, ჯერ ერთი, რამდენიმე ათასი საქმეა და სულ ოთხი პროკურორია. სულაც შერლოკ ჰოლმსები რომ იყვნენ ის გამომძიებლები, ოთხი პროკურორი რამდენ წელს მოუნდება ათი ათასი საქმის განხილვას? მერე ხომ საქმეები სასამართლოში უნდა წავიდეს? მეორე სასამართლოც უნდა შეიქმნას ამისთვის?

თავდაპირველად 52 ათასი საჩივარი შესულა პროკურატურაში, ახლადშექმნილი დეპარტამენტისთვის ამ რაოდენობის სარჩელებიდან გამოხშირეს მხოლოდ ათი ათასი საქმე. სავარაუდოდ, აქ ძირითადად გახმაურებული საქმეები მოხვდება. საინტერესოა, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებიც გაუხმაურებელ ფაქტებში მოიაზრებიან და, რომელთა ქონებაც ნაციონალების ხელშეწყობით, ასევე, მითვისებულია, ვინ გასცემს პასუხს?

- ცხადია, ისინი ისევ დაზარალებულნი დარჩებიან, როგორც ყოველთვის ხდება, ყველაზე კანონმორჩილი, თავმდაბალი ადამიანები, ვისაც მართლაც წაართვეს ქონება, კაპიკს ვერ იღებენ. ვინც აქტიურია, ყვირის მიტინგებზე, ტელევიზიაში, დათო აქუბარდიას ეთერში, სადაც ყოველდღიურად მოდიან ადამიანები დოკუმენტებით, მხოლოდ მათთვის აღდგება სამართლიანობა. მათ შორის, გაზულუქებული ადამიანებიც იქნებიან, რომლებიც არაწესიერად გამდიდრდნენ.

ისევ 21 მარტის აქციას დავუბრუნდეთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ნაცმოძრაობის გააქტიურება საეჭვოდ დაემთხვა მოსკოვში მომხდარ ნემცოვის მკვლელობას? გამოითქმის მოსაზრებაც, რომ ნემცოვის სიკვდილს ცალკეული ძალები რუსეთში არეულობის შესატანად შეეცდებიან. რაც შეეხება საქართველოს, არც საქართველოს ელის კარგი პერსპექტივა, რადგან რუსული ტანკები სულ ახლოს არის. ამ შემთვევაშიც, არეულობა ხომ არ არის ნაციონალების მთავარი მიზანი?

- არეულობა იქ ხდება, სადაც სიძულვილია. მაგალითად, ფოტოგრაფი რომ სცემეს, მას გამწარებული, დაბოღმილი ახალგაზრდა ბიჭი ურტყამდა. მაიკლ ტაისონი გამახსენდა, წუთში 15-ჯერ დაარტყა. ათი წუთი მიდიოდა მუშტი-კრივი და ერთი პოლიციელი არ იყო. ეს შემთხვევითი იყო? თუ ეს იმას ჰგავდა, როცა იეღოველების დამცველ ბოკერიას სცემდნენ და არცერთი პოლიციელი ახლოს არ იყო. ეს ყველაზე საშიშია. ქვეყანაში, სადაც ცოცხლობს საზიზღარი ტერმინები - ხალხის მტერი, რუსეთის, ამერიკის აგენტები, შევარდნაძისტები, ზვიადისტები, არასოდეს იქნება მშვიდობა. სანამ უკანასკნელი შევარდნაძისტი და ზვიადისტი ცოცხალია და აქტიურობს კიდეც, ქვეყანაში არ იქნება ევროპული და ამერიკული ცივილიზებული გარემო.

შესაძლოა, 21 მარტის აქციაზე კონტრაქციის მონაწილენი გამოჩნდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ლადო ბედუკაძე ნაციონალთა აქციის ჩასაშლელად ზონდერბრიგადებს ქმნის, ლაპარაკობენუფასო მასაჟებზედა .. საპროტესტო აქციების მხრივ რატომ გააქტიურდნენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც?

- ველური პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრისით თუ მივუდგებით, არ გამოვრიცხავ, ნაცმოძრაობას ან რომელიმე მოძრაობას აწყობდეს, მკვლელობა თუ არა, დასისხლიანებული ადამიანები მაინც გამოჩნდენენ აქციაზე და მერე ეს ვიდეო ატრიალონ ამერიკელი სენატორის თუ ევროპარლამენტარის წინაშე. ამით მოგებული ვინც რჩება, ეს მათ სინდისზე იყოს, მაგრამ წაგებულნი რიგითი ადამიანები ვრჩებით. აქ უკვე აღარ შემოვა ინვესტიცია, რომელი გიჟი ამერიკელი თუ ევროპელი ბიზნესმენი დააბანდებს აქ ფულს?! არ ვიცი, ამაზე გათვალა თუ არა ნაცმოძრაობამ. რაც შეეხება კუკავას გააქტიურებას, ეს საინტერესო თემაა. კუკავას წასვლა პოლიტიკიდან ქართული პოლიტიკისთვის დანაკარგი იყო. მაშინ ეს ემოციური გადაწყვეტილება იყო კუკავას მხრიდან, ვერ მიიღო ხმები და ელექტორატზე განაწყენდა, მათ გაებუტა. ახლა მისი დაბრუნება, მე მგონი, ნორმალურია, რადგან, ალბათ, იქნება რიგგარეშე არჩევნები. გინდაც არ იყოს არჩევნები, 2016 წელი არც ისე შორსაა. ყველა გათვლით, წელიწადნახევარი დარჩა არჩევნებამდე. მაგრამ, თუ კუკავამ იგივე შეცდომა დაუშვა, რომ, თუ მას არ დანიშნავენ ლიდერად, მაშინ არავისთან გაერთიანდება, მაშინ ჩვენ ისევ მივიღებთ ერთნახევარ პარტიან სახელმწიფოს. ასეთ შემთხვევაში, ერთი მთელი, სრული პარტიაა მმართველი პარტია, ხოლო ოპოზიცია ნახევარი პარტიაც არ არის. ეს სიახლე არ არის, იტალიაში, იაპონიაში 30 წელი იყო ასეთი რეჟიმები. ამიტომ შემთხვევით არაფერი ხდება პოლიტიკასა და ცხოვრებაში და არც ეს ადამიანები არ გააქტიურებულან შემთხვევით. როცა ახლოვდება არჩევნები და მმართველ პარტიას იმ პოპულარობის მეხუთედიც არ აქვს ხალხში, რაც ჰქონდა, აქ უკვე ცდუნება დიდია.