ღარიბაშვილმა მერებს და გამგებლებს წამმზომი ჩაურთო

ღარიბაშვილმა მერებს და გამგებლებს წამმზომი ჩაურთო

დედაქალაქის მერიაში საკადრო ცვლილებებია. მერიას თანამშრომლები ნაწილ-ნაწილ ტოვებენ. ალექსანდრე მარგიშვილის შემდეგ, თანამდებობები დატოვეს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჩახავამ და მისმა მოადგილემ მარიამ შელეგიამ. არსებული ინფორმაციით, ჩახავამ და შელეგიამ პოსტები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. მერიის პრეს-სპიკერი გვანცა პაპავაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩახავამ და შელეგიამ თბილისის მერს განთავისუფლების შესახებ განცხდებით გუშინ მიმართეს, მოტივი კი სხვა სამსახურში გადასვლაა.

ჩახავას და შელეგიას განცხადება დედაქალაქის მერმა უკვე დააკმაყოფილა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები მოღვაწეობას, მერიაში ორი დღის წინ დაფუძნებულ ააიპ „თბილისის მეწარმეობოს ხელშეწყობის ცენტრში“ გააგრძელებენ. „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ თბილისის საკრებულოს მიერ, პროექტის მოწონების შემდეგ, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. ცენტრი მერიის ბიუჯეტის გარდამავალი ნიშნიდან 2 მილიონი ლარით დაფინანსდება.

გარდა ამისა, შესაძლებელია ვაკანტური გახდეს საბურთალოს გამგებლის ბექა მიქაუტაძის თანამდებობაც, რომელიც ოფიციალურად შვებულებაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით ბექა მიქაუტაძის შვებულებაში წასვლა, ქრთამის აღების ბრალდებით საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომელის მიხეილ ქვირია  დაკავებას უკავშირდება. მერიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. პრეს-სპიკერის განცხადებით, მიქაუტაძემ თანამშრომლის დაკავებამდე ერთი დღით ადრე დაწერა განცხადება და ამჟამად 10-დღიან შვებულებაში იმყოფება.

შეგახსნებეთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედმა გამგებელმა, რომელიც წესით, შვებულებაში 3 მარტს გავიდა, 4 მარტს საბურთალოს გამგეობაში განცხადება გააკეთა თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით. მაშინ მიქაუტაძემ შესაბამის უწყებებს მოუწოდება, საქმეში არსებული დარღვევები დეტალურად გამოიძიონ, თუმცა მისი შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

მერებს და გამგებლებს რომ წინ მძიმე დღე ელოდებათ, ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არჩეულ მერებს და გამგებლებს გაუჩნდათ განცდა, რომ ხელშეუხებლები არიან. პრემიერის განცხადებით, თუ რომელიმე თანამდებობის პირი არაეფქტურია და დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს, მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. ღარიბაშვილმა მათ შეახსენა, რომ პირველ რიგში, ისინი ხალხის და პოლიტიკური ძალის წინაშე არიან პასუხისმგებელნი.

„ზოგადად, რაც მესმის, არის ის, რომ გამგებლებს და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ ხელშეუხებელნი არიან. მინდა მათ ვუთხრა, რომ ძალიან ცდებიან, იმიტომ, რომ მათ ჩვენი პოლიტიკური ძალის და პირველ რიგში, ხალხის მიმართ, ვინც ეს გამგებლები აირჩია, პასუხისმგებლობა აიღეს. ასე რომ, ვერც ერთი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, თუ ისინი არაეფექტურები არიან და ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება აუცილებლად მოხდება. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვინმეს არაეფექტურობა ყურადღების მიღმა დავტოვოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მაშ ასე, მთავრობის მეთაურმა მერებს და გამგებლებს წამზომი ჩაურთო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სევდია უგრეხელიძე ამბობს, რომ უმრავლესობის მიერ

კანონში ჩაიდო ისეთი ნორმა, როდესაც პირდაპირ არჩეული მერი და გამგებელი საკრებულოს ორმა მესამედმა შეიძლება გადააყენოს.

„ეს უმსგავსო ნორმა იძლევა საშუალებას, რომ პირდაპირ არჩეული ადამიანი სამართლის პრინციპების საპირისპიროდ იქნეს გადაყებებული. ის, რომ ღარიბაშვილმა ეს თქვა, არაფერს ნიშნავს. ის არ საუბრობს კანონის პრინციპიდან გამომდინარე, საუბრობს ბიძინა ივანიშვილის განწყობიდან გამომდინარე. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ მერიაში ყოველი გაფაჩუნება საინტერესო ცვლილებას იწვევდეს თბილისელების ცხოვრებაში, ასე არაა. კორუფცია ეს არის მერიის ცალკე პრობლემა, რომელიც არსებობს, რომელმაც თავი იჩინა და სამწუხაროდ, კიდევ და კიდევ გვექნება ამის თვალსაჩინო მაგალითები.

რაც შეეხება ადმინისტრაციის უფროსის და მისი მოადგილის წასვლას, მათი მოღვაწეობა შემხებლობაშია მერიის ადმინისტრაციის უმსგავსო მუშაობასთან, ამასთან კავშირშია მარგიშვილიც, რომელმაც უსამართლო და უსარგებლო კორპუსი ჩაატარა და ამასთან კავშირშია ადმინსიტრაციის უფროსიც. მათ გაყარეს ის კადრები, რომლებამაც გაიარეს ტესტირება და დატოვეს ბარიერგადაულახავი კადრები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სევდია უგრეხელიძე.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ხელშეუხლებელი რომ არავინ არის, ამის პირდაპირი მტკიცებულებაა ის ფაქტი, რომ არა გუნდურობის და პოლიტუკური ერთგულებით ხდება დანაშაულზე რეაგირება, არამედ ნებისმეირი ადამიანი, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, არის ის თუა არა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი, აგებს პასუხს, რაც მისასალმებელია.

„როდესაც „ნაციონალური მოძრობა“ საუბრობს კორუფციაზე, ჩვენ გვახსოვს უამრავი გახმაუარებული ფაქტები კორუფციის თვალსაზრისით, ისინი აპელირებენ, რომ მოსპეს კორუცია და ახალი ხელისუფლების დროს გაჩნდა. ეს არის ტყუილი. „ნაცინოალურმა მოძრაობამ“ შეიძლება ქვედა დონეზე მოსპო კორუფცია, მაგრამ ეკონომიკური კორუფციის მაგივრად გაჩნდა პოლიტიკური კორუფცია.  

რაც შეეხება მთავრობის გადადგომას, ასეთი განცხადებები რჩება მათი პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთ იარაღად. შინაარსობრივ ნაწილში არ შემოდიან, ცდილობენ, რომ ვიღაცას ჩირქი მოსცხონ. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამტკიცებდა, რომ ნარმანიამ შეიძინა ახალი „ტოიოტას“ ჯიპი. მერე აღმოჩნდა, რომ ნარმანია გადაადგილდება იმ მანქანით, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეიძინა სანდრა რულოვსის მშობლებისთვის. აქედან გამომდინარე, საზოგადოება თვითონ გამოიტანს დასკვნას, ვის დაუჯეროს და ვის არა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ბექა ნაცვლიშვილი.