ოპოზიციის მიერ „არჩევნების გამყალბებლად“ შერაცხული ლევან თარხნიშვილი დეპუტატი ხდება. ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე პარლამენტში გოგი ოჩიაურს ჩაანაცვლებს, რომელმაც დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა საკუთარი სურვილით მოითხოვა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
ამჟამად, ლევან თარხნიშვილი პარლამენტში მუშაობს, თუმცა, გივი თარგამაძის თანაშემწედ. თავად თარხნიშვილს დასჭირდება თუ არა თანაშემწე და მის უფლებამოსილებას ცნობს თუ არა ყოფილი ოპოზიცია და ამჟამინდელი უმრავლესობა, ამ საკითხით for.ge დაინტერესა.
ნაციონალი გივი თარგამაძე for.ge-სთან საუბარში იმედს გამოთვამს, რომ უმრავლესობა თარხნიშვილს ხმას მისცემს.
თარგამაძის განცხადებით, პოლიტიკურ მხარეებს შორის უტყვი შეთანხმება არსებობს, რომ ისინი საკადრო ცვლილებების განხორციელებისას ხელს ერთმანეთს არ შეუშლიან.
„იმედია, ამას მაინც არ გადააბიჯებენ, რადგან ჩვენი მხრიდან ვიცე-სპიკერად გუბაზ სანიკიძის მხარდაჭერა მოხდა, ისევე როგორც ლუკა კურტანიძის“, - დასძინა თარგამაძემ, რომლის მსგავსად, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ მხარეებს პროცედურულად არავითარი უფლება არ აქვთ, რომ თარხნიშვილს მხარი არ დაუჭირონ.
როგორც for.ge-ს გოგუაძემ განუცხადა, პარლამენტში დეპუტატების ჩანაცვლება კანონით არის განსაზღვრული.
„ამ შემთხვევაში, არავის არ აქვს უფლება, რომ თარხნიშვილს ხმა არ მისცეს. კანონს პარტიები არ წერენ“, - დასძენს გოგუაძე.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი, თარხნიშვილის შემთხვევაში, ინდივიდვალური გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტის წევრი სტანდარტული კრიტერიუმების გარდა, იმ მოთხოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდეს, რომ მის მიმართ მწვავედ დასმული კითხვები არ არსებობდეს.
ბესელიას თქმით, მას თარხნიშვილთან მიმართებაში იგივე მოსაზრება აქვს, რაც ოპოზიციაში ყოფნის დროს ჰქონდა.
„2008 წლის არჩევნები მწვავედ გავაკრიტიკეთ, რომელსაც ცესკო ატარებდა. ბუნებრივია, დრო და ვითარება იმას არ ცვლის, რაც მაშინ ხდებოდა. დეპუტატის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება მექანიკურ და ავტომატურ რეჟიმში არ უნდა ხდებოდეს. უფლებას ვიტოვებ, რომ ჩემი პოზიცია ინდივიდვალურ რეჟიმში გამოვხატო, როდესაც ამა თუ იმ პირის პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის საკითხი დადგება“, - განაცხადა ბესელიამ, რომლის თანაფრაქციელი ირაკლი სესიაშვილი თარხნიშვილისთვის შესაძლო ხმის მიცემას პროცედურული საკითხებით ხსნის.
როგორც for.ge-ს სესიაშვილმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი ერთი იდეოლოგიის მატარებელია, რადგან ისინი ქვეყნის დამაქცევლები იყვნენ ხელსუფლებაშიც და ოპოზიციაშიც. მისი მტკიცებით, მისთვის ნაციონალები არ არსებობენ, როგორც ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, მაგრამ პარლამენტს თავის სია და პროცედურები აქვს.
„მათ თავის ამომრჩეველი ჰყავთ, ჩვენ ჩვენი. მათ ხმა და კვოტა თავიანთმა ამომრჩეველმა მისცა. თუკი ჭიდაობას დავიწყებ, რომ შენ კვოტა გაქვს, ხმას არ მოგცემო, ეს ასე არ გამოვა, რადგან ეს დემოკრატიული პრინციპის საწინააღმდეგოა. ხმას ლევანს თუ არ მივცემ, მის ნაცვლად უკეთესი შემოვა?“, - აცხადებს სესიაშვილი.
საკითხზე საუბრისას for.ge-სთან საუბარში რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი 90-იანები წლების პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ გურამ ბერიშვილის უფლებამოსილებას იმის გამო არ სცნობდნენ, რომ ის შევარდნაძეს გულზე არ ეხატებოდა. კანონმდებელის შეფასებით, ზოგს უნდა, რომ პარლამენტი საბავშვო ბაღად წარმოაჩინოს, მაგრამ ეს ასე არ მოხდება.
„საქართველოს პარლამენტში განვითარებული ის ამბავი მახსოვს, როდესაც უწყებაში გურამ ბერიშვილს არ უშვებდნენ. შევარდნაძეს მის დანახვაზე გული უსკდებოდა, მას კენჭს არ უყრიდნენ და პარლამენტში არ უშვებდნენ. ყოველ დღე, ეს ადამიანი კიბეზე იჯდა, მას სკამი არ ჰქონდა და კენჭისყრას ელოდა. ამას არ ვაპირებთ, რადგან ეს მათი სიაა და მათი პრივილეგია. რას ნიშნავს ხმას არ მივცემ, პარლამენტი საბავშვო ბაღი ხომ არ არის?“, - აცხადებს ხიდაშელი.
რაც შეეხება პროცედურას, როგორც for.ge-ს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუმარტა, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა დადგენილების მიღებით ხდება, დადგენილებას კი, დამსწრეთა უმრავლესობით იღებს, ანუ - არანაკლებ 50 დეპუტატისა.
შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 12 ოქტომბერს, პარლამენტმა ლევან თარხნიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ აირჩია, რომელიც ამ თანამდებობაზე 2010 წლის იანვრამდე დარჩა. ოპოზიციამ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემდეგ, ლევან თარხნიშვილს გამყალბებელი უწოდა. 2008 წლის არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიდატი ოპოზიციონერი ლევან გაჩეჩილაძე და ოპოზიციური კოალიციის სხვა ლიდერები ცესკო-ს თავმჯდომარის კაბინეტში შევიდნენ და ლევან თარხნიშვილის გადადგომა მოითხოვეს იმის გამო, რომ მათი განცხადებით, მან არჩევნების შედეგები გააყალბა. 2009 წელს, თარხნიშვილს არჩევნების გაყალბების მოტივით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. ლევან თარხნიშვილი ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორია.