სამმხრივი თანამშრომლობა მეწარმეობის განვითარებისთვის

სამმხრივი თანამშრომლობა მეწარმეობის განვითარებისთვის

საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად სამთავრობო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთიანდებიან. „თიბისი ბანკმა“, მეწარმეობის განვითარების სააგენტომ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ 5 მარტს „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში სპეციალური მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის მიზანი, სწორედ, მცირე და საშუალო მეწარმეების მხადაჭერაა.

მემორანდუმის თანახმად, IFC (საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში „თიბისი ბანკის“ „ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი უფასო საგანმანათლებლო ვებპორტალის (tbcbusiness.ge) ხელმისაწვდომობას.

tbcbusiness.ge-ს ფარგლებში, სპეციალურად მიკრო და მცირე მეწარმეებისათვის შექმნილია აპლიკაცია -„თიბისი ბიზნეს აკადემია“, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის და დამწყებ ბიზნესმენებს მისცემს საშუალებას, საქმიანობის წამოწყებისა და განვითარებისთვის აუცილებელი ცოდნა ვირტუალურ რეჟიმში შეიძინონ: მოისმინონ ლექციები, გაეცნონ მასალებს ბიზნესის მართვის, ფინანსების საფუძვლებისა და ზოგადი მენეჯმენტის შესახებ; ისწავლონ ბიზნეს გეგმის შემუშავება და რეალურად მოემზადონ ბიზნესის დასაწყებად. გარდა ამისა, „თიბისი ბიზნეს აკადემია“ აძლევს აპლიკანტებს საშუალებას, სპეციალური ტესტების საშუალებით შეამოწმონ მიღებული ცოდნა და მიიღონ სერთიფიკატი.

„თიბისი ბანკმა დღეს გაუშვა „თიბისი ბიზნესაპლიკაცია“, რომელიც არის ვირტუალურ სივრცეში და ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებ ადამიანს საშუალება ეძლევა, გაიღრმავონ ცოდნა–განათლება ამ აპლიკაციების ვებსაიტის საშუალებით. მეწარმეობის სააგენტოსთან ერთად ჩვენ შევძლებთ, ხელი შევუწყოთ მცირე ბიზნესის განვითარებას და დაფინანსებას. გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მცირე ბიზნესის განვითარება, მეორე მხრივ ის, რომ ეს მოხდეს არ მხოლოდ თბილისში, თბილისის გარეთაც“,– განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლიაც. მისი განმარტებით, პროგრამა მცირე მეწარმეებისთის ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობა და დამატებითი სტიმული იქნება.

„თიბისი ბანკს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის მთავარი მიზანია მიკრო და მცირე მეწარმეების წახალისების პროგრამისთვის დამატებითი სტიმულის მიცემა იმ ინსტრუმენტებით, რომელიც გააჩნია საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციას და ასევე „თიბისი ბანკს“... საუბარია რამდენიმე სახის პროდუქტზე – ტრენინგებზე, რა ტიპის ცოდნა უნდა მიიღოს მცირე მეწარმემ, ასევე საუბარია ონლაინპლატფორმაზე, რომლის მეშვეობით ყველა მეწარმეს საშუალება ექნება, მიიღოს ინფორმაცია ბიზნესის განვითარების შესახებ“, – აცხადებს გიორგი ციკოლია.

საგანმანათლებლო ბიზნეს ვებპორტალი (tbcbusiness.ge) IFC- ის ინოვაციას წარმოადგენს და IBM-თან თანამშრომლობით შეიქმნა. მასში თავმოყრილია ყველა ის საბაზისო ინსტრუმენტი და საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მეწარმეებს ბიზნესის უფრო ეფექტურად მართვაში, კონკურენტუნარიანობისა და მომგებიანობის ამაღლებაში ეხმარება.

სამმხრივი თანამშრომლობა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროექტის - მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის ფარგლებში შედგება: რეგიონებში მცხოვრები პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან ახალი ბიზნესის წამოწყებით, ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსგან“ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებენ.