შსს-მ  მესტიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

შსს-მ მესტიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მირიან ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ ჭუბერში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მირიან ნ-მ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, საკუთარ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 1986 წელს დაბადებულ ლევან ჩ-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).