„ნაციონალური მოძრაობა“ 21 მარტს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს. რამდენად ფართომასშტაბიანს, ძნელი სათქმელია, თუმცა უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ ასეთი აქციები შესაძლოა, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სახიფათო აღმოჩნდეს. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძე თვლის, რომ პუტინი შეეცდება, „საქართველოში ნებისმიერი არასატაბილურობა თავისივე ხელთ არსებული ყველა საშუალებით კიდევ უფრო გააძლიეროს და გადამწყვეტ მომენტში, ჩვენს ქვეყანას მომაკვდინებელი ლახვარი ჩასცეს. სამწუხაროდ, ამისათვის მან ბოლო დროს საქართველოში ძალიან გააძლიერა მეხუთე კოლონა და აგენტურულ-დივერსიული ქსელი“.
რამდენად სერიოზული საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს საქართველოს აქციებითა და მიტინგებით, ხოლო თუ ეს ასეა, რისთვის იბრძვის „ნაციონალური მოძრაობა“? ამ თემაზე ექსპერტი, ალექსანდრე თვალჭრელიძე გვესაუბრება.
ალექსანდრე თვალჭრელიძე: ღმერთმა ხელი მოუმართოთ ნებისმიერი აქციის მოწყობაში - 30-40 ათას კაცზე მეტს მაინც ვერ გამოიყვანენ. მატარებელი უკვე წასულია, წინ უნდა ვიყუროთ და არა უკან. გარდა ამისა, არ მგონია პუტინს ჰქონდეს რაიმე რესურსი, ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენოს - ჯარს არ შემოიყვანს საქართველოში და სხვა, რაც გასაკეთებელი იყო, უკვე გააკეთა.
ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოდით, ნუ გვეშინია! აქციები და დემონსტრაციები არის დემოკრატიული საზოგადოების შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილი, ეს დემოკრატიული პროცესია.
რაც შეეხება რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებს და ჯარის შემოყვანას, ცოტა ხნის წინ აქტიურად საუბრობდნენ ავარო-კახეთის გზაზე, საიდანაც თითქოს მოსალოდნელი იყო რუსული შეიარაღების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა. ეს საფრთხე ამ ეტაპზე აქტუალური აღარ არის?
- ეს გზა თავის დროზე გრიგოლ ორბელიანმა ააშენა. მე მივლია ამ გზაზე და ის ჩამოქცეულია უღელტეხილზე დაახლოებით 300 მეტრის მანძილზე. ამ გზის აღდგენა არაფრით არ შეიძლება. თავის დროზე, ლეკები ქართველ ქალებს სწორედ ამ გზით იტაცებდნენ. ეს არის ნარკოტრაფიკისთვის და ქურდობის გზა, მისი აღდგენა არაფრით არ შეიძლება, რადგან ეს საქართველოსთვის ზურგში ლახვარის ჩაცემა იქნებოდა. საქართველომ უბრალოდ, თავის მონაკვეთზე არ უნდა აღადგინოს ეს გზა და არაფერიც არ მოხდება.
ნაციონალები გეგმავენ, მათთვის სასარგებლოდ გამოიყენონ ქვეყანში შექმნილი ეკონომიკური ფონი და მასობრივი უკმაყოფილება ააგორონ. როგორ ფიქრობთ, შემცირებული ინვესტიციები, მზარდი ინფლაცია, მათთვის კარგი კოზირები იქნება?
- ხალხს ეს მობეზრდა. ისინი მოქმედებენ პრინციპით - რაც უარესია - მით უკეთესი. არაფერი არ აინტერესებთ თავიანთი რევანშის გარდა. ხალხი ამ ყველაფერს ხედავს. მათი პოზიცია ვფიქრობ, მათთვისვეა წამგებიანი. მთავრობას ყველა აკრიტიკებს, მაგრამ არა იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მობრუნდეს. ჰერაკლიტემ თქვა თავის დროზე, რომ ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლა არ შეიძლება - ეს ფურცელი ჩვენ უკვე გადავშალეთ, მორჩა.
ერთია პოლიტიკური ბატალიები, მეორე - რეალურად მძიმე ეკონომიკური ფონი. დღეს არგუმენტად მოჰყავთ სავიზო რეჟიმის შეზღუდვა უცხოელებისათვის და თვლიან რომ ეს ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი მიზეზია...
- რა სავიზო რეჟიმი? საქართველო ის ქვეყანაა, სადაც დამოუკიდებლობის დღიდან 25 წლის მანძილზე არ არსებობს ეკონომიკური განვითარების პროგრამა. ჩვენ არ ვიცით, საით მივდივართ და მიზანს ვერ ვხედავთ. არადა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა უნდა იყოს ღერძი, რომლის გარშემო გაერთიანდება ერი.
დღეს არ ვიცით, რას ვაშენებთ და აქ არაფერ შუაში არ არის ტურიზმის შემცირება. ყოველდღიურობით ვცხოვრობთ და დინებას მივყებით. უკლებლივ, ყველა ადმინისტრაციის დრამატული და ტრაგიკული შეცდომა გახლავთ სწორედ ეს. არც გამსახურდიას, არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს და არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონია ეკონომიკური განვითარების პროგრამა.
როგორ ფიქრობთ, რატომ არ აკეთებენ, არ უნდათ თუ არ იციან?
- მათ ჰკითხეთ, მე რომ მთავრობაში ვიყო, დიდი ხანია, მექნებოდა. 2011 წელს გამოვუშვით წიგნი, რომელსაც ერქვა „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა“... ნუ გავასწრებთ მოვლენებს, დაგვპირდნენ, რომ ამ დღეებში დადებენ პროგრამას, ვნახოთ, რას იზამენ...
დავუშვათ, ნაციონალებმა შეძლეს და ააგორეს უკმაყოფილების ტალღა. ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ხელისუფლებამ რიგგარეშე არჩევნებზე იფიქროს?
- არ მგონია, რიგგარეშე არჩევნები იყოს, მაგრამ გაზაფხულზე ამა თუ იმ მომენტში აუცილებლად დადგება მთავრობის ნდობის ვოტუმის საკითხი.
მთავრობის შეცვლას ვარაუდობთ? ნაციონალების მოთხოვნა შესრულდება?
- არ ვამბობ, რომ გამოცვლიან. მისი ნდობის საკითხი დადგება და როგორ გადაწყდება, ეს სხვა საკითხია, თუმცა ასეთი დებატები პარლამენტში მოსალოდნელია.
თუ მთავრობის ნდობის საკითხი დადგა, ეს რამენაირად გადაჭრის თუ არა იმ პრობლემებს, რაც რეალურად არის ქვეყანაში?
- მთავრობის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი უნდა იყოს არა პოლიტიკური ერთგულება, არამედ პროფესიონალიზმი. ეს პარტიები შექმნილია ერთ-ორი დღის წინ - სიმბოლურად ვამბობ - როდესაც ამერიკული თუ ევროპული პარტიები ასეულობით წლებია, არსებობენ. ეს ხომ პოლიტიკანობის თამაშებია. გარდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისა“, ვერც ერთ პარტიას შორის იდეოლოგიურ განსხვავებას ვერ ნახავთ. ყველას უწერია თავისუფალი ბაზარი, ევროპისკენ მისწრაფება და ა.შ.
მაგალითად, „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის, გარდა იმისა, რომ ლიდერები ჰყავთ სხვა, იდეოლოგირი განსხვავება, ვფიქრობ, არ არსებობს. ამიტომ ასეთი პარტიები უნდა გაერთიანდნენ.
გარდა ამისა, საქართველოში მინისტრები პარტიული ნიშნით კი არ უნდა ინიშნებოდნენ, არამედ პროფესიული ნიშნით. ისედაც მწირი რესურსის გამოყენება გვიწევს, თუმცა არსებობს ძალიან დიდი შრე პროფესიონალებისა, რომლებიც არააქტიურები არიან.
აიღეთ უმაღლეს სასწავლებლებში არსებული პროფესურა, ამ პოტენციალს არაფერში არ ვიყენებთ და პატარა ბავშვებს ვნიშნავთ თანამდებობებზე. მერე აღმოჩნდება, რომ ვინმე ჯოკია ბოდოკია, თურმე, ქრთამს იღებს, გუშინაც ვიღაც დაიჭირეს...
იმის მაგივრად, რომ პროფესიონალები მოვიწვიოთ, ვნიშნავთ ადამიამნებს, რომლებსაც ორ წელიწადში მილიონების გაკეთება უნდათ... საკუთარ თავზე ფიქრობენ და არა საქართველოზე - ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალინ დიდი ხნის სენი.
როგორი კარგი თამაშის წესებიც არ უნდა გაწერო, თუ ითამაშებ პრემიერ-ლიგაში, თბილისის „დინამო“ მადრიდის „რეალს“ ვერ მოუგებს. იმისთვის, რომ თბილისის „დინამოსგან“ გუნდი შედგეს, კარგი მოთამაშეები უნდა ჰყავდეს - ამას ვთავაზობთ მთავრობას.
ანალიტიკოსთა შეფასებით, რაც არ უნდა სერიოზული პრობლემები ჰქონდეს ამ მთავრობას, ეს არ ზრდის ნაციონალების შანსებს. როგორ ფიქრობთ, თუ შანსი არ აქვთ ხელისუფლებაში მობრუნების, რისთვს იბრძვიან და რისთვის ხარჯავენ რესურსებს?
- ისინი იბრძვიან რევანშისთვის, მთავრობაში დაბრუნება სურთ. მიუხედავად პარტიის აშკარა დანაშულებრივი ნიშნებისა, იქ არის რამდენიმე ახალგაზრდა, კარგად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც სისხლში ხელი არ აქვს გასვრილი. მე მათ ვურჩევდი ახალი პარტია შექმნან, რადგან ვფიქრობ, ამ პარტიას ასეთი სახით საქართველოში არანაირი მომავალი არ აქვს. თუ ასეთი პარტია ხელისუფლებაში დაბრუნდა, მე ასეთ საქართველოში ცხოვრება არ მინდა.