ორი წელი და ხუთი თვე, ზუსტად ეს დრო დასჭირდა მთავრობას, რომ წინასაარჩევნო დაპირება შეესრულებინა და ყოფილი ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხზე ემუშავა. მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ახალ დეპარტამენტი შეიქმნა, რომელსაც ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო მის მოადგილედ კოკა კაციტაძე დაინიშნა. ახალ სამსახურში ასევე 4 პროკურორი, 10 გამომძიებელი და 4 კოორდინატორი იმუშავებს.
როგორც მთავარი პროკურორი, გიორგი ბადაშვილი ამბობს, ამ დეპარტამენტში დასაქმებულ კადრებზე საჩივარი არასდროს შესულა არც ერთ სამართალდამცველ უწყებაში. მთავარი პროკურორის განცხადებით, დეპარტამენტი იქნება სწრაფი და ეფექტური მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნება სამართალწარმოების მიმდინარეობისას და სასჯელის მოხდის პერიოდში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაზე. ბადაშვილის თქმით, უკვე მიმდინარეობს ცალკეული საქმეების გადაცემა დეპარტამენტისთვის.
„ასევე, მინდა შევეხო იმ ძირითად მიმართულებას, რომელზეც იმუშავებს აღნიშნული დეპარტამენტი. პროკურატურაში გაწეული მუშაობის შედეგად, მოხდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე შემოტანილი განცხადებების შესწავლა და სისტემატიზაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ განცხადებების და ცალკეული განცხადებების საფუძველზე უკვე დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების გადაცემა ახალი დეპარტამენტისთვის.
გამოძიების მიმდინარეობისას მაქსიმალურად იქნება დაცული სამართლიანობის პრინციპი, დეტალურად იქნება შესწავლილი და განცხადებაში მითითებული ფაქტები, მათ შორის სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქცეული ქონების წარმომავლობის საკითხები და დაცული იქნება როგორც განმცხადებლის, ისევე მოხელის უფლებები და კანონიერი ინტერესები“, - აღნიშნა გიორგი ბადაშვილმა.
მისივე თქმით, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან შესულ განცხადებებზე უკვე განხორციელებული რეაგირების სამართლებრივი შედეგები იყო, რომ განხორციელდა მოხელეთა და მასთან გათანაბრებული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა - ეს რიცხვი არის საკმაოდ შთამბეჭდავი.
2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2015 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს პროკურატურაში, საერთო ჯამში, 52 530 საჩივარ-განცხადება შევიდა. აქედან, 10 379 საჩივარ-განცხადებაში დაზარალებულები უშუალოდ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. განცხადებების დახარისხების პროცესში გამოიკვეთა, რომ 697 ერთეული შეეხება ქონების ჩამორთმევის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც დაზარალებულები გამოძიების დაწყებას მოითხოვენ, 3 495 საჩივარ-განცხადების შემთხვევაში დაზარალებულები აღწერენ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებისა და სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო ყველა სხვა კატეგორიის დანაშაულზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით შემოსულია 6 187 საჩივარ-განცხადება.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, იარა ვერ მოშუშდება, სანამ თავის სახელი არ დაერქმევა ყველა დანაშაულს და პასუხი არ მოეკითხებათ მათ, ვინც ამ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას, განსაკუთრებით მათ ვინც ეს დანაშაული დაგეგმა და შეუკვეთა.
„ორ წელზე მეტი დრო არის გასული მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა ჩვენმა ხალხმა, ბევრ ჩვენს მოქალაქეს აღუდგა დარღვეული უფლებები, მაგრამ ამის მიუხედავად დარჩა იარები, რომლებსაც სჭირდება მოშუშება. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს ხალხს, რაც გვაწუხებს ჩვენ ყველას ერთად. ეს არის ჩვენი ქვეყნის, მოქალაქების ღირსების საქმე. ამის გარეშე წარმოუდგენელია სამართლებრივი და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის აშენება, რისი ამბიციაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს.
უამრავი დოკუმენტი არსებობს, არსებობს მტკიცებულებები, თუ როგორ იყენებდნენ დაკავებასა და წამებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის, ქონების კონფისკაციისთვის და მრავალი სხვა უკანონო მოქმედებებისთვის. სააკაშვილის რეჟიმმა გაასამართლა 300 ათასი ადამიანი, 300 ათასი საქართველოს მოქალაქე. ოთხნახევარ-მილიონიან საქართველოში ეს უზარმაზარი ციფრია. ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, აღარაფერს ვამბობ მორალზე და ადამიანობაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებს, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი არა აქვთ, შესაძლოა პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ. მისივე თქმით, შეღავათები გაეწევათ იმ პირებს, რომლებიც გამოძიებასთან ითანამშრომლებენ. პრემიერის ინფორმაციით, ახალ დეპარტამენტში დაინიშნებიან დაზარალებულთა კოორდინატორები, რომლებიც დაზარალებულ პირებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და კონსულტაციას სამართლებრივ საკითხებში გაუწევენ.
აქვს თუ არა დღეს სახელმწიფოს იმის ფინანსური რესურსი, რომ წინა ხელისუფლების პირობებში დაზარალებულთა კომპენსაცია მოახდინოს, იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ არის მრავალი საქმე, რომელიც შეიძლება, ნაკლები ფინანსური დანახარჯით მოგვარდეს. მისი თქმით, არაერთი ქონება, რომლის ჩამორთმევაც წლების წინ უკანონოდ მოხდა, ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია.
„იკვეთება ერთი მარტივი რამ, რომ როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, ხდებოდა სახელმწიფოს ხელით ქონების ჩამორთმევა, რასთან დაკავშირებითაც რამდენიმე ასეული საქმე არსებობს. თუმცა მეორე მხრივ, კარგია ის, რომ არაერთი ქონება, თუ არა უმრავლესობა, ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია და ეკონომიკის სამინისტრო იმუშავებს იმისთვის, რომ დაზარალებულებს უფლებები პირველ რიგში ამ ნაწილში აღუდგეს. საქმეების დახარისხება აჩვენებს, რომ არის მრავალი საქმე, რომელიც შეიძლება იყოს ნაკლები ფინანსური დანახარჯით მოგვარებული. ვგულისხმობ, სწორედ ამ ტიპის საქმეებს, რომელიც ეხება უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებს“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით ბიუჯეტში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ფული დღესაც დევს. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონებების დიდი ნაწილი გაუსხვისებელია, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს შეწყვეტილი ჰქონდა იმ ობიექტების პრივატიზაცია, რაზეც დავა მიმდინარეობდა.
„ჩვენ დაველოდებით გამოძიების დასრულებას და სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად ვიმოქმედებთ. დღესაც დევს ბიუჯეტში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდში ფული. თავისთავად ცხადია, იმის მიხედვით, რა თანხაზე იქნება საუბარი, დაზარალებულ მოქალაქეებს გადახდის სხვადასხვა ალტერნატივას შევთავაზებთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით კი მთავრობას ორი წლის განმავლობაში საპრივატიზაციოდ არ გაუტანია ის ქონებები, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა ეჭვი, რომ კანონიერი მფლობელისთვის შესაძლოა, უკანონოდ ყოფილიყო ჩამორთმეული. კვირიკაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება კონკრეტული პირისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევას დაადასტურებს, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული შესაბამისი ქონება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.
„პროკურატურამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა. მოხდა ყველა შემთხვევის სისტემატიზაცია და დახარისხება. ჩვენს სამინისტროსთან ერთად იქნა შეფასებული ის წინასწარი სურათი, რაც ქონების წართმევის შემთხვევას უკავშირდება. ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში არ შევხებივართ იმ ქონებას და არ გაგვიტანია საპრივატიზაციოდ, რომელთა მიმართებაშიც იყო ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დანაშაულის ჩადენას ჰქონოდა კავშირი. შესაბამისად, თუკი გამოძიებით დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა კანონიერი ქონების ჩამორთმევის ფაქტებს, რა თქმა უნდა, მთავრობა გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და ქონება დაუბრუნდება კანონიერ მფლობელს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება იმ შემთხვევას, როცა ჩამორთმეული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში არ ირიცხება, ვიცე-პრემიერის თქმით, ამ კუთხით მთავრობას კონკრეტული გეგმა გააჩნია, მათ შორის, სხვა ქონებით ჩანაცვლების მექანიზმი, ასევე ეს არის ობლიგაციების მექანიზმი. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში ამ დროისთვის შვიდასამდე ქონებაა, რომელთან დაკავშირებითაც უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ ეჭვი არსებობს.