”მხოლოდ ის ღამე მძინავს მშვიდად, როცა ჩემი ქმარი მუშაობს და ვიცი, რომ დილამდე ვერ დაბრუნდება”

”მხოლოდ ის ღამე მძინავს მშვიდად, როცა ჩემი ქმარი მუშაობს და ვიცი, რომ დილამდე ვერ დაბრუნდება”

ერთფანჯრიან ოთახში სამი საწოლი დგას. სამზაროულოში, რომლის მთელ სიგრძეზე თოკია გაბმული, ბავშვების წინდები კიდია... 

”დილის ხუთ საათხზე ვდგები. ფუნთუშებს ვაცხობ და გასაყიდად მაღაზიაში მიმაქვს. როცა ჩემი ქმარი სახლშია და მორიგეობა არ უწევს, არ ვაცხობ. არც იცის ამას, რომ ვაკეთებ. ასეთი რაღაცეები ესირცხვილება. ურჩევნია სამი შვილი შიმშილით უკვდებოდეს, ვიდრე ვინმე მიხვდეს, რომ მის ოჯახს უჭირს” - ასე იწყებს მაია თავის ყოველდღიურობაზე საუბარს.

ცხოვრობს რუსთავში. სამი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ შვილები ერთადერთია, რის გამოც სიცოცხლის სურვილი არ დაუკარგავს.

”მიუხედავად იმისა, რომ შვილებისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი ნება, რომ ყოფილიყო, პირველი შვილის შემდეგ აღარ გავაჩენდი. სანამ გავთხოვდებოდი და შენი ტოლი ვიყავი, ასე ვამბობდი, კაცმა ჩემზე ხელი როგორ უნდა აწიოს-მეთქი. ახლა უკვე ასზე მეტი შემთხვევა მაქვს ამისა... არაერთხელ გამოვიძახე პოლიცია და ქმარსაც ბევრჯერ გავშორდი.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩემს ქმარს პარანოია ჭირს. ჰგონია, რომ ვღალატობ. ვინმემ გზა რომ მკითხოს, დაასკვნის, რომ ის კაცი ჩემი საყვარელია. მეორე ბავშვზე 7 თვის ფეხმძიმე სასტიკად მცემა და ნაცემი ცოცხალ-მკვდაარი დამტოვა. პოლიცია გამოვიძახე. ნაცემი ვიდექი. მომიყვანეს და ჩემი თანდასწრებით პოლიცილებს ეუბნებოდა, რას ამბობთ, ორსულ ცოლს როგორ ვცემდიო.

ბევრჯერ წავედი ნათესავებთან. მამა დამეღუპა, ძმაც არ მყავს და ვერავინ დამეხმარა. ბავშვები ნახევრად მშივრები იყვნენ. სხვა გზა არ მქონდა და, დავუბრუნდი. დღესაც მის გვერდით ვარ.

უმიზეზოდ შეუძლია დამარტყას. ცემის გარდაც შეიძლება სხვა საქციელით გაანადგურო ადამიანი. ბინძურ სიტვებს მეძახის, სიტყვიერად ყველანაირად მამცირებს, შვილების თვალწინ ერთხელ თქვა, ცოლადაც იმიტომ მოგიყვანე, რომ შენ გარდა ვერავინ ამიტანდაო.

ახლა ერთ-ერთ ძალოვან უწყებაში დაიწყო მუშაობა. კანონები უკვე იცის და ისე მცემს, რომ სახეზე არაფერი შემეტყოს. პირზე ხელს მაფარებს, რომ მეზობლებს ჩემი ყვირილი არ ესმოდეთ. ბავშვები რამდენჯერმე შეესწრნენ ამ ყველაფერს. მათ ფსიქიკა შერყეული აქვთ. ვამჩნევ ხოლმე, როცა მამა სახლშია ნერვოზულად იციანიან, ვერ ჩერდებიან, ან საერთოდ ხმას არ იღებენ. ამას წინათ ჩემმა უფროსმა შვილმა მითხრა, მამა აღარ გვინდაო“ – ყვება რუსთაველი მაია. (მისი სახელი მასალაში შეცვლილია.
თუ რომელიმე უწყება ჩვენი რესპონდენტის დახმარებას გადაწყვეტს, მისი თანხმობის შემთხვევაში ჩვენ საკონტაქტო ინფორმაციას გავცემთ)

მაიას, არ აქვს ინფორმაცია ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის შესახებ და სხვა ორგანიზაციებზე, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. გვეკითხება, შეძლებენ თუ არა ასეთი ორგანიზაციები მისი შვილების დახმარებასაც. ჩვენი დასტურის შემთხვევაშიც კი უჭირს გადაწყვეტილებას მიღება.

ქმარს გაშორებულ ქალს ყველა ცუდად უყურებს. ეს ხომ თბილისი არაა! ბიჭი მეზრდება, არ მინდა ჩემს გამო რამე წააძახონ. იცით, ჩემ გარშემო ბევრმა ქალმა იცის ჩემი ამბავი და გაჩუმებას მირჩევს”.

ოჯახური ძალადობა ხშირად სისხლის სამართლის დანაშაულისკენ მიმავალი გზაა. მოძალადეს ფიზიკურ შეურაცხოფისას მსხვერპლის მოკვდინება შეუძლია, სისტემატიური ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად კი, შესაძლოა, მსხვერპლმა თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე. თუმცა, არის შემთხვევები, როცა მოვლენები სხვანაირად ვითარდება. ჩვენი რესპოდენტი ერთ შემთხვევაზეც გვესაუბრა:

”ერთადერთი, რასაც ყოველთვის ვეუბნები ჩემ ქმარს, ისაა, რომ შვილებს არ უნდა შეეხოს. მათთან ზედმეტი ჩხუბის უფლებასაც არ მივცემ. იყო შემთხვევა, როცა ბავშვებს საუბრის უფლება არ მისცა.

ხომ ხედავთ, ერთი ოთახი გვაქვს, როგორ შეიძლება აქ სამი ბავშვი ისე იჯდეს, რომ ხმა არ ამოიღოს, რადგან მამა ტელევიზოს უყურებს?! იმ დღესაც ასე იყო - ბავშვების ცემა უნდოდა და გადავეფარე. უცებ თავში გამიარა აზრმა, რომ შეიძლება ახლა დანა გამოვიტანო და ასჯერ დავარტყა-მეთქი...“

მაია შეგვპირდა, რომ ჩვენს მიერ დატოვებულ ნომრებზე დარეკავს და გაარკვევს, რა დახმარების გაწევა შეუძლიათ, ძალადობისაგან დამცველ ორგანიზაციებს.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახურ ძალადობაზე დღეს იმაზე მეტს საუბრობენ, ვიდრე ეს ახლო წარსულში იყო, პრობლემისადმი ახლებური მიდგომა რეგიონის მოსახლეობაში ნაკლებადაა.

კანონი ”ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ” ოჯახური ძალადობის მხვერპლს იცავს. ასეთი შემთხვევის დროს, სასამართლოს პირველი ინსტანცია ვალდებულია შემაკავებელი ორდერი 24 საათის განმავლობაში გასცეს. ეს კი, პირველ ეტაპზე, მინიმუმ, სამი თვის განმავლობაში დაიცავს მსხვერპლს მოძალადისგან.

”მხოლოდ იმ ღამით მძინავს მშვიდად, როცა ჩემი ქმარი მუშაობს და ვიცი, რომ დილამდე ვერ დაბრუნდება. ჯანმრთელობაც შემერყა. ხელზე პატარა ნაკაწრიც აღარ მიხორცდება. სკოჩები მაქვს დაკრული მთელ ხელზე“ - მაიას მოსაყოლი კიდევ ბევრი აქვს. ისტორიები, რომლებსაც ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ყვებიან, ერთმანეთზე უფრო შემზარავია.

ძალადობის აღკვეთა ოჯახში შეუძლია ყველას, მათ შორის - მეგობარს და მეზობელს. კანონში ”ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ” ვკითხულობთ, რომ პოლიციის გამოძახება და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნა შეუძლია, როგორც მსხვერპლის ოჯახის წევრს, ასევე - ადამიანს, რომელიც მსხვერპლს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს.

”ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” ცხელი ხაზია 890 26 16 27; 72 67 17