ოფიციალური თბილისი კვლავ აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო ვექტორი არ შეცვლილა და არც იცვლება. თუმცა, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ალიანსის გაფართოების საკითხი აქტუალური არ არის.
„რაც შეეხება ქვეყნებს, რომელთაც სურთ, რომ ნატო-ს შემოუერთდნენ, საფრანგეთი ფიქრობს, რომ ამ აპლიკაციებს უარი უნდა ეთქვათ, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ნატო არ უნდა გაფართოვდეს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ოლანდის განცხადების კომენტირებისგან თავი შეიკავა, მაგრამ შედარებით იმედისმომცემი მინიშნებით შემოიფარგლა, - მისი შეფასებით: „საქართველო მაქსიმუმს აკეთებს, ემზადება რა იმ პერიოდისთვის, როდესაც მოვა გადაწყვეტილების მიღების დრო“.
შეიცვალა თუ არა დასავლეთის სტრატეგია პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ, ამ თემაზე ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი გვესაუბრება.
ოლანდის განცხადებიდან ცალსახად ჩანს, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა გახდა. ეს საბოლოო ვერდიქტია? რამდენად სერიოზულად უნდა აღვიქვათ მსგავსი განცადებები?
- განცხადება, რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა მივიღოთ, როდესაც ამას საფრანგეთის პრეზიდენტი აკეთებს. ეს მოულოდნელიც არ იყო - ყველამ კარგად ვიცით საფრანგეთის კრიტიკული დამოკიდებულება ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ შემდეგი სამიტის წინ ასეთი განცხადება გაკეთდა, თუმცა მაინც არ გვქონდა იმედი, რომ ამ სამიტზე მაპ-ს მოგვცემდნენ.
მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ჩვენი მთავრობა მაინც მუშაობს. მგონია, რომ ეს განცხადება არ არის საბოლოო ვერდიქტი. ჩვენ გვყავს, სხვა, საკმაოდ ძლიერი პარტნიორებიც. გასაგებია, რომ ოლანდი და მისი სახელმწიფო არ არიან დაინტერესებული ახლო მომავალში ნატოს გაფართოებით, მაგრამ არის სხვა სახელმწიფოებიც, სხვა პოლიტიკური ძალებიც ევროპაში, რომლებიც, პირიქით, ნატოს გაფართოებით არიან დაინტერესებულნი.
ამიტომ, ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ მუშაობა, უნდა გავაგრძელოთ დიპლომატიური ძალისხმევაც და მუშაობაც, ვინმეს სათქმელი რომ არ დავუტოვოთ, აი საქართველომ სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერ შეასრულა ის, რაც აუცილებელია ნატოსთან დაახლოებისთვის.
ამის პარალელურად, ამერიკის ელჩი აცხადებს, რომ საქართველო ჩართულია დიპლომატიურ დიალოგში და თავის მაქსიმუმს აკეთებს, ემზადება რა იმ პერიოდისთვის, როდესაც მოვა დრო გადაწყვეტილების მისაღებად...
- ამერიკა ტრადიციულად, ლოკომოტივია ნატოს გაფართოებისა. ამ თვალსაზრისით, აშშ არის ის ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოსთვიას მაპ-ის მინიჭებას. იმედია, ის ასევე იმუშვებს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რომ ეს საკითხი სწორი და საქართველოსთვის სასარგებლო მიმართულებით განვითარდეს. მაგრამ, რამდენად შეძლებს აშშ ევროპის დარწმუნებას, რომ ამ ეტაპზე შესაძლებელია საქართველოს წინსვლა ნატოსკენ, რთული სათქმელია.
რეგიონში საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური სიტუაციაა ჩამოყალიბებული, არის მაღალი რისკები. რა თქმა უნდა, მთელი ფოკუსი გადატანილია იმაზე, რომ როგორმე შინარჩუნონ მშვიდობა, რამენაირად განვითარდეს რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობები. ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებით ევროპას და აშშ-საც ნატოს გაფართოებისთვის ნაკლებად სცალიათ.
გარდა ამისა, არის პრობლემა, რომელიც იქმნება უშუალოდ, საქართველოში. როდესაც ასეთი განწყობები ფიქსირდება დასავლეთის მხრიდან, საქართველოს მოსახლეობა საკმაოდ იბნევა - ჩნდება განწყობა, რომ დასავლეთი უარს ამბობს ჩვენზე და სხვა გზა აღარ გვრჩება თუ არა რუსეთი... ასეთი განწყობები სახიფათო არ არის?
- საქართველოს მოსახლეობა მენტალურად ჯერ კიდევ მთლიანად არ გამოსულა საბჭოთა კავშირიდან, ისე, როგორც ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყანა. მოსახლეობა დახმარებას ყოველთვის ითხოვს ქვეყნის გარედან და ფიქრობს, რომ არსებობს რაღაც მარტივი, იოლი გზა, იმისათვის, რომ ქვეყანაში უცებ გაუმჯობესდეს ვითარება. მარტივი გზა არ არსებობს და საკმაოდ ძნელია, აუხსნა მოსახლეობის ფართო მასებს, რომ ნატოში გაწევრიანება არის ისეთი ამოცანა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართვლოს, როგორც სახელმწიფოს მომავალი დიდი ხნით. აქ არის საუბარი ქვეყნის გრძელვადიან უსაფრთხოებაზე.
მოკლე პერიოდს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია საფრთხეები და მოსახლეობა სამართლიანად არის შეშფოთებული ამის გამო. პირველ რიგში, საუბარია რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე. გარდა ამისა არსებობს თვითონ საზოგადოების როლიც - მოსახლეობამ უნდა მოსთხოვოს მთავრობას, რომ მაქსიმალურად გააძლიეროს თავდაცვისუნარიანობა. არ შეიძლება, მხოლოდ უცხოეთიდან დახმარებას ველოდოთ და დასავლეთს, ან იგივე რუსეთს ჩამოვეკიდოთ. არ შეიძლება ჩვენი თავისუფლება მივყიდოთ რუსეთს უსაფრთხოების სანაცვლოდ. ასეთი მიდგომა ძალიან ცუდია.
ვფიქრობ, საქართველომ უნდა მოახდინოს სრული მობილიზება იმისათვის, რომ ადვილი არ იყოს მისი დაპყრობა. ინტენსიურად უნდა ვიმუშავოთ იმისათვის, რომ გრძელვადიან პერიოდში მაქსიმალურად უზრუნველვყოთ საქართველოს მაქსიმალური უსაფრთხოება ფართო ალიანსში მონაწილეობით, ისეთში, როგორიც არის ნატო.
ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ რუსული გავლენის ზრდაზე ქართულ პოლიტიკურ წრეებში. იდეოლოგიური ომი ფაქტობრივად, მიმდინარეობს. ამას რა შეიძლება დაუპირისპირდეს, ან ეს ვინ უნდა გააკეთოს? საქართველოს მთავრობამ, დასავლეთმა თუ პროდასავლურად განწყობილმა საზოგადოებრივმა სექტორმა?
- ყველამ ერთად. დასავლეთი ამას აკეთებს კიდევაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც იარსებებდა ნატოსთან ურთიერთობის ფორმატები, დასავლეთის პოლიტიკა - დაეხმაროს საქართველოს ტრანსფორმაციაში, რომ ჩამოყალიბდეს, დემოკრატიულად განვითათებულ ქვეყნად, რომ საქართველომ, მოლდოვამ, უკრაინამ და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა საერთაშორისო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილი დაიკავონ. რა თქმა უნდა, დასავლეთი ამ მიმართულებით ბევრს აკეთებს, მაგრამ რუსეთსაც საკმაოდ ძლიერი მეთოდები აქვს ამ ყველაფერთან დასაპირისპირებლად.
რუსეთი ცდილობს, ამ ქვეყნებს დამოუკიდებლობა დააკარგვინოს, არ მისცეს განვითარების შესაძლებლობა და რაც უფრო ნაკლებად იქნებიან განვითარებული პოლიტიკურად და ეკონომიკურად, მით უკეთესი რუსეთისთვის - ასეთი მიდგომა აქვს რუსეთს. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით რუსეთი ძალიან ძლიერია, რადგან გააჩნია სურვილი, საკუთარი რესურსების დიდი ნაწილი მიმართოს ამ ქვეყნების დესტაბილიზაციაზე, მათ დამორჩილებაზე.
მაგრამ, არის მესამე ფაქტორიც - თვითონ ქვეყნების ნება და მოქალაქეების მენტალობა. საქართველომ უკვე გამოიარა რუსეთთან ურთიერთობის მრავალი ეტაპი. ჯერ იყო რუსეთში შეყვანა იძულებით, შემდეგ გათავისუფლება და ისევ მიდის შეთრევის მცდელობა. არ მგონია, ამ ყველაფერს საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერდეს.
რა თქმა უნდა, რუსეთი იყენებს თავის რბილ ძალას, ხარჯავს უამრავ ფულს და გარკვეულ შედეგსაც აღწევს, მაგრამ შეუძლებელია, რომ მან შეცვალა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის განწყობა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, დემოკრატიულ, განვითარებულ საქართველოს უჭერს მხარს.
ცნობილია, რომ რუსეთს კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივეს სანქციები, შეცვლის თუ არა ეს ფაქტი მოვლენათა მსვლელობას იმ თვალსაზრისით, რომ დასუსტებული რუსეთი გრძელვადიან პერსპექტივაში ვეღარ შეძლებს გააპროტესტოს პოპსტსაბჭოთა ქვეყნების ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხი? დასავლეთი, უფრო ამერიკა ამ პოლიტიკას ხომ არ ახორციელებს?
- ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ ევროპაში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. საკითხი ეხება ომსა და მშვიდობას. აშშ და ევროპა ცდილობენ, რამენაირად შეინარჩუნონ ის წესრიგი, რომელიც დამყარდა ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპაში. ცდილობენ, ევროპა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს. მთელი ევროპა იქით არის მიმართული, რომ დაცული იყოს ქვეყნების საზღვრები, მათი სუვერენიტეტი და რამენაირად ხელი ააღებინონ რუსეთს თავის ზრახვებზე, რომელიც მიმართულია ევროპაში წესრიგის შეცვლისკენ.
ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, სხვა რაღაცეებზე საუბარი, მათ შორის, მომავალ სამიტზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მაპ-ის მინიჭება, ან ნატოს გაფართოება, ძალიან გაბედული ნაბიჯი იქნება.
ასეთ ვითარებაში ამან შეიძლება დაარღვიოს ევროპული წესრიგი, დააშოროს ერთმანეთს მოლაპარაკებაში ჩართული მხარეები, რუსეთის პროვოცირება მოახდინოს, რომელიც იარაღსა და ყველა მეთოდს იყენებს საკუთარი მიზნების მისაღწევად.
თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის უარი არავის უთქვამს და არც იტყვიან. დასავლეთისთვისაც სასარგებლოა საკუთარი პოზიციების გამაგრება აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასი, შავი ზღვის რეგიონში უზრუნველყოფა იმისი, რომ იქნებიან ალიანსის სრულფასოვანი წევრი და მისი ერთგული პარტნიორი ქვეყნები. ეს, რა თქმა უნდა, შედის როგორც აშშ-ს, ასევე ევროპის გრძელვადიან გეგმებში. არ არის გამორიცხული, ეს პროცესი უფრო მალეც, საშუალოვადიან პერსპექტივაში დაიწყოს, მაგრამ არ ვიცით რამდენ ხანს გასტანს არასტაბილური სიტუაცია, რომელიც შეიქმნმა რუსეთის სტრატეგიის გამო. უკრაინაში განვითარებული მოვლენები იქნება ეს თუ საქართველოს რეგიონების ანექსია, ეს პროცესები ჯერ უნდა შეჩერდეს და მერე შეიძლება ვილაპარაკოთ სხვა მიზნებზე, იგივე ნატოს გაფართოებაზე.