პროდუქტი გაძვირდა, მალე კიდევ გაძვირდება

პროდუქტი გაძვირდა, მალე კიდევ გაძვირდება

პროდუქტის გაძვირებას ინფორმაციას ადასტურებენ როგორც სავაჭრო ქსელები, ასევე ოფიციალური სტატისტიკა. ლარის გაუფასურებამ და ბუნებრივი აირის ტარიფის ათამაშებამ, თავისი ნეგატიური შედეგი უკვე მოიტანა.

სავაჭრო ობიექტებში აცხადებენ, რომ ფასი თითქმის ყველა სახის პროდუქტზე გაიზარდა. მათი ინფორმაციით, ზეთზე ფასმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საშუალოდ, 50 თეთრით მოიმატა. 25 თეთრზე მეტით არის გაძვირებული შაქარი და წიწიბურა. ასევე გაზრდილია ტკბილეულის, ყავის, მარილის, ჰიგიენური და სარეცხი საშუალებების ფასი.

გარდა ამისა, 1-ლი მარტიდან გაძვირდა ალკოჰოლური სასმელებიც, ხოლო უფრო ადრე თამბაქო, რასაც აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირებენ. სულ მცირე 20%-ით არის გაზრდილი არყისა და ლუდის ფასი. 10-დან 20 თეთრამდეა გაძვირებული „კოკა-კოლას“ ყველა სახის პროდუქცია. მაგალითად, 0.5 ლიტრიანი „კოკა-კოლა“, „ფანტა“ და „სპრაიტი“ მარკეტებში, 1.10 ლარის ნაცვლად, ბოლო სამი დღეა, 1.20 ლარად იყიდება.

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ფასების ზრდა ძირითადად მას შემდეგ დაიწყო, რაც ლარმა გაუფასურება დაიწყო. ჯერჯერობით დასტაბილურების ნიშნების არსად ჩანს.

როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია „ალიანსის“ გენერალური დირექტორი მამუკა ცაგარელი  აცხადებს, ეროვნული ვალუტს ვარდნის გამო, აქამდე პროდუქციაზე ფასები არ გაუძვირებიათ, რადგან მომწოდებლებთან დიდი ხნის პარტნიორობა აქვთ და ფასის შენარჩუნებას ახერხებდნენ. მამუკა ცაგარელი ამბობს, რომ საფასო სტრუქტურა დამოკიდებულია, როგორ ფსკერს მოძებნის ლარი და სად იპოვნის ბალანსს. ამის შემდეგ მომწოდებლებთან ერთად მოხდება დაანგარიშება და ასევე გაირკვევა კურსთაშორისი სხვაობის გამო პირველ კვარტალაში მიღებული ზარალის ოდენობაც.

ცაგარელის განცხადებითვე, თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდა, სამომხმარებლო ბაზარზე ფასების საგრძნობი ზრდაა მოსალოდნელი. თვისი ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ჯერჯერობით გამოსწორების პერსპექტივა არც ექსპორტის, არც კაპიტალის შემოდინების მიმართულებით არ ჩანს, საპრივატიზაციო ობიექტებთან დაკავშირებით კი პესიმისტური პროგნოზებია, რადგან ძირითად ინვესტორ ქვეყნებში სავალუტო კრიზისია.

ფასების ზრდას ადასტურების სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც. „საქსტატის“ ოფიციალური ინფორმაციით, თებერვალში გაძვირდა სურსათი, თამბაქო, ალკოჰოლური სასმელები. აქვე აღსანიშნავია ფასების მატება სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (2.4%-ით), ამბოლატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (0.7%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (0.3%).

წინა თვესთან შედარებით ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა 1.0%-ით; საცხოვრებელი, წყალი, ელენერგია, აირი – 0.4%-ით; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 0.5%-ით, ჯანმრთელობის დაცვა – 0.9%, დასვენება, გართობა და კულტურა – 0.7%, განათლება – 0.5%, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 0.7%, სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 1.5%; ამ პერიოდში გაიაფდა: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 1.2%-ით, ტრანსპორტი - 2.4 %-ით და კავშირგაბმულობა – 0.1%-ით.

2015 წლის თებერვალში 2014 წლის თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ჯანმრთელობის დაცვაზე, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თაბაქოზე და ტრანსპორტზე.

კერძოდ, ჯანდაცვის მიმართულებით ერთწლიან პერიოდში ფასები გაიზარდა 6.4%-ით. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფებზე 11.1%-ით, ამბოლატორიულ მომსახურებაზე 4.2%-ით და საავადმყოფოების მომსახურებაზე 5.2%-ით.

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 1.9%-ით. ხილზე და ყურძენზე ფასი გაიზარდა 18.6%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 4.2%-ით. ხოლო ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასები შემცირდა 6.1%-ით.

ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები გაიზარდა 8.1%-ით. თამბაქოს ნაწარმზე ფასები გაიზარდა 10.6%-ით.

ეს ჯერჯერობით თებერვლის ოფიციალური სტატისტიკაა, როდესაც სავაჭრო ობიექტები და იმპორტიორები ჯერ კიდევ თავს იკავებდნენ გაძვირებისგან. მარტში გაცილებით უარესი სტატისტიკა გვექნება და როგორც ჩანს, არც აპრილი იქნება დამაიმედებელი.