„რიგგარეშე არჩევნები გამოსავალი არ არის“

„რიგგარეშე არჩევნები გამოსავალი არ არის“

ახალი წლის შემდეგ ოპოზიციური პარტიები და ხელისუფლება პოლიტიკურად საგრძნობლად გააქტიურდნენ. ხელისუფლება საკუთარი საკადრო პოლიტიკის საფუძვლიანი გადახალისებით არის დაკავებული, ოპოზიციური პარტიები კი ეკონომიკური პრობლემების გაუარესების ფონზე, ამომრჩევლის გულებთან მისასვლელ გზებზე ნადირობენ.

არის თუ არა გამოსავალი ხელისუფლებისთვის ვადამდელი არჩევნების ჩატარება და შეეცდება თუ არა საკუთარი პოზიციების გამყარებას, იქამდე, ვიდრე არც თუ პერსპექტიული სოციალურ-ეკონომიკური მომავალი ამომრჩეველს მისკენ ზურგით შემოაბრუნებს; რა შემთხვევაში გააკეთებს ხელისუფლება ასეთ არჩევანს და არის თუ არა დღეს სიტუაცია მზად რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისთვის, ამ თემაზე, ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

ვაჟა ბერიძე: ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც დადგება, რადგან ისედაც ახლოსაა გეგმიური საპარლამენტო არჩევნების თარიღი. თანაც, ამ ეტაპზე არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არის მზად ამისათვის. არც ხალხის განწყობაა ისეთი, რომ საარჩევნო ყუთებისკენ მირბოდეს ახალი ხელისუფლების ასარჩევად.

ნაციონალები ჯერ კიდევ არ არ არიან მზად, მათ აწყობთ არჩევნების 2016 წლს ჩატარება, რადგან ამ დროში მოვლენების ქუჩაში გადატანას შეეცდებიან - დაანონსებულიც აქვთ, მარტში რამდენიმე აქცია - დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ უკმაყოფილების  ტალღა ააგორონ სოციალური სიდუხჭირის ფონზე. ამ პერიოდში ისინი ახალი ელექტორატის მიმხრობას ვერა, მაგრამ საკუთარი ელექტორატის მობილიზებას შეძლებენ - საუბარია 10-დან 20%-მდე ამპლიტუდაზე. რა პრობლემებიც არ უნდა შეექმნას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ნაციონალები ამის ზევით ვერ ავლენ.

რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს“, ისინი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად ფაქტობრივად, ახლა ყალიბდებიან. კოალიციიდან გამოსვლის შემდეგ გაააქტიურეს ანტისახელისუფლებო რიტორიკა და ცდილობენ, ხელისუფლებით უკმაყოფილოთა ნიშა დაიკავონ. მათაც დრო სჭირდებათ საზოგადოებისთვის დასამტკიცებლად, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა არიან.

თავად „ქართული ოცნება“ პრინციპში, წინააღმდეგი არ უნდა იყოს არჩევნების გადმოტანის, მაგრამ რამდენადაც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება 1,5 წელიწადში ვერ მოხდება, მოსალოდნელია, იმ ელექტორატის დაკარგვა ვისაც მყისიერი გაუმჯობესების იმედი ჰქონდა, მაგრამ მათი რაოდენობა ბევრი არ არის.

შეიძლება ითქვას, რომ „ოცნებას“ ერთი მხრივ აწყობს კიდეც და არც აწყობს არჩევნების გადმოწევა - ყველამ, ვისაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, იცის, რასაც ნიშნავს ეკონომიკისთვის არჩევნები. ჩვენი ისედაც მყიფე ეკონომიკისთვის ეს მორიგი სტრესი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, არ უნდა აწყობდეს „ოცნებას“ არჩევნების გადმოწევა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ამ პერიოდში მის მომხრეთა რიცხვი 5-10%-ითაც კი შემცირდეს.

„პარტიოტთა ალიანსსა“ და ბურჯანაძის პარტიას ასევე ხელს არ აძლევს ვადამდელი არჩევნები, რადგან მათი ფინანსური რესურსები შეზღუდულია. მათ არ შეუძლიათ მოკლევადიანი, ინტენსიური, წარმატებული წინასარჩევნო კამპანიის წარმოება. ამიტომ, გრძელვადიანი დისტანცია არჩევნებამდე მათთვისაც უფრო ხელსაყრელია.

ანუ რეალურად, ოპოზიციურ ძალებს ყველაზე ნაკლებად აძლევს ხელს არჩევნების გადმოტანა...

- არც ხელისუფლებას უნდა აწყობდეს, თუ საკუთარი ქვეყნის მტერი არ არის...

გამოცდილებიდან გამომდინარე, ვადამდელ არჩევნებს ხელისუფლებები მძიმე სიტუაციის გადასაფარადაც იყენებენ-ხოლმე. ეკონომიკურ მდგომარეობას და შესაბამისად, მზარდ უკმაყოფილებას თუ გავითვალისწინებთ, ეს არასაკმარისი მიზეზია?

- ეკონომიკის მოწესრიგებას პირიქით, მშვიდი გარემო სჭირდება და ხელდაკაპიწებული მუშაობა. ვითარების დაძაბვა უფრო ოპოზიციურ სპექტრს უნდა აწყობდეს, მაგრამ მრავალი გარემოებიდან გამომდინარე, მასაც არ აძლევს ხელს არჩევნების დაჩქარება, ხოლო ოპოზიციურ ლიდერებს აქვთ იმდენი ანალიზის უნარი, რომ სიტუაცია რეალურად შეაფასონ.

თუმცა,ნაციონალური მოძრაობა“ როგორც აანონსებს, ისინი მარტის ბოლოს გამართული აქციებისას ხელისუფლების წავლას მოითხოვენ... ეს უბრალოდ, პიარტექნოლოგიის ნაწილია?

- ეს წინასწარი გახურების მომენტია ძირითადი ბატალიებისთვის, რომელიც არჩევნებამდე 6-8 თვით ადრე უნდა გააჩაღონ ნაციონალებმა. ახლა, უბრალოდ, სიტუაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ უკმაყოფილება გამოხატონ და მომხრეები გაამხნევონ. ეკონომიკური მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსახლეობში უკმაყოფილება გააღვივონ და მათ ადგილას ამ სიტუაციას ყველა გამოიყენებდა.

გარდა ამისა, „ქართული ოცნებისსტრატეგიაც მნიშვნელოვნად შეიცვალა, ბოლო პერიოდში საპასუხისმგებლო თანამდებობებს, ეს საპარლამენტო ფრაქციები იქნება თუ აღმასრულებელი ხელისუფლება, უშუალოდ, პარტიაქართული ოცნებისნდობით აღჭურვილი პერსონები იკავებენ. ეს ყველაფერი ხომ არ ნიშნავს, რომ უკვე წინასაარჩევნო მზადება მიდის?

- ეს ნიშნავს, რომ კოალიცია არმდგრადი სუბიექტებისგან შედგება, სადაც წამყვანი არის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“, ანუ ბიძინა ივანიშვილის ერთგული პოლიტიკური ძალა. რამდენადაც კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელიუფლებაში მოვიდა, ძირითადად, ივანიშვილის ფაქტორის გამო, ისინი, ვისაც ივანიშვილი ეყრდნობა, უპირატესობას ნამდვილად ფლობენ.

ის სტრატეგიული დაპირისპირებები და უთანხმოებები, რაც შეიმჩნევა როგორც კოალიციის სუბიექტებს შორის, ასევე, თვითონ ფრაქციის შიგნით, განაპირობებს იმას, რომ ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან, აუცილებნლად უნდა აისახოს საკადრო გადაწყვეტილებებში, კურსის შემუშავებაში და ა.შ.

სამიდან ორ სტრატეგიულ საკითხში რომ არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ კურსს, ისეთი პოლიტიკური ძალა, მაგალითად რესპუბლიკელები, როგორ იქნებიან ივანიშვილის დასაყრდენი?

თუმცა რესპუბლკელები ძველი, გამოცდილი პოლიტიკური მებრძოლები არიან. ისინი რჩებიან კოალიციაში და ვფიქრობ, არც გავლენ თუ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა - ივანიშვილის მომხრეებს ვგულისხმობ, არ აიძულეს ეს გააკეთონ. მომავალ არჩევნებზე რესპუბლიკელებს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გაცილებით მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მარტო, ან პოლიტიკური სპექტრის სხვა კონფიგურაციაში.

ძალიან ხშირად, დაპირისპირებები, რაც კოალიციის შიგნითაა, ფასდება ბრძოლად პროდასავლურ და პრორუსულ ძალებს შორის. თუ ეს ასეა, ვადამდელი არჩევნები არ იქნებოდა კარგი საშუალება პროდასავლური ძალების ჩამოსაცილებლად?

- როცა რომსა და პართიას შორის გვიხდებოდა არჩევანის გაკეთება, ქართული პოლიტიკური აზრის ჩიხის განმაპირობებელი ყოველთვის იყო საგარეო პოლიტიკური კურსის გაყოფა ორ ნაწილად. ეს ძალზე პრიმიტიულია და ხშირად, ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტად აზარალებდა საქართველოს.

საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე სტრატეგია ბევრად უფრო წაადგებოდა ქვეყანას, ვიდრე რომელიმე იმპერიის სასარგებლოდ ფსონის დადება. 22 წელია, ასეთი სტრატეგია არ გაგვაჩნია. ჯერ რუსეთში შევვარდით, ახლა ვცდილობთ, ამ იმპერიას გამოვებდღვნათ და ფარად დასავლეთი ავიფაროთ, რაც არ გამოდის, რადგან რუსეთი და თურქეთი უფრო ახლოსაა, ვიდრე ევროკავშირი და აშშ.

ამიტომ, ნუ გავყოფთ ქართულ პოლიტიკას ორ ნაწილად და ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, რომელია სწორი, პრაგმატული და არა მცდარ ორიენტირებზე აგებული პოლიტიკა. ვფიქრობ, არჩევანი გაკეთებულია და ეს ახლა არ მომხდარა. მივდივართ დასავლეთისკენ ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების წინ წამოწევით.

უმჯობესი იქნებოდა საპარლამენტო არენა იყოს გამოყენებული იმაზე სადებატოდ, რომელი ვექტორი იქნებოდა უკეთესი, იქ ხდებოდეს აზრის შეჯერება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ხან ერთი პარტნიორი დაგვტორავს და ხან მეორე მოგვახრჩობს.

უმჯობესია, იმაზე ვიფიქროთ, რა პოლიტიკა გადაჭრის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას. თუ ამას ნატოსა და ევროკავშირში სვლა მოაგვარებს, კარგია, მაგრამ რომ არ გვიღებენ? ამასობაში არ დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან? - ესეც უგუნურებაა.

საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე ვართ და ამიტომ, უკეთესია არ გაამარტივოთ თემა და არ ვიმსჯელოთ ვიღაცის პრორუსულობაზე ან პროდასავლურობაზე, რადგან შესაძლოა, აღიარებული პროდასავლური ლიდერი, ისეთი, როგორიც სულ ახლახანს ჰყავდა საქართველოს, გაცილებით პრორუსული იყოს თავისი ქმედებებით და შედეგებით, ვიდრე სხვები.

სააკაშვილზე არ არის ლაპარაკი, სხვა პროდასავლური ძალებიც აცხადებენ, რომ ეს მთავრობა მიგვათრევს რუსეთისკენ... მაგალითად, მათი ხელისუფლებიდან ჩამოცილება ვინმეს რომ აწყობდეს, ახლა გაცილებით ადვილი არ იქნებოდა, ვიდრე წელიწადნახევრის შემდეგ? როდესაც ოპოზიციური ძალები სულს მოითქვამენ, ხოლო ეკონომიკური პრობლემების გამო ხელისუფლების მომხრეთა რიცხვი შემცირდება...

- ხალხი, რას ამბობს? რატომ ახდენთ ხალხის იგნორირებას? პოლიტიკურმა ელიტებმა იციან რა უნდა ხალხს? მივდივართ დასავლეთისკენ, მაგრამ ხალხი გვეუბნება, რომ დღეს შია, სწყურია, სულის მოთქმა და არსებობა სჭირდება, იქამდე, ვიდრე მდიდარ დასავლეთს შეერწყმება.

ხალხს რეალური პერსპექტივა სჭირდება, რომ საქართველო მთლიანად არ დაიცალოს. მაშინ დავცალოთ ეს ქვეყანა ქართველებისგან და მოვიწვიოთ ჩინელები და ინდოელები, ვისაც ბიზნესის კეთება სურს, დაგვრჩება ტერიტორია, სახელად - საქართველო.

რაც შეეხება პოლიტიკოსების პოზიციას, პოლიტიკა ნირვანა არ არის და პოლიტიკური ძალები სხვა ქვეყნებში კიდევ უფრო მძაფრად იბრძვიან. ჩვენთან ეს პოლიტიკური ბრძოლაც ილუზორულია, რადგან ქვეყანა ღატაკია და ფინანსები არ არსებობს იმისათვის, რომ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ძლიერი პოლიტიკური პარტიები ჩამოყალიბდეს. საქართველოში ორ პარტიას აქვს მხოლოდ ფული, დანარჩენები ძირითადად, ხალხის განწყობებზე თამაშობენ.

რეალურად, საქართველოს ძალზე მძიმე და რთული გზა აქვს გასავლელი, ამიტომ მძაფრი დაპირისპირებები არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ მთავარია, ამ დაპირისპირების დროს სახელმწიფოს განვითარების დემოკრატიულ გზას არ ავცდეთ.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაში იქნებოდა გარდაუვალი რიგგარეშე არჩევნები, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ხელისუფლებამ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღოს?

- არც ერთ შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები რეალურად შესაძლებლად არ მიმაჩნია. უნდა მოხდეს კატასტროფა, ლარის შოკური გაუფასურება, შიმშილობა და უბედურება ქვეყანაში - ამას შეიძლებოდა მოჰყოლოდა ვადამელი საპარლამენტო არჩევნები. თუ ასეთი სტრესული და შოკური მდგომარეობა არ შეიქმნება, მისაღებად არ მიმაჩნია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა იმას უნდა ფიქრობდეს, როგორ გამოიყვანოს შექმნილი რთული მდგომარეობიდან ქვეყანა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვადამდელი არჩევნები დამატებითი სირთულე იქნებოდა.

ეპოქაა ისეთი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გარე ფაქტორებზე გავლენა მოვახდონოთ. არ შეგვიძლია რუსეთის სანქციების ან უკრაინის ომის გაჩერება, თურქეთის სავალუტო კრიზისის ან საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისის შეჩერება. აქედან გამომდინარე, არ შეგვიძლია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფად გაუმჯობესება. ამიტომ, ამ პოლიტიკური გუნდის სხვა პოლიტიკური ძალით ჩანაცვლებაც შედეგს ვერ გამოიღებდა.

ამ ყველაფრის მოგვარებას საკმაოდ მძიმე შრომა სჭირდება, მაგრამ არც სამომავლოდ არ უნდა გადავდოთ ყველაფერი. ასე რომ, რიგგარეშე აჩევნები ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ არის.