რატომ დახტის გაზის ფასი?

რატომ დახტის გაზის ფასი?

ბუნებრივი აირი მხოლოდ 1 დღით გაძვირდა, მაგრამ ზოგიერთ პროდუქტზე ფასის მატება მაინც გამოიწვია. „ყაზტრანსგაზმა“ გადაწყვეტილება მალევე შეცვალა და ძველი ტარიფი აღადგინა. ვინ და რამ გადააფიქრებინა ყაზახურ კომპანიას გაზის გაძვირება, საიდუმლოდ რჩება.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის (იურიდიული პირები) მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება და ძალაში რჩება 2015 წლის 1-ელ მარტამდე მოქმედი ტარიფი. კომპანია აგრძელებს კონსულტაციებს. შედეგები გეცნობებათ დამატებით“, - ამ განცხადებამდე კომპანიამ თქვა, რომ ლარის გაუფასურების გამო, გაზის 11 მილიონი ლარით იზარალა და დღეს კომპანიას უკვე აღარ გააჩნია შიდა რეზერვი, რის ხარჯზეც იყიდის გაზს და თბილისს გაზმომარაგების პრობლემას არ შეუქმნის.

რაც შეეხება „სოკარს“, ცოტა ხნის წინათ კომპანიაში „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ გაზის გაძვირებას ისედაც არ აპირებდნენ. კერძოდ, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მაირ მამედოვის განცხადებით, ფასის ზრდა „სოკარის“ გეგმებში ისედაც არ შედიოდა.

თებერვლის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს გაზის ტარიფთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ „სოკართან“ მოლაპარაკების გამართვა დაავალა. გამართა თუ არა ეს მოლაპარაკება, ან რა შედეგს მიაღწია მთავრობამ უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით, იურიდიული პირები მთელი ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი აირის გაძვირებას გადაურჩნენ.

ამასობაში კომერციული ობიექტების ნაწილმა და განსაკურთებით მეპურეებმა იჩქარეს და პროდუქცია გააძვირეს. ახლა მათ ან გაიაფება მოაწევთ, ან არადა კლიენტების საყვედურების მოსმენა.

ორიოდე დღის წინ კომპანია „იფქლის“ თეთრი და რუხი „ბატონი“ 10 თეთრით გაძვირდა. კომპანიაში ამის მიზეზად გაზის ტარიფი სულაც არ დაუსახელებით. მათი თქმით, პურის გაძვირების მიზეზი ნედლეულის - ფქვილის, მარილისა და საფუარის ფასის ზრდაა. ისინი ასევე ამბობენ, რომ კონკურენტებთან შედარებით ძალიან დაბალ მარჟაზე მუშაობდნენ.

„კომპანია ინარჩუნებს კონკურენტუნარიანობას ბაზარზე, რადგანაც „იფქლის“ პროდუქტებზე ფასი მატების მიუხედავად უფრო დაბალია, ვიდრე სხვა საწარმოების პროდუქტებზე ამავე ინდუსტრიაში“, - აცხადებენ კომპანიაში.

ჯერჯერობით არ იზრდება საკონდიტრო ნაწარმის ფასი და ღირებულება უნარჩუნდება ჭვავის პურსაც.

პროდუქციის ფასების ზრდას არ გამორიცხავს რესტორნების ქსელ „თაღლაურას“ დირექტორი ივანე მაჭავარიანიც. იგი აცხადებს, რომ გაძვირებული გადასახადის ფონზე, ყველაფერი ძვირდება.

„საკვები გაძვირდა, თუკი გაზი გაძვირდა, ხვალ-ზეგ ალბათ, ყველაფერი გაძვირდება და თავისთავად ცხადია, ეს ყველაფერი პროდუქციაზე აისახება. ჯერ არ ვიცი „თაღლაურაში“ ფასები გაიზრდება თუ არა, მაგრამ თუკი ყველაფერი გაძვირდა, გაიზრდება აქაც. ეს, რა თქმა უნდა, მოგების შემცირებასაც გამოიწვევს“, - აცხადებს მაჭავარიანი.

კომერციული გაზის გაძვირების თემას 2 დღის წინ „კომერსანტთან“ ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილიც გამოეხმაურა.

„გაზის ფასის გაზრდაზეა საუბარი რატომღაც და არ მთავრდება მსჯელობა. ბიზნესი არ დაუშვებს გაზის ფასის მატებას, როცა გლობალურად ენერგომატარებლებზე არის კლება“, - განაცხადა პაპაშვილმა.