სამი კომპანია მზადაა ქართული ბაზარი ,,სეთ-თოფ ბოქსებით

სამი კომპანია მზადაა ქართული ბაზარი ,,სეთ-თოფ ბოქსებით" მოამარაგოს

სსიპ. „ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“ ხელმძღვანელი  ნინო ქუბინიძე და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები   სამომხმარებლო  ტექნიკის  შემომტანი  კომპანიების  წარმომადგენლებს  შეხვდნენ.

ღონისძიება კომუნიკაციების ეროვნულ კომიისაში გაიმართა.  შეხვედრის ორგანიზატორებმა „AG მიკროელექტრონიქსის“,, “ბეკოს”, “სამსუნგისა და ჰუავეის  წარმომადგენლობებს საქართველოში“,  Aray tomorrow” -ს „ვესტელის“,  “Pcshop.ge”-ს ,Okey”-ს, , „ზუმერის“,  „ Acc distributs” -ისა და სხვა კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს ბაზარზე  არსებული მდგომარეობა,  ისაუბრეს ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლისთვის  საჭირო  აპარატურის შემოტანისა და სავაჭრო ქსელებში მათი დროულად განთავსების შესახებ.

„ ჩვენი ერთ- ერთი  ამოცანაა რეფორმის განხორციელებისას  დაცული  იყოს როგორც მომხმარებელთა უფლებები, ასევე მომწოდებელთა ინტერესები.  ამიტომ  მნიშვნელოვანია  ვიცოდეთ,რა  მდგომარეობაა დღეს ქართულ  ბაზარზე - აპირებენ თუ არა ტექნიკის შემომტანი კომპანიები ,,სეთ-თოფბოქსების’’ შემოტანას,  იყიდება  თუ  არა სავაჭრო ქსელებში   DVB-T2 სტანდარტის  ციფრული  სიგნალის  მიმღები  აპარატურა, რა არის მისი საცალო ფასი, აქვთ  თუ არა შემოტანილ ,,სეთ-თოფბოქსებს’’  საერთაშორისო  ლაბორატორიის  მიერ გაცემული სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მისი ფუნქციონალი თავსებადია საქართველოში არსებული ტექნიკური მოთხოვნების  დოკუმენტთან  და ა.შ.  ჩვენ გვსურს მოვისმინოთ თქვენგან იმ  საკითხებისა და პრობლემების შესახებ, რომელიც ,  შესაძლოა, რეფორმის პროცესში გაჩნდა, -  მიმართა სამომხმარებლო ტექნიკის იმპორტით დაინტერესებულ კომპანიებს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს თავმჯდომარემ  ნინო ქუბინიძემ.  

იმპორტიორებთან კონსულტაციების გამართვისა და პროდუქციის სერთიფიცირების სისტემასთან დაკავშირებით ერთობლივი მსჯელობის   მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ,  ვახტანგ აბაშიძემ. მისი თქმით, საქართველოში 17 მარტიდან პარალელური მაუწყებლობის პერიოდი დაიწყება და  ციფრული და ანალოგური სიგნალები ერთდრულად გავრცელდება,  რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობაზე მოთხოვნა ამ პერიოდიდან უკვე მაღალი იქნება. „სასურველია,  სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიებმა ე.წ. „ ერთი ფანჯრის“ პრინციპით იხელმძღვანელონ და  ქსელში  ციფრული სიგნალის მიღებისთვის საჭირო აპარატურა - შესაბამისი სტანდარტების ტელევიზორები, „სეთ- თოფ ბოქსები“, ანტენები თუ კაბელები  ერთ სივრცეში განათავსონ“   - აღნიშნა ვახტანგ აბაშიძემ.

შეხვედრა ინტერაქტულ რეჟიმში წარიმართა. თავის მხრივ, სამომხმარებლო  ტექნიკის  შემომტანი  კომპანიების  წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბაზრის მზადების შესახებ. როგორც გაირკვა,  დღესდღეობით სამი კომპანია აპირებს ციფრული სიგნალის მიმღები სპეციალური აღჭურვილობის შემოტანას. ერთ-ერთი კომპანიის მაღაზიათა ქსელში  კი უკვე იყიდება ე.წ „სეთ- თოფ ბოქსები“, რომლის საცალო  ღირებულება 50 ლარს შეადგენს. სხვა იმპორტიორების თქმით, ამ ეტაპზე ფასებთან დაკავშირებით მწარმოებლებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მათი თქმით, აპარატურის ღირებულება 25 დან 35 დოლარამდე მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ რეფორმის პროცესში ტექნიკის შემომტანი  კომპანიების  წარმომადგენლებს  ციფრული მაუწყებლობის სააგენტო უკვე მეორედ  ხვდება. პირველი შეხვედრა  გასული წლის ოქტომბერში შედგა.