ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს შორის დაპირისპირება დღითიდღე მატულობს. მმართველი გუნდის წევრები როგორც საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებაზე, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან და ფრაქციის გადახალისების სურვილსაც გამოთქვამენ.
„ქართულმა ოცნებამ“ დახურული სხდომა გუშინ, ცხარე კამათისა და ხმაურის ფონზე წარმართა. დეპუტატებს შორის განხეთქილების მიზეზი ნინო გვენეტაძე იყო. ფრაქციის წევრების ნაწილი გვენეტაძის უკან „რესპუბლიკური პარტიის“ ინტერესებს ხედავს და მის მხარდაჭერას არ აპირებს, მეორე ნაწილი კი, იმ 18 დეპუტატის დარწმუნებას ცდილობს, რომელთაც ზაქარია ქუცნაშვილს მხარი დაუჭირეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელეს.
ფრაქციის დახურულ სხდომაზე ნინო გვეტენაძის მიმართ ეჭვები გამოთქვეს და კითხვები დასვეს - სოსო ჯაჭვლიანმა, ზაზა პაპუაშვილმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, დავით ლორთქიფანიძემ, დიმიტრი ხუნდაძემ, ლერი ხაბელოვმა, ომარ ნიშნიანიძემ. აღნიშნულ დეპუტატებს საკუთარი პოზიციის შეცვლას კი, გია ვოლსკი მოუწოდებდა.
სხდომაზე ნეიტრალური პოზიცია ნუკრი ქანთარიამ დაიჭირა და თანაფრაქციელებს მოუწოდა, საკუთარი ქმედებებით ისე ნუ გააკეთებენ, რომ პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე გვენეტაძის კანდიდატურა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით ჩავარდეს.
„მგონია, რომ ვიღაც უნდა იყოს, რომელიც ჩვენს კითხვებს პასუხს გასცემს. თუ ჩამოვყალიბდებით, გადაწყვეტილების მიღება ადვილი იქნება. ერთი პოზიცია არ გვაქვს და ვცურავთ. ამ საკითხის თავისუფლად მიშვება იმას ნიშნავს, რომ კანდიდატი ჩავაგდოთ, ან საკითხი წინ ჩვენს გარეშე წავიდეს. თუ ამ კანდიდატის მხარდაჭერა არ გსურთ, მაშინ ტაქტიკა შევიმუშავოთ, უარყოფითი გადაწყვეტილება როგორ მივიღოთ. ისე არ გამოგვივიდეს, რომ გვენეტაძე ჩვენ და ნაციონალებმა ჩავაგდოთ. პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, ფრაქციის სხდომა მოვიწვიოთ, სადაც გვენეტაძეს მოვუსმენთ“, - მიმართა ფრაქციის წევრებს ქანთარიამ, რომლის შემდეგ სიტყვით სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი გამოვიდა.
ხაბელოვის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პარლამენტმა არჩევანის გაკეთებისას არ უნდა იჩქაროს.
„ირაკლი ღარიბაშვილსაც ველაპარაკე და მას გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. მან მითხრა, გვენეტაძე ვინ არის, არ იცის. გვენეტაძეს ზოგი იცნობს, ზოგი არა. ეს ადამიანი უნდა შევარჩიოთ, არა მისი გარეგნობით და თმის ფერით, არამედ საქმით. არსად არ გვეჩქარება. როგორც ვხედავ, ამ ქალბატონით დაინტერესებული არიან პარტიები, რომელთაც პატივს ვცემ“, - დასძინა ხაბელოვმა, რომელსაც პაატა პარათაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რესპუბლიკელების მტკიცებით, გვენეტაძე მათი კანდიდატი არ არის, თუმცა, ეს ეჭვებს ბადებს.
აღნიშნული დეპუტატების გამოსვლას გია ვოლსკი გამოეხმაურა და მათ მიმართა, რომ „ზემოთ ვერტიკალს ანგარიში გაუწიონ“, რასაც ზვიად კვაჭანტირაძის პროტესტი მოჰყვა და მან ვოლსკის მოუწოდა - „ზემოთ, ანგარიში მათაც გაუიწიონ“.
ვოლსკისა და კვაჭანტირაძეს შორის საუბარი ცხარე კამათის ფონზე წარიმართა, ისევე როგორც ქუცნაშვილსა და ვოლსკის შორის.
ვოლსკი-ქუცნაშვილის დაპირისპირების მიზეზი თავად ქუცნაშვილის იდეა გახდა, რომელმაც თქვა, რომ ფრაქციის სხდომაზე გვენეტაძესთან დაკავშირებით კენჭისყრა უნდა ჩატარდეს.
„დროის გაყვანა თუ არ გვინდა, კენჭისყრა ჩავატაროთ“, - მიმართა მან კოლეგებს, რომელსაც ვოლსკი გამოეხმაურა.
ვოლსკიმ ქუცნაშვილი გააფრთხილა, რომ კენჭისყრის შემთხვევაში, ის პიროვნულ შეხედულებებს არ გაითვალისწინებდა. ქუცნაშვილი ვოლსკის ამ განცხადებამ გააღიზიანა და მოუწოდა, მსგავსი პათოსისგან თავი შეეკავებინა.
ფრაქციის სხდომაზე ვოლსკის დავით ლორთქიფანიძეც დაუპირისპირდა, რომელიც გვენეტაძის კანდიდატურის წინააღმდეგ გამოდის. პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, ვოლსკიმ ლორთქიფანიძეს შეახსენა, რომ ის კოალიციის საპარლამენტო სიაში სწორედ მისი მხარდაჭერითაც მოხვდა. ამ რეპლიკის შემდეგ, ვოლსკისა და ლორთქიფანიძეს შორის ხმამაღალი საუბარი გაიმართა.
მაშინ, როდესაც ვოლსკი თავის თანაფრაქციელებს ხან ეკამათებოდა და ხან პოზიციის შეცვლას სთხოვდა, გია ჯაფარიძე დაინტერესდა, იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი კენჭისყრაზე ნინო გვენატაძის კანდიდატურას ჩააგდებს, რა მოხდება.
ჯაფარიძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუმარტა, რომ სასამართლო სისტემის მართვას ზაზა მეიშვილი დაიწყებს, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კონსტანტინე კუბლაშვილის უფლებამოსილებას შეასრულებს.
სხდომაზე მას შემდეგ, რაც ვოლსკი მიხვდა, რომ ფრაქციის წევრების პოზიცია ვერ შეცვალა, მან კოლეგებს კითხვით მიმართა: „კაცი რომ მოვიდეს და თქვას, რომ გვენეტაძე შემოწმებული არის, რას იზამთ?“, - რასაც კვაჭანტირაძემ უპასუხა: „შემოწმების შედეგად, იმ კაცზეც დადებითი პასუხი მოვიდა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ოზურგეთში მებრძოდა“.
აღსანიშნავია, რომ ფრაქციის სხდომაზე გვენეტაძის საკითხის გარდა, დაძაბული ფონი საპარლამენტო თანამდებობების დაკავების საკითხზე გამართულმა მსჯელობამაც შექმნა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი თამაზ მეჭიაური დაინტერესდა, მას პოსტზე პლენარულ სხდომაზე რა ფორმით აირჩევდნენ და როდის. მეჭიაურს ვოლსკიმ განუმარტა - მიუხედავად იმისა, რომ ამ თანამდებობაზე მისი კანდიდატურაა წარდგენილი, შესაძლოა, პოსტის დაკავების სურვილი სხვა დეპუტატმაც გამოთქვას და საკითხი კოალიციურ რეჟიმში გადაწყდება. ვოლსკის ამ განმარტებას მეჭიაურის პროტესტი მოჰყვა და კითხვა დასვა - საკუთარი კანდიდატურა უკან ხომ არ გაეწვია?! ვოსლკიმ მეჭიაურს მრავლისმეტყველად განუმარტა: - „ნუ მაწვები ახლა“.
უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტში გამართულ დახურულ სხდომაზე ფრაქციის შემაგენლობის შეცვლაზეც ისაუბრეს და ვოლსკიმ განაცხადა, რომ ის თამარ კორძაიას სხვა ფრაქციაში გადასვლას შესთავაზებს. რა გახდა ვოლსკის ამ განცხადების მიზეზი, ამ საკითხით for.ge დაინტერესდა, თუმცა, ვოლსკიმ კატეგორიულად უარყო, რომ მან სხდომაზე მსგავსი განცხადება გააკეთა. ვოლსკისგან განსხვავებით კი, ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა კულუარულ საუბარში დაგვიდასტურა, რომ სხდომაზე კორძაიასთან დაკავშირებით ვოლსკიმ მართლაც ისაუბრა, თუმცა, ამის მიზეზი 27 თებერვალს ფრაქციის დახურული სხდომა გახდა, სადაც ზაზა პაპუაშვილმა ფრაქციას მოუწოდა, რომ მათი რიგები „ჩანერგილებიდან“ გაიწმინდოს.
for.ge საკითხის გარკვევას თავად პაპუაშვილთან შეეცადა, რომელიც დაინტერესდა, ეს ინფორმაცია ჩვენ ვინ მოგვაწოდა.
„ეს დეპუტატისგან იცით? ვინ გითხრათ? ფრაქციის სხდომაზე ლაპარაკი შიდა ფრაქციულ დისციპლინაზე იყო, რომელიც მეც მეხება და სხვასაც. საუბარი იყო ტაქტიკასა და დისციპლინაზე, რადგან რაღაცეებზე თვითკრიტიკა გვმართებს“, - დასძინა პაპუაშვილმა.
იქედან გამომდინარე, რომ ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გვენეტაძესთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, ამ დრომდე არ კონკრეტდება, მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე თუ როდის დადგება. მას კი, რესპუბლიკელები და „თავისუფალი დემოკრატები“ მხარდაჭერას ღიად უცხადებენ. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ნაწილი კი, პოზიციას ისევ არ იცვლის. მათ გვენეტაძეს პრობლემები ერთხელ უკვე შეუქმნეს, როდესაც იურიდიულ საკითხთა სხდომაზე ზაქარია ქუცნაშვილი და კარლო კოპალიანი არ გამოცხადნენ და კვორუმის არარსებობის გამო, სხდომა დილას და საღამოს ჩაიშალა.