„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლი, დეპუტატი ზურაბ აბაშიძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს ურჩევს თანამდებობა დატოვოს. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ ხელისუფლების ახალმა ოპონენტებმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ნაციონალებს დაასწრეს და ცდილობენ, ასე მოიპოვონ პოლიტიკური ნიშა.
„თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენს, რომ რუსეთთან მომლაპარაკებელი ზურაბ აბაშიძე ყოფილი პრემირის ინსტრუმენტად იქცა, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას აფერხებს. პარტიის ლიდერები თვლიან, რომ საზოგადოებრივი კონტროლი უნდა დაწესდეს, რათა ზურაბ აბაშიძე მისი კომპეტენციის ფარგლებს არ გასცდეს, რაზეც ბრალდების ადრესატი დემოკრატებს ურჩევს, რომ „სამოქალაქო კონტროლი თავიანთ არაკომპეტენტურობას დაუწესონ“.
„მათ ჩემზე კარგად იციან, რომ ალიანსში საქართველოს წევრობა დღევანდელი და ხვალინდელი დღის პერსპექტივა არ არის, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა მოაწონონ საზოგადოებას თავი. თეზისები, რაც აღნიშნულ კომენტარში ჩამოვაყალიბე, სრულად აისახა 25 თებერვალს ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებაში. საინტერესოა, რატომ არ უპასუხეს ჩვენმა ოპონენტებმა ბატონ აპატურაის ამ კომენტარებს? რატომ არ შევიდნენ მასთან პოლემიკაში? რატომ არ უწესებენ სამოქალაქო კონტროლს თავიანთ არაკომპეტენტურობას? ასეთი უსაფუძვლო აჟიოტაჟით ისინი განა არ იფუჭებენ ავტორიტეტს შიგნით და გარეთ? ვფიქრობ, რომ იფუჭებენ და სწორედ იმ პოზიციაში დაზიანდებიან პოლიტიკურად გამუდმებით, რომელიც ყველაზე დაცული ჰგონიათ.
რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილს, მას იუმორისკენ სწრაფვა აქვს, მაგრამ მონდომება აკლია. მას შემდეგ, რაც მთავრობიდან წავიდა, ეტყობა მწვავედ განიცდის ნოსტალგიას მინისტრის პოსტის მიმართ და ქვეცნობიერად ამას სხვასაც მიაწერს“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის, დეპუტატ ზურაბ აბაშიძის განცხადებით, უმჯობესი იქნება, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ თანამდებობა დატოვოს. მისივე თქმით, დღეს თუ ვინმეს აქვს კომპეტენციის და კვალიფიკაციის პრობლემა, ეს არის საქართველოს მთავრობა.
„ზურაბ აბაშიძე ამ მთავრობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. არაკომპეტენცია და არაკვალიფიციურობა უნდა მოიკითხოს იმ მთავრობაში, რომელსაც წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ის არის დღეს ინსტრუმენტი დე ფაქტო პრემიერ მინისტრის ხელში. მისთვის უმჯობესი იქნება დატოვოს თანამდებობა. დღეს თუ ვინმეს აქვს კომპეტენციის და კვალიფიკაციის პრობლემა, ეს არის საქართველოს მთავრობა. ამას ჩვენ ვხედავთ ყოვედღიურად, როგორც საშინაო პოლიტიკის საკითხებში, ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
ბატონი ზურაბ აბაშიძე გახლავთ ამ მთავრობის ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო წარმომადგენელი. როდესაც საუბარია, რომ ნატო-სკენ სვლა არის დეკლარირებული, მაგრამ ამ მიმართულებით არაფერი კეთდება, ამ შემთხვევაში, ბატონი აბაშიძე არის იმ ნარატივების შემქმნელი, საზოგადოებისთვის მიმწოდებელი, რომელიც რუსეთს აწყობს და ეამება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მას მივმართავთ, ნუ იქნება ინსტრუმენტი ამ პირობებში და ჯობია, რომ თანამდებობა დატოვოს“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
მმართველ კოალიციაში თვლიან, რომ პრემიერის წარმომადგენელი აბაშიძე კარგი და გამოცდილი დიპლომატია, რომლის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებას სრულიად იზიარებს კოალიცია. შესაბამისად, მისი გადადგომის მიზეზსს უმრავლესობაში ვერ ხედავენ.
„საკამოდ გამოცდილი დიპლომატია, საკმაოდ დიდი ხანი იყო ნატოში ელჩი. ამ თემაზე მან სრული კომენტარი გააკეთა, პრაქტიკულად, მე ვერ ვხედავ იმ პრობლემას, რაც მას წაუყენეს, როგორც რაღაც ბრალდება, თითქოს ის არ თქვა, რაც იგივე აპატურაიმ, ან ნატოს ქვეყნების რომელიმე ხელისუფალმა. ეს საკითხი პრაქტიკულად ის თემაა, რომელიც დახურული არ არის და ნატოსკენ ძალიან ინტენსიურად ვმოძრაობთ“, - აცხადებს უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი.
საპარლამენტო უმრავლესობის, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, საპარლამენტო თემა არ არის, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი.
„რატომ განჩნდა არ ვიცი, მაგრამ პარლამენტის თემა არაა, ვინ უნდა იყოს მისი წარმომადგენელი. უფლებამოსილებების გამიჯვნა დემოკრატიის ყველაზე მთავარი მონაპოვარია. აღმასრულებელი ხელისუფლება არის აღმასრულებელი ხელისუფლება, ჩვენ ვართ საკანონმდებლო ორგანო“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა გააჟღერა ის, რაც დაფარულია და, თუ ქართველ ხალხს გონიერება ეყოფა, მან თავისი დამოკიდებულება უნდა ჩამოაყალიბოს არა ზურაბ აბაშიძის, არამედ იმ ხელისუფლების მიმართ, რომლის შიდა სამზარეულოს ახმაუარებს ზურაბ აბაშიძე.
„ასე რომ, აბაშიძის გადადგომაში პრობლემის მოგვარებას ვერ ვხედავ, რადგან აბაშიძე ახმოვანებს იმას, რა მიმართულებითაც მოძრაობს ხელისუფლება. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დღეს რუსეთის ორბიტისკენ მოძრაობს. ეს ვითარება 1992 წელს მაგონებს, რომდესაც ედურად შევარდნაძემ განაცხადა ფული შეიტანეთ და გაგიორმაგდებათო. მთელმა საქართველომ შეიტანა ფული ანაბრებზე, ეს ფული მოექცა შევარდნაძის და მისი რამდენიმე ბანკირის ხელში. დღესაც ანალოგიური ხდება.
ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ერთადერთი ჩამოყალიბებული ინსტიტუტი, როგორიც არის ეროვნული ბანკი, გააკოტროს. ეროვნული ბანკის რეზერვები ეს არის ქართველი ხალხის ნაგროვები სიმდიდრე. მას უნდა ამ სიმდიდრის განიავება ისე, რომ მხოლოდ მას მიუწვდებოდეს ხელი სერიოზულ ფინანსებზე. ამ ფონზე, საქართველოში საპრივატიზაციო ტალღის დაწყებას იწყებენ. ახლა აცხადებენ, რომ რკინიგზა უნდა გაიყიდოსო. ბადრი პატარკაციშვილის და ბიძინა ივანიშვილის გეგმები ერთი ერთზე ემთხვევა ერთმანეთს.
როდესაც პატარკაციშვილს უნდოდა დაემყარებინა ქვეყანაზე კონტროლი, ამ კონტროლში შემოდის რუსული ინტერესები, ახლა ეს გააჟღერა ზურაბ აბაშიძემ და პირიქით, მადლობას ვუხდი მას, რომ ოდნავ მაინც გახსნა ივანიშვილის დახურული სამზარეულოს ფანჯარა. ყველაფერი კეთდება, რომ ღარიბი საქართველო დარჩეს რუსეთის ამარა, ეს კეთდება როგორც ეკონომიკურ, ასევე დიპლომატიურ ფონზე“, – აცხადებს აკაკი ბობოხიძე.
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, რთულ მდგომარეობაშია. მისივე თქმით, ზურაბ აბაშიძის მხრიდან ყოფილ კოლეგებზე ასე აგდებულად საუბარი უბრალოდ, არასერიოზულია.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ბატონი ზურაბ აბაშიძე ვერ აცნობიერებს იმას, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი არ არის. საქართველოსთვის ამ ძალიან სენსიტიურ და მნიშნელოვან თემაზე მას კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან. ასე აგდებულად საუბარი ყოფილ კოლეგებზე, რომ თურმე, დიპლომატიის და რუსეთთან ურთიერთობების, აბაშიძის გარდა, არავის არაფერი გაეგება, უბრალოდ, არასერიოზულია.
ვფიქრობ, რომ ბატონი აბაშიძე ახლა ძალიან რთულ მდგომარობაშია, ძალიან გაღიზიანებულია. ვფიქრობ, რუსეთმა ზურაბ აბაშიძის სახით ქართული მხრიდან ზუსტად ის მომლაპარაკებელი შეარჩია, რომელიც ნაკლებად კონფრონტაციული, მაგრამ ამავე დროს, დამთმობი შეიძლება იყოს და შესაძლებელია, უფრო უკეთესი კომუნიკატორი იყოს იმ იდეებისა, რომელიც ქართულ საზოგადოებას რბილად უნდა მიაწოდოს. ბატონ ზურაბს ვურჩევ, რომ ცოტა ფრთხილად იყოს და დიპლომატიაში არსებული გარკვეულ მექანიზმებზე უარი არ თქვას.
რუსეთი საქართველოსთან შედარებით გაცილებით მომგებიან მდგომარეობაშია და არა მგონია, ზურაბ აბაშიძემ პოლიტიკური წრეების მხარდაჭერის გარეშე, ამ ზეწოლის გაძლება შეძლოს“, – აცხადებს ვანო მაჭავარიანი.