ირაკლი ლექვინაძე: „საგარეო შოკისგან გამოწვეულ ზემოქმედებას, სამწუხაროდ, ვერ ავიცილებდით“

ირაკლი ლექვინაძე: „საგარეო შოკისგან გამოწვეულ ზემოქმედებას, სამწუხაროდ, ვერ ავიცილებდით“

საზოგადოება შოკირებულია, კეთდება შეფასებები, რომ ლარი კუპონიზაციისკენ მიექანება. საინტერესოა, რა როლი ითამაშა ამ საქმეში ეროვნულმა ბანკმა, მისი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ხელმძღვანელობით, რომლის მისამართითაც კონკრეტული ბრალდებები უკვე გაისმის. როგორია ლარის დევალვაციის ანატომია, ამის შესახებ For.ge ეკონომისტ ირაკლი ლექვინაძე ესაუბრა.

ნაცვლად იმისა, რომ მარეგულირებლის ფუნქცია ეტვირთა, ეროვნული ბანკი თავად ხომ არ გახდა დილერი ამ ბაზარზე იმპორტიორების, მსხვილი ფინანსური ჯგუფების სასარგებლოდ? რატომ იყო დაგვიანებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რეაქცია?

- ლარის კუპონიზაცია არ მომხდარა, უბრალოდ, დაახლოებით 30%-იან დევალვაციას ჰქონდა ადგილი. არ მივიჩნევ, რომ ვინმე დამნაშავეა ამ პროცესში, ან ეროვნული ბანკი, ან რომელიმე ეკონომიკური უწყება. ლარის დევალვაციის მთავარი მიზეზი საგარეო ფაქტორებია, რამაც გავლენა მოახდინა საქართველოში დოლარის შემოდინებაზე. ეს პროცესი მარტო საქართველოში არ არის აქტუალური, არამედ ჩვენს სამეზობლოში, ჩვენს რეგიონში, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში იგივე პროცესი მიმდინარეობს, ანუ ადგილობრივი ვალუტები დევალვაციას განიცდიან. საუბარია რეგიონის ყველა ქვეყანაზე, რომელიც ინვესტიციებით, ექსპორტით, ტურიზმით თუ ფულადი გზავნილებით დამოკიდებული იყო რუსეთ-უკრაინაზე.

რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, საერთოდ, ლარის კურსზე მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი საგადამხდელო ბალანსში - ეს არის ექსპორტი, ეს არის ფულადი გზავნილები, ტურიზმი და ინვესტიციები. ჩვენს რეგიონში არსებულმა რთულმა ვითარებამ - რუსეთ-უკრაინის ომმა მთავარი პრობლემა შექმნა ორ ექსპორტთან მიმართებით, შეგვიმცირდა ექსპორტი დსთ-ს ბაზრების თითქმის ყველა ქვეყანაში, რამაც მნიშვნელოვანი დანაკლისი მოგვცა და ფულადი გზავნილებიც შემცირდა. არადა, ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნებშია წასული სამუშაოდ და იქ არსებული ფინანსური კრიზისის გამო ისინი ვერ გამოიმუშავებენ იმ მოცულობის თანხას, რომ თავიანთ ქვეყანაში გადმოაგზავნონ. ამ ორი ფაქტორის ჯამმა ქვეყანაში შეამცირა ვალუტის შემოდინება. ამის შედეგად მივიღეთ გაუფასურებული ლარი დოლართან მიმართებით.

დეკემბერსა და იანვრის დასაწყისში ამას დაემატა დოლარის გამყარების ტენდენცია. იანვარში, ასევე, მოხდა ტურისტების რაოდენობის კლება და ჯამში ეს შედეგი მივიღეთ. პერიოდულად, მომხმარებლის აჟიოტაჟური ქცევა ფიქსირდებოდა, რადგანაც მათ არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია მომავლის შესახებ და პროგნოზირება რთული იყო. ეს პერიოდულად ართულებდა ვითარებას ლართან მიმართებით და მაღლა წევდა ლარის გადაცვლის მაჩვენებელს დოლართან დამოკიდებულებაში. ეს იყო ამ პროცესის მთელი ანატომია.

გასაგებია, რომ დიდწილად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და, ასევე, მეტ-ნაკლებად მიბმული ვართ რუსულ ბაზარზე, თუმცა ნაციონალები ხშირად იშველიებენ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მათ მოახერხეს ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება. ალბათ, ეროვნული ბანკს თავიდანვე უნდა გაეთვალა ეს პროცესები და დაგვიანებული რეაქცია არ უნდა გამოეხატა, რის გამოც ლარის კურსი ლოგიკურად გასკდა.

- ვაჭრობაში რუსეთზე დამოკიდებულები დღეს ნაკლებად ვართ, რადგან სადღაც ექსპორტ-იმპორტის 10% მოდის მთლიანად რუსეთის წილად. ამან, რა თქმა უნდა, დაგვაზარალა, მაგრამ ეკონომიკური კატასტროფა ამის შედეგად არ მიგვიღია. რაც შეეხება ნაციონალების დროს ვალუტის სიმყარეს, ეს განპირობებული იყო მაღალი საგარეო ვალებით. განსაკუთრებით, 2008 წლის შემდეგ საგარეო ვალი გაიზარდა ორნიშნა პროცენტით. საგარეო ვალის აღება ნიშნავს ქვეყანაში ვალუტის შემოდინებას, რაც ხელს უწყობს კურსის სტაბილურობას. ომის შემდეგ ჩვენ მივიღეთ 4,5 მილიარდი გრანტი და შეღავათიანი კრედიტი, რამაც მნიშვნელოვნად შეარბილა ქვეყანაში ომის შედეგად მიღებული ზარალი. ეს რომ არ ყოფილიყო, მაშინ რამდენად იქნებოდა გამყარებული ლარის კურსი, უკვე სხვა საკითხია. მაშინ იქნებოდა ისეთ ფაქტორებზე დამოკიდებულება, როგორიცაა ინვესტიციები, გზავნილები და ა.შ.

რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, ის ბოლო პერიოდში აკეთებდა იმას, რაც უნდა გაეკეთებინა ტრადიციულად, ანუ მონეტარული ჩარევები, მოკლევადიანი ჩარევები, თუმცა დაგვიანებაში, გარკვეულწილად, გეთანხმებით. შეიძლებოდა, უფრო ინტენსიური ყოფილიყო კომუნიკაცია ბიზნესთან, ბანკებთან და მომხმარებელთან, რათა ახსნილიყო პროცესი. ამ აფეთქებების, პანიკის განეიტრალება შეიძლებოდა უფრო მეტი კომუნიკაციით. დანარჩენ შემთხვევაში, კონკრეტული უწყებების დადანაშაულება აქტუალურად არ მიმაჩნია.

ექსპერტთა ნაწილმა უპასუხისმგებლობად აღიქვა გიორგი ქადაგიძის ნათქვამი, რომ სავალუტო რეზერვებს ერთ წელზე მეტია, ვაგროვებდით და მის ხარჯვას არ ვაპირებთო. რას იტყვით ამ რეზერვების შესახებ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეროვნულ ბანკს ეს რეზერვები მცირე რაოდენობით აქვს.

- ძალიან ბევრი რეზერვი ეროვნულ ბანკს არ აქვს, მაგრამ ეს არც ძალზე ცოტაა. არის იმდენი, რამდენიც საკმარისია ფინანსური სისტემის სტაბილურობისთვის. ეს რეზერვი არსებობს იმისთვის, რომ კრიტიკულ სიტუაციებში იქნას გამოყენებული. რამდენჯერმე ეს ჩარევა და გამოყენება დაფიქსირდა კიდეც, მაგრამ ის, რომ ჩვენ ახლა საგარეო შოკებისგან მიღებული ვალუტის შემოდინების შემცირება დავაბალანსოთ ჩვენი ადგილობრივი რეზერვებით, უფრო სახიფათო ტენდენციაა, რადგან ჩვენ ამოვწურავთ ამ რეზერვებს და მერე კრიტიკული სიტუაციებისთვის ვიქნებით ყოველგვარი იარაღის გარეშე.

საბოლოოდ, ლარის დევალვაციით ვინ იხეირა? ექსპერტი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ კომერციულმა ბანკებმა ერთ თვეში 92 მილიონი დოლარი იშოვეს. უფრო მეტიც, ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ გამოძიება ქადაგიძის საქმიანობით უნდა დაინტერესდეს და, სავარაუდოდ, ნაციონალებთან მის ადრინდელ კავშირებზეც საუბრობენ. ამბობენ საბოტაჟის შესახებაც.

- თუ რაიმე ხელშესახები არსებობს, ამის შესახებ შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, თუმცა ამ ვითარებაში, როცა ქვეყანაში სავალუტო კრიზისია, მსგავსი მიდგომები არ არის გამართლებული. თუ არის გარკვეული კითხვები, თუნდაც, სხვადასხვა ბანკებთან მიმართებით, ამის დროც მოვა. გამიზნული საბოტაჟის დამტკიცებაც ძალზე რთულია, რადგან ეროვნული ბანკი გიორგი ქადაგიძის საკუთრება არ არის, მას აკონტროლებს ძალიან ბევრი საფინანსო ინსტიტუტი და არასწორი ქმედება შესაბამისად შეფასდება. ის, რომ ამ რთულ ვითარებაში ეროვნული ბანკი ცალკეა, ამაზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, ეს მხოლოდ პანიკას გააძლიერებს.

ადრე ჩვენთან საუბარში ამბობდით, რომ უპასუხისმგებლოდ იქცეოდნენ სავალუტო ჯიხურები და, რაც იქ ხდებოდა, ეს იყო აჟიოტაჟური კურსი. თუმცა ამის გამო ეროვნულ ბანკს სავალუტო ჯიხურებისთვის არ მიუცია სერიოზული მითითება. ხომ არ იყო ეროვნული ბანკის დაინტერესება ამ ინფლაციით?

- მესმის, შეიძლება, ამის შესახებ მითითება ყოფილიყო, როდესაც სპეკულაციები იყო და დღესაც არის სპეკულაცია გაზრდილი ბაზარზე. შეიძლება, მინიშნება გაკეთდეს, რომ ასეთი სპეკულაციები იქნება დასჯადი, მაგრამ ის, რომ ეროვნული ბანკი დაინტერესებულია ინფლაციის გაზრდით, არ ვიცი, ესეც რთული თემაა. თუ კითხვები არსებობს, უნდა გამოიძიონ.

ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში საკმაო რაოდენობითაა შემოდინებული, თუმცა რატომ არ აისახა ეს ლარის კურსზე?

- ჩვენ ვიცით მესამე კვარტლის ინვესტიციების შესახებ და აქ არასწორი ინფორმაცია არ არის. მესამე კვარტალში შემოდიოდა საკმაოდ მაღალი-  508 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიც კი გაზარდა. ლარის დევალვაცია იწყება ნოემბრიდან, მეოთხე კვარტლის მონაცემები ჯერ ჩვენ არ გვაქვს. სავარაუდოდ, მეოთხე კვარტალში მაღალი მაჩვენებელი არ იყო, რასაც უნდა დაებალანსებინა ლარის კურსი.

სიტუაციის დასაბალანსებლად, სხვა ობიექტებთან ერთად, საუბრობენ სტრატეგიული ობიექტების გასხვისებაზეც. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს რკინიგზას ფრთხილად უნდა მივუდგეთ, მაგრამ იგი 25%-მდე შეიძლება გაიყიდოს. ხომ არ ხდება სახელმწიფო ქონების განიავება?

- ობიექტებს რაც შეეხება, რაც გამოტანილია გასაყიდად, არცერთი მათგანი სტრატეგიული ობიექტი არ არის - წყნეთის აგარაკი, ათონელზე მდებარე რეზიდენია...

რკინიგზაზე რას გვეტყვით?

- რკინიგზა, რა თქმა უნდა, სტრატეგიული ობიექტია და მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლის მქონეა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ რკინიგზის მაკონტროლებელი უნდა იყოს ქართული მხარე. 25%-ის გაყიდვა არაფერს ცვლის. ინვესტორი არ იქნება გენერალური გადაწყვეტილების მიმღები.

ცხადია, ტურიზმი უნდა განვითარდეს, ინვესტიციებიც უნდა მოვიზიდოთ, ბიზნესმენები ერთგვარ პანაცეად სოფლის მეურნეობის განვითარებას მიიჩნევენ. კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მხოლოდ მიწების მოხვნა არ არის საკმარისი, რადგან ამის საბოლოო შედეგი უნდა იყოს მოსავალი. ამ შემთხვევაში, რომელ სფეროზე ამყარებთ დიდ იმედს?

- აქ რამდენიმე საკითხია. პირველი, ზედმეტი რეგულაციებისგან ეკონომიკის გათავისუფლება. მე ვგულისხმობ შრომის მიგრაციის შესახებ კანონს, ვიზების რეგულაციას, შრომის ინსპექციის შექმანას. ასეთი უაზრო მარეგულირებელი კანონპროექტები ჩვენ არ გვჭირდება. მოკლე ვადაში აუცილებლად უნდა დაიძრას შეფერხებული საინვესტიციო პროექტები, სამშენებლო პროექტები და სხვა. პრივატიზაციის პროცესს მივესალმები, რადგან ეს ხელს შეუწყობს სავალუტო შემოდინების ზრდას. ასევე, შესაძლებელია ფიქრი საგარეო ვალდებულებების გაზრდაზე, ანუ გარკვეული ფინანსური რესურსი უნდა მოვიზიდოთ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან და ამით დავაფინანსოთ ინფრასტრუქტურული პროექტები.

როდის ელით ლარის დასტაბილურებას? მაისში თუ უფრო ადრე?

- გუშინ და დღეს იყო სტაბილიზაციის ნიშნები არსებულ სავალუტო ბაზარზე. კურსი სტაბილურია და კლების ტენდენცია აქვს. ვფიქრობ, რყევები შეიძლება გაგრძელდეს 10 მარტამდე, ამის შემდეგ ველი გამყარების პროცესის დაწყებას.

ექსპერტთა ვარაუდი, რომ ორ-სამ კვირაში გაიზრდება ფასები ფქვილზე, საწვავზე, გაზსა და სხვა საგნებზე, თქვენთვისაც ძალაში რჩება?

- ინფლაციური მოლოდინი არსებობს. დევალვაცია, ბუნებრივია, ფასებზე ზეწოლას ახდენს, განსაკუთრებით, - იმპორტირებულ პროდუქციაზე. ამიტომ ფასების გარკვეული კორექტირება შეიძლება მოხდეს.

ნოემბერში შეიძლებოდა თავის დაზღვევა ყველაფრისგან, რაც ლართან მიმართებით ხდებოდა?

- ეს მოხდებოდა ნებისმიერ სიტუაციაში, რადგან საგარეო შოკებისგან გამოწვეულ ზემოქმედებას, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ავიცილებდით.