ნატოში მაისურაძე, საბერძნეთში ნანობაშვილი – ელჩობის კანდიდატები პრეზიდენტის თანხმობას ელოდებიან

ნატოში მაისურაძე, საბერძნეთში ნანობაშვილი – ელჩობის კანდიდატები პრეზიდენტის თანხმობას ელოდებიან

ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძის, ხოლო საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე იოსებ ნანობაშვილის კანდიდატურები წარადგინა. თუმცა, ჯერ უცნობია მოაწერს თუ არა ხელს პრეზიდენტი წარდგენილი კანდიდატების დანიშვნას. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, კანდიდატების შერჩევაში საგარეო უწყებასთან ერთად ჩართული იყო საქართველოს პარლამენტიც და გარკვეული პროცედურების გამო ელჩების წარდგენის პროცედურა დროში გაიწელა.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს სურდა, რომ ნატოს წარმომადგენლობაში განსაკუთრებით გამორჩეული კანდიდატი წარედგინა. ამიტომ, გარკვეული პროცედურების გამო, პროცესი დროში გაჭიანურდა. მადლობა ლევან დოლიძეს, რომელიც ძალიან ღირსეულად ასრულებდა თავის მოვალეობას. არ წარმოქმნილა ისეთი პრობლემა, რომელიც ჩვენს საელჩოს არ გადაეწყვეტა. ორი კვირის წინ საელჩოში ვიყავი, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ინტენსიურად მიდის, ყველაფერი წესრიგშია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.

ალექსანდრე მაისურაძე კარიერული დიპლომატია, მან თავისი კარიერა 1998 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო და მთელი მისი საქმიანობა ცენტრალურ აპარატში დაკავშირებული იყო უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებთან. 2008-2012 წლებში ალექსანდრე მაისურაძე იყო ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე.

2005-2008 წლებში მუშაობდა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი დირექტორად. 2012 წლის თებერვლიდან დღემდე მუშაობდა ავსტრიაში საქართველოს საელჩოს და ევროპის უსაფრთოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ.

რაც შეეხება იოსებ ნანობაშვილს, რომელიც საბერძნეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზეა წარდგენილი, მაისურაძის მსგავსად, ისიც კარიერული დიპლომატია და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. კერძოდ, ნანობაშვილი 2013 წლიდან დღემდე არის უწყების საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ავსტრიაში, რუმინეთში, ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. 
მიუხედავად იმისა, რომ ლევან დოლიძის შემცვლელი უკვე დასახელდა, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე საგრეო უწყებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. როგორც ფანჯიკიძემ განმარტა, 5 ნოემბრის შემდეგ ცნობილი იყო, რომ საქართველოს ელჩს ნატოში ლევან დოლიძეს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, თუმცა კანდიდატურა ამ დრომდე წარდგენილი არ იყო. მისივე თქმით, ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს უპასუხისმგებლო საქციელი.

„5 ნოემბერს, როდესაც გადავდექით, გადადგომის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა საქართველოს წარმომადგენელმა ნატოში ლევან დოლიძემ. ამ დროიდან არის ცნობილი, რომ მალე საქართველოს ნატოში ელჩი აღარ ეყოლება. ახალი ელჩი მინიმუმ სამი თვე ბრიუსელში ვერ ჩავა და ელჩის არყოლა იმ პერიოდში, როცა ქვეყანას არსებითი პაკეტი აქვს განსახორციელებელი, წლის ბოლოს სამხედრო-საწვრთნელი ცენტრი გაქვს გასახსნელი, პრეტენზია გაქვს, რომ შემდეგ სამიტზე მიიღო იმაზე მეტი, ვიდრე უელსის სამიტზე მიიღე და შეიძლება ქვეყანას ელჩი არ ყავდეს 5 თვის განმავლობაში?“ – აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

ლევან დოლიძემ ნატოში საქართველოს ელჩის პოსტი ოფიციალურად 26 იანვარს დატოვა. თუმცა მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება მაშინ გააკეთა როცა „თავისუფალმა დემოკრატება“ კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვეს. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნატოში ელჩი დროულად დაინიშნოს.

„მოგეხსენებათ, რომ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ ნატოში. უელსის სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი მოგვცეს. რამდენიმე ძალიან სერიოზული მიმართულებაა განსახორციელებელი, მათ შორის შეფასების ცენტრის შექმნა და მისი ფუნქციონირების დაწყება. ამიტომ, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე დაინიშნოს ელჩი და საელჩოს ჰყავდეს ხელმძღვანელი და ჩაებას ნატოსთან მუშაობაში.

რაც შეეხება ალექსანდრე მაისურაძეს, ძალიან დიდი გამოცდილების პოლიტიკოსია, რომელიც უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობს და აქვს ძალიან დიდი გამოცდილება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ მაისურაძე შორს დგას ყოველგვარი პარტიული პოლიტიკისგან, რაც ძალიან კარგია.

„დიდი ხანია, მუშაობს ნატო-ს მიმართულებით და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კარიერული დიპლომატია. მე რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიწყე მუშაობა 2006 წელს, უკვე საკმაოდ სტაჟიანი დიპლომატი იყო ნატო-ს მიმართულებით. თავის დროზე მან დიდი წვლილი შეიტანა ნატო-სთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაში. ერთ-ერთი ავტორია მთელი რიგი საპარტნიორო პროგრამებისა ნატო-სთან.

ის შორს დგას ყოველგვარი პარტიული პოლიტიკისგან, რაც ძალიან კარგია. იმედი მაქვს დათანხმდება ამ შეთავაზებას. ალბათ, კანდიდატურის შეთავაზება საგარეო საქმეთა სამინისტროდან წამოვიდა, იმედი მაქვს მთავრობაც დათანხმდება ამ კანდიდატურას. უკეთესი ამ ეტაპზე მაინც არავინ ჰყავთ“, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.