ნაციონალებმა შესაძლოა, აპრილიდან ბოიკოტი შეწყვიტონ და თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში, საკომიტეტო მუშაობაში ჩაერთონ. for.ge-ს ინფორმაციით, უმცირესობის ნაწილი გეგმავს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბოიკოტის შეწყვეტის საკითხი დააყენოს.
როგორც for.ge-სთან კულუარულ საუბარში უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რუსთაველის გამზირზე არსებული შენობის ათვისების წინააღმდეგი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც მხარს ჩიორა თაქთაქიშვილი, გოკა გაბაშვილი, აკაკი მინაშვილი, აკაკი ბობოხიძე, გიგა ბოკერია და კიდევ რამდენიმე დეპუტატი უჭერს. მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი ბარამიძე, გიგი წერეთელი, პავლე კუბლაშვილი, დავით ბაქრაძე და ლევან ბეჟაშვილი კი მიიჩნევენ, რომ უმცირესობამ საპარლამენტო საქმიანობა თბილისშიც უნდა დაიწყოს, რადგან ბოიკოტის რეჟიმს მათთვის მხოლოდ ნეგატიური შედეგი მოაქვს.
წყაროს ცნობით, ბოიკოტის შეწყვეტის იდეის მომხრეები ამ საკითხზე მსჯელობას სააკაშვილის წინაშე აპირებენ, რის შემდეგადაც საკითხს განსახილველად პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გაიტანენ.
„ამ ხელისუფლებას მშვიდი ცხოვრების საშუალება არ უნდა მივცეთ და საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად უნდა ჩავერთოთ“, - აცხადებს ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი.
უმცირესობის წევრი, დეპუტატი სერგო რატიანი for.ge-ს ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში, საკომიტეტო მუშაობაში ჩართვას არ გეგმავს და რუსთაველის გამზირზე მხოლოდ 21 მარტს საპროტესტო აქციაზე შეიკრიბება. დეპუტატის მტკიცებით, პარტიაში ბოიკოტის შეწყვეტის თაობაზე საუბარი არ ყოფილა.
იმ შემთხევაში, თუკი უმცირესობა ექვსთვიან ბოიკოტს შეწყვეტს და საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობას მიიღებს, ამას უმრავლესობა მხოლოდ მიესალმება.
როგორც for.ge-ს უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განუცხადა, ნაციონალებმა კეთილი უნდა ინებონ და უწყებაში გამოცხადდნენ. საგანელიძის მოსაზრებით, ნაციონალებს სურთ, პარლამენტის ტრიბუნა თბილისშიც გამოიყენონ და ამით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მეათედი პროცენტი მაინც მიიღონ.
„თუ საკომიტეტო განხილვებს დაუბრუნდებიან, ძალიან სწორად მოიქცევიან. კეთილი ინებონ და მოვიდნენ! მათ თბილისში შენობა დაანგრიეს, ჩვენ კი აღვადგინეთ, მათ კაბინეტები მოვუმზადეთ და აბრები გავუკარით. მობრძანდნენ და მუშაობა დაიწყონ. როგორც ჩანს, მათი მიზანია, თბილისში ტრიბუნა როგორმე გამოიყენონ და მომავალ პარლამენტში მეათედი ხმებით მაინც შევიდნენ. როგორც ჩანს, მათ ნახეს, რომ მხოლოდ ქუთაისში აქტივობა არ ეყოფათ. ამ საკითხზე დაფიქრდნენ?“, - აცხადებს საგანელიძე, რომლის მსგავსად, უმცირესობის ბოიკოტის შეწყვეტას მიესალმება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე.
for.ge-სთან საუბარში ხმალაძე აცხადებს, რომ საკომიტეტო მოსმენებში ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ნაციონალები კომიტეტებში მუშაობით თავს არც ქუთაისში მდებარე პარლამენტში იწუხებენ.
დეპუტატის თქმით, როდესაც, კომიტეტის სხდომები იმართება, ოპოზიციის წარმომადგენლებს ტოტალურად „ოჯახური მდგომარეობა ურთულდებათ“, რადგან ისინი სხდომის გაცდენის მიზეზად, სწორედ ოჯახურ მდგომარეობას ასახელებენ.
„როდესაც, ოპოზიცია კომიტეტის სხდომებში არ მონაწილეობს, პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას ისეთი კითხვები ისმევა, რომელიც კომიტეტის მუშაობაში მათი მონაწილეობის შემთხვევაში, არ დაისმებოდა. ოპოზიციის მონაწილეობა საკომიტეტო მუშაობაში ძალიან მნიშვნელოვანია. „თავისუფალი დემოკრატები“ ოპოზიციაში გადავიდნენ და მათი მხრიდან კომიტეტის წევრად შალვა შავგულიძე იყო წარმოდგენილი, რომელსაც მუშაობა ერთი წუთითაც კი არ შეუმცირებია. ის ისევ მუშაობს, როგორც მაშინ მუშაობდა, როცა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო“, - აცხადებს ხმალაძე.
კანონმდებელის შეფასებით, ნაციონალების ბოიკოტის მიზეზი, რომ თითქოს, თბილისში მდებარე პარლამენტში მუშაობა არაკონსტიტუციურია, თეთრი ძაფით ნაკერია.
„თბილისში მდებარე პარლამენტში მუშაობაში ანტიკონსტიტუციური არაფერია. როცა ქუთაისში კომიტეტის სხდომებია, უმცირესობა მუშაობით თავს არც იქ იწუხებს და ამის მომსწრე თავადაც ბრძანდებით. განცხადებების დიდი დასტა გვაქვს, სადაც ნათქვამია, რომ უმცირესობის წევრები სხდომას ოჯახური მდგომარეობის მოტივით აცდენენ. ამას რომ შეხედავთ და თუკი რეალური მიზეზი არ იცით, იფიქრებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ტოტალურად ოჯახური პრობლემების ვირუსი გაუჩნდათ. მათ ოჯახური მდგომარეობა მაინცდამაინც მაშინ ურთულდებათ, როცა კომიტეტის სხდომებია ჩანიშნული“, - აღნიშნავს ხმალაძე, რომელიც რეგლამენტში არსებულ იმ ჩანაწერზე აპელირებს, რომელსაც ამ მოწვევის პარლამენტში ნაციონალები აქტიურად იყენებენ.
კერძოდ, რეგლამენტის მიხედვით, თუკი პარლამენტის წევრი სხდომის გაცდენის ერთ-ერთ მიზეზად „ოჯახურ მდგომარეობას“ მიუთითებს, მას გაცდენა საპატიოდ ეთვლება და ხელფასის 10 პროცენტიც არ ექვითება. ამ ხერხს გივი თარგამაძეც მიმართავს, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წევრობის მიუხედავად, სხდომას არცერთხელ არ დასწრებია.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტის მიზეზს, უმცირესობა მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში საკომიტეტო მოსმენების ჩატარება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის, ვინაიდან, კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფლად მითითებულია ქუთაისი. თბილისში საკომიტეტო მუშაობის დაწყების გადაწყვეტილება გასული წლის სექტემბერში, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიიღო და for.ge-ს ინფორმაციით, უმცირესობას ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება სურდა, მაგრამ ვინაიდან, სპიკერმა ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და არანაირი აქტი არ გამოსცა, ნაციონალებს სარჩელის მომზადებისთვის იურიდიული დოკუმენტი არ ჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის დარბაზების დემონტაჟი განხორციელდა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის გამჭირვალე შენობამ ფუნქცინირება 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო. იქ ორი წლის მანძილზე, როგორც საკომიტეტო მოსმენები, ასევე პლენარული სხდომები ტარდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ 23 მლნ ლარი გაიღო და რუსთაველის გამზირზე არსებული ისტორიული შენობა გაარემონტა, საკომიტეტო მოსმენები თბილისში იმართება და მას უმცირესობა არ ესწრება. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც. ბოლო პერიოდში, ნაციონალებმა სიარული ბიუროს სხდომებზეც დაიწყეს და ისინი ასევე უცხოელებთან გამართულ შეხვედრებშიც მონაწილეობენ.