ბორის ნემცოვი მოკლეს

ბორის ნემცოვი მოკლეს

Michael Birnbaum and William Branigin – Washington Post

ბორის ნემცოვი, რუსული ოპოზიციის ლიდერი და პუტინის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კრიტიკოსი 28 ოქტომბრის ღამით ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. 1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული, ნემცოვი რუსეთის მთავრობაში ცენტრალური ფიგურა იყო. ის კვირას დანიშნული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ჯერჯერობით არ არსებობს არავითარი ცნობა სავარაუდო მკვლელის ვინაობის შესახებ.

რუსეთის საგამომძიებლო სამსახურის წარმომადგენლის, ვლადიმირ მარკინის თქმით, ნემცოვს მიმავალი მანქანიდან შვიდჯერ ესროლეს.
პუტინის ბანაკის წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მკვლელობის გამოძიებაზე კონტროლის აღებას თვით პრეზიდენტი აპირებს. თუნდაც ეს ფაქტიც ხაზს უსვამს გარდაცვლილის მდგომარეობას ქვეყანაში.

რუსეთის სამთავრობო არხმა, „როსია 24“-მა გადმოსცა კადრები მკვლელობის ადგილიდან. „დიდი კამენნის“ ხიდი კრემლთან ძალიან ახლოს მდებარეობს და ასევე ძალიან ცოტა მანძილი აშორებს მდინარე მოსკოვზე მდებარე იმ კუნძულისგან, სადაც 2011-2012 წლებში საპროტესტო აქციები იმართებოდა.

ნემცოვის სიკვდილი სოციალურ ქსელებში გარდაცვლილის მეგობარმა და აქტივისტმა, ილია იაშინმა დაადასტურა. „ნემცოვს ესროლეს. ის მკვდარია“, - წერს იაშინი.
ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა და პუტინის მხარდამჭერმა, ალექსეი კუნდრინმა განაცხადა: „ნემცოვის სიკვდილი საშინელი ტრაგედიაა მთელი რუსეთისთვის“.

„არ დაგღალათ ტყუილებმა, პროპაგანდამ, ომმა, მაღალმა ფასებმა? მაშინ შემოუერთდით გაზაფხულის მარშს“, - ეს განცხადება  ბორის ნემცოვმა „ტვიტერზე“ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა.

მკვლელობა კრემლთან ახლოს მდებარე ხიდთან, ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ადგილთან მოხდა. ამ რეგიონს პოლიცია და საიდუმლო სამსახური განსაკუთრებით აკონტროლებს. არ არის ცნობილი იმყოფებოდა თუ არა პუტინი მკვლელობის დროს კრემლში. ცნობილია, რომ რუსეთის პირველი პირი დროს ძირითადად მოსკოვის შემოგარენში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაში ატარებს.
2012 წლიდან ნემცოვი რუსეთის „რესპუბლიკურ პარტიას - ხალხთა თავისუფლების პარტიას“ ედგა სათავეში.

ეს მკვლელობა რუსული ოპოზიციური მოძრაობის ისტორიის მორიგი სისხლიანი გვერდია. ყირიმის კრიზისის შემდეგ ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა განსაკუთრებით გართულდა. იმ დროიდან მოყოლებული სრულიად რუსეთი განსაკუთრებულმა ნაციონალურმა აღტყინებამ მოიცვა. ბევრ ლიდერს ციხე მიესაჯა, ხოლო უმრავლესობისგან განსხვავებული აზრის მქონე ხალხს სასტიკი აგრესიით დაუწყეს მოპყრობა.

თუმცა პოლიტიკური მკვლელობები რუსეთში მაინც იშვიათობა იყო.

რთული იყო ინციდენტის შემდეგ იმის დადგენა, თუ ვინ იდგა ამ მკვლელობის უკან. გამომძიებლების მტკიცებით, მკვლელები თეთრ მანქანაში ისხდნენ და ნემცოვს ტყვიები მაშინ დაუშინეს, როდესაც ეს უკანასკნელი ხიდზე გადადიოდა.

„პუტინის თქმით, ეს შეკვეთილ მკვლელობას ჰგავდა. ეს განცხადება კი თავისთავად პროვოკატიულია“, - განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა.

თავის დროზე ნემცოვმა, რუსულ მთავრობაში უკმაყოფილობა გამოიწვია, როცა განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის გამოყოფილი მილიარდები მაღალჩინოსნებმა მიითვისეს. უკვე ყოფილმა ოპოზიციონერმა ეს ყველაფერი პუტინის „მეგობრებს“ დააბრალა.

ერთი წლის წინ პუტინმა განაცხადა, რომ მის ოპონენტებს შეეძლოთ რომელიმე თავისიანის მოკვლა მხოლოდ იმისთვის, რომ მკვლელობა პუტინისთვის დაებრალებინათ.
„ისინი გამოჩენილ ფიგურებს შორის შესაწირ მსხვერპლს ეძებენ“, - განაცხადა პუტინმა. „ისინი რომელიმეს მოკლავენ, ხოლო შემდეგ კი მთავრობას დააბრალებენ“.
ნემცოვი მუდამ იმას ამტკიცებდა, რომ სწორედ მთავრობის მოვალეობა იყო ასეთი დანაშაულების აღკვეთა.

„თუ ფედერალური მთავრობის უფროსი იმ სახის განცხადებას ავრცელებს, რომ ასეთ მოსალოდნელ მკვლელობებზე ინფორმაცია გააჩნია, მაშინ რაიმე უნდა იღონოს ამასთან დაკავშირებით და არ აშინოს რუსეთის მოსახლეობა“, - ცოტა ხნის წინ „Interfax-თან მიცემულ ინტერვიუში“ განაცხადა ბორის ნემცოვმა.

საინტერესოა რომ 2011 წელს, ოპოზიციური მიტინგის ორგანიზებისთვის ბორის ნემცოვი ერთხელ უკვე დაპატიმრებული გახლდათ. ის დააკავეს.  იმისდამიუხედავად, რომ მომიტინგეებს მოსკოვის მოედანზე შეკრების უფლება ჰქონდათ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წლებში ნემცოვი დიდი ხნის განმავლობაში პრეზიდენტ ბორის ელცინის მემკვიდრედ ითვლებოდა: ახალგაზრდა, ენერგიული და ჭკვიანი პოლიტიკოსი, რომელიც ყველას უყვარდა. იმ დროს რუსების უმეტესობა ჯერ კიდევ დემოკრატიაზე ოცნებობდა და ნემცოვი ამ ოცნების სიცხადეში მოყვანის საშუალებად ითვლებოდა.
ამის ნაცვლად ქვეყნის სათავეში ვლადიმერ პუტინი მოვიდა.

თავის დროზე ბორის ნემცოვი იმდენად პოპულარული გახლდათ, რომ ბორის ელცინის ბანაკიც კი პრეზიდენტის პოზიციაზე მის წარდგენაზე ფიქრობდა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და 1997 წელს ნემცოვმა ვიცე პრემიერის თანამდებობა ჩაიბარა.
http://www.washingtonpost.com/world/europe/russian-opposition-leader-boris-nemtsov-reported-killed-in-moscow/2015/02/27/972e15f0-becb-11e4-b274-e5209a3bc9a9_story.html