„ხაბურძანიამ შეასრულა პატრონის დავალება, აურია ტვინი ხალხის ნაწილს, მოქმედი პოლიტიკოსების პროდასავლურ ნაწილს ლაფი ესროლა და რუსებთან კოლაბორაციონიზმში „ამხილა“, ამით პოლიტიკოსების ლაფში გორიალი ჩვეულებრივ მოვლენად გაასაღა და თავის თავი კი რუსეთთან ურთიერთობების რეალურად მომწესრიგებელ ერთადერთ კოლაბორაციონისტად წარმოგვიდგინა“, - აცხადებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე, რომლის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი გაცილებით უფრო ჭკვიანურად მოქმედებს - ადრე თუ სამხედრო ძალით მოქმედებდა, დღეს პრორუსული ორიენატაციის მქონე პოლიტიკოსების ხელით მოქმედებს.
ვისი ხელით უპირისპირდება რუსეთი პროდასავლურ ძალებს და რატომ გააქტიურდა ვალერი ხაბურძანია? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გიორგი მუჩაიძეს ესაუბრა.
ბატონო გიოგრი, რისი მტკიცება უნდოდა ხაბურძანიას როდესაც მან პროდასვლურ ძალებს რუსეთთან კოაბიტაციაში დასდო ბრალი?
- ცალახაა, რომ ხაბურძანია მოდერნიზებული იგორ გიორგაძეა. რომელიც კრემლის დავალებას ასრულებს. მის ბოლო გამოსვლას თუ ვნახავთ, აშკარაა რა მიზანიც ალაპარაკებს. ხაბურძანიამ შეასრულა პატრონის დავალება, აურია ტვინი ხალხის ნაწილს, მოქმედი პოლიტიკოსების პროდასავლურ ნაწილს ლაფი ესროლა და რუსებთან კოლაბორაციონიზმში „ამხილა“, ამით პოლიტიკოსების ლაფში გორიალი ჩვეულებრივ მოვლენად გაასაღა და თავის თავი კი რუსეთთან ურთიერთობების რეალურად მომწესრიგებელ ერთადერთ კოლაბორაციონისტად წარმოგვიდგინა.
მისი მოქმედებიდან გამომდინარე ძალიან ცალსახად ჩანს ვის დავალებას ასრულებს ხაბურძანია, თითქოს არაფერი არ გამოვა, მაინც რუსეთს უნდა ჩავბარდეთ და რუსეთთან მომლაპარაკე მე ვიქნები, რადგან მე ვარ ყველაზე კარგი მომლაპალაკებელიო. ძალიან კარგად უნდა იყოს გასაგები ვის წისქვიზე ასხამს წყალს, როდესაც დაასახელა პროდასავლური ძალები, პირდაპირ დაასახელა ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი, ამით ყველაფერი ნათელია.
გარდა ხაბურძანიასი, რომელიც დღეს რუსეთში მოღვაწეობს, საქართველოში ვინ არიან ის პრორუსი ძალები, რომლებიც ასევე უპირისპირდებიან პროდასავლური ძალებს?
- ეს ძალიან კარგად ჩანს. ნინო ბურჯანაძე, კახა კუკავა, რომლის მთავარი ლოზუნგია - „არა ნატოს“. ძალიან კარგად ჩანს ესენი ვინ არიან და რა პოლიტიკას ახორციელებენ. იგივე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პრორუსულ რიტორიკას აწარმოებს, ვგულისხმობ არჩილ ჭყოიძეს. უნდა ავღნიშნო ისიც, რომ სამწუხაროდ, რუსეთის მიერ სერიოზულად მოხდა რბილი ძალის მობილიზება საქართველოში.
რუსეთი ცდილობს გარკვეული ეკონომიკური მომხიბვლელობით საქართველოს მოსახლეობაში გაზარდოს რუსეთის მიმართ სიმპატიები იგივე ბაზრის გახსნით, საჰაერო მიმოსვლით, თუნდაც იგივე უმაღლეს სასაწავლებლებში ქართველების სწავლის დაფინანსება და ა.შ. საკმაოდ გააქტიურებულია რუსეთი და გაცილებით უფრო ჭკვიანურად მოქმედებს. ადრე თუ სამხედრო ძალით მოქმედებდა, ახლა უკვე მისი სატელიტი დაჯგუფების ხელით მოქმედებს. სამწუხაროდ, იმ ილუზიური პოლიტიკის განხორციელებას, რომელსაც შეუდგა ზურაბ აბაშიძე, ეს არავითარ სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას და ისევ რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს.
იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებას დეკლარირებული აქვს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი აბაშიძის განცხადება - საქართველო არც დღეს და არც ხვალ, ნატოს წევრი არ გახდება, - შეიძლება იყოს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ საქართველომ კურსი შეცვალა?
- ეკონომიკური თუ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის კუთხით, ფაქტობრივად არ ხდება სტრატეგიის ჩამოყალიბება. ქვეყანა მთავრობის გარეშე იმართება, ანუ ერთი ოლიგარქის მიერ იმართება ქვეყანა, რომელმაც შეტევა მიიტანა არასამთავრობოებზე და მედიაზე, ეს რომელი ქვეყნის მმართველობას გავს ამას კარგად ვხედავთ. ხელისუფლებას პროდასავლური კურსი გამოკვეთილი არ აქვს. ერთია რას იტყვი დეკლარაციულად, მაგრამ მეორეა რას გააკეთებ ამისათვის.
ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ბატონი აბაშიძე გასცდა თავის ფორმატს და სხვა ძალიან მნიშვნელოვან თემაზე დაიწყო საუბარი. არატრასფარენტული გახდა აბაშიძე-კარასინის ფორმატი, თვითონ ის სტრატეგია, რასაც დაადგა ამ ფორმატის ფარგლებში აბაშიძე, მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილებით არ ხდება. ეს არის მთავრობის პოლიტიკა, არ გავაღიზიანოთ რუსეთი, გვერდზე გადავდოთ ოკუპაციის საკითხი. საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას თუ არ გავამახვილებთ ოკუპაციაზე და მიმდინარე აგრესიულ ქმედებებზე, მაშინ რასაც მოგვიტანს რუსეთი ეს კარგად დავინახეთ ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც მივენდეთ და შევედით დსთ-ში.
თქვენ ამბობთ, რომ აბაშიძე გასცდა თავის ფორმატს და ეს მისი გადაწყვეტილებით არ ხდება. თუმცა, საპასუხოდ, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ მიესალმება, თუკი რუსეთი ხელს შეუწყობს აფხაზეთს და ცხინვალს თბილისთან დიალოგში და აქვე ამბობს, რომ მას შეუძლია მისი სტატუსი გვერდზე გადადოს...
- აბაშიძეს არსებული ფორმატი არ აძელვს იმის უფლებას ისაუბროს პოლიტიკურ საკითხებზე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ აბაშიძის მხრიდან ამ თემებზე ხდება საუბარი, ცხადია, რომ ეს არის მთავრობიდან მომავალი ინიციატივა, რომელსაც აჟღერებს ბატონი აბაშიძე. საუბრები იმაზე, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ, ველაპარაკოთ მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებზე, დეოკუპაციის საკითხები გვერდზე გადავდოთ და არ წამოვჭრათ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, ეს ძალიან დიდი ზიანის მომტანი იქნება.
ამ 25 წლის განმავლობაში კონფლიქტის დამრეგულირებელი კი არა, კონფლიქტის გამღვივებელი და მონაწილე მხარე იყო რუსეთი. უკრაინაში მისი აგრესული ნაბიჯებიდან გამომდინარე, რატომ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენთან ოკუპაციის პირობებში რუსეთი შეიცვალა? ეს მოლოდინები ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მომტანია.
ეროვნული ინტერესების საზიანოდ გაკეთდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ არის გადაწყვეტილი და რუსეთს შეშფოთების მიზეზი არ აქვს?
- ეს არის არასწორი განცხადება, რომ თითქოს, ნატო-ს არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება მან ჯერ კიდევ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიიღო. აქ საუბარია არა გაწევრიანებაზე, არამედ დროზე. დროსთან მიმართებაში ჩვენი საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ, დემოკრატული რეფორმები წინ წამოვწიოთ, ავამაღლოთ თავსებადობა და თანდათან მომწიფდება ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც ჰქვია საქართველოს გაწევრიანება. ასე რომ, ნატოში გაწევრიანების პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია.