ოპოზიცია პარლამენტში მინისტრებს იბარებს, მინისტრები ნაციონალებს ბაძავენ

ოპოზიცია პარლამენტში მინისტრებს იბარებს, მინისტრები ნაციონალებს ბაძავენ

პარლამენტში ნაციონალების მიერ დამკვიდრებული მანკიერი ტრადიცია თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ დაარღვია, მინდია ჯანელიძემ კი კვლავ აღადგინა. თუკი წინა მოწვევის უწყებას ყოფილი ძალოვანი მინისტრები ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია არ სწყალობდნენ და ოპოზიციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დეპუტატების წინაშე არ ცხადდებოდნენ, ამჟამად, ამ მეთოდს მინდია ჯანელიძე იყენებს.

„თავისუფალი დემოკრატები“ ერთი თვეა თავდაცვის მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში იბარებენ, თუმცა, უშედეგოდ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ირწმუნება, რომ მინისტრი პარლამენტში მარტში წარსდგება, თუმცა, როდის, მან კონკრეტული თარიღი არ იცის.

სანამ, ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრთან პარლამენტში მისვლის დროს არკვევს, მანამდე ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი მინდია ჯანელიძის მიმართ კითხვებს ყოველ დღე სვამს.

როგორც for.ge-ს ჩიქოვანმა განუცხადა, მინისტრის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს როგორც თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე ქვეყნის თავდაცვითუნარიანობის პრიორიტეტების ცვლილებასთან მიმართებაში.

დეპუტატის განცხადებით, გაუგებარია, მინისტრი ამდენი ხნის განმავლობაში პარლამენტში რატომ არ ცხადდება.

კანონმდებელის თქმით, სესიაშვილმა პასუხისმგებლობა პირადად საკუთარ თავზე აიღო, რომ ჯანელიძე პარლამენტში მოხსენებით წარსდგება.

„პარლამენტში მინისტრის მოსვლისთვის დროის გაჭიანურება აუცილებელი არ არის. არ ვიცი, სესიაშვილს და ჯანელიძეს ერთმანეთთან რა შეთანხმება ჰქონდათ, მაგრამ მათ შეხვედრა დაგეგმილი მარტის დასაწყისში აქვთ და ამ დღეს დაველოდები. ვინაიდან, მინისტრის მიმართ ბევრი კითხვაა, მან საკუთარ ხედვასა და გეგმებზე უნდა ისაუბროს“, - აცხადებს დეპუტატი.

ჩიქოვანის ცნობით, მისი კითხვები უკავშირდება ასევე ნატოსთან ინტერნსიური თამანშრომლობის პაკეტის იმპლემენტაციის საკითხებს.

„მაინტერესებს, ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, ეს ყველაფერი რა ვადებში უნდა იქნეს განხორციელებული?! ასევე ძალიან მაინტერესებს, საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საკითხები და რა ხდება ქვეყნის თავდაცვითიუნარიანობის პრიორიტეტების განსაზღვრის თაობაზე?! გარკვეული საუბრებია, რომ პრიორიტეტის ცვლილება ხდება. მაინტერესებს, ეს მართლია თუ არა“, - აცხადებს ჩიქოვანი, რომლის მსგავსად ჯანელიძის მიმართ ბევრი კითხვა აქვს „თავისუფალ დემოკრატს“ ვიქტორ დოლიძეს.

for.ge-სთან საუბარში დოლიძე აღნიშნავს, რომ პაკეტი, რომელიც საქართველომ ნატოსგან მიიღო, შინაარსობრივად ძალიან დატვირთულია. შესაბამისად, მისი შესრულების თაობაზე ბევრი კითხვა ისმის. კანონმდებელის შეფასებით, მინდია ჯანელიძეს „თავისუფალ დემოკრატებთან“ მიმართებაში უხერხულობა რომ ექნება, ეს ადამიანური ფაქტორიცაა.

„მინისტრი უნდა მობრძანდეს და ბევრ კითხვას პასუხი გაეცეს. მით უმეტეს, ნატოსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპზე ვიმყოფებით. მაინტერესებს, თავდაცვის მინისტრმა ხუთი უდანაშაულო ადამიანის ბედი თუ მოიკითხა, რომლებიც მის სისტემაში შედიან?“, - აცხადებს დეპუტატი.

დოლიძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძის ბოლოდროინდელ განცხადებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ მას ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით ეჭვები უღრმავდება.

„საქართველოს ნატოში ინტერგაციის თაობაზე ზურაბ აბაშიძის განცხადებები ძალიან ბევრ რამეს მაფიქრებს. ნატოსგან მიღებული პაკეტი შინაარსობრივად უფრო დატვირთული პაკეტია როგორც საწვრთნელი ცენტრის გახსნის, სამეკავშირეო ოფისის გაფართოების, ასევე თავდაცვის სამინისტროში ნატოს წარმომდგენლების რაოდენობის გაზრდის თვალსაზრისით. უელსის სამიტის გადაწყვეტილებაში წერია, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და აბაშიძე საპირისპიროს რატომ საუბრობს?! როგორც ჩანს, აბაშაძის უფლებამოსილების პაკეტი განუსაზღვრელია. ეჭვის საფუძველი გვაქვს, რომ ინტეგრაციის პროცესი შეჩერდება. ისეთი ვითარებაა მთავრობა უნდა გადადგეს, რადგან ეკონომიკური კოლაფსის წინაშე ვიმყოფებით. „ქართული ოცნება“ რითაც ხელმძღვანელობს, სამწუხაროა, რადგან წლების მანძილზე, ნაციონალების წინააღმდეგ რისთვისაც ვიბრძოდით, ახლაც იგივე ხდება“, - აცხადებს დოლიძე, რომლის მოთხოვნის საპასუხოდ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მინისტრს პარლამენტში მოსვლისთვის მომზადება სჭირდება.

როგორც for.ge ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, თავდაცვის მინისტრს დრო უნდა მიეცეს, რომ სიტუაციაში გაერკვეს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, რათა დეპუტატებმა მისგან ზოგადი ხასიათის განცხადებები არ მოისმინონ.

მისი ინფორმაციით, მინისტრი პარლამენტში გრაფიკის გამო ვერ გამოცხადდა, თუმცა, ის დეპუტატების წინაშე მოხსენებით მარტის დასაწყისში წარსდგება.

„წასვლა ამერიკაში მომიწია, შემდეგ ბრიუსელში ვიყავი და საზოგადოებამ და დეპუტატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენ რაღაც რეჟიმი გვაქვს. მინისტრი პარლამენტის წინაშე გამოსვლას მიესალმება და არ არის თემა, რაზეც მინისტრი ვერ ისაუბრებს. ხელისუფლების ინტერესია, რომ საზოგადოებას ანგარიში ჩავაბაროთ, რადგან ძალიან ბევრს ვაკეთებთ. მინისტრის მოსვლას ადეკვატური მომზადება სჭირდება და ატეხილი აჟიოტაჟი თითიდან გამოწოვილია. მინისტრი ათ დღეში რომ მოვა, ეგ კითხვები კიდევ გაგიჩნდებათ? „ნდობის ჯგუფის“ ჩატარება მინდა და დროს ვერ ვპოულობ, რადგან ყველაფერი თავზე მაყრია. ადგილზე ხომ უნდა ვიყო, რომ მოსმენა ჩავატარო? ჩემს ან მინისტრის გრაფიკს, არ კითხულობთ?“, - აცხადებს სესიაშვილი, რომელმაც გასული წლის დეკემბერში, ე.წ. კაბელების საქმის განხილვებისას „ნდობის ჯგუფის“ სხდომა ორჯერ მოიწვია.

სესიაშვილის მსგავსად, მინისტრი პარლამენტში როდის მივა, ეს ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ არ იცის, მაგრამ დეპუტატი for.ge-ს არწმუნებს, რომ ნაციონალების მიერ დამკვიდრებული ტრადიცია არ გრძელდება,

კობახიძის მტკიცებით, ხელისუფლებას საჯაროობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ ეკუთნის.

„ეს ტრადიცია არ გრძელდება და საკომიტეტო მოსმენების ფორმატში მინისტრები მოვიდნენ. არ შეიძლება, ეს იმას შევადაროთ, რაც ადრე ხდებოდა. მინისტრის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ეს ოდესმე იყო. ამ მხრივ ჩვენი ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები ნაკლები უნდა იყოს“, - განაცხადა კობახიძემ.

ვიცე-სპიკერის მსგავსად, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ამ მოწვევის პარლამენტში მინისტრები უწყებაში ცხადდებიან.

for.ge-სთან საუბარში კანონმდებელი იმედოვნებს, რომ თავდაცვის მინისტრის შემთხვევაში, მომწვევი და მოწვეული პირი თარიღს შეათანხმებენ.

„საპარლამენტო კონტროლი იმას ნიშნავს, რომ მთავრობა პარლამენტთან უნდა თანამშრომლობდეს. ეს გასაგებია და ბუნებრივი პროცესია, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ვისაც რომელი მინისტრის დაბარება მოუნდება, ფეხებს დაუბაკუნებს და მინისტრიც ადგილზე გაჩნდება. გონიერი პარლამენტის საქმეა, რომ შუალედი მონახოს, რათა ერთი მხრივ, ჯინიანობასა და სპექტაკლებში არ გადაიზარდოს, მეორე მხრივ კი, მინისტრები დეპუტატების წინაშე ანგარიშვალდებულებას თავს არ არიდებდნენ“, - აცხადებს ხიდაშელი.

2012 წლის 21 ოქტომბრის შემდეგ, ანუ, მას შემდეგ, რაც პარლამენტი პირველად შეიკრიბა, „ქართული ოცნების“ მთავრობის მინისტრები საკანონმდებლო ორგანოში მართლაც ცხადდებოდნენ და ნაციონალების სხდომაზე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მაია ფანჯიკიძიდან დაწყებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას დამთავრებული ყველა გამოცხადდა, მათ შორის ნოდარ ხადური და კახი კალაძეც იყვნენ, მაგრამ ალექსანდრე ჭიკაიძე შს მინისტრის პოსტიდან ისე წავიდა, რომ ნაციონალების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტში არ მივიდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, ძალოვანი მინისტრების მსგავსად, უწყებას არც ეკონომიკური დარგის მინისტრები სწყალობენ. ოპოზიიცის მოთხოვნის მიუხედავად, უწყებაში ნოდარ ხადური და გიორგი კვირიკაშვილი არ ცხადდებიან.