ჯანდაცვის, ფინანსთა და რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილეებმა თანამდებობა მიყოლებით დატოვეს. მოტივი, რატომაც მოხდა მინისტრის მოადგილეების განთავისუფლება, უცნობია. ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ გაზაფხულზე, მთავრობის ნდობის საკითხის დაყენება გარდაუვალი პოცესია და შესაბამისად, არ გამორიცხავს, რომ ეს ცვლილებები ჯაჭვის ერთი რგოლი იყოს.
რას ნიშნავს, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი და რა შემთხვევაში დატოვებს მთავრობის ხელმძღვანელი თანამდებობას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ყოფილი პრემიერ-მინისტრის ყოფილ მრჩეველს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის შემდეგ, შეიცვალა მთელი უწყება რომელიც დაკომპლექტებული იყო ირაკლი ღარიბაშვილის მიერ. ამას უკვე მოჰყვა ცვლილებები სამინისტროებში, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში თანამდებობებს ტოვებენ მინისტრის მოადგილეები. ცვლილებები, რომელიც ქვედა დონზე დაიწყო, უკავშირდება თუ არა მთავრობის ნდობის საკითხის დაყენებას?
- პირდაპირ გეტყვით, რომ ამ გაზაფხულზე გარდაუვალია მთავრობის ნდობის საკითხის დაყენება. პროცესები იქით მიდის, რომ ეს შეწირვა ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში დასჭირდება.
კონკრეტულად რა პროცესები?
- დღევანდელი აღმასრულებელი ხელისუფლება ადეკვატურად ვერ პასუხობს ვერც ერთ გამოწვევას - ვერც ეკონომიკაში, ვერც საგარეო პოლიტიკაში, ვერც სამართლიანობის აღდგენის პროცესში. ანუ, ვერც ერთ სისტემურ გამოწვევას რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, მთავრობა ვერ პასუხობს. აქედან გამომდინარე, იზრდება უკმაყოფილება, იზრდება როგორც სოციალური, ასევე პოლიტიკური რისკები, მათ შორის გარედან მომდინარე რისკები. ვითარება კი არ უმჯობესდება, პირიქით, ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმდება.
არადეკვატური მმართველობა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ბრალდება, რაშიც პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებას ადანაშაულებენ...
- რა თქმა უნდა. პოლიტიკური ელიტა, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლება, ვერ პასუხობს თავის ძირითად ფუნქციებს - ქვეყნის ოპერატიულ მართვას. რაც ლოგიკურად გარდაუვალს ხდის მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. ეს ვინმეს უნდა თუ არა, ამაზე აღარ არის დამოკიდებული. პოლიტიკურ პროცესებს თავისი განვითარების ლოგიკა აქვს და ამ ლოგიკით ასეა. ნებისმეირი დაძალებით შენარჩუნების მცდელობა, კიდევ უარესი შედეგების მომტანი იქნება.
რა არის მთავარი მიზეზი იმისა, რატომაც მთავრობა ოპერატიულად და ადეკვატურად ვერ პასუხობს გამოწვევებს?
- არაპროფესიონალიზმი, გამოუცდილება, სუსტი კავშირები ზედა და ქვედა რგოლებს შორის. საერთო ჯამში, არაეფექტურობა და სისტემური გადაწყვეტილების მიღების უუნარობა. ვერც ერთი მიმართულებით ვერც ერთ სისტემურ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. ამ მიზეზებზე ბევრჯერ გვისაუბრია. მოხდა რეჟიმის გაშვება, მაგრამ იგივე სისტემა შენარჩუნდა და სისტემა, რომელიც მორგებული იყო სააკაშვილზე, მოახერხა და ხელისუფლება აიყვანა მძევლად.
შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკური ელიტა და თვით მმართველი სისტემა დისტანცირებულია ერთმანეთისგან, უცხო სხეულებია, კონფლიქტში არიან ერთმანეთთან და ბუნებრივია, როდესაც ვერტიკალი არაჯანსაღ ვითარებაშია, ვერ იმუშავებს. იგივე, როდესაც სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, ამ სამართალდამცავ სისტემაში ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ვისაც რაღაცა კომპეტენცია აქვს, თვითონ იყო იმ პოლიტიკური რეჟიმის ხელში დამნაშავე და ახლა, თვითონ თავის ხომ არ დაიჭერს? ამიტომაც აუციელებია რადიკალური სისტემური ცვლილებების გატარება მთავრობაში.
მაგრამ ფაქტია, რომ მთავრობა სისტემური ცვლილებების განხორციელებას არ ჩქარობს...
- და იმიტომაც გარდაუვალია მათი წასვლა ხელისუფლებიდან, ეს საკითხი აუცილებლად დადგება პარლამენტში, თუ კიდევ სხვაგან.
სხვაგან სად? ბიძინა ივანიშვილს გულსიხმობთ, ის დააყენებს ამ საკითხს?
- მე კონკრეტულად არავის ვგულისხმობ. მოდით, ასე დავარქვთ ამას - „პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი“, მე იდენტიფიცირებას არ მოვახდენ.
მაგრამ „პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ცენტრის“ გადაწყვეტილებით ხდება ეს ცვლილებები, რომელიც თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს ქვეყანაში, იგივე ვიცე-მერის მარგიშვილის საკითხი, რომლის მიმართ არსებობს ბრალდებები და მას ახლა ეკონომიკურ მიმართულებას უქმინან მერიაში...
- მარგიშვილის შემთხვევაში, ეს არის საპენსიო თანამდებობა... ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ვერსიებზე. თუმცა, შეიძლება ამ ყველაფერს აქვს ერთმანეთთან კავშირი, საკმაოდ ლოგიკურია.
მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდება ბიუჯეტის კორექტირება და შემდეგ დასამტკიცებლად შევა პარლამენტში. იმისათვის, რომ დადგეს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, მაშინ პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს ბიუჯეტის პროექტს. სხვა მხრივ კონსტიტუციით მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება...
- მოდით ასე ვთქვათ, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული პოლიტიკურ ცენტრში, ისე მოიქცევა უმრავლესობაც. ჩემი აზრით, მთავრობის წასვლას ასეთი ხელოვნური გათამაშება არ სჭირდება, ძალიან მარტივად შეიძლება ეს საკითხი პოლიტიკურად გადაწყდეს, თვითონ მთავრობის თავმჯდომარე გადადგეს. ანუ, უფრო რბილი ვარიანტია. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს საკითხი სკანდალურად და ხელოვნურად მოხდეს.
ბევრად უფრო რბილად და მარტივად შეიძლება ამის გადაწყვეტა, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ასეთი რყევები, რომ ბიუჯეტის არდამტკიცებით მოხდეს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ეს ქვეყნისთვის არ იქნება სასარგებლო, იმიტომ, რომ ფონი ისედაც ძალიან ცუდია. ამიტომაც, მთავრობის დაშლა რაც შეიძლება რბილად უნდა მოხდეს, ყოველგავრი ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე და ამის მექანიზმები არსებობს.
ბატონო გია, თქვენ ამბობთ, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული პოლიტიკურ ცენტრში, ისე მოიქცევა უმრავლესობაც. მთავრობის მეთაურის გადაყენების შესახებ ვინ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება?
- ღარიბაშვილი წარმოადგენს პოლიტიკურ გუნდს, ის ხომ არ არის ერთპიროვნული მმართველი? პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა ცენტრმა და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანისგან შედგება, თუ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ღარიბაშვილი ამას უნდა დაემორჩილოს, ძალიან მარტივად არის საქმე. მთავარია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი.
ფაქტია, რომ ამგავრი გადაწყვეტილების მიმღები არ არის მისი პოლიტიკური გუნდი, ანუ „ქართული ოცნება“...
- რატომაც არა. დღეს ჩვენ გვაქვს კოალიციური მმართველობა... ნუ, მე არ მინდა დაკონკრეტება - ვინ. მე ვამბობ, სადაც ეს გადაწყვეტლება მიიღება და თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ბუნებრივია, ღარიბაშვილი უპრობლემოდ უნდა დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას და დაწეროს განცხადება.
ვინ შეიძლება შეცვალოს ირაკლი ღარიბაშვილი, უშვებთ შესაძლებლობას, რომ მართვის სადავეებს ყოფილი პრემიერი ჩაიბარებს? ფაქტია, რომ თავად არ გამორიცხა ხელისუფლებაში დაბრუნება...
- ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება, მაგრამ ყველაზე მეტად სასურველი სწორედ ეს იქნებოდა. ქვეყანა, რომელიც დღეს ძალიან სარისკო გზას დაადგა, მიმაჩნია, რომ გამოსავლის ოპტიმალური გზა იქნებოდა ივანიშვილის დაბრუნება.
არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ პროცესები რომელიც დღეს ვითარდება ქვეყანაში, მხარდაჭერილი არის ივანიშვილის მხრიდან და ამ გზით მიჰყავს ქვეყანა. სხვათა შორის ვადამდელი არჩევნები არ გამორიცხა ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ...
- არ ვიცი, მაგრამ მე არ ველოდები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და მიმაჩნია, რომ ეს ქვეყნისთვის სასარგებლო არ იქნება. მე ველოდები მთავრობის პასუხისგებლობის საკითხს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო ლარის დევალვაციამდე. ვფიქრობ, რომ დღევანდელ სიტუაციაში სარისკო ნაბიჯი იქნება. ლარის დევალვაცია, ეს არაა მხოლოდ ლარის დევალვაცია, ამას ჯაჭვურად მოჰყვა ინფლაციური პროცესები, სოციალური რისკები. შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვება უკვე ისე გარანტირებული აღარ აქვთ, როგორც ერთი თვის წინ.
„ქვეყანის დაღმასვლა გრძელდება, ქვეყანა შედის კრიზისში. მთავრობის ნდობის საკითხის დაყენება გარდაუვალია, მინისტრთა კაბინეტის წევრებს მასშტაბური სახელმწიფოებრივი ხედვა აკლიათ“, - თქვენს ამ განცხადებას გამოეხმაურა მანანა კობახიძე და აღნიშნა, რომ ვერ ხედავს ასეთი დასკვნების გაკეთების საფუძველს, რაც თქვენ გააკეთეთ...
- მანანა კობახიძე რომ რაღაცეებს ვერ ხვდება, ეს ჩემთვის არ არის უცხო ხილი. მანანა კობახიძე ბევრ რამეს ვერ ხვდება და ვერც ვერასოდეს ხვდებოდა - ერთ ჯგუფში ვიყავით, ერთად ვმუშაობდით და მაშინაც ვერაფერს ხვდებოდა. ასე რომ, ამაში განსაკუთრებულს და ახალს ვერაფერს ვხედავ.