გაქცეული ლარის მოსაბრუნებლად პრივატიზაციის ახალი ტალღა იწყება

გაქცეული ლარის მოსაბრუნებლად პრივატიზაციის ახალი ტალღა იწყება

ვალუტის კურსის მეტ-ნაკლებად გასამყარებლად მთავრობამ სახელმწიფო ქონების პრივატიზების გეგმას შეიმუშავა. პროცესი ძალიან სწრაფად დაიწყება და დასრულდება, შესაბამისად, გაზაფხულზე ლარი შედარებით უნდა გამოჯანმრთელდეს.

ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები ბიზნესმენებს შეხვდნენ. მინისტრებმა ბიზნესმენებს ეროვნული ბანკისა და ეკონომიკის სამინისტროს შენობები შესთავაზეს. ასევე გაიყიდება ბობოყვათის რეზიდენციის, წყნეთის სამთავრობო აგარაკების ტერიტორია, თბოელექტროსადგური, ლატარიის კომპანია, რომლის ლიცენზიაზე გამოტანაც უახლოეს დღეებში იგეგმება, წყალტუბოს სანატორიუმები და ა.შ.

„ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი ობიექტებისა, რომელიც ლარის კურსს ძალიან მნიშვნელოვნად დაასტაბილურებს. ჩვენ ველოდებით, რომ ეს კურსი შეიძლება გამყარებისკენ წავიდეს ამ ქმედებების განხორციელების შედეგად. ამიტომ, ვფიქრობ, გვაქვს საფუძველი ვიყოთ რეალისტები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგებს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც შეეხო იმ გეგმებს, რომელიც უახლოეს დღეებში ხორციელდება და განხორციელდება, რათა აღმოიფხვრას სავალუტო დისბალანსი და საშუალოვადიან პერსპექტივაში, გამოსწორდეს სიტუაცია.

„ყველანაირი საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ეს ასე მოხდება. ჩვენ წარვუდგინეთ მათ კონკრეტული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა. უკვე დარბაზშივე გამოითქვა სურვილი რამდენიმე ობიექტთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალური ინვესტიცია. მარტო ამ ობიექტებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორი-სამი თვის პერიოდში შევძლებთ დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას. ამას გარდა, გადავდგამთ ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს საკანონმდებლო კუთხით ბიზნესისა და ინვესტიციებისადმი ხელშეწყობის მიმართულებით, რასაც ალბათ, უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი გააჟღერებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, მთავრობას ლარის კურსთან დაკავშირებით, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გეგმა აქვს შემუშავებული. იგი ითვალისწინებს რამდენიმე მიმართულებას. პრივატიზაციასთან ერთად უნდა გაიზარდოს ქვეყნის ცნობადობა და ტურისტული მიმზიდველობაც.

„რაც შეეხება ბიუჯეტს, ფისკალური პოლიტიკის თვალსაზრისით, პროგნოზის შემცირების კვალობაზე მოგვიწევს ბიუჯეტის გადახედვა. არ შემცირდება ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების, ასევე სოციალური კუთხით გამოყოფილი ხარჯი. ჩვენ მნიშვნელოვან საგადასახადო სტიმულზე ვმუშაობთ, ეს ეხება მშენებლობის წახალისებას“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისი აზრით, საქმე გვაქვს არა ეკონომიკურ, არამედ სავალუტო კრიზისთან. „ეკონომიკური ზრდა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხდება შედარებით დაბალი ტემპით. ამიტომ ეკონომიკურ კრიზისთან საქმე ნამდვილად არ გვაქვს. რაც შეეხება სავალუტო კრიზისს, იმედი მაქვს, ის ძალიან მალე იქნება დაბალანსდება“,- აღნიშნა ხადურმა.

შეხვედრაზე მყოფი კომპანია „პეესპეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის ვარაუდით, სავალუტო კრიზისის დაახლოებით მაისისთვის დასრულდება და ამ პერიოდისთვის ლარის კურსი დოლართან მიმართებაში უკვე ერთი-ორთან იქნება.

„გიორგი კვირიკაშვილმა კრიზისიდან გამოსასვლელად მოკლევადიანი გეგმა წარმოგვიდგინა. დაახლოებით მაისისთვის სავალუტო კრიზისი აღარ იქნება და იმ პერიოდისთვის ჩემი პროგნოზია 1 დოლარი - 2 ლარი“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

ასეთივეა სავარაუდო პროგნოზი, რომელსაც ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე ლარის კურსთან დაკავშირებით აკეთებს.

„ლარის დღევანდელი კურსი არაადეკვატურია და ის ნამდვილად დაიწყებს გამყარებას. მოკლე ვადაში ლარი დასტაბილურდება და მისი კურსი, შესაძლოა, დოლართან მიმართებაში გახდეს 1.9-2. თუმცა მომავალში რომ იგივე არ განმეორდეს, ამისთვის ხელისუფლების მხრიდან სწორი და სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი“, - აცხადებს ის.

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე იმედოვნებს, რომ გამოსავალი არსებობს, მაგრამ არსებული კურსის პირობებში პროდუქტის გაძვირების შეჩერება შეუძლებელია.

„დარწმუნებული ვარ, რაღაც გამოსავალს ერთობლივად ვიპოვით. ხელისუფლება მართალია, როდესაც ამბობს, რომ ინვესტიციები ერთ-ერთი გამოსავალია, ოღონდ ერთ-ერთი და არა ერთადერთი. ჩვენ გვაქვს რაღაც პროექტები და ვაპირებთ ამ თვეებში ინვესტიციების განხორციელებას და ამასაც გავაჟღერებთ აუცილებლად“, - განაცხადა ფხაკაძემ.

ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს მიაჩნია, რომ მაქსიმუმია გასაკეთებელი, რათა ლარი კიდევ უფრო არ გაუფასურდეს.

„არის გეგმა, რომელიც ცოტა გრძელვადიან პერიოდზე მუშაობს და არის ღონისძიებები, რომლებიც მოკლე ვადაში უნდა განხორციელდეს და რომელმაც შეიძლება, ლარის გაუფასურება შეაჩეროს. მსგავსი რამ სცადა ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა. გარკვეული პერიოდი აზერბაიჯანული მანათი სტაბილურად იყო, თუმცა შემდეგ, როცა იქაურმა ეროვნულმა ბანკმა ვეღარ შეძლო სავალუტო რეზერვების ბაზარზე გამოტანა, მივიღეთ, რომ მანათი ერთ დღეში 33%-ით გაუფასურდა.

საბოლოო ჯამში, ლარმა უნდა მიაღწიოს იმ ნიშნულს - ეს იქნება 2-ზე ცოტა ქვევით თუ ცოტა ზევით, არ ვიცით, მაგრამ უნდა მიაღწიოს იმ ნიშნულს, რაც რეალურად გაცვლითი კურსია“, -განმარტავს კაკაურიძე.

„გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ლარის კურსის ვარდნის გამო, პრობლემები განსაკუთრებით იმ ბიზნესებს შეეხო, რომლებსაც სესხები დოლარში აქვთ. როგორც გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი დოლარში სესხის მომსახურება გაიზარდა თითქმის 30%-ით, რაც პატარა ციფრი არ არის.

„ლარის კურსის ცვლილება გამოიწვევს იმპორტის შემცირებას. კომპანიების ნაწილს, რომლებიც იმპორტზეა დამოკიდებული შეუმცირდება მარჟა. ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს იმ ბიზნესზე, რომლებსაც დოლარში აქვს სესხი, რადგან სადოლარე სესხის მომსახურება გაიზარდა თითქმის 30%-ით“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

თავის მხრივ შეხვედრებს მართავდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. მან კომერციულ ბანკების ხელმძღვანელებს მოუყარა თავი და სთხოვა, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინონ გეგმა თუ როგორ შეუმსუბუქონ ტვირთი ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ, შემოსავალი კი - ლარში.

„შევეხეთ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შევუმსუბუქოთ ტვირთი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სესხი აქვს დოლარში და შემოსავალი - ლარში. ბანკებს დაევალათ, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგნინონ გეგმა, რომლებიც ასახავს თუ რა მიდგომა ექნებათ მათ ასეთ კლიენტებთან.

საუბარია სესხის ვადიანობის გაგრძელებაზე, სხვა ტიპის რესტრუქტურიზაციაზე, რათა ყოველთვიური სესხის მომსახურების თანხა შემცირდეს. რაღაც შვება ხომ უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სესხი აქვთ დოლარში და შემოსავალი კი ლარში“, - განაცხადა ქადაგიძემ.

მართალია, ეს არ არის საკითხის ფუნდამენტური მოგვარება, მაგრამ ვიდრე აღდგება სავალუტო ნაკადი, ფუნდამენტური ფაქტორები გამოსწორდება და ლარს ექნება გამყარების ტენდენცია, იქამდე ეს გარკვეულ შვებას მისცემს ადამიანებს.

„ამ მიმართულებით ყველა ბანკი ძალიან მოქნილი იქნება. ერთკვირიანი სამუშაო ვადა მივეცით და 7 დღეში ჩვენ გვექნება გეგმები სათითაოდ ყველა ბანკის მიხედვით“, - განაცხადა ქადაგიძემ და ხაზი გაუსვა, რომ მიდგომა იქნება ინდივიდუალური.