ფარმაცევტული თერაპია სავალუტო შოკის გასანეიტრალებლად?!

ფარმაცევტული თერაპია სავალუტო შოკის გასანეიტრალებლად?!

სურსათის გაძვირების გარდა, მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მედიკამენტების გაძვირებაა. პროცესი უკვე დაწყებულია, წამლები სწრაფად ძვირდება, თუმცა ლარის კურსის ვარდნას მაინც ვერ ეწევა. ამასობაში ცალკე ბიზნესი ზარალდება და ცალკე მომხმარებელი. შესაბამისად, ორივე თავის პრობლემებზე წუწუნებს.

ფარმაცევტული კომპანია „პეესპეს“ დამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურებით ბიზნესი ერთმნიშვნელოვნად ზარალდება. მისმა კომპანიამ უარი თქვა მოგებაზე რამდენიმე თვით, იმისათვის რომ „გადააგოროს მოსახლეობამ ის პრობლემები, რაც არის ლარის კურსთან დაკავშირებით“.

რაც შეეხება მედიკამენტებზე ფასების ზრდას, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ფასების მატება შეიძლება იყოს, მაგრამ არა პარალელურად ისეთი დოზით, რა დოზითაც ვარდება ლარი დოლართან მიმართებაში. რაც შეეხება რჩევებს, ოქრიაშვილი ამბობს, რომ ცოტა მეტი პოზიტივი და ქმედებაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან.

ხელისფლება ძალიან კი ცდილობს, რომ მედიკამენტებზე ფასი არ გაიზარდოს, მაგრამ ბაზარზე რეალურად სხვა ვითარებაა. ეს კარგად უწყიან ჯანდაცვის სამინისტროში და ამიტომაც სპეციალური პროგრამაც შემუშავებული აქვთ. ყოველ შემთხვევაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ამას პირდაპირ ადასტურებს.

დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტებზე ფასების ზრდის კუთხით საგანგაშო ვითარება არ არის. ფარმაცევტთა პროფესიულმა ასოციაციამ დაასრულა კვლევა, რომელიც თანხვედრაშია სამინისტროს ხელთარსებულ ინფორმაციასთან და ჯერ ბაზარზე მძიმე მდგომარეობა არ არის. თუმცა, როგორც მინისტრი აღნიშნავს, სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ აქვთ, ძალაშია და როდესაც ნახავენ, რომ რაიმე სახიფათო, საგანგაშო სიგნალებია, მყისიერად მოახდენენ რეაგირებას. სერგეენკოს ინფორმაციით, წამლები 8-10%-ის ფარგლებში გაძვირდა.

„საერთაშორისო გამჭვირლვალობა – საქართველოში“ კი მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ მედიკამენტებზე დოტაციის მექანიზმი არ უნდა გამოიყენოს. ასეთმა ჩარევამ, შესაძლოა, უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს როგორც ფარმაცევტული სექტორისთვის, ასევე ეკონომიკის სხვა სექტორებისთვის.

აფთიაქები მიიღებენ სტიმულს, კიდევ უფრო გაზარდონ ფასები, რადგან სახელმწიფო ფასის ამ ზრდას თავისი დოტაციით მაინც დაფარავს, რაც ძალიან მომგებიანი იქნება აფთიაქებისთვის და მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს ბიუჯეტს. როდესაც სახელმწიფო მყიდველის და გამყიდველის ურთიერთობაში ამგვარად ერევა, ეს გარდაუვლად გამოიწვევს ბაზრის გამრუდებას. როდესაც მყიდველის და გამყიდველის ურთიერთობაში სახელმწიფო თავისი დოტაციით არ ერევა, ფასი ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად ყალიბდება და გამყიდველმა იცის, რომ არსებობს ზღვარი, რომლის ზევითაც ფასის აწევა მის გაყიდვებზე აისახება და ის არ უნდა გაზარდოს. იმ შემთხვევაში კი, თუ სახელმწიფო აფთიაქსა და მომხმარებელს შორის თავისი დოტაციით ჩაერევა, ეს ზღვარი ძალიან მაღლა აიწევს. მარტივად, რომ ვთქვათ, აფთიაქები მოსახლეობას წამლებს იმდენად არასდროს გაუძვირებენ, რამდენადაც სახელმწიფოს, რომელიც ფასის ზრდას თავისი დოტაციით აფინანსებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ უმჯობესი იქნება თუ მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გარკვეული სარეიტინგო ქულების მქონე მოსახლეობისთვის დააწესებს შეღავათს გარკვეული ჯგუფის წამლებზე. გამოკითხვამ უჩვენა, მოსახლეობის ნახევარი მზად არის საკუთარი ჯანდაცვის ხარჯები დააფინანსოს და ამდენად არარაციონალურია ისედაც მწირი საბიუჯეტო რესურსის იმ ადამიანების დახმარებაზე დახარჯვა, ვისაც ეს არ სჭირდება.

„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, იანვარში მედიკამენტების ღირებულება 7.3%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2015 წლის პირველ თვეს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები გაიზარდა მედიკამენტების ისეთ ჯგუფებზე, როგორიცაა სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები (12.2%), ტკივილგამაყუჩებლები (17%), ანტიბიოტიკები (14.89%), ვიტამინები (14.6%), საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები (20.31%), ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (18.31%).