„სააკაშვილი, ივანიშვილი და ახლა უკვე ხაბურძანია, ანუ „ფე-ეს-ბე“ ერთად უტევენ „თავისუფალ დემოკრატებს“, - ასე უპასუხა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ით“ გავრცელებულ ირაკლი ოქრუაშვილისა და ვალერი ხაბურძანიას ფარული აუდიოჩანაწერებს, სადაც ოქრუაშვილი ამბობს, რომ ალასანიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მფარველობს, ხოლო ხაბურძანია კი აცხადებს, რომ ალასანია გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვიტალი ჩურკინის კადრია და კავშირი აქვს რუსეთის სასაზღვრო ჯარების მაღალჩინოსანთან.
უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანიამ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ 2004 წელს, როდესაც ირაკლი ალასანია პოლიტიკაში შემოვიდა, მის მიმართ ჩურკინს კარგი განწყობა ჰქონდა და მისი კარგი განწყობის შესახებ, როგორც მომავალი პრეზიდენტის შესახებ, მან მოახსენა საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს.
„მე ვერ დავადასტურებ, რომ აუცილებლად, ლავროვს გადაეხვია და აკოცა, მაგრამ რაღაც საუბარი, ჩემი ინფორმაციით, მათ შორის შედგა. საინტერესოა, რითი დაფინანსდა 2004 წელს პოლიტიკაში გამოსული ირაკლი ალასანია. მე არ მგონია, რომ აუდიტის სამსახურს შეემოწმებინა, თუ რა ფულით დაფინანსდა. მინდა პირდაპირ გითხრათ, ამერიკელები ფულს არ იძლევიან. ირაკლი ალასანია უშიშროების სამინისტროში მე ჩემი ინიციატივით მივიყვანე. ერთ-ერთი სტუმრის გაცილების დროს, ეს იყო ფე-ეს-ბე-ს დირექტორის მოადგილე პრონიჩევი, ალასანია მოვიდა ცოტა გვიან და ეს კაცი გვერდზე გაიყვანა. ჩემდა გასაკვირად ისინი ტრაპზე ავიდნენ, სადაც საუბრობდნენ რამდენიმე წუთი.
ალასანიამ მითხრა, რომ მამამისის საფლავთან დაკავშირებით ესაუბრებოდა. რამდენიმე თვის მერე მოსკოვში მომასმენინეს აუდიოჩანაწერი, სადაც ირაკლი ალასანია პრონიჩევს ეუბნება, რომ მას პირდაპირი გასასვლელი აქვს შევარდანაძეზე, ამიტომ ვალერი ხაბურძანიას ასეთი აქტიურად გამოყენება საჭირო არ არისო და ამ ფუნქციას ისიც ადვილად შეასრულებდა. ეს არის 2002 წლის დასაწყისი“, - განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის განცხადებით, ძალიან ნიშანდობლივია, რომ სააკაშვილი, ივანიშვილი და ახლა უკვე ხაბურძანია, „ფე ეს-ბე“ ერთად უტევენ „თავსიუფალ დემოკრატებს“. მისი თქმით, ეს ნიშანდობლივია იმ კუთხითაც, რომ ე.ი. სწორ გზაზე ვდგავართ და ქართული საქმის კეთებით ვართ დაკავებული.
„რაც შეეხება თვითონ ინსინუაციებს, მე არანაირად არ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს იმ განცხადებებზე, რაც გუშინ გაკეთდა, თუმცა ერთს ვიტყვი, - „ფე-ეს-ბეს“ გენერალ დირექტორს, თუ ვინც არ უნდა იყოს, არავის ვაპატიებ ყველაზე მთავარი ღირებულებების წინააღმდეგ წასვლას, იმ ღირებულებების, რითვისაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა შესწირეს თავი“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ექსპერტები კი თანხმდებიან იმაზე, რომ ალასანიას, რომელიც საქართველოში პროდასავლურ ფრთას წარმოადგეს, ღიად უპირისპირდება რუსეთი პრორუსული ძალების საშუალებით. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ „რუსთავი2“-ზე გასული ჩანაწერები გათვლილია ქართულ საზოგადეობაზე.
„ამ სიუჟეტის მთავარი გზავნილი გახლავთ ის, რომ ალასანია არის რუსეთის პროტეჟე. ამ აზრის დანერგვა უნდათ მოსახლეობაში და დარწმუნებული არიან, რომ ეს ალასანიას საწინააღმდეგოდ იმუშავებს. ურთიერთობები რომ ექნებოდა ჩუტკითან ეს გასაგებია, ორივე მუშაობდა გაეროში და ერთ დარბაზში ისხდნენ. გარდა ამისა, ის მუშაობდა უშიშროების სამინისტროში და მოგეხსენებათ, რომ იმ წლებში რა ხდებოდა პანკისის ხებაში.
დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ექნებოდა ურთიერთობა რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან, მაგრამ ეს ურთიერთობები არ ნიშნავს, რომ ალასანია აუცილებლად, რუსულ ძალას წარმოადგენს. სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ვინმესთან ურთიერთობა, არ ნიშნავს ორიენტაციის შეცვლას. ცხადია, რომ შეტევა მიდის ალასანიაზე, როგორც ერთერთ სერიოზულ ძალაზე“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის წინააღმდეგ დაწყებულ დაპირისპირებაში, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით დოზირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილის კრიტიკა.
„ეს ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ნაწილს იმედი აქვს, რომ შესაძლოა, მოხდეს მათი კოალიციაში გაერთიანება, ანუ ერთ გუნდად გამოსვლა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. მანამდე მათი მხრიდან შეტევა ალასანიაზე იქნება დოზირებული. მათ ზუსტად რომ იცოდნენ ალასანია არ იქნება მათთან ერთად, მაშინ, ბუნებრივია, ისინი უფრო რადიკალურები იქნებოდნენ.
„კარგად აქვთ გააზრებული, რომ ცალკე „ნაციონალური ფრთით“ გამოსვლა ხელსაყრელი არ არის. ურჩევნიათ კოალიციაში იყვენენ და უკეთესი კანდიდატი ვიდრე ალასანიაა, მათთვის არ არსებობს, რადგან ის არის გამოკვეთილი პროდასავლური ძალა. ამით არის განპირობებული ნაციონალების დოზირებული კრიტიკა ალასანიას მიმართ. თავისთავად ის, რომ ალსანიას უტევენ ყველა მხრიდან, ეს მისთვის მისაღები უნდა იყოს, რადგან მასში ხედავენ ძლიერი კონკურენტს“, - აცხდებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ იმ საერთო შემოტევის ფონზე, რაც პრორუსული ძალების მხრიდან ხდება, ცალკეული ძალების გადარჩენა და გვერდზე დაყენება ღირებულია. მისივე განცხადებით, წლებია ეს ბრძოლა მიმდინარეობს, როდესაც პრორუსი ძალები უტევენ პროევროპულ ძალებს.
„2007-2011 წლებში ხელისუფლება იყო აბსოლუტურად მართალი, ეს პრორუსული ძალები, მოსკოვთან შეკრული ყოფილი ჩინოსნები, გეგმავდნენ რუსული ფულის და იარაღის გამოყენებით ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. რაც შეეხება ალასანიას, მასთან ჩემი პრობლემა ის არის, რომ 2008 წელს, როდესაც ოპოზიციაში წავიდა, ეს არ უნდა ექნა, ვფიქრობ, ამითი დარტყმა მიაყენა საქართველოს ინტერესებს. ასევე, არაწორი იყო, როდესაც გიგი კალანდაძე დაიჭირეს მის კაბინეტში.
რაც შეეხება იმას, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით დოზირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილის კრიტიკა, შეიძლება სააკაშვილმა ბევრად მეტი გამოსცადა და იცის. ვიღაცა შეიძლება ჩვენს შორის ფიქრობდეს, რომ ამ საერთო შემოტევის ფონზე, რაც პრორუსული ძალების მხრიდან ხდება, ცალკეული ძალების გადარჩენა და გვერდზე დაყენება მაინც ღირებულია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით დარჩიაშვილი.
ფილოსფოს ზაზა ფირალიშვილის განცხადებით, პრორუს და პროდასავლურ ძალებს შორის დაწყებულ დაპირისპირებაში, რომელი ძალა მიღწევს წარმატებას, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა პოლიტიკური კონტექსტი შეიქმნება. ამ ვითარებაში კი ფირალიშვილი დარწმუნებულია, რომ ქართველი კაცი ახალ მონობას არ ისურვებს.
„სრულიად აშკარაა, რომ ეს არაა ახალი რუსეთი განახლებული სახით, არამედ მოდის ის რუსეთი, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით. ძალიან კარგად მესმის ის ნაკლოვანებები, რაც დასავლეთს აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ის ბარბაროსული განადგურებით არ გვემუქნება, როგორც რუსეთი. მჯერა, რომ ჩვენ იმდენად მაინც ვართ ღირსების მატარებელი, რომ საკუთარი ნებით არ ვთქვათ უარი თავისუფლებაზე.
ადრე დავწერე, რომ მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდებოდა არჩევნებში, შეტევას მიიტანდნენ იმ ძალაზე, რომელიც ასოცირდებოდა დასავლურ ძალებთან. პუტინისტური ძალები საქართველოში ცდილობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი აქციონ დასავლური იდეის მარცხად საქართველოში. ამ კურსში მოჰყვნენ „თავისუფალი დემოკრატები“. ახლა უკვე, რესპუბლიკელებიც, თუმცა აგრესია სოციალურ ქსელში მათ მიმართ საკმარისად დიდია.
ჩვენ სერიოზული საინფორმაციო ომის ეპიცენტრში ვართ და ამას გათვალისწინება უნდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ჩანაწერების მორიგი „ლენტი“ გაიშალა, რითაც დასტურდება, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდრეზე შეტევა მიმდინარეობს ყველა კუთხიდან.
„რომ არ ებრძოლონ ეს იქნებოდა გასაკვირი. ამ შემთხვევაში, ამ ძალის მიერ მასთან ბრძოლა, მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ყველაზე დიდი კომპლიმენტის გამოხატულებაა. პირველი ეს ნიშნავს, რომ ალასანიაში ხედავენ დიდი პოტენციის პოლიტიკურ ფიგურას და რომ არ იყოს ასეთი აღქმა, მაშინ შეტევადაც არ ეღირებოდა. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ პოლიტიკური რეალობისთვის ალასანიამ ცოტა ადრე გამოავლინა ამბიციები. სასურველია პოლიტიკოსმა ამბიცია გამოავლინოს მაშინ, როდესაც თავისი ამბიციის გატარება და დაცვა შეუძლია.
თუმცა, ვიმეორებ, რომ ეს არის პოლიტიკური კონკურენცია, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მან დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის როლში გადაინცვლა, რაც აშკარად მიუთითებს, რომ ეს პოლიტიკური ფიგურა იბრძოლებს ყველა ტიპის არჩევნებზე. შესაბამისად, კონკურენციაც გაზრდილია. ეცდებიან, რომ შეძლებისდაგვარად, დაასუსტონ ეს ფიგურა. ამიტომაც მიდის ეს ბრძოლა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.