აპოკალიპტური სცენარი თუ რეალური საფრთხე?

აპოკალიპტური სცენარი თუ რეალური საფრთხე?

თბილისის შემდეგ, რუსული სანომრე ნიშნიანი სამხედრო კავშირგაბმულობის მანქანები, ფოთში და სენაკში გამოჩნდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე ამტკიცებს, რომ ეს არის კავშირგაბმულობის მანქანები, რომლის საშუალებითაც ხდება კონკრეტული ობიექტების მოსმენა. საქართველოს ხელსუფლების წარმომადგებლები ადასტურებენ რუსული კავშირგაბმულობის მანქანების შემოსვლას, თუმცა აცახდებენ, რომ სატრანზიტო ნომრებიანი ავტომანქანები, რომლებიც თბილისში გუშინ შენიშნეს, საქართველოში მეორადი მოხმარების მიზნით შემოიყვანეს და ეს საფრთხეს არ წარმოადგენს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაური განცხადებით, რუსული სამხედრო მანქანა სენაკის ტერიტორიაზე რეზერვისტთა სამხედრო ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდა. მისივე ინფორმაციით, რუსმა მძღოლმა პირდაპირ ჰკითხა მოქალაქეებს, თუ სად მდებარეობს ეს სამხედრო ბაზა და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელა სვლა.

„კადრებზე აღბეჭდილია რუსული სამხედრო მანქანა, რუსი მძღოლით და რუსული სანომრე ნიშნებით, რომელიც გადაადგილდებოდა სენაკის ტერიტორიაზე რეზერვისტთა სამხედრო ბაზის მიმართულებით. რუსმა მძღოლმა პირდაპირ ჰკითხა მოქალაქეებს თუ სად მდებარეობს ეს სამხედრო ბაზა და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელა სვლა. საგულისხმოა, რომ საპატრულო მანქანა, რომელიც რუსულ ნომრიან მანქანას შეხვდა, არც კი დაინტერესებულა თუ რა მიზნით გადაადგილდებოდა ეს მანქანა და არც კი უკითხავს მისი იქ ყოფნის მიზანი“, - აღნიშნა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ნუგზარ წიკლაურმა.

დეპუტატი აცხადებს, რომ რუსული სამხედრო მანქანები გადაადგილდებიან დარიალის ხეობის მიმართულებითაც. უმცირესობა თავდაცვის მინისტრისგან მოითხოვს, მკაფიოდ განუმარტოს ქართულ საზოგადოებას, თუ რა მიზნით გადაადგილდებიან რუსული სამხედრო მანქანები საქართველოს ტერიტორიაზე.

„ჩვენ ვიცით თავდაცვის მინისტრის დამოკიდებულება რუსების მიმართ, თუ როგორ აწინაურებს იგი საპასუხისმგებლო თანამდებობებზე იმ ადამიანებს, რომლებიც შემჩნეულნი არიან რუსებთან ძალიან ახლო ურთიერთობებში და მისგან მოვითხოვთ, განმარტოს თუ რა შეიცვალა საქართველოში. არის თუ არა ეს ის, რომ უკვე ოკუპანტ ქვეყანას მიცემული აქვს უფლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს კონტროლი და ეს კონტროლი განახორციელოს ცინიკურად ისე, რომ ყველა ამას ხედავს“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნინო გიორგობიანი განცხადებით, აღნიშნულ ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია და არავითარ საფრთხეს საქართველოს ან მისი მეზობელი ქვეყნების ინტერესებისთვის არ წარმოადგენს.

„სატვირთო ავტომანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში. მათ მინიჭებული აქვს სატრანზიტო ნომრები, რომლითაც მესამე ქვეყანაში გასვლა იკრძალება. ავტომანქანების მფლობელი პირი იდენტიფიცირებულია, ხოლო აღნიშნული ავტომანქანები დგას თბილისში, მეორადი გამოყენებისა და სათადარიგო ნაწილებად რეალიზაციისათვის“, - წერს ნინო გიორგობიანი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ადასტურებს, რომ რუსული სანომრე ნიშნით შემოსული სამხედრო კავშირგაბმულობის მანქანები თბილისში რუსეთიდან შემოვიდა. მისი განმარტებით, შსს-მ დაადგინა, რომ მანქნები ეკუთვნის კერძო ბიზნესმენს, რომელსაც ისინი შესყიდული აქვს და არის ჩამოწერილი სამხედრო სატვირთო მანქნაები, რომელიც სამხედრო ტექნიკით არ არის აღჭურვილი.

„მოქალაქეს ჩამოწერილი რუსული მანქანები შესაბამისი აღჭურვის გარეშე შემოჰყავდა, შლიდა მას და ნაწილებად ყიდიდა. სულ ეს იყო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.

თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ამტკიცებს, რომ ავტომანქანები უნდა დაშლილიყო და მისი ნაწილების გამოყენება მეორადი მიზნით მომხდარიყო. შესაბამისად, თავდაცვის მინისტრი „აბსურდს“ უწოდებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ავტომანქანები სამხედრო დანიშნულებისაა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნებისმიერი სამხედრო ტვირთის, ნებისმიერი ორმაგი დანიშნულების ტვირთის გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე ხდება თავდაცვის სამინისტროს თანხმობით და ზედამხედველობით, ამიტომ, მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. მე მოვისმინე უამრავი აპოკალიპტური სცენარი, თუმცა სინამდვილეში, ეს იყო მანქანები სპეციალური ნომრებით, რომლებსაც ქვეყნის გარეთ გასვლა არ შეეძლო და საქართველოში მეორადი მოხმარების მიზნით შემოიყვანეს.

კერძოდ, ძალიან მარტივი მიზეზით და მოტივით - უნდა დაშლილიყო და მისი ნაწილების გამოყენება მეორადი სახით მომხდარიყო. მანქანები მართალია „ხაკისფერია“, მაგრამ მათ არ ჰქონიათ არც სამხედრო ნომრები და არც ამ კუთხით, სხვა რაიმე აღმნიშვნელი ნიშანი“, - აცხადებს მინდია ჯანელიძე.

სპეციალისტების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ მანქანებში დამონტაჟებული არ არის რადიოელექტონული აპარატი, მაშინ ასეთი მანქანები უკვე არ არის სამხედრო და მისი ყიდვა ნებისმიერს შეუძლია.

ექსპერტი ბესო ალადაშვილი თვლის, რომ ნაციონალების არგუმენტები, რომ ასეთი ტიპის მანქანებს მოსასმენად იყენებენ, არასერიოზულია.

„სესიაშვილმა თქვა, რომ დასაშლელად შემოყვანილი მანქანებიაო, მაშინ უნდა გაკონტროლდეს. ეს მანქანა ერთელ ხომ არ შემოვიდა არა? ქვეყანას რატომ ჰყავს სპეცსამსახურები? გასარკვევია რამდენი მანქანაა, იგივე ტექნიკა, თუ სხვადასხვა ტექნიკაა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუკი სხვადასხვა ტექნიკაა, მაშინ ხომ უნდა დაფიქსირებულიყო რამდენმა ერთეულმა გადმოლახა საზღვარი?! სავარაუდოდ, შემოვიდნენ ლარსის გამშვები პუნქტიდან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ბესო ალადაშვილი.

პუბლიცისტი ირაკლი ტაბლიაშვილი ამბობს, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა უნდა გააკეთოს განცხადება თუნდაც ტრანზიტული გზით ვინ მოძრაობდა, სად მიდიოდნენ ეს მანქანები, იყო თუ არა დატვირთული რამე სახის ტვირთით და არის თუ არა შემოწმებული შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემა მნიშვნელოვანწილად მორღვეულია. კარგად არ მესმის რას ნიშნავს, რომ სახელმწიფო საზღვარს გადმოკვეთავს თუნდაც კერძო მფლობელის საკუთრებაში არსებული სამხედრო მანქანა, რომელსაც სულაც არ აქვს კერძო სანომრე ნიშნები. მას აქვს რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სამსახურების სანომრე ნიშნები. ამდენად, არ მჯერა საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების მიერ გაკეთებული განცხადების, რომ ვიღაცას, ვითომ, ეს მანქანები შესყიდული ჰყავს, სურს ნაწილებლად დაშალოს და რეალიზაცია მოახდინოს საქართველოში. ამ განცხადების კვალიფიციურობაში და სერიოზულობაში ეჭვი მეპარება, რადგან საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია სამხედრო მანქანების ტრანზიტიული მოძრაობა საქართველოში“, - აცხადებს ტაბლიაშვილი.

ტაბლიაშვილი არ ენდობა გივი თარგამაძის განცხადებას, მაგრამ ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურა ვალდებულია მოახდინოს ამ მანქანების გაჩერება და საჭიროების შემთხვევაში, უკან გაბრუნება. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს მთლიანად მოშალოს ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემა.

„სხვადასხვა საშუალებით, ეს არის მრავალასპექტური, მრავალწახნაგოვანი პირდაპირი მნიშვნელობით ომი საქართველოს წინააღმდეგ. ომი მარტო ცეცხლსასროლი იარაღით სროლას არ ნიშნავს, ეს არის ომი საქართველოს წინააღმედეგ, რომელშიც ჩართულია რბილი ძალა, მისი სატელიტური ორგანიზაციები და ცალკეული ორგანიზაციული ჯგუფები, აგერ, თურე, ჩართულია სახმედრო ინდუსტრიაც, მისი დაზვერვითი და კონტრდაზვერვითი სამსახურები.

პრაქტიკულად, ყველა მოთამაშე ჩართულია, რომ მაქსიმალურად მოარღვიონ საქართველოს სახელმწიფოებრობა. რუსეთს ახალი მადა გაეხსნა, ახალი ძალით წამოვიდა და ახლა კიდევ უფრო მოუმზადებლი ვხვდებით იმ შემოტევებს, რომელიც საერთოდ არღვევს მყიფე ქართულ სახელმწიფოებრიობას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ტაბლიაშვილი.