რამდენიმე დღის წინ ნავთობიმპორტიორები ამბობდნენ, რომ თუკი ლარის კურსი 2,2-ის ნიშნულს მიაღწევდა, საწვავი გაძვირდებოდა. დღეს ასეთი რეალობა უკვე სახეზეა. ლარი უკვე ახალ კრიტიკულ ნიშნულზეა და მენავთობეებმაც უკვე დაიწყეს გაძვირებაზე საუბარი. სავარაუდოდ, 1 კვირის ფარგლებში ბენზინი და დიზელი ყველა ავტოგასამართ სადგურზე გაძვირდება.
სხვათა შორის, მცირე სადგურებზე საწვავმა 3-5 თეთრის ფარგლებში უკვე მოიმატა (დიზელის შემთხვევაში უფრო მეტიც). ეს ნიშნავს, რომ მსხვილმა ნავთობიმპორტიორებმა საბითუმო ფასი გაზარდეს. ისინი ამით ცდილობენ დააბალასონ საკუთარ საცალო ქსელში არსებული შედარებით დაბალი ფასი, თუმცა ეს უკვე შეუძლებელი ხდება. შესაბამისად, იმპორტიორები საწვავის გაძვირებას პროგნოზირებენ.
როგორც კომპანია „სენტას“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აღნიშნავს, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, 1 ტონა დიზელის საერთაშორისო ფასი დაახლოებით 120 დოლარით გაიზარდა, რასაც თან დაერთო ლარის მკვეთრი ვარდნა დოლართან მიმართებაში.
„ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა „პლატსის“ ფასი ნავთობპროდუქტებზე. როცა ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ ადგილობრივ ბაზარზე ნავთობპროდუქტებს ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებთან შედარებით 10-15 თეთრით იაფად გავყიდდით, მაშინ დიზელის საწვავს, 1 ლიტრს საბითუმო ქსელში 1,25 ლარად ვყიდდით, ახლა კი უკვე 1,45 ლარი ღირს. ამას თან დაერთო ლარის მკვეთრი გაუფასურება დოლართან მიმართებაში. მოგეხსენებათ, ნავთობიმპორტიორები საწვავს დოლარში ვყიდულობთ.
საწვავის გაძვირება საცალო ქსელზე ჯერ არ ასახულა, მაგრამ აუცილებლად აისახება. უახლოესი 1 კვირის, 10 დღის განმავლობაში აუცილებლად მოხდება ფასის მატება. საწვავის თვითღირებულება როგორც კი გაიზრდება, საბითუმო ფასიც აიწევს და არსებული საცალო ფასების შენარჩუნება გაჭირდება. ჯერჯერობით არის მცირე ნაშთები და ამის გამო ხდება საცალო ბაზარზე ძველი ფასის შენარჩუნება, მაგრამ როგორც კი ამოიწურება ეს ნაშთები, ფასიც აიწევს“, - აღნიშნავს ზაალ იაკობიძე.
კომპანია „სოკარის“ კორპორაციული ბიზნესის კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ზუბიტაშვილი ამბობს, რომ თუ ლარის ვარდნის პროცესი გაგრძელდა, ნავთობკომპანიები არჩევანის წინაშე დადგებიან.
„ამ ეტაპზე, კბილებით გვიჭირავს და ვცდილობთ არ გავაძვიროთ. მაგრამ, თუ გაგრძელდა ლარის დევალვაცია და ის 2.20-სა და 2.25-ზე ავიდა, მაშინ ეკონომიკა აღარ მოგვცემს ამის საშუალებას და პროდუქტი გაძვირდება. მით უმეტეს თუ ამას „პლატცის“ გაძვირებაც დაერთო“, - აცხადებს ზუბიტაშვილი.
კომპანია „გალფი“ კი ჯერჯერობით, საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით პროგნოზს ვერ აკეთებს. თუმცა, „კომერსანტთან“ ამბობენ, რომ ინფლაცია ფასებზე მოქმედებს, რადგან კომპანია საწვავის იმპორტს ახორციელებს.
ლარის გრძელვადიან პერიოდში გაუფასურების შემთხვევაში, საწვავის ფასის ზრდას არ გამორიცხავენ არც „ლუკოილში“. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე აცხადებს, იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებში საწვავის ფაზე გავლენას ორი ფაქტორი ახდენს: ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე და ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში. ერთიც და მეორეც ამ ეტაპზე საგრძნობლად გაზრდილია.
„თუ გრძელვადიან ჭრილში ფასისა და კურსის კომპონენტები იქნება აღმავალ ტრენდზე, ოდესმე, რა თქმა უნდა, ეს თავის შედეგს გამოიღებს. თუ პირიქით წავა და დასტაბილურდება ორივე კომპონენტი, მაშინ ადგილი გვექნება იმ პროცესთან, რომელსაც სიხარულით ვადევნებთ თვალს ბოლო თვეების განმავლობაში“, - განაცხადა მიშველაძემ.