„თუ საჭიროა მინისტრიც გამოიცვლება“

„თუ საჭიროა მინისტრიც გამოიცვლება“

ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ნებისმიერი პარტია ყოველთვის მზად უნდა იყოს არჩევნებისთვის. და, თუ დადგა ვადამდელი არჩევნების საკითხი, კობახიძე „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ არჩევნების შემთხვაში პარტია განახლებული და ძალიან სერიოზული კონსოლიდირებული პარტიის სახით შევა პარლამენტში.

განიხილება თუ არა ხელისუფლებაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი და ვის აწყობს დღეს დესტაბილიზაცია და ქაოსი ქვეყანაში? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge მანანა კობახიძეს ესაუბრა.

მმართველი პარტიის მიერ ახალ სახეების მოზიდვა, უკავშირდება თუ არა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს?

- პარტიაში საჭიროა ახალგაზრდების მოზიდვა. ადამიანების, ვისი ინტელექტუალური შესაძლებლობები, ცოდნაც და განათლებაც გამოყენებული იქნება ქვეყნის სამსახურში. პარტია უნდა ვითარდებოდეს, ერთ ადგილზე არ უნდა იყოს გაჩერებული. ბუნებრივია, რომ ყველას ინტერესშია, კომპეტენტური და კვალიფიციური კადრი მოიზიდოს, ვინც იზიარებს პარტიის პოლიტიკურ პლატფორმას და იდეოლოგიურად არის ჩვენი მომხრე.

პარტიის წევრებს გქონდათ გიორგი მოსიძესთან შეხვედრა?

- არა, ასეთი შეხვედრა და მოლაპარაკებები, არ გვქონია. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკურ გუნდში ახალი საახები იქნებოდა კარგი. ჩვენ ვხედავთ, რომ რიგ შემთხვევაში, გარკვეულმა ხარვეზებმა, რომელიც იყო საქმიანობაში, დაგვაყენა იმ ფაქტის წინაშე, რომ სამწუხაროდ, ადამიანებმა ზოგ შემთხვევაში, პირადი ინტერესების გამო, პარტიის მიმართ დამაზიანებელი ქმედებები განახორციელეს. ბუნებრივია, ასეთი ადამიანები პარტიისთვის არ არიან სასურველნი.

აჭარის - მთავრობაში განვითარებულ მოვლენებს გულისხმობთ?

- ბუნებრივია, როდესაც ჭარბობს პირადი ინტერესი, რომ სადღაც ნათესავი არ დაგინიშნეს, ან დანიშნული გამოუშვეს, დეტალებს არ ვაკონკრეტებ, საკადრო საკითხიდან გამომდინარე შეიძლება ადამიანებმა გუნდს ზურგი აქციონ? ეს არ არის სწორი და ნორმალური.

მურმან დუმბაძეს გულისხმობთ? ამ პრეტენზიას უყენებენ ვიცე-სპიკერს, როდესაც რამდენიმე მისი ნათესავი განთავისუფლებული იქნა თანამდებობიდან, ამის შემდეგ დაიწყო ეს პროცესები...

- მურმან დუმბაძეს ეხება, პარტიის მოქმედ თუ ყოფილ წევრს, როდესაც შენი რაღაცა პირადი ინტერესების გამო დაუპირისპირდები პოლიტიკურ გუნდს და ქვეყნის ინტერესებს მეორეხარისხოვნად მიიჩნევ, იმიტომ, რომ შენ ვერ დაიკმაყოფილე შენი პირადი, ეს არაა სწორი. ასეთი ადამიანები პარტიისთვის არ არიან სასურველნი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის პრობლემას შექმნიან, რომელ პოლიტიკურ გუნდშიც არ უნდა იყვნენ. ცხადია, ადამიანებს თავისი პირადი ინტერესი აქვთ, მაგრამ თუ საზოგადოება არ დააყენე წინ, მაშინ პოლიტიკაში მოსვლის პრეტენზია არ უნდა გქონდეს.

ფაქტია, რომ ძალიან რთული პროცესები ვითარდება აჭარის რეგიონში. დღეს გონიოს მოსახლეობა გამოვიდა ქუჩაში მიწების დაბრუნების მოთხოვნით, ქუჩაშია გამოსული უვადო მსჯავრდებულების ოჯახის წევრები. არის თუ არა ეს საბოტაჟი ხელისუფლების წინააღმდეგ და ვინ უდგას ამას სათავეში?

- რა თქმა უნდა, ყველას თავისი მოთხოვნა აქვს. როდესაც ადამიანებს არავინ ერჩის იმის გამო, რომ პროტესტს გამოთქვამს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ადამიანებს როდესაც აქვთ პრობლემები, ისინი ღიად გამოდიან და საუბრობენ. ჩვენი ვალია, რომ მათი პრობლემები გავიაზროთ და რაც შესაძლებელია, რომ მოგვარდეს, ბუნებრივია, რომ უნდა მოგვარდეს. მაგრამ, რაღაცა საკითხებს სჭირდება დრო. შესაძლებელია ეს პროცესები მართულიც არის. ბუნებრივია, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აწყობთ არეულობა, დაპირისპირება, დესტაბილიზაცია და ქაოსი.

მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს გუნდში იყვნენ და დღეს ოპოზიციაში არიან?

- დიახ, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ ჩვენს გუნდში იყვნენ და დღეს ოპოზიციაში წავიდნენ. საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, შეიძლება აწყობთ ეს არეულობა, ამ არეულობაში ლიდერის პოზიციის მორგება და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიტიკური ქულების დაწერა. როგორც ჩანს, ესეც უცხო არ არის ჩვენი პოლიტიკისთვის, მაგრამ ფაქტია, ადამიანებს პრობლემები აქვთ. მე არ მინდა იმ ადამიანებმა, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხვას, იფიქრონ, რომ ვინმესგან მართულები არიან, მე ამას არ ვამბობ. ადამიანებს აქვთ პრობლემები, ბუნებრივია უფლება აქვთ გამოხატონ პრეტენზია, მაგრამ ვიღაცა ამ პროცესებს იყენებს, პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად.

პრემიერ მინისტრის განცხადებით ეს პროცესები არის მართული და შესაბამისად, მიმდინარე მოვლენებზე იქნება მკაცრი რეაგირება. რა იგულისხმება მკაცრ რეაგირებაში, გამოძიება დაიწყება ამ ადამიანების მიმართ?

- პირველ რიგში, პარტიაში უნდა მოგვარდეს საკითხები. პარტიის როლი უნდა იყოს მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სახელისუფლებო პარტია ვართ და ჩვენი ფუნქციობა უნდა გააქტიურდეს. ყველამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს, თუ ამას ვერ ახერხებენ, ბუნებრივია, მაშინ ისეთი ადამიანები უნდა მოვიდნენ, ვინც ამას მოხერხებს. ისეთი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რომელიც სასარგებლო იქნება ყველასთვის. მე ვერ გეტყვით რა ჰქონდა მხედველობაში პრემიერს, მან შეიძლება უკეთ იცის, აჭარის მთავრობასთან ურთიერთობებში რა გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. პრემიერის ნაცვლად მე ვერ დავაკონკრეტებ.

გუნდის ახალი სახეებით დაკომპლექტება, ეს ხომ არაა მიმანიშნებელი იმისა, რომ მმართველი კოალიცია ემზადება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის და გარდა გიორგი მოსიძისა, ვინ შეიძლება კიდევ ვიხილოთქართული ოცნებისრიგებში?

- რადგან მოსიძის გვარი გაჟღერდა, ახლა დაიწყებენ ამ გვარის აქეთ-იქით ტრიალს. საუბარი არ არის მხოლოდ ერთ ადამიანზე, საუბარია ზოგადად პარტიის პოლიტიკაზე, რომ სურს მოიზიდოს ახალგაზრდა განათლებული და კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც პარტიულ საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართულები. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს ნამდვილად არ დგას დღის წესრიგში. ამისი არანაირი საფუძველი არ არის. ვადამდელი არჩევნები ძალიან მკაცრად არის განსაზღვრული კონსტიტუციით, ეს მიბმულია მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებაზე, ან ბიუჯეტის არდამტკიცებაზე, რაც ნამდვილად არ დგას დღის წესრიგში.

ეს საკიხი ნადვილად არ არის განხილვის თემა, მაგრამ მეორეა, რომ ნებისმიერი პარტია არჩევნებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს, და თუ დადგა ამის საჭიროება, პარტიას ამისი არ უნდა ეშინოდეს. პირიქით, თუ იქნება ვადამდელი არჩევნები, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და მოვალთ განახლებული, ძალიან სერიოზული კონსოლიდირებული პარტიის სახით.

ჩვენ ვადამდელი არჩევნების არ გვეშინია, თუ ვინმეს ეშინია, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა, ჩვენ არჩევნებს არ ვგეგმავთ, მივყვებით საქმეს და ახლა ვადამდელი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არის.

თუმცა, ექსერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანის დაღმა სვლა გრძელდება, ქვეყანა შედის კრიზისში. მთავრობის ნდობის საკითხის დაყენება გარდაუვალია, მინისტრთა კაბინეტის წევრებს მასშტაბური სახელმწიფოებრივი ხედვა აკლიათ. რამდენად სწორია თავის შეფასებაში ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი?

- მე ვერ ვხედავ ისეთი დასკვნების გაკეთების საფუძველს, რასაც ბატონი ხუხაშვილი აკეთებს. თუ არის პრობლემები, ეს არ არის მხოლოდ ქვეყნის პრობლემები. ეს არის ის პრობლემები, რომელიც მთელს რეგინოს აწუხებს და ეს არაა საქართველოს მთავრობის უმოქმედობით გამოწვეული პრობლემები. ეს არის რეგიონში მიმდინარე იმ ომის შედეგი, რომელიც გვაქვს და ჩვენ ამ ყველაფერს თვალი უნდა გავუსწოროთ.

იგივე პრობლემაა აზერბაიჯანში, მოლდოვაში და არაფერს ვამბობ უკრაინაზე. ის პროცესები, რაც დღეს ხდება რუსეთში და უკრაინაში, პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე, ამ სირთულეებს უნდა სწორად შეფასება. დანარჩენი, თუ საჭიროა სადმე მინისტრის გამოცვლა, არც ეს არის პრობლემა და ამაში რამე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. თუ ამის აუცილებლობა დადგება, პრემიერი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

შესაძლებელია ეკონომიკური გუნდის პასუხისმგბელობის საკითხი დადგეს? ძალაინ აქტიურია ხმები ლევან ვასაძის ფინანსთა მინისტრად დანიშვნის თაობაზე...

- არა. ჟურნალისტები რაღაცას აიტაცებენ ხოლმე, მერე ამ კითხვას ათასნაირ ბრუნვაში ატრიალებენ და ეს ხდება მერე ნიუსი. არავითარ ცვლილებაზე საუბარი არ არის, მაგრამ რომც იყოს რომელიმე მინისტრის ცვლილებაზე საუბარი, ამაში ვერ ვხედავ რაიმე კატასტროფას. თუ საჭიროა მინისტრიც გამოიცვლება. შეუცვლელი არავინ არაა, მაგრამ ამ ეტაპზე მინისტრების ცვლილება არ განიხილება. ჩემთვის ეს ცნობილი არ არის.

თუმცა, ფაქტია, რომ ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მართლდება, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში წყარო თავად თქვენი კოლეგებია...

- არ ვიცი, ლევან ვასაძეს გაეცინა ამაზე. ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას, ამას მე ვერ გეტყვით. მინდა გითხრათ, რომ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დგას ახლა ქვეყნის წინაშე, მთავრობა თავისი გადაწყვეტილებებით და იმ ანტიკრიზისული ღონისძიებებით, რომელიც დაგეგმილია, დარწმუნებული ვარ, რომ თავს გაართმევს.